პოლიტიკური "მიწისძვრა" გერმანიაში და კატასტროფა შოლცისთვის - არჩევნებში გაიმარჯვეს პარტიებმა, რომლებიც პუტინის გულს გაახარებენ - კვირის პალიტრა

პოლიტიკური "მიწისძვრა" გერმანიაში და კატასტროფა შოლცისთვის - არჩევნებში გაიმარჯვეს პარტიებმა, რომლებიც პუტინის გულს გაახარებენ

გერმანიაში, ტიურინგიისა და საქსონიიის მხარეების ადგილობრივი ლანდტაგების (პარლამენტების) არჩევნებში, რომელიც კვირას, პირველ სექტემბერს გაიმართა, მიღებული ხმების რაოდენობით, სამეულში გავიდნენ პარტიები, რომლებიც უკრაინისათვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგნი არიან: პირველ ადგილს იკავებენ მემარჯვენე ექსტრემისტები, თუმცა ადგილობრივი მთავრობების შემადგენლობებში შესვლის შანსი სხვა პარტიებსაც აქვთ“, - ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის - „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) რუსულენოვანი სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „არჩევნები გერმანიაში: რას ნიშნავს მემარჯვენე ექსტრემისტების გამარჯვება?“ (ავტორი - რომან გონჩარენკო, პოლიტიკური მიმომხილველი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში (ტერიტორიაზე, რომელიც 1990 წლამდე ყოფილი გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში შედიოდა) კვირას ჩატარებულ არჩევნებს ისტორიულს უწოდებენ, რადგანაც მისი შედეგები ამჟამად არსებულ პოლიტიკურ ძალთა განლაგებას ცვლის და გავლენას მოახდენს მთლიანად გერმანიის პოლიტიკაზე. წინასწარი მონაცემებით, ტიურინგიაში ლიდერობს პარტია „ალტერნატივა გერმანიისათვის“ (Alternative für Deutschland, AfD), რომელსაც ხმების 33% აქვს. მისი უახლოესი კონკურენტია კონსერვატიული ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი - 23%.

ტიურინგია: მემარჯვენე ექსტრემისტების წარმატების „საიდუმლო“

2013 წელს შექმნილი პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისათვის“, რომელსაც მემარჯვენე პოპულისტურად მიიჩნევენ, მხარის დონეზე ასეთი შედეგი რეკორდულია. პარტიამ საქსონიაშიც წარმატებას მიაღწია, თუმცა - უფრო მოკრძალებულად: ჯერჯერობით ქრისტიან-დემოკრატებს მხოლოდ ერთი პროცენტით უსწრებს (ანუ შედეგი შეიძლება შეიცვალოს, მაგრამ - მცირედ). ასეთი მონაცემებით, „ალტერნატივა გერმანიისათვის“ უკვე აღარ შეიძლება ე.წ.პროტესტის პარტიად ჩაითვალოს, როგორც ამას ადრე მიიჩნევდნენ. გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამომრჩეველთა უმრავლესობა პარტიას ხმას რწმენის საფუძველზე აძლევს.

სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ „ალტერნატივა გერმანიისათვის“ ახალგაზრდებში ძალზე დიდი პოპულარობით სარგებლობს: ტიურინგიაში, ვინც ხმა „ალტერნატივას“ მისცა, 38% ახალგაზრდაა, მათი ასაკი 18-დან 24 წლამდეა.

დასავლური მასმედია ხაზს უსვამს, რომ პირველად, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მემარჯვენე ექსტრემისტული პარტია ყველაზე ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკური ძალა ხდება გერმანიის მნიშვნელოვან მხარეებში და რაც მთავარია, ამომრჩევლებს სულაც არ აწუხებთ ის გარემოება, რომ გერმანიის კონსტიტუციის დაცვის ფედერალურმა უწყებამ პარტია სახელმწიფოსათვის საშიში იდეების მქონედ აღიარა და მის საქმიანობას სპეცსამსახურები აკონტროლებენ. პარტიის ლიდერი ბიორნ ხეკი რამდენჯერმე არის დაჯარიმებული ნაცისტური ფრაზების გამოყენების გამო, ხოლო რამდენიმე წლის წინ სასამართლომ დაადგინა, რომ მას შეიძლება „ფაშისტი“ ეწოდოს. ახლა კი „ალტერნატივის“ ლიდერს ბიორნ ხეკს ტიურინგიის პრემიერ-მინისტრობის პრეტენზია აქვს.

სარა ვაგენკნეხტის „ოქროს აქცია“: „არ მივცეთ იარაღი უკრაინას“

არჩევნებში წარმატებას მიაღწია, აგრეთვე, ახალმა მემარცხენე-პოპულისტურმა პარტიამ - „სარა ვაგენკნეხტის კავშირმაც“, რომელიც 2024 წელს ჩამოყალიბდა. პარტიამ ნულიდან დაიწყო და ისეთი პოპულარული გახდა, რომ ტრადიციული პოლიტიკური ძალები უკან ჩამოიტოვა და ტიურინგიაში ხმების 15% მიიღო, ხოლო საქსონიაში - 11%-ზე მეტი.

პარტიის ლიდერი სარა ვაგენკნეხტი, რომელიც ბუნდესტაგში „ალტერნატივა გერმანიისათვის“ სიით გავიდა, მაგრამ შემდეგ უთანხმოება მოუვიდა პარტიის ლიდერებთან და ცალკე თავისი პოლიტიკური ორგანიზაცია ჩამოაყალიბა, ყოფილ გდრ-შია დაბადებული, 1969 წელს, ქალაქ იენაში (დედა გერმანელი, მამა - ირანელი, რომელიც 1972 წელს თეირანში გაემგზავრა და დაიკარგა). სარა ახალგაზრდობაში გდრ-ის კომკავშირის წევრიც იყო და - კომუნისტური პარტიისაც, დამთავრებული აქვს სამი უნივერსიტეტი - იენაში, ბერლინში და ხემნიცში, არის პოლიტოლოგიის დოქტორი.

ორივე პარტია - „ალტერნატივაც“ და „ვაგენკნეხტის კავშირიც“ უკრაინისათვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგ გამოდიან და აცხადებენ, რომ ევროკავშირმა რუსეთს სანქციები უნდა მოუხსნას - იმიტომ, რომ ანტირუსული სანქციებით გერმანიაც ზარალდება. მართალია, მხარეების ადგილობრივი პარლამენტები გერმანიის ფედერალურ საგარეო პოლიტიკაზე უშუალო გავლენას არ ახდენენ, მაგრამ 55 წლის სარა ვაგენკნეხტმა მაინც ისარგებლა შესაძლებლობით, რომ თავისი იდეები გაევრცელებინა (ომის დიპლომატიური გზებით დასრულება, სამშვიდობო მოლაპარაკებით) და ნამდვილად შესაშური მხარდაჭერა მიიღო.

მიღებული ხმების დიდი რაოდენობის მიუხედავად, „ალტერნატივას“ ტიურინგიაში სამხარეო მთავრობის შექმნა მაინც არ შეუძლია, რადგან თითქმის ყველა პარტიამ წინასწარ უარი განაცხადა მასთან კოალიციის შექმნაზე და, აქედან გამომდინარე, სარა ვაგენკნეხტის პარტია შეიძლება „ოქროს აქციის“ მფლობელი აღმოჩნდეს: „ალტერნატივას“ მხოლოდ მასთან კავშირში შეუძლია, კოალიციური მთავრობა ჩამოაყალიბოს. მოკლედ, მოლაპარაკება, როგორც ჩანს, ხანგრძლივი იქნება.

რა შეიცვლება ბერლინის პოლიტიკაში?

გერმანიის მმართველი კოალიციისათვის და, პირადად, ოლაფ შოლცისთვის აღმოსავლეთ გერმანიაში გამართული არჩევნების შედეგები მეორე სერიოზული დარტყმა გახდა, მას შემდეგ, რაც ევროპარლამენტში წარმატებას ვერ მიაღწიეს. როგორც სააგენტო dpa აღნიშნავს, ბერლინისათვის არჩევნების შედეგი „კატასტროფულია, მაგრამ შეიძლებოდა უფრო უარესი - აპოკალიპტური ყოფილიყო“. ტიურინგიაში „მწვანეებმა“ და ლიბერალურმა „თავისუფალმა დემოკრატიულმა პარტიამ“ ხუთპროცენტინი ბარიერი ვერ გადალახეს. ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატებმა როგორღაც მოახერხეს უარესი სცენარისაგან თავის არიდება, მაგრამ აშკარაა, რომ პარტიის პოპულარობა სულ უფრო ეცემა, გეომეტრიული პროგრესით.

რა შეიცვლება ბერლინის პოლიტიკაში ამ არჩევნების შედეგად? მიაღწევს თუ არა „ალტერნატივა“, „სარა ვაგენკნეხტის კავშირთან“ ერთად, გერმანიის პოზიციების ცვლილებას უკრაინისა და რუსეთის მიმართ? ახლავე შეიძლება ითქვას, რომ მაინცდამაინც - ბევრი არაფერი.

მიმომხილველები სიფრთხილეს იჩენენ პროგნოზებში და ვარაუდობენ, რომ თვითონ სარა ვაგენკნეხტი რწმენას არ უღალატებს და მიზნის შესრულებას აუცილებლად შეეცდება, ვთქვათ, კოალიციურ შეთანხმებაში ჩაიწერება დიპლომატიის როლის მნიშვნელობაზე ომის შეწყვეტაში, მაგრამ ანტირუსული სანქციების გაუქმებასა და გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადის“ აღდგენაზე - ლაპარაკი ზედმეტია.

წყარო