"გაყალბება ძალიან მძიმე ბრალდებაა და მას მტკიცებულებები სჭირდება. არ გვინახავს არცერთი დადასტურებული შემთხვევა" - კვირის პალიტრა

"გაყალბება ძალიან მძიმე ბრალდებაა და მას მტკიცებულებები სჭირდება. არ გვინახავს არცერთი დადასტურებული შემთხვევა"

გაყალბება ძალიან მძიმე ბრალდებაა და მას შესაბამისი მტკიცებულებები სჭირდება. მე ამას უფრო მანიპულაციებს, სპეკულაციებს დავარქმევდი. ჩვენ ბევრი რამ გვესმოდა, მაგრამ საქმე საქმეზე რომ მიდგებოდა, არ გვინახავს არცერთი დადასტურებული, დამტკიცებული შემთხვევა, რომელიც კენჭისყრის დღის სხვა პროცედურებთან მიმართებით რაიმე დანაშაულს გამოკვეთდა, - ამის შესახებ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აცხადებს, რითაც საარჩევნო უბანზე, არჩევნების გაყალბების რისკების შესახებ ვარაუდებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, გარკვეული პირების მხრიდან საარჩევნო პროცესის მიმართ მანიპულირების ალბათობა დაბალი იქნება, ვინაიდან ახალმა ტექნოლოგიებმა მანიპულირების ალბათობა კიდევ უფრო დააზღვია.

„ამომრჩეველთა სიები, მარკირება, 17-წევრიანი კომისიის შემადგენლობა... მაღალი პოლიტიკური წარმომადგენლობაა და ინკლუზიურია პროცესი. თავი რომ დავანებოთ დამკვირვებლების, მედიის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების ყოფნას, საარჩევნო უბანზე, როგორც მინიმუმ, კომისიის 17 წევრი იმყოფება. თეორიულად ვინმეს მანიპულაცია რომ სურდეს, ამის ალბათობა ძალიან დაბალია. იმიტომ, რომ ამდენი ზედამხედველი, მონიტორი, ამდენი დამკვირვებელი ჰყავს ამ პროცესს. საერთო შეთანხმების არსებობა, ვინმემ რაიმე მანიპულაცია მოახდინოს, ეს მხოლოდ ჰიპოთეტურ დაშვებებში შეიძლება იყოს. ეს ტრადიციული არჩევნების პირობებში დაზღვეული იყო, დღეს კი ტექნოლოგიის გამოყენებისას ორმაგად და სამმაგადაა გადაზღვეული. მაგალითად, პოლიტიკურ პარტიებსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც დამკვირვებლების სტატუსით არიან წარმოდგენილები, წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს აქვთ შესაძლებლობა კომისიებიდან ამომრჩეველთა ერთიანი სიები გამოითხოვონ. შემდგომ კი უკვე კენჭისყრის დღეს როგორც კედლის სიებს, ასევე აპარატიდან ამობეჭდილ სიებს შეადარონ. ის რაც გვესმის ხოლმე ამ საკითხის ირგვლივ გარკვეული მითები, ეს, ყველაფერი, რა თქმა უნდა, უსაფუძვლოა. ჩართულ მხარეებს ყველანაირი შესაძლებლობა აქვთ, სურვილის შემთხვევაში სიღრმისეულად გადაამოწმონ და დარწმუნდნენ ამ პროცესის უტყუარობაში. ელექტრონული ვერიფიკაცია კი ნიშნავს იმას, რომ სიებში სხვა გრაფაში შეცდომით ხელმოწერის დაშვება, ან სხვა ისეთი საკითხები, რომელიც პრაქტიკაში არაერთხელ გვინახავს, ფაქტობრივად სრულად დაზღვეულია. ასეთ შემთხვევაში, შეცდომის დაშვების არათუ ალბათობა არაა, არამედ, ის საერთოდ არ არსებობს. აღნიშნული ასევე დადასტურებულია ამერიკული კომპანიის მიერ, რომელმაც გასულ წელს ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი ჩაატარა“- განაცხადა კალანდარიშვილმა.

გიორგი კალანდარიშვილის თქმით, იმისათვის, რომ საზოგადოებაში ახალი ტექნოლოგიების მიმართ ნდობა გაიზარდოს, ხმის მიცემის პროცედურის შემდეგ, ბიულეტენები ხელით გადაითვლება.

მისივე განცხადებით, არჩევნების მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხი, არჩევნებში საზოგადოების ჩართულობასთან პირდაპირპროპორციულია.

„რაც მაღალი იქნება ამომრჩევლების უბნებზე გამოცხადება, მით მაღალი იქნება არჩევნების ლეგიტიმაციის ხარისხი და ჩვენც ცხადია, ყოველთვის მეტი აქტიურობისკენ და მონაწილეობისკენ მოვუწოდებთ მათ...

სხვადასხვა წლებში იყო სხვადასხვა წუხილი კენჭისყრის დღის კონკრეტულ ეპიზოდებთან დაკავშირებით. ეს შეიძლება ყოფილიყო დათვლის ნაწილი, შემაჯამებელი ოქმის ნაწილი, თუნდაც კენჭისყრის დღის მიმდინარეობა. ცხადია, როცა ათი ათასობით ადამიანი უწევს ამ პროცესს ადმინისტრირებას, ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების ალბათობა არსებობს. აპარატების გამოყენებით კი, ფაქტობრივად, მინიმუმამდეა დაყვანილი ადამიანური ფაქტორით გამოწვეული შეცდომების ალბათობა. არის შედეგების კიდევ უფრო მეტად სიზუსტის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. დაჩქარებულია წინასწარი შედეგების გამოქვეყნების დრო, რომელიც ჩვენი დაკვირვებით და განვლილი პილოტების შედეგად, დაახლოებით 21:00 საათიდან 22:00 საათამდე მონაკვეთი იქნება, საშუალოდ შეგვიძლია ვთქვათ 21:30. ამასთან, საზოგადოების დასარწმუნებლად, რომ აპარატი სწორად ითვლის, ზუსტი და სანდოა შედეგების შედგენის პროცესი, უკლებლივ ყველა საარჩევნო უბნის შედეგი უპირობოდ გადაითვლება. 2018 წლიდან დღემდე ჩატარებული 8 პილოტის ფარგლებში ვნახეთ, რომ აპარატით დათვლილსა და ხელით დათვლილ შედეგებს შორის, ფაქტობრივად, სხვაობა არ ყოფილა, გარდა მცირედი პროცენტისა, რომელიც ჯდება იმ ზღვარში, რასაც საერთაშორისო სტანდარტი და პრაქტიკა ითვალისწინებს და არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლია შედეგებზე. ხელით გადათვლა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი, რათა ამ პროცესთან მიმართებით იყოს მაღალი გამჭვირვალობა, ღიაობა, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს მაღალ სანდოობასაც,“- განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ინტერვიუს სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

IPN