ვილი სანიოლი: „ ჩემი მეუღლე ყოველთვის მართალია...საქართველოში ჩამოსვლა არასდროს მინანია!“
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადება დაიწყო: 7 სექტემბერს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩეხებს ვუმასპინძლებთ, სამი დღის შემდეგ კი ალბანეთში გასვლითი მატჩია. შეკრების დაწყებამდე საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა, მოგვიანებით კი "კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად დაუთმო რამდენიმე წუთი. შეზღუდული დროის გამო ვილი სანიოლს ვერ დავუსვით ყველა ის კითხვა, რაც ჩვენს მკითხველს აინტერესებს, თუმცა ეროვნული გუნდის თავკაცი ისეთი იშვიათი რესპონდენტია, მასთან ინტერვიუ აუცილებლად დაგაინტერესებთ:
- საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თქვით, რომ "არ ხართ ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მირჩევნია, მოედანზე ვილაპარაკოო". როგორ ფიქრობთ, ბოლო წლების განმავლობაში რა აჩვენეთ მოედანზე, რა ასწავლეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს და რა ისწავლეთ თქვენ თვითონ? თქვენც ხომ გაიზარდეთ, როგორც მწვრთნელი?
- სადაც უნდა იყო, როგორც მწვრთნელი, ყოველთვის იზრდები, რადგან ყველა პროექტი განსხვავებულია. განსხვავებულია გუნდები, ფეხბურთელები, მიზნები... მოხარული ვარ, რომ მეც სულ ვიზრდები, ყოველდღიურად ვსწავლობ და იმედია, ეს პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება...
ჩვენმა გუნდმა დიდი ევოლუცია განიცადა ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებით რთული იყო დასაწყისში, რადგან გუნდში მისვლისთანავე დავინახე ისეთი ფეხბურთი, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. ვცადე, შემეცვალა მოთამაშეების მენტალიტეტი, გამეგო, როგორ ხედავდნენ მოთამაშეები ფეხბურთს, რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი - ინდივიდუალური თუ გუნდური პერფორმანსის მხრივ და სხვ. ბუნებრივია, ამან დიდი დრო წაიღო, მენტალობის შეცვლა ხომ რამდენიმე თვეში, თუნდაც ერთ წელიწადში, ძალიან რთულია. დღეს, ჩემი მოსვლიდან სამ-ნახევარი წლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. საბედნიეროდ, ახლა იქ ვართ, სადაც გვინდოდა ვყოფილიყავით. ჩვენ, ყველამ - ფედერაციამ, სტაფმა, მოთამაშეებმა, ბევრი ვიშრომეთ ამისთვის. რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ ეს იყო სწორი გზა.
- რა იყო მთავარი, რაც საქართველოს ნაკრებს მოუტანეთ? - ის, რომ გუნდის ერთ მუშტად შეკვრა შეძელით? იქნებ ახალი ტაქტიკის ან მოთამაშეების აღმოჩენა?
- ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ ძალიან კარგი ფეხბურთელები, ყველა თაობას ჰყავდა მაღალი დონის მოთამაშეები. თუმცა გამიჭირდება თქმა, რატომ ვერ მიაღწიეს მათ შედეგს. წესით, თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ... საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა დიდ ტურნირზე და მიმაჩნია, რომ ეს ფეხბურთის ფედერაციის წარმატებული მუშაობის შედეგია - მინახავს ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს უკანასკნელი 8-9 წლის განმავლობაში:
გაიხსნა აკადემიები, შენდება ახალი მოედნები, ეს ფედერაცია ძალიან ბევრს აკეთებს და შედეგი სახეზეა. ეროვნული ნაკრები ხომ მთლიანი პროცესის მხოლოდ ბოლო ნაწილია. თუ საფუძველი საკმარისად მყარი არ არის, თუ შენ ვერ აძლევ ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას ყველა ახალგაზრდა მოთამაშეს, შედეგს ვერ მიიღებ. მოთამაშისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობისთვის ყველანაირი პირობა ჰქონდეთ და მხოლოდ საქმეზე იყვენენ კონცენტრირებული.
- ამბობთ, რომ საქართველოში თავს ძალიან კარგად გრძნობთ და ყველაფრით კმაყოფილი ხართ, მაგრამ... არასდროს გინანიათ, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნას დათანხმდით? შესაძლოა ესპანეთთან 1:7 წაგების შემდეგ, ან რომელიმე სხვა მომენტში...
- არა, არასდროს მიფიქრია, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო. ცხადია, იყო რთული პერიოდები, განსაკუთრებით საწყისი ექვსი თვე, როცა ფეხბურთელების მენტალობის შეცვლას ვცდილობდი, მაგრამ ერთხელაც არ ყოფილა დღე, როცა მინანია საქართველოს ნაკრებში მუშაობის დაწყება. ყოველდღიურად ვმუშაობ შესანიშნავ ხალხთან ერთად, იმ ადამიანებთან, რომლებიც პირველივე დღიდან გვერდში მიდგანან როგორც რთულ მომენტებში, ისე წარმატების დროს...
- რამდენიმე თვის წინ "ბაიერნის" ყოფილმა თავკაცმა ოტმარ ჰიცფელდმა უთხრა Four Four Two-ს: "სანიოლი ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელი იყო, ყველაფერზე თავისი შეხედულება ჰქონდა... ზოგჯერ ბიქსან ლიზარაზუს ვთხოვდი მის გაკონტროლებას, რადგან ვხედავდი, რომ ვილი არ მემორჩილებოდა". ასე იყო?
- დიახ, ჰიცფელდი მართალია. ზოგჯერ "ზედმეტად ფრანგიც" კი ვიყავი - ფრანგები, უბრალოდ, ასეთები არიან და მორჩა! რაც მახსოვს, მწვრთნელებისთვის არასდროს ვყოფილვარ მარტივი მოთამაშე, ყოველთვის ეჭვით ვუყურებდი ყველაფერს, რასაც გვავალებდნენ და მაინტერესებდა, რატომ უნდა შეგვესრულებინა ესა თუ ის დავალება. აუცილებლად მიმაჩნდა, ყველაფერი დეტალურად გამეგო, რათა ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა. არადა, მწვრთნელისთვის საკმაოდ დამღლელია, როცა 23 მოთამაშე მიდის და ყველაფერზე ეკითხება რატომ, რატომ, რატომ?! ვიმეორებ, არასდროს ვყოფილვარ მარტივი მოთამაშე, მაგრამ ჰიცფელდის სიტყვები დიდი ინსპირაციაა ჩემთვის - როგორც მწვრთნელის, როგორც ადამიანის, რადგან ის ფანტასტიკური პიროვნებაა. ბევრი რამის გამო ვარ მისი მადლიერი, შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემს ცხოვრებაში ის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი იყო.
- რაც შეეხება ლიზარაზუს, მას მართლაც "უჯერებდით"?
- ცხადია, ყოველთვის ვუსმენდი. როცა "ბაიერნში" ერთად ვთამაშობდით, ლიზარაზუ უკვე იყო მსოფლიო ჩემპიონი, თანაც, ასაკით ჩემზე უფროსი და დიდ პატივს ვცემდი. ფანტასტიკური წლები გავატარე მასთან და ოტმართან ერთად...
- ზოგადად, რისკის მოყვარული ხართ? საქართველოს ნაკრების თამაშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, არა, რადგან აუცილებლად მოსაგებ მატჩებშიც კი იშვიათად გვინახავს თქვენგან სარისკო გადაწყვეტილებები...
- ყველას შეუძლია თავისი შეხედულება ჰქონდეს ამ საკითხზე. არა მარტო საქართველოში, საფრანგეთშიც ამბობდნენ, რომ რისკის გარეშე ვთამაშობდი. მიცდია ხოლმე, საპირისპირო ამეხსნა, მაგრამ ხშირად ადამიანებს არ სურთ რაღაცების გაგება. მიმაჩნია, რომ პრაგმატული ადამიანი ვარ, ყოველთვის ყველაფრის დაბალანსებას ვცდილობ.
შეუძლიათ თქვან, რომ გარისკვის გარეშე მიყვარს თამაში, თუმცა ჩემს გუნდში ექვსი შემტევი მოთამაშეა - მსოფლიოში ბევრი გუნდი იცით, რომელსაც ამდენი შემტევი სტილის ფეხბურთელი ჰყავს?! არა მგონია. ბევრჯერ წავსულვარ რისკზე და უმეტეს შემთხვევაში, გათვლილი რისკი იყო. ამ საკითხს ვუყურებ როგორც ჭიქას, რომელიც ზოგისთვის ნახევრად სავსეა, სხვებისთვის - ნახევრად ცარიელი. შეგიძლია ერთდროულად ათამაშო ბევრი შემტევი ყაიდის ფეხბურთელი, თუმცა მათ მცველების დახმარებაც უნდა შეეძლოთ. თუ ამაში დარწმუნებული არა ხარ, რთულია გარისკვა და ერთდროულად ბევრი შემტევის დაყენება. მნიშვნელოვანია, რის გაკეთება შეუძლიათ ჩემს მოთამაშეებს ბურთით და ბურთის გარეშე.
- ერთ-ერთი პრესკონფერენციის დროს გვითხარით, ჩემი ცოლი მიიჩნევს, რომ არც ისე კარგი მწვრთნელი ვარო. საინტერესოა, რა გითხრათ მეუღლემ "ევრო-2024"-იდან დაბრუნების შემდეგ? დღესაც იმავეს ფიქრობს?
- ჩემი მეუღლე ყოველთვის მართალია (იცინის)! ვიცი, რომ მას, როგორც ცოლს, მხოლოდ კარგი სურს ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, და თუ რამის თქმა უნდა ჩემთვის, თუნდაც არასასიამოვნო მოსასმენი იყოს, აუცილებლად მეტყვის.
- თქვენთან ერთად აგვისტოში თქვენი ოჯახის წევრებიც ჩამოვიდნენ თბილისში. რა გითხრეს?
- ახლა ვხვდებით, რატომ გიხარია საქართველოში ყოფნაო!
- თქვენს შვილს სანდრო ჰქვია - საქართველოში პოპულარული სახელი. ნახევრად ხუმრობით გკითხავთ: იყო ეს დამთხვევა, დამატებითი საბაბი იმისთვის, რომ საქართველოს ნაკრებში მუშაობას დათანხმებულიყავით? სინამდვილეში, გადამწყვეტი ფაქტორი ლევან კობიაშვილსა და ალექსანდრე იაშვილთან ნაცნობობა იყო?
- საქართველოში კოვიდპანდემიის დროს ჩამოვედი. რთული დრო იყო: ადამიანები დაზაფრულები იყვნენ, ძალიან ბევრი გარდაიცვალა კიდეც. მსოფლიო განსხვავებულ ვითარებაში აღმოჩნდა, ხალხმა შეწყვიტა მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრი, ბევრი რამ სხვანაირად დავინახეთ, რაღაცების შეცვლის სურვილი გაგვიჩნდა. იმ რთული პერიოდის შემდეგ, მეც მომინდა რაღაც განსხვავებულის გაკეთება, არ მინდოდა მუშაობა გამეგრძელებინა რომელიმე კლუბში, სადაც ვიჩხუბებდით და რამდენიმე კვირის შემდეგ წამოსვლა მომიწევდა. მინდოდა მომეძებნა საქმე, რომელიც... არ მინდა გამოვიყენო სიტყვა "ხანგრძლივი", რადგან ფეხბურთში ხანგრძლივი პროექტები არ არსებობს, მაგრამ თუნდაც საშუალო ხანგრძლივობის მაინც იქნებოდა. სწორედ ამიტომ შევაჩერე არჩევანი საქართველოზე. ვიფიქრე, რომ საქართველოს ნაკრებში შევძლებდი რაღაცების მოკლე დროში შეცვლას. საქართველოში ჩამოვედი და მიხარია, რომ ეს ნაბიჯი გადავდგი!
- 47 წლის ხართ, საქართველოს ნაკრების ამჟამინდელ კაპიტანზე მხოლოდ ათი წლით უფროსი! რა თქმა უნდა, ჩვენს გუნდში ბევრია გურამ კაშიაზე გაცილებით ახალგაზრდა ფეხბურთელი, მაგრამ მთლიანობაში ვილი სანიოლსა და მის შეგირდებს შორის ასაკობრივი სხვაობა არცთუ დიდია. ეს ფაქტი გეხმარებათ ფეხბურთელებთან ურთიერთობაში? თუ დისტანციას ინარჩუნებთ და მიგაჩნიათ, რომ მწვრთნელი მკაცრი უნდა იყოს?
- რა თქმა უნდა, განვლილი კარიერა მეხმარება, მაგრამ მეხმარება არა ვინმესთვის "თამაშის სწავლებაში", არამედ იმის უკეთ გაგებაში, მოთამაშეები როგორ და რატომ რეაგირებენ ამა თუ იმ საკითხზე. შეგვიძლია დავასახელოთ უამრავი მწვრთნელი, რომელიც ფეხბურთელი არ ყოფილა, მაგრამ უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტია. იმაზე კი, როგორი ვარ ჩემს ფეხბურთელებთან ურთიერთობაში, ჯობს, მათ ჰკითხოთ. ჩემთან მათ საკმაო დოზით აქვთ თავისუფლება, რადგან მიმაჩნია, რომ ეს სჭირდებათ. თუ ჩემს მითითებებს ზუსტად შეასრულებენ, ეს ნიშნავს, რომ მართალი ვარ. იმას არ ვგულისხმობ, თითქოს თავი ყოველთვის მართალი მეგონოს, თუმცა იმას ნამდვილად ვცდილობ, ყოველთვის სამართლიანი ვიყო. ფეხბურთში ბევრი სხვადასხვა სიმართლე არსებობს. სწორედ ამიტომ აქვთ ჩემს მოთამაშეებს თავისუფლება, იმავდროულად, აქვთ საზღვრებიც. საზღვრები საკმაოდ დიდია, თუმცა, თუ მათ გადააბიჯებენ, აღარასდროს დაბრუნდებიან. სწორედ ეს მიმაჩნია სწორ ფორმულად: ფეხბურთელებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლებაც და პატივისცემაც როგორც მწვრთნელის, ისე თანაგუნდელების. მთლიანობაში საკმაოდ მშვიდი ხასიათი მაქვს, თუმცა ვცდილობ არაფერი გამომრჩეს!
- გიყვართ ფეხბურთელები, რომლებიც ინიციატივას იჩენენ? მაგალითად, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც საბერძნეთთან შეხვედრისას ქოჩორაშვილი მოვიდა და პირველი თერთმეტმეტრიანის დარტყმის სურვილი გამოთქვა?
- ყველა მწვრთნელს უყვარს მოთამაშეები, რომლებიც ინიციატივას იჩენენ, პასუხისმგებლობას იღებენ. ძალიან კარგია, როცა გუნდში ასეთი ფეხბურთელები გყავს. სწორედ ასეთები არიან ნამდვილი ლიდერები და არა ისინი, ვინც საქმით კი არა, ლაპარაკით ან სოციალური მედიის მეშვეობით ცდილობენ თავის გამოჩენას. ნამდვილი ლიდერები სიტყვით კი არა, მოქმედებით აჩვენებენ, რა შეუძლიათ. ქოჩორა ამის ნათელი მაგალითია! ძალიან მიხარია, რომ მან იპოვა გზა და თავისი ადგილი კლუბშიც და ნაკრებშიც. ის ძალიან კარგი ფეხბურთელია და ამავე დროს, ქარიზმატული ლიდერი!
- დღეს, როცა ევროპის ჩემპიონატზე ჩვენი ბოლო მატჩიდან უკვე გავიდა ორ თვეზე მეტი, "ევრო-2024"-დან რა გახსენდებათ ყველაზე ემოციურად?
- რთულია ერთი ან რამდენიმე მომენტის გამორჩევა - ყველაფერი მნიშვნელოვანი და ემოციური იყო, ყოველი დღე - საოცარი და მე ამას ვგრძნობდი. ჩემთვის ძალიან დასამახსოვრებელი გამოდგა გუნდის რეაქცია თურქეთთან მატჩის დროს: საწყისი 20-22 წუთი იყო კატასტროფული! მოთამაშეებს აშკარად ეტყობოდათ, რომ ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში ძალიან დიდი სტრესის ქვეშ იყვნენ. ასეთი მდგომარეობის შეცვლა შესაძლებელია შესვენებისას, ანდა ნამატჩევს, მომდევნო თამაშამდე. დიახ, ჩვენც შევიტანეთ რამდენიმე ტაქტიკური ცვლილება, მაგრამ უმეტესწილად მოთამაშეებმა მაინც თავისით, ჯერ კიდევ პირველი ტაიმის მსვლელობისას შეძლეს მობილიზება. ამან კიდევ ერთხელ დამანახა მათი შესაძლებლობები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, შეიძლება ითქვას, გარდამტეხიც კი, რადგან რომ ვერ მოეხერხებინათ იმ უდიდეს წნეხთან გამკლავება, ჩვენთვის ძალიან ცუდად გაგრძელდებოდა მატჩის მეორე ტაიმიც და მთლიანად ჩემპიონატიც! საბედნიეროდ, ფეხბურთელებმა იპოვეს ძალა, ენერგია, მეტ-ნაკლებად გამოასწორეს თამაში და ეს მომენტი მომდევნო მატჩებშიც გამოადგათ.
- როდის დაიჯერეთ, რომ მერვედფინალში ვიყავით? ლოჩოშვილის წაქცევისთვის გატანილი პენალტის შემდეგ?
- 2:0 დაწინაურების მიუხედავად, ზეიმი არ დამიწყია, რადგან მატჩის დასრულებამდე ჯერ კიდევ ნახევარ საათზე მეტი იყო დარჩენილი, ჩვენი მეტოქე კი პორტუგალია იყო. როდის დავიჯერე? ალბათ, ბოლო 10 წუთის განმავლობაში. ვხედავდი, რომ დაღლილობის მიუხედავად, ჩვენი გუნდის სათამაშო სქემა არ დარღვეულა, მოთამაშეები ყველაფერს სწორად აკეთებდნენ, ბოლომდე ორგანიზებულად ვთამაშობდით. სწორედ მაშინ დავიჯერე, რომ გამარჯვებას ვიმსახურებდით და ვეღარ წაგვართმევდნენ!
- მახსოვს, ერთხელ თქვით, თბილისში ცხოვრების პარალელურად, ქართული ენის სწავლაც დავიწყე, მაგრამ ფეხბურთელებმა მირჩიეს, დავნებებულიყავი, ისეთი რთული ენაა, მცდელობა უშედეგო იქნებაო. მაშინვე დანებდით, თუ ჯერ კიდევ ცდილობთ ქართული ენის შესწავლას?
- გირჩევთ ჩემი თანდასწრებით დაუფიქრებლად არაფერი თქვათ, რადგან მესმის ზოგიერთი ქართული სიტყვა და გამოთქმა, რაღაცებს უკვე ვხვდები. ვეთანხმები ჩემს ფეხბურთელებს - ქართული ენა ძალიან რთულია. მის შესასწავლად უნივერსიტეტის დამთავრება იქნებოდა საჭირო. სამაგიეროდ, ჩემმა ფეხბურთელებმა იპოვეს გზა სალაპარაკო ინგლისურის გასაუმჯობესებლად. მთავარიც სწორედ ის არის, ჩემს მოთამაშეებამდე მივიტანო სათქმელი და მათიც მესმოდეს. საბედნიეროდ, კომუნიკაციის პრობლემა არა გვაქვს.
- მეოთხე წელიწადია, ჩვენს ქვეყანაში მუშაობთ. პირველ რიგში, რა გახსენდებათ, როცა საზღვარგარეთ ხართ და "საქართველო" გესმით?
- მხოლოდ ერთი რამის გამორჩევა გამიჭირდება - უამრავი რამ არის, რაც საქართველოს უკავშირდება და მაბედნიერებს: ხალხი, საჭმელი, თქვენი შეუპოვარი ხასიათი, რომელიც ძალიან მომწონს... ფრანგებს ეს იშვიათად შეუძლიათ, ქართველებმა კი ბევრჯერ დაამტკიცეთ, რომ შეგიძლიათ მარცხის შემდეგ ფეხზე წამოდგომა! მიხარია, როცა ადამიანები მოდიან და მადლობას მეუბნებიან. ტრაგედიად არც ის მიმაჩნია, როცა ჩვენს სამუშაოს უარყოფითად აფასებენ - ეს მოტივაციას გვაძლევს, მეტი მოვინდომოთ, უკეთესები გავხდეთ.
- ახლა საკითხები, რომლებზეც პრესკონფერენციაზე ილაპარაკეთ: სექტემბრის მატჩები კარს მოგვადგა, ერთა ლიგის შემდეგ კი მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება.
- შესანიშნავი ზაფხული გვქონდა. ის გამოცდილება, რაც ევროპის ჩემპიონატზე მივიღეთ, ძალიან მნიშვნელოვანი იყო გუნდისთვის, მენეჯმენტისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის და მთლიანად ქვეყნისთვის. ვნახეთ, როგორი ბედნიერი იყო ქვეყანა ჩვენი წარმატებით და გვინდა ეს კიდევ ერთხელ შევძლოთ. რაც შეეხება მომავალს, ამაზე საუბარი, ჯერჯერობით, რთულია. ჩვენი საუკეთესო თვისებები ჯერ ერთა ლიგის მატჩებში უნდა წარმოვაჩინოთ. იმავდროულად, ეს ტურნირი გამოვიყენოთ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად.
- სექტემბრის მატჩებისთვის მზადებას ორშაბათიდან შეუდგებით?
- სამწუხაროდ, მიზეზთა გამო გამოგვაკლდა რამდენიმე ფეხბურთელი: კვერკველია და კვეკვესკირი უკლუბოდ არიან. სათამაშო პრაქტიკა აკლიათ შენგელიასა და საზონოვს (საბა ახალ კლუბში გადავიდა და იმედია, მსგავსი პრობლემა აღარ შეაწუხებს), ტრავმირებულია მექვაბიშვილი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ნაკრების კარი გაიღო ახალი ფეხბურთელებისთვის: გადრანს შარშან კარგი წელი ჰქონდა, ახალი სეზონიც დამაჯერებლად დაიწყო და მიმაჩნია, რომ შანსი დაიმსახურა. ევროპის ჩემპიონატმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ მუდმივი სათამაშო პრაქტიკა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგა ხანია, ვაკვირდები ნონიკაშვილის თამაშს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობაში. მისი პროგრესი აშკარაა. დანარჩენს შეკრების დროს ვნახავთ. მიხარია, რომ დაგვიბრუნდა ირაკლი აზაროვი. ლევან შენგელია არ თამაშობს და მის ნაცვლად არჩევანი სწორედ აზაროვზე შევაჩერე. თუმცა ყველა სხვა მოთამაშის მსგავსად, მოედანზე საკუთარი ადგილისთვის ირაკლიმაც უნდა იბრძოლოს.
მეტოქე? მიმაჩნია, რომ ჩვენთვის ჩეხებთან მატჩი ყველაზე რთული იყო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე. ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია და ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. სამწვრთნელო შტაბმაც და ფეხბურთელებმაც ვიცით, რომ მათი სტილი არ შეიცვლება. ამისთვის მზად ვიქნებით.
- მწვავე რეაქცია მოჰყვა ნაკრების განაცხადში რუსეთის პრემიერლიგაში მოთამაშე ჯიმი ტაბიძის გამოჩენას...
- ყველამ ვიცით, რომ ჯიმი ტაბიძის რუსეთში გადასვლა ოპტიმალური გადაწყვეტილება არ ყოფილა. ამ მოსაზრებას მეც ვიზიარებ. ფეხბურთელთან ჯერ არ მისაუბრია, თუმცა აუცილებლად ვკითხავ, რა იყო მისი მოტივაცია გადაწყვეტილების მიღების დროს. იმავდროულად, ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის ერთადერთი საზრუნავია გუნდში საუკეთესო ფორმაში მყოფი ფეხბურთელები მყავდეს. სხვადასხვა მიზეზის გამო დაცვის ხაზში საკადრო პრობლემებია (კვერკველია უკლუბოდ არის, ხოჭოლავამ კარიერა დაასრულა, საზონოვს სათამაშო პრაქტიკა არა აქვს, ბოლო თვეებში არასასურველ ფორმაშია კალანდაძე და სხვ.) - არა გვაქვს დიდი არჩევანი.
- სასიამოვნოა, რომ ფეხბურთელები კარგ ხასიათზე მოდიან ეროვნული ნაკრების შეკრებაზე: გიორგი მამარდაშვილმა "ლივერპულთან" გააფორმა კონტრაქტი, გურამ კაშიას "სლოვანი" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს და სხვ.
- ბედნიერი ვარ გიორგი მამარდაშვილის გამო. "ლივერპული" მსოფლიო კლუბების ათეულში შედის და გიორგიმ ნამდვილად დაიმსახურა ასეთ გუნდში მოხვედრა. ევროპის ჩემპიონატზე ნაჩვენები შესანიშნავი თამაშის შემდეგ, მამარდაშვილით დიდი კლუბების დაინტერესება არავის გაჰკვირვებია. ვუსურვებ "ლივერპულში" ხანგრძლივი და წარმატებული კარიერა ჰქონდეს! ბედნიერი ვარ გურამ კაშიას გამო. არც მიფიქრია, რომ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გურამი სანაკრებო კარიერას დაასრულებდა. კაშია კარგ ღვინოს ჰგავს - წლების გასვლასთან ერთად უფრო უკეთესი ხდება. იმედია, ის კიდევ დიდი ხნის განმავლობაში იქნება ჩვენი კაპიტანი!