კრიტიკული სიტუაცია დონეცკის ფრონტზე?!
უკრაინის აღმოსავლეთ ფრონტზე შექმნილი კრიტიკული სიტუაციის ოპერატიული რუკა, წარმოდგენილი სამონიტორინგო პროექტ DeepState-ის მიერ, რომელზეც 31 აგვისტოს მდგომარეობით ჩანს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ნაწილობრივ შეჭრილი არიან ჩასოვ-იარში, ტორეცკში, უახლოვდებიან პოკროვსკს და რაც ყველაზე საშიშია, ალყაში აქცევენ კონსტანტინოვკას...
აღმოსავლეთ ფრონტზე უკრაინის არმიას კრიტიკული სიტუაცია აქვს - რატომ ვერ აჩერებს დონეცკის ფრონტის სულ რაღაც 20 კმ-იან მონაკვეთზე რუსი ოკუპანტების დაჩქარებულ წინსვლას პოკროვსკისკენ უკრაინის ის არმია, რომელმაც კიევის დაცვა მოახერხა?
ახლა მართლაც რთული დრო უდგას კიევს - გააგრძელოს კურსკის ოლქის ნაწილის ოკუპაცია თუ მიხედოს კრამატორსკი-სლოვიანსკის დაცვის გაძლიერებას, მით უმეტეს, პუტინი არ წამოეგო ანკესზე და არ აპირებს ჩასოვ-იარზე, ტორეცკზე, პოკროვსკსა და უგლედარზე შეტევების ტემპის შენელებას და იქიდან მოხსნილი მაღალი ბრძოლისუნარიანი რუსული დანაყოფების გადასროლას საკუთარი კურსკის დასაცავად.
ნოვოგროდოვკა, ტორეცკი, მიხაილოვკა, პავლოვკა, პანტეილოვკა და უგლედარი - ამ უკრაინული დასახლებული პუნქტების ჩამოთვლა ქართველ მკითხველს შეიძლება ბევრს არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ სწორედ ამ უკრაინულ სოფლებსა და ქალაქებს უტევს დღეს პუტინის არმია და მათი დაკარგვის შემთხვევაში უკრაინელებს უფრო დაუმძიმდებათ ოპერატიული ვითარება აღმოსავლეთ ფრონტზე, უკვე ოკუპირებული დონეცკიდან დასავლეთით...
რამდენიმე თვეა რუსეთის საოკუპაციო ძალები, მიუხედავად უზარმაზარი საბრძოლო დანაკარგისა, განსაკუთრებული სიჯიუტით გადადიან მუდმივ შეტევებზე ფრონტის ამ უბანზე და მცირე-მცირე მანძილით წინ მიიწევენ.
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ 6 აგვისტოს მოულოდნელი შეჭრა უშუალოდ აგრესორი ქვეყნის, რუსეთის კურსკის ოლქში იმასაც ისახავდა მიზნად, რომ უკრაინელების "თავხედობით" გამძვინვარებულ კრემლს ებრძანა რუსეთის გენშტაბისთვის სწორედ აღმოსავლეთის ფრონტიდან ყველა ბრძოლისუნარიანი დანაყოფისა და შენაერთის მოხსნა და სასწრაფოდ კურსკის ოლქში გადასროლა, რათა დაუყოვნებლივ დაეწყოთ უკრაინის საექსპედიციო კორპუსის განდევნა რუსეთის ტერიტორიიდან. ნაწილობრივ ასეც მოხდა - რუსეთის გენშტაბმა მართლაც გადაისროლა უკრაინის ფრონტიდან საბრძოლო გამოცდილების მქონე დანაყოფები კურსკის ოლქში, მაგრამ არა აღმოსავლეთ, არამედ სამხრეთ ფრონტის ხერსონისა და ზაპოროჟიეს მონაკვეთებიდან, სადაც ისედაც დაბალი ინტენსივობის ბრძოლები მიმდინარეობდა, ხოლო აღმოსავლეთ ფრონტზე, პირიქით, გააძლიერა შეტევების ტემპი.
გამოდის, პუტინი ეგუება კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინელების შესაჩერებლად მინიმალური ძალების გადასროლას. სამაგიეროდ, კატეგორიულად მოითხოვს იმ ბრძანების შესრულებას, რომელიც შარშან გასცა, დონეცკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასვლა „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“"საზღვრის" დასაფიქსირებლად.
უწყვეტი შეტევები აღმოსავლეთ ფრონტზე ჩასოვ-იარის, ტორეცკისა თუ პოკროვსკის მიმართულებებზე ერთ მიზანს ემსახურება - შეჭრა კონსტანტინოვკაში და მთავარი საავტომობილო გზით ჩრდილოეთით აყოლა კრამატორსკისა და სლოვიანსკის, ნაწილობრივ ოკუპირებული დონეცკის ოლქის ამ ბოლო დიდი ქალაქების დასაპყრობად. ამ გეგმის შესრულების შემთხვევაში რუსეთის საოკუპაციო ძალებს გზა ეხსნებათ დასავლეთით, პავლოგრადისა და თვით დნიპროსკენ ანუ გადიან მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე. კრემლის გეგმაში აუცილებლად იქნებოდა უკრაინის დნეპრის მარცხენა ნაწილის სრული ოკუპაცია, რაც ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ნაწილში უკვე მოახერხა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მოქმედების შედეგიანი ტაქტიკა აღმოსავლეთ ფრონტზე, რასაც უკრაინის არმია დღემდე ვერ უპირისპირებს ეფექტიან თავდაცვას, გულისხმობს:
პირველი - რუსი ოკუპანტები მორიგ შეტევაზე გადასვლის წინ იწყებენ უკრაინელების თავდაცვითი პოზიციის ძლიერ საცეცხლე დამუშავებას არტილერიისა და საჰაერო დაბომბვებით. უკრაინის დამცველებისთვის განსაკუთრებით დამაზიანებელია რუსული საფრონტო ბომბდამშენებიდან ჩამოყრილი პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბები, რადგან 500, 1 500 და მით უმეტეს, 3 000 კგ კალიბრის ჯი-პი-ესით მართვადი საავიაციო ბომბი, როდესაც 10-20 მ-ის სიზუსტით ვარდება და ფეთქდება პოზიციაზე, იქ უკვე უკრაინელებს ვეღარც გადახურული ბლინდაჟი დაიცავს, რომ აღარაფერი ვთქვათ ღია სანგარზე.
მეორე - უკრაინის ფრონტის აღმოსავლეთ ნაწილისთვის დამახასიათებელია საბრძოლო მოქმედებების წარმოება ტყის ქარსაცავ ზოლებს შორის, რადგან შიშველ მინდვრებში ეს ერთადერთი ადგილებია, სადაც შეიძლება მეტ-ნაკლებად შენიღბული თავდაცვითი ინჟინრული ზოლის მოწყობა თავისი სანგრებითა და ბლინდაჟებით. თუმცა ოკუპანტების პლანირებადი და კორექტირებადი საავიაციო ბომბების მასირებულად და ზუსტად გამოყენების შედეგად უკრაინელებისთვის უფრო საიმედო გახდა თავდაცვითი ზღუდეების მოწყობა დასახლებულ პუნქტებში, მათ შორის ქალაქების შენობების სარდაფებში, რომლებიც უკეთესად იცავენ ახლო აფეთქებებისგან. ამიტომაც უკრაინელებისთვის ახალი ქალაქის დაკარგვა ძალიან წამგებიანია.
მესამე - დრონების მასობრივად გამოყენებამ რუსეთ-უკრაინის ომში კიდევ ერთი აუცილებლობა დაანახვა სამხედროებს - რაც უფრო დიდ სიმაღლეს აკონტროლებ, მით უფრო შორ მანძილზე შეგიძლია შენი დრონების დისტანციურად მართვა. ამიტომაც ენიჭება დიდი მნიშვნელობა ტერიკონებისა (დონბასის ქვანახშირის საბადოებიდან ათწლეულების განმავლობაში გამოღებული ფუჭი ქანების დაგროვებისგან შექმნილი ხელოვნური მთები) და ქალაქის მაღალსართულიანი კორპუსების დაპყრობას.