"იჯდა სადარბაზოსთან და "ზვერავდა" ჩემს შვილს... გარეწარო, ჯერ მოკალი და ახლა საქვეყნოდ თავს ჭრის ჩემს უდანაშაულო შვილს, ეს არ შეგრჩება"
ქმრის მიერ სასტიკად მოკლული ახალგაზრდა ქალი, ფიქრია ტუგულაშვილი დღეს, 1-ელ სექტემბერს მიაბარეს მიწას. ორი მცირეწლოვანი შვილის დედა მშობლიურ სოფელში დაკრძალეს. სამი ადამიანის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილი ახლა ციხეშია გამოკეტილი, თუმცა მან სასამართლო პროცესზე თავისი ქმედების გამართლება სცადა. ამბობს, რომ ცოლი და მისი ბავშვობის ძმაკაცები ეჭვიანობის ნიადაგზე დახოცა. ფაქტია, ის არ ნანობს ჩადენილს, უფრო მეტიც, ამბობს, ახლა ცოცხლები რომ იყვნენ, იმავეს გავიმეორებდიო. მიზეზად ღალატს ასახელებს. ამ ვერსიის არ სჯერა არავის და ყველა დარწმუნებულია, რომ ბრალდებული ცილს სწამებს მეუღლესა და ბავშვობის მეგობრებს, რომელთა დასახოცად ხელი არ აუკანკალდა.
ტრაგედიის ადგილას, გურჯაანის სოფელ ახაშენში დიდი გლოვაა. სწორედ ზურაბაშვილის მეზობლად ცხოვრობდნენ მოკლული ბიჭები მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. ამ ბიჭებს იქ ყველა დადებითად ახასიათებს და დარწმუნებულები არიან, რომ ბრალდებულის ავადმყოფურ ეჭვიანობას შეეწირნენ უდანაშაულო ბიჭები. ყველა მეზობელი ამბობს, რომ ბრალდებული პათოლოგი იყო, ის უმიზეზოდ ეჭვიანობდა და სიმთვრალეში საერთოდ უკონტროლო ხდებოდა.
"ამ არსებას არ შეიძლება ადამიანი უწოდო. რამხელა უბედურება დაატრიალა და კიდევ სახელს უტეხს თავის გადასარჩენად ცოლსაც და მეგობრებსაც, ეს ეჭვიანი, პათოლოგი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს და არ უნდა იხილოს დღის სინათლე. თქვენ არ იცით როგორი უპატიოსნესი გოგო და ბიჭები დახოცა",- ამბობს ჩვენთან საუბარში ერთ-ერთი ადგილობრივი.
ძალიან მძიმე აღმოჩნდა შვილმკვდარი ოჯახისთვის მკვლელობაში ბრალდებულის მიერ პროცესზე ნათქვამი ბრალდება, რომ მან მეუღლე და მისი ბავშვობის მეგობრები ღალატის გამო დახოცა. ფიქრიას დედა, მაია ზათიაშვილი ამბობს, რომ ამ უმძიმესმა ცილისწამებამ კიდევ მეტად გაანადგურა მისი ოჯახი და ის კატეგორიულად მოითხოვს დამნაშავემ პასუხი აგოს ამ საშინელი ცილისწამებისთვისაც.
დედა დარწმუნებულია, რომ ეს მკვლელობა ზვიად ზურაბაშვილს წინასწარ განზრახული ჰქონდა და რომ ქმრის პათოლოგიური ეჭვიანობის გამო მისი ქალიშვილი უმძიმეს მდგომარეობაში იყო. როგორც ამბობს, წლების განმავლობაში მისი შვილი მალავდა, რომ მოძალადის მსხვერპლი რომ იყო. ერთხელ სასწაულად გადარჩენილი კი მეორედ იმავე ადგილას ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილა.
მაია ზათიაშვილი:
- როგორ უნდა ვიცხოვრო ამ ტკივილით. შვილი ასეთი სისასტიკით მოგვიკლა და კიდევ ვისმენთ მის ცრუ ბრალდებებს. ჟურნალისტები მის გამაოგნებელ ცრუ ბრალდებას ავრცელებენ და არავინ კითხულობს ჩემი შვილის ამბავს. მოვიდნენ სოფელში, ნებისმიერ ადამიანს ჰკითხონ, როგორი შვილი მყავდა. ასეთ ცილს როგორ სწამებს ის გარეწარი ჩემს შვილს. ფიქრია ძალიან გულჩათხრობილი გოგო იყო, არ უყვარდა ჩვენთან საუბარი იმაზე, თუ რა პრობლემები ჰქონდა ოჯახში. დიდ ხანს მალავდა ამ ამბავს. არც კი ვიცოდით ასეთი ავადმყოფის გვერდით რომ ცხოვრობდა. მკვლელი ისე გვაჩვენებდა თავს, თითქოს საუკეთესო იყო. რა დღეში იყო ფიქრია, ეს გავიგეთ პირველად მაშინ, როცა ქმარმა დაჭრა. მაშინ სასწაულად გადარჩა. ამის შემდეგ აღიარა ჩემმა შვილმა ჩვენთან, რომ საშინელი, ეჭვიანი ქმარი ჰყავდა. მუდმივად ტერორის ქვეშ უწევდა ცხოვრება. ეზოში რომ ჩასულიყო ან მაღაზიაში მესიჯი უნდა მიწერა მისთვის და ნებართვა უნდა აეღო. ეტყოდა თურმე ფიქრიას სამუშაოდ მივდივარო, ან სოფელში მივდივარო და სინამდვილეში იჯდა სადარბაზოსთან და "ზვერავდა" ჩემს შვილს.