"ნინა ძალიან მიყვარს, უმაგრესი ადამიანი და მეგობარია! არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს" - კვირის პალიტრა

"ნინა ძალიან მიყვარს, უმაგრესი ადამიანი და მეგობარია! არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს"

"დღეს ჩემი ჰონორარი 1 რეკლამაში 600 ლარია. რატომღაც, 16 წლის ადამიანთან თანამშრომლობა სპონსორებისთვის პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა დღევანდელმა ბავშვებმა უფრო იციან რეკლამის ხარისხის "დადება", ვიდეოების მონტაჟი, კომპანიებისთვის კონტენტის დაგეგმვა..."

შოთა ბარამიძემ მცირე ასაკშივე აქცია სოციალური ქსელები შემოსავლის წყაროდ.

მიაჩნია, რომ საკუთარი ცხოვრების განვითარების, მუშაობის დაწყების საშუალება ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს...

- თავდაპირველად, საერთოდ არ ვგეგმავდი, რომ სოციალურ ქსელებში ამხელა მასშტაბზე გავსულიყავი, თუმცა შემდეგ, "ტიკტოკზე" ჩემი ვიდეოები ძალიან პოპულარული გახდა...

- რა ტიპის ვიდეოებს აქვეყნებდი?

- რაც მაშინ ტრენდული იყო: ცეკვები, საუბარი... ძირითადად, სულელური ვიდეოები მქონდა. წიგნებსა და განათლებაზე საუბარი "ტიკტოკზე" პოპულარობას ვერ მოგიტანს. შესაბამისად, რაც ტრენდული იყო, მეც იმას ვიღებდი. შემდეგ პანდემია დაიწყო. ყველა "ტიკტოკზე" "გადაერთო". მეც უფრო მეტად ვაქტიურობდი. უკვე "ინსტაგრამ" გვერდის პიარიც დავიწყე... მერე რეკლამების გაკეთებით დავინტერესდი: კომპანიებს თავადაც ვუკავშირდებოდი და შემოთავაზებას მათგანაც ვიღებდი. მაგალითად, თავდაპირველად, ხელნაკეთი შოკოლადის რეკლამა გავაკეთე, ასევე - კარტის, სუნამოების... თანდათან მეც განვვითარდი, ვიდეოების გადაღების ტაქტიკა დავხვეწე, სხვა კომპანიებიც დავაინტერესე...

- ანუ პატარა ასაკშივე მოახერხე, შემოსავლის წყარო გქონოდა, არა?

- დიახ. ბავშვობიდანვე მსურდა, ცნობილი ვყოფილიყავი და ყოველთვის მივისწრაფოდი, რომ შემოსავლის საკუთარი წყარო მქონოდა, ჩემი სურვილები თავადვე ამეხდინა. შესაბამისად, რაც მაშინ აქტუალური იყო (სოციალური ქსელები), მეც იმით მოვიხიბლე. ხალხი ჩემს გვერდს რომ იწერდა და იწონებდა, ამან ჩემში ძლიერი ემოციები აღძრა. სოციალურ ქსელებში აქტიურობას შევყევი და მალე რეკლამებით შემოსავალიც გამიჩნდა. დღეს რა ჰონორარსაც ვიღებ, მაშინ ამდენს არ ვიღებდი: როცა მცირე აუდიტორია გყავს, კომპანია 1 რეკლამაში 1.500 ლარს ვერ გადაგიხდის...

- პირველი სარეკლამო შეკვეთის შესახებ გვიამბე...

- პირველად შოკოლადის კომპანიას რეკლამა თავად შევთავაზე. მანამდე, კომპანიის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე "ინფლუენსერის" გვერდზე ვნახე და დავინტერესდი. კომპანიას მივწერე, ჩემი პირობები შევთავაზე. მიპასუხეს, ხელნაკეთი შოკოლადიც გამომიგზავნეს... ძალიან ბედნიერი ვიყავი. რეკლამის სანაცვლოდ, ჩემი პირობები ასეთი იყო: "ინსტაგრამზე 3 "სთორი" და 1 "რილი", "ტიკტოკზე" - 1 ვიდეო უნდა გამომექვეყნებინა. ამ ყველაფერში 150 ლარი გადამიხადეს... შემდეგ კომპანიებს უკვე მარტივად ვწერდი, ჩემით თავადაც დაინტერესდნენ - ნახეს, ჩემი რეკლამები, როგორ ვიდეოებს ვიღებდი, რამდენი "მოწონება" და კომენტარი ჰქონდა...

- ვიდეოს გადაღების ტექნიკა დამოუკიდებლად ისწავლე?

- დიახ. არანაირი კურსი არ გამივლია - ამ მიმართულებით თავად განვვითარდი. რა თქმა უნდა, პირველად გადაღებული და დღევანდელი ვიდეოები ერთმანეთისგან განსხვავდება. დროთა განმავლობაში, ვიდეოების დასამონტაჟებელი სხვადასხვა აპლიკაცია აღმოვაჩინე: შეგიძლია გადაღებულ მასალას ეფექტები დაადო, კადრი "გადაიყვანო", მოჭრა და ა.შ. ვიდეოები ყოველთვის ლამაზი გამომდიოდა. ყველაფერს თავად, ჩემი ტელეფონით ვაკეთებდი. ჩემთვის არავის არაფერი უსწავლებია.

- დღესდღეობით, შენი კონტენტის მნიშვნელოვან ნაწილს კულინარია შეადგენს. კულინარიით კონტენტის გამო დაინტერესდი თუ?..

- კულინარია ბავშვობიდანვე მიყვარს, თუმცა ჩემი ვლოგის ამ სფეროსთან დაკავშირებაზე არ მიფიქრია. ერთ-ერთმა კომპანიამ შემომთავაზა, რომ მისი საკვები პროდუქტის გამოყენებით კერძი მომემზადებინა და ვიდეო გადამეღო. დავთანხმდი. შემდეგ ამ ტიპის ვიდეო საკუთარი სურვილითაც გადავიღე. ჩემით იგივე კომპანია კვლავ დაინტერესდა. ახლა უკვე 2 თვეში ერთხელ რეკლამას ვუკეთებ. დაახლოებით 2-წლიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს... თავდაპირველად, კერძების რეცეპტების მოფიქრებაში ჩემი და მეხმარებოდა, შემდეგ ამ სფეროში ისე "გავიზარდე", რომ გარკვეულ რჩევებს დას თავადაც ვაძლევ.

- როცა კულინარიასთან დაკავშირებული სარეკლამო ვიდეო არ გაქვს გადასაღები, მაშინ თუ ანებივრებ ოჯახის წევრებს შენ მიერ მომზადებული კერძებით?

- მოგატყუებთ, რომ გითხრათ, ხშირად ვამზადებ-მეთქი, მაგრამ როცა ვამზადებ, ყველას მოსწონს, განსაკუთრებით - ბებიაჩემს, მამაჩემსაც... კულინარიის ნიჭი ბაბუას ჰქონდა. ამბობენ, რომ ეს ნიჭი მისგან გამომყვა. ბაბუას გარეგნობითაც ვგავარ... ჩემი მშობლები ამაყობენ, რომ ბაბუას გენს "გავყევი". თან, ჩემი დაც შეფ-მზარეულია - თავისი კაფე აქვს.

- ყველაზე უკეთ რისი მომზადება გამოგდის?

- ხილის ტორტის. ძალიან მიყვარს! ხშირად ვაკეთებ. ასევე, ჩემს გვერდზე საკვებსაც ხშირად განვიხილავ. მაგალითად, ბოლო დროს ყველაზე ტრენდული შოკოლადის შესახებ ჩემს ვიდეოგანხილვას დიდი გამოხმაურება მოჰყვა...

- კულინარიაში პროფესიულ დონეზე განვითარებას ხომ არ აპირებ?

- არა. ეს სფერო ასე ძალიანაც არ მაინტერესებს. პიარით უფრო ვარ დაკავებული. ჩემი მომავალი საქმიანობის სფეროც ეს იქნება. მეც მინდა კაფე-რესტორანი გავხსნა და ჩემი შემოსავლის ძირითადი წყარო ეს იყოს. საბოლოო ჯამში, მაინც კულინარიის სფეროსთან "მივდივარ" (იღიმის).

- შენი კაფე-რესტორანი განსხვავებული რითი იქნება, მომხმარებლებს როგორ დააინტერესებ?

- საერთოდ, მომწონს, როცა კაფეებში განსხვავებული ინტერიერია. "ლაქშერ ლაიფი" მიყვარს (იცინის). მინდა ჩემს კაფეშიც მრავალფეროვანი, საინტერესო ინტერიერი იყოს, მდიდრული ორნამენტებით, გვქონდეს ფოტოების გადასაღები სივრცე და ამით მომხმარებელი მოვიზიდო, რადგან დღეს სოციალური ქსელებით პიარი ყველაზე პოპულარულია. შესაბამისად, როდესაც სტუმარი ჩვენთან მოვა და ფოტოს გადაიღებს, ამ კაფით მისი მეგობრებიც დაინტერესდებიან... რა თქმა უნდა, საკვები გემრიელი გვექნება.

- შენს ოფიციალურ განათლებაზე რას გვეტყვი?

- ბავშვობიდან კარგი მოსწავლე ვიყავი. სკოლაში ყველა საგანში კარგი ნიშნები მქონდა. ეროვნული გამოცდების ჩაბარება საერთოდ არ გამჭირვებია - მაღალი ქულები მივიღე. უნივერსიტეტში სწავლას პიარის მიმართულებით ვაგრძელებ...

- როგორი განცდაა, როცა მცირე ასაკიდანვე საკუთარი შემოსავალი გაქვს? შენი შემოსავლის ძირითადი ნაწილი რაში იხარჯება?

- სასიამოვნოა, რომ ბავშვობიდან ჩემი ფული მაქვს - ეს მეამაყება. ჩემი აზრით, ყველა ბავშვს საშუალება უნდა ჰქონდეს, საკუთარი ცხოვრება პატარა ასაკიდანვე განავითაროს, მუშაობა დაიწყოს - ამაში სამარცხვინო არაფერია, პირიქით - ძალიან მაგარია! შეიძლება ზოგმა მიმტანად მუშაობა დაიწყოს... დღეს ჩემი ჰონორარი 1 რეკლამაში 600 ლარია. აღებულ თანხას საკუთარ თავს ვახმარ. ასევე, ოჯახის წევრებისთვის საჩუქრებსაც ვყიდულობ. მიყვარს სუნამოები, ტანსაცმელი, ყოველ წელს მობილური ტელეფონის შეცვლა...

- სპონსორებთან ურთიერთობისას შენს ასაკს დაბრკოლება არ შეუქმნია?

- კი. რატომღაც, 16 წლის ადამიანთან თანამშრომლობა მათთვის პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა დღევანდელმა ბავშვებმა უფრო იციან რეკლამის ხარისხის "დადება", ვიდეოების მონტაჟი, კომპანიებისთვის კონტენტის დაგეგმვა...

- ფინანსური თვალსაზრისით, კრიზისული პერიოდი გქონია?

- არა, მაგრამ რაღაცები მარტივად მბეზრდება. გარკვეული პერიოდი "ინფლუენსერობა" მივივიწყე, თუმცა შემდეგ ჩემს ცხოვრებაზე დავფიქრდი და გადავწყვიტე, ეს ის სფეროა, რომელიც მაინტერესებს და მჭირდება... საერთოდ, ბავშვობიდან დიდი ასაკის ადამიანივით ვაზროვნებ - ამას ყველა აღნიშნავდა. ბავშვური ცხოვრება არასოდეს მქონია: სათამაშოებით არ მითამაშია. განათლების მიღებით ვერთობი... არა, შესაძლოა, 4 წლისა ვთამაშობდი, მაგრამ მაგალითად, მულტფილმები მართლა არასოდეს მინახავს - არ მსიამოვნებდა, არ მიყვარდა მათი ყურება. ეს დღესაც ასეა. საკუთარი თავი ყოველთვის "დიდად" მიმაჩნდა.

- შენი სამეგობრო წრის შესახებ რას გვეტყვი? როგორც შენი გვერდიდან ჩანს, მომღერალ ნინა წკრიალაშვილთან მეგობრობ...

- მე და ნინა ძალიან ახლო მეგობრები ვართ. ერთმანეთი შარშან ზაფხულში, ინტერნეტით გავიცანით. შემდეგ, როდესაც საქართველოში ჩამოვიდა, რამდენჯერმე ვნახე. ნინა ძალიან მიყვარს, უმაგრესი ადამიანი და მეგობარია! არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. ასევე, რამდენიმე "ინფლუენსერთან" ვმეგობრობ, მათ შორის - კულინარიულ ბლოგერთან, რომელიც თავდაპირველად კულინარიული ვიდეოს გადაღებისას რჩევებს მაძლევდა.

- შენსა და ნინას შორის დიდი ასაკობრივი სხვაობაა. საერთო ენა როგორ გამონახეთ?

- ნინა ისეთი ბავშვურია, რომ ასაკობრივი სხვაობა მეგობრობაში ხელს არ გვიშლის, პირიქით - რჩევებსაც ვაძლევდი, სოციალურ ქსელებთან დაკავშირებით ახალი ხრიკებიც ვასწავლე... ბევრი საერთო ინტერესი და ჩვევა გვაქვს.

- კიდევ რას საქმიანობ, როგორ ერთობი, განიტვირთები?

- მოგზაურობა მიყვარს. ბოლო დროს ვარჯიშით დავკავდი. თავდაპირველად, სპორტდარბაზში წასვლა ძალიან მეზარებოდა, თუმცა დღეს კი ვარჯიშზე ისეთი დამოკიდებული ვარ, დარბაზში 1 დღეც რომ არ წავიდე, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს რაღაც დავაშავე. მოკლედ, ვარჯიშით ვერთობი, თან - წონაშიც დავიკელი... ასევე, მაქვს სუნამოების და სათვალეების კოლექცია. მე და დედას ეს საერთო ინტერესი გვაქვს.

- ოჯახის წევრები რას საქმიანობენ?

- დედა დიასახლისია. და, როგორც გითხარით, შეფ-მზარეული გახლავთ. მამა საჯარო სამსახურითაა დაკავებული, თავისი ბიზნესი აქვს. მთელი ოჯახი ერთად ვცხოვრობთ. ერთმანეთთან ძალიან ვმეგობრობთ. მშობლებს არაფერს ვუმალავ. ასევე, 2 ბებია მყავს. ორივეს მიმართ კარგი დამოკიდებულება მაქვს, ორივეს ძალიან ვუყვარვარ.

- თანატოლებზე რას გვეტყვი?

- საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს. ჩემგან განსხვავებით, საჯაროდ გამოჩენა, ყურადღების ცენტრში ყოფნა არ უყვართ. არ მოსწონთ, როცა "სთორიში" მათ გამოვაჩენ ხოლმე.

- როცა ერთად ხართ, თქვენი საუბრის თემა რა არის?

- სხვადასხვა ცნობილ ადამიანზე ინფორმაცია აინტერესებთ. რაღაცებს ვუყვები ხოლმე. თუ რომელიმე ცნობილის შესახებ განსხვავებული, არასწორი წარმოდგენა აქვთ, ამ მოსაზრებას ვუცვლი. საერთოდ, სოციალურ ქსელში ბევრი კარგი ადამიანია, რომელთა შესახებაც შეიძლება, ხალხს სხვაგვარი წარმოდგენა ჰქონდეს... ასევე, ჩემს მეგობრებს ახალი სუნამოები აინტერესებთ და ერთად "ვტესტავთ"... სხვადასხვა თემას განვიხილავთ, მათ შორის - პოლიტიკას. როგორც მოქალაქეს, პოლიტიკა ძალიან მაინტერესებს...

- დასასრულ, რომელიმე კერძის ან დესერტის რეცეპტიც გაგვიზიარე...

- მოვამზადოთ უგემრიელესი და ცივი საზაფხულო ჩიზქეიქი. ამისთვის დაგვჭირდება: ხაჭო, ნაღები, "ცოცხალი" ხილი, შოკოლადის ორცხობილა და ჟელატინი. ხაჭო გადავიტანოთ ბლენდერში, დავუმატოთ ხილი, ნაღები, შოკოლადის ორცხობილა და "დავაბლენდეროთ". სანამ ინგრედიენტები ითქვიფება, მანამდე 1 შეფუთვა ჟელატინს დავასხათ 40 მლ წყალი, დავდგათ ძალიან დაბალ ცეცხლზე, მივიყვანოთ ადუღებამდე, შემდეგ კი დავუმატოთ კრემი. ჩიზქეიქისთვის საჭიროა ბისკვიტი. ამისთვის ჩვეულებრივ ორცხობილას ვფხვნით და ვუმატებთ 30 გრამ გამდნარ კარაქს. ეს მასა გადაგვაქვს ფორმაში და 10 წუთის განმავლობაში, 250 გრადუსზე ვაცხობთ. როდესაც ბისკვიტი გამოცხვება და გაცივდება, ვასხამთ კრემს, შემდეგ კი ვდგამთ მაცივარში მთელი ღამით, დილით კი მივირთმევთ ცივ, უგემრიელეს ჩიზქეიქს.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"