წითელი ხაზების ფობია - ისრაელს თუ ეხმარებიან ირანული რაკეტების მოგერიებაში, უკრაინის თავზე რუსულ რაკეტებს პუტინის შიშით არ აგდებენ?! - კვირის პალიტრა

წითელი ხაზების ფობია - ისრაელს თუ ეხმარებიან ირანული რაკეტების მოგერიებაში, უკრაინის თავზე რუსულ რაკეტებს პუტინის შიშით არ აგდებენ?!

ორი დღეა, ხარკოვი და თვით კიევიც დაუნდობლად იბომბება რუსული აერობალისტიკური „ისკანდერებითა“ და ბალისტიკურად გადაკეთებული საზენიტო „ს-300“-ებით, დროდადრო „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონებიც გამოერევიან ხოლმე...

ქალაქების ასეთი სარაკეტო დაბომბვა ვიზუალურად ბევრად უფრო ემოციურად აღიქმება, ვიდრე გაშლილ მინდორზე აფეთქება, რადგან ინგრევა მაღალსართულიანი შენობები და მათი დაზიანებული „ჩონჩხების“ ყურება ომის საერთო საშინელებას აჩვენებს...

ისეთი მუდმივი და ინტენსიური სარაკეტო თავდასხმების (როგორსაც ომის 922-ე დღე-ღამის განმავლობაში აყენებს რუსეთი უკრაინის ქალაქებს) სრულ მოგერიებას ეს პოსტსაბჭოური ქვეყანა კი არა, ნატოს ყველაზე ძლიერი სახელმწიფოებიც კი ვერ შეძლებდნენ, თუმცა ეს მოახერხა ისრაელმა...

ალბათ, გახსოვთ, როდესაც 2024 წლის 13-14 აპრილის ღამეს ირანმა ისრაელის მიმართულებით (იმის საპასუხოდ, რომ 1 აპრილს სირიის დამასკოში ისრაელის რაკეტამ ირანის საკონსულოს შენობა ააფეთქა) 170 კამიკაძე-დრონი, 30 ფრთოსანი და 120 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ანუ ირანმა ათასი კმ-ით დაშორებულ ისრაელის ტერიტორიაზე ყველაზე მასობრივი საჰაერო თავდასხმა განახორციელა, 320 ერთეული სხვადასხვა კლასისა და დანიშნულების საბრძოლო საფრენი აპარატით, რომლებსაც ისრაელისთვის გამანადგურებელი დარტყმა უნდა მიეყენებინათ...

თუმცა უშუალოდ ისრაელის ტერიტორიამდე მხოლოდ ხუთიოდე ბალისტიკურმა რაკეტამ თუ მიაღწია, რომლებმაც დიდად ვერაფრით დააზარალეს ისრაელის სამხედრო აეროდრომი და, საერთო ჯამში, მხოლოდ ერთი პატარა გოგონა დაიჭრა...

ნუთუ მართლაც ასეთი უძლიერესია ისრაელის საჰაერო თავდაცვა, რომელმაც შეძლო ის, რასაც ვერანაირად ვერ ახერხებენ უკრაინელი მეზენიტეები?

2-xar-1725267789.jpg

თუკი ირანიდან გამოშვებული „შაჰიდების" ჩამოგდებაში ისრაელს ეხმარება ნატო, იმავე, ოღონდ რუსების მიერ უკრაინისკენ გაშვებული „შაჰიდების“ ჩამოგდებას... პუტინის შიშით ვერ ბედავს ალიანსი?!

ისრაელის „რკინის გუმბათზე“ თუ „დავითის შურდულზე“, როგორც მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო საზენიტო-სარაკეტო სისტემებზე, ბევრი რამ თქმულა, მაგრამ ისინიც უძლურები იქნებოდნენ, მარტოს მოეგერიებინათ ირანის ასეთი მასშტაბური საჰაერო თავდასხმა... ისრაელს ამაში აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და იორდანიის მეზენიტეები დაეხმარნენ!

ირანიდან ისრაელამდე მისაფრენ ათას კმ-მდე მანძილზე ირანულ დრონებსა და ფრთოსან რაკეტებზე ნადირობა ჯერ კიდევ ერაყის საჰაერო სივრცეში იმ ამერიკულმა გამანადგურებლებმა დაიწყეს, რომლებიც ამ ქვეყნის რამდენიმე აეროდრომზე არიან განთავსებულნი. ამის პარალელურად, სპარსეთის ყურესა და წითელ ზღვაში მოდრეიფე ამერიკული, ბრიტანული და ფრანგული სამხედრო ხომალდებიდან ძალზე ძვირად ღირებულ საზენიტო რაკეტებს არ იშურებდნენ იმ ირანული იაფფასიანი „შაჰიდების“ ჩამოსაგდებად, რომელთა ნაწილიც ჰუსიტების იემენიდანაც იქნა გაშვებული.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ იორდანიის როლი ისრაელის აღმოსავლეთ მისადგომების დაცვაში, რომელიც ნახევარი საუკუნის წინ, 1973 წლის „განკითხვის დღის ომში“, მისი მოწინააღმდეგეების მხარეს დადგა - იორდანიის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებმა და გამანადგურებელმა თვითმფრინავებმა არა ერთი ის ირანული კამიკაძე-დრონი და ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს, რომლებიც იორდანიის საჰაერო სივრცის გავლით, ისრაელის საზღვრისკენ მიფრინავდნენ...

უფრო მეტიც - იორდანიამ ნება დართო ისრაელს, რომ მისი საბრძოლო თვითმფრინავები უშუალოდ იორდანიის ცაშივე დაახვედრონ დაუპატიჟებელ „საჰაერო სტუმრებს“ ირანიდან!

და აი, აქ აუცილებლად იბადება პარალელი - თუკი ნახევარმა ნატომ არაფერი დაიშურა იმისთვის, რომ არც ერთ ირანულ რაკეტასა და დრონს არ შეეღწია ისრაელის ცაში, მაშინ იგივე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი რატომ ბლოკავს ინიციატივას, რომ თავისი საზენიტო რაკეტებით უშუალოდ უკრაინის ცაში მოიგერიოს რუსული რაკეტები - იმ უკრაინისა, რომელიც ისრაელივით ათასზე მეტი კმ-ით კი არ არის დაშორებული ევროპიდან, არამედ - მასთან საერთო საზღვარი აქვს...

ამ ომის განმავლობაში არა ერთი რუსული კამიკაძე-დრონი ჩამოვარდა უკრაინის მეზობელ, ნატოს წევრი პოლონეთისა (პოლონელებს ბირთვული ქობინის ტარების უნარის მქონე რუსული ფრთოსანი რაკეტაც კი „ესტუმრათ“) და რუმინეთის ტერიტორიებზე, რაც თავდაპირველად ამავე სახელმწიფოების ხელისუფლების მხრიდან იჩქმალებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც უკრაინას „აცდენილმა“ რუსულმა „შაჰიდებმა“ მოუხშირეს რუმინეთისა და პოლონეთის სოფლებთან აფეთქებებით „დაშვებას“, შუბი ხალათში ვეღარ დაიმალა...

რა არის იმისთვის საჭირო, რომ რუსული დრონები თუ ფრთოსანი რაკეტები, გაშვებული დასავლეთ უკრაინის მიმართულებით, მაგრამ ტექნიკური პრობლემების (ან სულაც წინასწარგანზრახულად) გამო არ აღმოჩნდნენ უკრაინის მოსაზღვრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების საჰაერო სივრცეებში?

რა თქმა უნდა, მათი დროული აღმოჩენა და ჩამოგდება, თუნდაც ჯერ კიდევ უკრაინის ცაში, რასაც, სხვა შემთხვევაში, მეზობლებს შორის პოლიტიკური დაძაბულობა მოჰყვებოდა, ახლა კი - პირიქით... უკრაინა იქით ეხვეწება მის მეზობელ ნატოს წევრ ქვეყნებს - რაც შეიძლება ახლოს მოაყენეთ ჩემს საზღვართან თქვენი „პეტრიოტები“, თუ გსურთ უკრაინის დასავლეთ ნაწილშიც კი შემოიყვანეთ და ჩამოაგდეთ, ჩამოაგდეთ, ჩამოაგდეთ რუსული რაკეტები და დრონები, ამით თქვენი საჰაერო სივრცის შესაძლო დარღვევის შემთხვევებსაც წინასწარ აღკვეთავთ და ჩვენც დაგვეხმარებით, დასავლეთ უკრაინის ქალაქების რუსული საჰაერო დარტყმებისგან დასაცავად...

ლოგიკურად, ნატოს უფრო მეტი მოტივაცია უნდა ჰქონდეს, რომ სწორედ ასე მოიქცეს, თუნდაც იმიტომ, რომ შორეულ ისრაელში მოუგერიებელი ირანული რაკეტა უშუალოდ ნატოს ვერაფერს ავნებდა, ხოლო უკრაინის ლვოვისკენ დამიზნებულმა და პოლონეთისკენ გაფრენილმა რუსულმა ფრთოსანმა „კალიბრმა“ ძალიან ბევრი პრობლემა შეუძლია, შეუქმნას მთლიანად ნატოს სამხედრო-პოლიტიკურ იმიჯს მსოფლიოში - ეს ის ალიანსია, რომელიც საკუთარ საჰაერო სივრცეს ვერ იცავს, სხვას რითი დაეხმარებაო...

ნატოს წევრ ქვეყნებს, მათ შორის - პოლონეთს, რუმინეთს და ჩეხეთს (უნგრეთი და ნაწილობრივ სლოვაკეთიც არ განიხილება მათი დღევანდელი ხელისუფლებების მიერ რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში დაკავებული პოზიციის გამო) აქვთ ყველა ის მატერიალურ-ტექნიკური საშუალება, რომ მნიშვნელოვნად გააძლიერონ საჰაერო სივრცის დაცვა უკრაინის საზღვრების გასწვრივ, რითაც თავსაც დაიზღვევენ რუსული რაკეტების შემთხვევით შეფრენისგან მათ სივრცეში და უკრაინასაც მნიშვნელოვნად დაეხმარებოდნენ, რადგან საზღვრიდან 160 კმ-მდე რადიუსში მოქმედ „პეტრიოტის“ საზენიტო რაკეტებს უკრაინული ლუცკის, ლვოვის, ტერნოპოლის, უჟგოროდის, ივანო-ფრანკოვსკის და კიდევ ბევრი უკრაინული დასახლებული პუნქტის საჰაერო თავდაცვის გაძლიერება შეეძლებოდათ...

შესაბამისად, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალები შეძლებდნენ ამ რაიონებიდან საზენიტო საშუალებების ნაწილის მოხსნასა და იმავე ხარკოვის, ოდესისა თუ დნიპროს „ცის გასამაგრებლად“ გადასროლას...

3-xar-1725267737.png
რუსული რაკეტებით დანგრეული უკრაინული ქალაქები იმ დასავლელი პოლიტიკური ლიდერების სინდისზეცაა, რომლებსაც შეეძლოთ, მაგრამ არ დაეხმარნენ უკრაინას საჰაერო თავდაცვის მნიშვნელოვნად გაძლიერებაში... თუნდაც პუტინის საპასუხო ქმედებების შიშის გამო...

მაგრამ ეს ყველაფერი არ ხდება, მიუხედავად იმისა, რომ ბჭობა მეორე წელია, გრძელდება. რატომ?

ალბათ, ამიტომაც - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური გაფრთხილება გაუგზავნა ნატოს და, პირველ რიგში, პოლონეთის ხელისუფლებას, რომ მათ არ გაებედათ რუსული რაკეტების და დრონების ჩამოგდება უკრაინის საჰაერო სივრცეში, წინააღმდეგ შემთხვევაში, კრემლი ამას აღიქვამდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ჩარევად რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე განხორციელებად „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ და რუსეთის ფედერაცია ადეკვატურ პასუხს გასცემდა ნატოს!

და, თქვენ წარმოიდგინეთ, კრემლის ამ გაფრთხილებამ იმუშავა - რუსეთ-უკრაინის ომის შემდგომი ესკალაციის, რომელშიც შეიძლება ჩათრეული იქნეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსიც, თავიდან აცილების მიზნით, ნატო კატეგორიულად უარს აცხადებს, უკრაინის საჰაერო სივრცეში აქტიური მოქმედებები განახორციელოს...

უფრო მეტიც, რამდენიმე საათის წინ ნატოს ხელმძღვანელობამ საქვეყნოდ შენიშვნა მისცა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სიკორსკის, როდესაც მან ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსული რაკეტების გადაჭერა უშუალოდ უკრაინის ცაში აუცილებელია...

მუდმივი „წითელი ხაზები“, რომლებსაც დასავლეთი და ნატო ძალიან ხშირად თავადვე იწესებს, ხელ-ფეხს უხსნის პუტინს კიდევ უფრო ცინიკური ქმედებებისკენ და ამ მხრივ ის, რომ რუსული რაკეტებით ყოველდღიურად მასობრივად დაბომბილ უკრაინულ ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობა იღუპება, გინდა თუ არა, დასავლეთის რიგი წამყვანი ქვეყნების პოლიტიკური ლიდერების კისერზეცაა...