"თუკი ეკლესია თანახმა იქნება, მზად ვართ, ახლავე განვიხილოთ და მივიღოთ შესაბამისი ცვლილება, რათა საკითხი არ გახდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციის საგანი"
"ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, რომ საკუთარი ტყავი გადაირჩინოს და ახლა მოაგონდა, რომ თურმე, ეკლესიაზე ზრუნვა ყოფილა მისი პრიორიტეტი - თუკი ეკლესია იქნება თანახმა, მზად ვართ, ახლავე განვიხილოთ და მივიღოთ შესაბამისი ცვლილება, რათა ეს საკითხი არ გახდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციის საგანი, - ამის შესახებ კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ ცდილობს საკუთარი პოლიტიკური დივიდენდისთვის სენსიტიური და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემა მიიტაცოს.
„ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, რომ შიშით სცადოს ადამიანების მანიპულირება და კიდევ ერთხელ როგორღაც გამარჯვება მოიპოვოს. ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება ცდილობს, რომ საკუთარი ტყავი გადაირჩინოს და ახლა მოაგონდა, რომ თურმე ეკლესიაზე ზრუნვა ყოფილა მისი პრიორიტეტი, არადა ივანიშვილი არის სწორედ ის პოლიტიკოსი, რომელსაც აქვს ყველაზე ღია იერიშები მიტანილი საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიაზე. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხს - ჩვენი პოზიცია არის, რომ პირველი - ივანიშვილმა უნდა გააჟღეროს მკაფიოდ, თუ რას გულისხმობს ეს ჩანაწერი, მეორე - იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია იქნება თანახმა ამ ინიციატივაზე, მზად ვართ, ახლავე განვიხილოთ ეს ინიციატივა, ახლავე ვუყაროთ მას კენჭი, რათა ეს საკითხი არ გახდეს „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციის საგანი.
„ქართული ოცნება“ დღეს ცდილობს მიიტაცოს სენსიტიური და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თემა საკუთარი პოლიტიკური დივიდენდისთვის. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ მზად ვართ ახლავე, აქ და ახლა, განვიხილოთ და მივიღოთ შესაბამისი ცვლილება, თუკი ეკლესია იქნება ამით დაინტერესებული,“ - განაცხადა გეგელიამ.
შეგახსენებთ, ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიასთან კონსულტაციები წარმატებით დასრულდა და საქართველოს კონსტიტუციაში მართლმადიდებლობის, როგორც ქართული სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის მისია მკაფიოდ აისახება.
IPN