"დედაზე ვფიქრობდი, როგორ გავაუბედურე. ორი და მყავს და ისინი მეიმედებოდნენ. იმ ჯოჯოხეთში ყოფნისას ვფიქრობდი, რომ როგორც კი იქიდან გავაღწევდი, ძალიან ბევრს შევჭამდი და დავიძინებდი, მაგრამ პირიქით დამემართა" - კვირის პალიტრა

"დედაზე ვფიქრობდი, როგორ გავაუბედურე. ორი და მყავს და ისინი მეიმედებოდნენ. იმ ჯოჯოხეთში ყოფნისას ვფიქრობდი, რომ როგორც კი იქიდან გავაღწევდი, ძალიან ბევრს შევჭამდი და დავიძინებდი, მაგრამ პირიქით დამემართა"

22 წლის უკრაინელი მაქსიმ შტურმაკი,

თანატოლებთან ერთად, რამდენიმე თვის განმავლობაში ახლა უკვე რუსების მიერ ოკუპირებულ მარიუპოლს უთანასწორო პირობებში იცავდა. რაც დრო გადიოდა, რუსები შეტევას და ალყას აძლიერებდნენ, შემდეგ კი, ერთ დღესაც მიხვდა, რომ ყველაფერი დაკარგული იყო... მათი თავდადება, ამდენი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა, მშვიდობიანი მოსახლეობის თავგანწირვა მაინც უშედეგო აღმოჩნდა, ყველგან რუსები იყვნენ, მათ ყველა ქუჩა და შენობა დაიკავეს. ყველა კორპუსს ჩხრეკდნენ, ალყაში აქცევდნენ, ჯერ არტილერიით ამუშავებდნენ და მხოლოდ ამის შემდეგ შედიოდნენ შიგნით... სადაც მაშინვე ვერ შედიოდნენ, ჯერ ჭურვებს უშენდნენ, შემდეგ კი შორიახლოს უსაფრდებოდნენ და, სამხედრო პირი იყო თუ მშვიდობიანი მოქალაქე, დაუნდობლად ესროდნენ.

საბოლოოდ, თავის მეგობრებთან ერთად, ტყვეობაში აღმოჩნდა, სადაც 9 უმძიმესი თვე გაატარა... ტყვეობიდან გამოხსნის შემდეგ კი, ისევ ფრონტზე დაბრუნდა და დღემდე მსახურობს.

გვიყვება, რომ ლვოვის ოლქში ცხოვრობდა და უკრაინის რკინიგზაში მუშაობდა. 2021 წლის გაზაფხულზე კი, სამხედრო სამსახურში წავიდა, რამდენიმე თვის შემდეგ, უკრაინის ნაციონალური გვარდიის სამხედრო საკონტრაქტო სამსახურს მოაწერა ხელი. მისი თქმით, ის და მისი მეგობრები მზად იყვნენ ომისთვის, მაგრამ არ ეგონათ, რომ მტერი თავდაცვის ზღუდეს გაარღვევდა და შეტაკება ასეთი მასშტაბური გახდებოდა.

- პროფესიით ელექტრიკოსი ვარ. ომის დასრულების შემდეგ უკრაინის გამარჯვებაზე წიგნის დაწერაზე ვოცნებობდი, ჯერჯერობით არ გამომივიდა, მაგრამ ამის იმედი არასდროს დამიკარგავს. ვიცი, აუცილებლად დადგება გამარჯვების დღე და რაც თავად გადავიტანე, რაც სხვებისგან მოვისმინე, სამხედრო პირი იქნება თუ სამოქალაქო, ყველაფერს დეტალურად აღვწერ, რათა მსოფლიომ გაიგოს, "დენაციფიკაციით" დაინტერესებული რუსეთი სინამდვილეში რას აკეთებდა, როგორ უმოწყალოდ ხოცავდა დიდსა და პატარას, ქალსა და მოხუცს, ზოგს ტყვიით, ზოგსაც მორალურად ან სულაც, ნელ-ნელა: შიმშილით, სიცივით, უიმედობით. როგორც გითხარით, მარიუპულში უმძიმესი თვეები გავატარეთ, სადაც ბოლოს ტყვედ აგვიყვანეს.

არ მაქვს იმედი, რომ უახლოეს ხანებში რაიმე შეიცვლება და წიგნზე მუშაობას დავიწყებ, რადგან ვხედავ, მტერი თავს და ძალებს არ ზოგავს, რაც შეიძლება მეტი ზიანი რომ მოგვაყენოს და ამის დასტურია რამდენიმე დღის წინ განხორციელებული მასშტაბური შეტევა, როდესაც მთელი უკრაინის მასშტაბით, დრონებითა და რაკეტებით თავდასხმა დაიწყეს... არაფერი შეიცვლება მანამ, ვიდრე დასავლეთი უკრაინას რუსეთზე იერიშის მიტანისას შეზღუდვებს არ მოუხსნის და თუ ვინმე მიამიტი კიდევ იკითხავს: კი მაგრამ, რუსეთის მშვიდობიანი მოსახლეობა რა შუაშია, მათ ხომ არაფერი დაუშავებიათო? ვუპასუხებ, რომ ყველა შუაშია; ყველა რუსი, რომელიც პუტინის პოლიტიკას ემხრობა, იმსახურებს, რომ თავის სახლში ნახოს ის, რასაც ჩვენი ხალხი ამდენი ხანია უყურებს, იტანს და ეწირება... მათ უნდა გამოსცადონ დამამცირებელი ტყვეობაც, სიცივეც, შიმშილიც, დედაჩემივით ფეხშიშველებმა უნდა იარონ რუსმა დედებმაც კარდაკარ, რათა უგზო-უკვლოდ დაკარგულ შვილზე სულ მცირედი ინფორმაცია მაინც მოიპოვონ (თუმცა, როცა ზოგ მათგანს ვუყურებ, არ მჯერა, რომ პუტინისა და რუსეთის "ძლევამოსილების" გარდა, სხვა ვინმე, თუნდაც შვილი აინტერესებთ), ასევე, უნდა იწვნიონ ახლობლების დაკარგვის სიმწარეც, რათა როგორმე გაიაზრონ, რას უკეთებს პუტინი ხალხს...

ვიდრე ეს არ მოხდება, ვიდრე არ გამოიღვიძებენ, არაფერი შეიცვლება და ვერც წიგნზე მუშაობას შევძლებ... რაც დრო გადის, ვხვდები, რომ დასავლეთი ისევ და ისევ აჭიანურებს დახმარებას, რუსეთი კი კანონიერად თუ უკანონოდ, ყველა გზით ცდილობს წინ წავიდეს; იყენებს აკრძალულ იარაღს, საბრძოლო მასალას, ებრძვის მშვიდობიან მოსახლეობას, საკუთარ სახლებში ხოცავს როგორც ბავშვებს, ასევე, ქალებსა და მოხუცებს. ტერორიზმს ვებრძვით, მაგრამ რაც ყველაზე ცუდია, ჯერ არაფერი დასრულდება.

- გვიამბეთ თქვენზე, როგორ დაგატყვევეს?

- მე და ჩემი მეგობრები მარიუპოლს ვიცავდით. რუსი ოკუპანტის თავდასხმის თითქმის პირველივე დღიდან ქალაქი ალყაში იყო... სროლა არ წყდებოდა. კომუნიკაციის ხაზები გაწყდა, კავშირი დაიკარგა. ქალაქის ქუჩები ადამიანის ცხედრებით იყო მოფენილი.

19 წლის ვიყავი და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში 2014 წლიდან ომია, ამ ყველაფრის დანახვა და ფსიქოლოგიურად ატანა ჩემთვის უმძიმესი იყო. პირველად შევეჩეხე სიკვდილს, ვნახე ქუჩაში დახოცილების გვერდით მჯდომი ჭირისუფალი, რომელიც ტყვიების წვიმისა და სარაკეტო დარტყმების მიუხედავად, არსად მიდიოდა, ფეხსაც არ იცვლიდა, ჯერ ერთი, იმიტომ, რომ წასასვლელი არსად ჰქონდა, საცხოვრებელი სახლები დაბომბილი იყო, და მეორეც - ეშინოდა, რომ დაღუპული ოჯახის წევრის ცხედარს დაკარგავდა, მის დასაფლავებასაც ვერ შეძლებდა.

გარშემო სახლები და საცხოვრებელი კორპუსები დანგრეული იყო. ნანგრევებში, შენობის სარდაფებში ადამიანები იყვნენ შეფარებული: მოხუცები, ქალები, ბავშვები, შშმ პირები და არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ... ბავშვები მშივრები და გაყინულები იყვნენ... მშობლები მცირეწლოვან შვილებს ზურგზე გვარ-სახელს, ასაკსა და სისხლის ჯგუფს აწერდნენ. მათ უმწეო მდგომარეობაზე გული მიკვდებოდა.

დაგვინახავდნენ თუ არა, სასოწარკვეთილები გვეკითხებოდნენ: რა ხდება, ეს კოშმარი როდის დასრულდებაო?.. ვეუბნებოდი, რომ ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, ალყა როდის მოიხსნებოდა...

- ოჯახთან კავშირს ახერხებდით?

- მხოლოდ დედასთან. მასთან კავშირი ჯოჯოხეთში ერთადერთი ნათელი წერტილი იყო და ეს იშვიათად - ზოგჯერ ათ დღეში ერთხელ ხდებოდა. მისი მზრუნველი ხმა იმ კოშმარში ერთადერთი იმედი გახლდათ და თავს ადამიანად ვგრძნობდი. რაც დრო გადიოდა, ალყაში მოქცეულთა მდგომარეობა უფრო დამძიმდა. არ მინდოდა შემეშინებინა და ვეუბნებოდი: ნუ გეშინია, დედა, დავაღწევთ თავს, აუცილებლად გავიმარჯვებთ-მეთქი. არ ვიცი, რისი მჯეროდა, მაგრამ სადღაც მაინც მქონდა იმედი, რომ ასე მოხდებოდა. თუმცა... მაისის დასაწყისში მარიუპოლში ყველგან რუსები იყვნენ. არც ვიცი, როგორ ვუძლებდით. ტყვედ ჩავარდნამდე ცოტა ხნით ადრე, ჭურვის ნამსხვრევით დავიჭერი... 17 მაისს (2022 წელი) ქალაქის გზაზე გავედით თუ არა, რუსი სამხედროები შემოგვხვდნენ, ტყვედ აგვიყვანეს და იარაღის ჩაბარება მოგვთხოვეს. ეს იყო ყველაზე მძიმე გადაწყვეტილება, რაც ცხოვრებაში მიმიღია. ბრაზისა და უმწეობისგან მუხლები მიკანკალებდა, პირი მიშრებოდა. შემდეგ გაგვჩხრიკეს, აკრძალული ნივთები ხომ არ გაქvთო და ერთ რიგად მოგვაწყვეს. მოგვიანებით ავტობუსში ასვლა გვიბრძანეს, სადაც "წითელი ჯვრის" წარმომადგენლებიც ამოვიდნენ და რაღაც ქაღალდები დაგვირიგეს, რომელზეც ჩვენი მონაცემები უნდა მოგვენიშნა, რათა შემდეგ, ამის მიხედვით, ჩვენ შესახებ ოჯახის წევრებისა და ახლობლებისთვის შეეტყობინებინათ.

- შეატყობინეს?

- არა, რა თქმა უნდა, ის საბუთები არავის წაუღია, არავინ გამოგვართვა, უბრალოდ დავხიეთ და გადავყარეთ. ოლენოვკის გზაზე (დონეცკის ოლქი) რამდენიმე საათის განმავლობაში ავტობუსში წყალიც კი არ მოგვცეს. ნერვიულობისგან თურმე პირი უშრება ადამიანს. ხელ-ფეხი გაყინული მქონდა, სახე მიხურდა და ნერწყვს ვერ ვყლაპავდი. არ ვიცოდით, რა ბედი გველოდა. ტყვეებს შორის ჩემზე უმცროსებიც იყვნენ.

უამრავ ადამიანს საპირფარეშოში უნდოდა, მაგრამ არ გაუშვეს: - აი დარდი, რაც გინდათ, ის ქენითო... სამხედრო ტყვეები იძულებული გახდნენ, იქვე მოესაქმებინათ. ადვილი წარმოსადგენია, ავტობუსში რაც ხდებოდა, რა მდგომარეობაში ვიქნებოდით.

ე.წ. ოლენოვკის ზონაში რომ მივედით, იმ ღამეს ისევ ავტობუსში დაგვტოვეს, დილით კი "ბარაკებში" შეგვყარეს. შემდეგ კიდევ ერთხელ გაგვჩხრიკეს და თითქმის შიშვლები, ცალკე მდგომ ბარაკებში შეგვყარეს. მხოლოდ ჩემს ბარაკში 600-მდე ადამიანი იქნებოდა, ორ მატრასს ხუთnი ვიყოფდით... საშინელება ხდებოდა, მაგრამ ბიჭები მოტივაციას ვინარჩუნებდით. ძალიან უნდოდათ ერთმანეთში დაძაბულობა გვქონოდა, ამისკენ გვაქეზებდნენ კიდეც, მაგრამ არ გამოუვიდათ.

იქ ოქტომბრამდე დაგვტოვეს. საკვები და წყალი ფაქტობრივად, არ გვქონდა. იქიდან ვოლგოგრადში, კამიშინის გამოსასწორებელ კოლონიაში გადამიყვანეს. მეგონა, ოლენოვკაზე ჯოჯოხეთური ადგილი არ არსებობდა, მაგრამ შევცდი - ყოველწუთიერ კოშმარში ამოვყავი თავი. რომ შემეძლოს, ჩემი ცხოვრების ამ 9 თვეს ამოვშლიდი... ეს იყო ამქვეყნიური ჯოჯოხეთი. არ გვქონდა საკვები, წყალი, სითბო... ძაღლებივით გვექცეოდნენ. არავითარი ჰიგიენა. დაბანის საშუალება თვეში ერთხელაც არ გვქონდა. ვინც ძალიან გაბედული იყო, უთხრა: ცივი წყლით მაინც რომ დავიბანოთ, რა მოხდებაო, რაზეც ადმინისტრაციას თუ ციხის პერსონალს, არც ვიცი, როგორ ვუწოდო, გაეცინა: თქვენ კი არა, ჩვენ ვერ ვბანაობთო.

60-ზე მეტნი ვიყავით. ისედაც დაუძლურებულებს, სამხედროების ტანსაცმლის კერვას გვავალებდნენ ან სხვა ფიზიკურ საქმეებზე გვამუშავებდნენ. დაჯდომის უფლება დასვენების დროსაც არ გვქონდა. სიკვდილს ვნატრობდი, მაგრამ დედა მეცოდებოდა...

ყველა დეტალს ვერ მოგიყვებით, მოსაყოლადაც და მოსასმენადაც საშინელია. ჩვენთან ერთად სასჯელს იხდიდნენ სხვადასხვა დანაშაულისთვის გასამართლებული ადამიანები. ზოგი მათგანი ჩვენთვის საკვებს ამზადებდა, საჭმლისთვის კი იქ ნამდვილი ომი იყო... პურის გამო სიკვდილამდე სცემეს ერთი ბიჭი, თავის ქალა ჩაუმსხვრიეს. საკვებს მხოლოდ იმდენს გვაძლევდნენ, რომ არ დავხოცილიყავით. ტყვეობიდან რომ გავთავისუფლდი, 50 კგ ვიყავი.

- ოჯახმა როგორ გაიგო თქვენი ადგილსამყოფელი?

- დედამ თავისი წყაროებით გაიგო, არაერთ საერთაშორისო ორგანიზაციას დაუკავშირდა, აქტივისტებს მისწერა... მოკლედ, ჩემს ფოტოებს დააფრიალებდნენ, სხვა დედებიც შემოიერთა და ერთად იბრძოდნენ. ერთი სიტყვით, როგორღაც გაიგო, რომ ტყვედ ვიყავი, მაგრამ ჩემი მდგომარეობის შესახებ არაფერი იცოდა... ხანდახან მეგონა, ყველაფერი დასრულდა, მაგრამ თან გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ქვეყანა, ოჯახი და მეგობრები ჩემს დახმარებას შეეცდებოდნენ... ბოლო გადაწყვეტილებამდე რამდენჯერმე იყო ცრუ განგაში - უნდა გავეყვანეთ და შემდეგ რაღაცები შეიცვალა. ამიტომაც, არც ბოლო ჯერზე დამიჯერებია, ვიდრე არ გავიგონე უკრაინულად როგორ წარმოთქვეს ჩემი გვარ-სახელი.

- ანუ იყო შემთხვევა, როცა გადაწყვეტილება შეიცვალა?

- დიახ, ეს ხომ ორმხრივი შეთანხმების შედეგად ხდებოდა და რუსები ხან რას ითხოვდნენ, ხან - რას... როგორც კი რუს ტყვეებში გაგვცვალეს, დედას აცნობეს, რომ თავისუფალი ვიყავი... მის ხმაზე მივხვდი, რომ უკვე ცოცხალ-მკვდარი იყო. ტყვედ აყვანამდე რამდენიმე დღით ადრე ვესაუბრე და გავამხნევე: ნუ გეშინია, აუცილებლად გავიმარჯვებთ-მეთქი. პასუხად მხოლოდ ამოიოხრა, შენი მჯერაო. ეს ის ქალი არ იყო, ვისაც 9 თვის წინ ვესაუბრე - ათი წლით დაბერებულიყო, ხმა გაბზარვოდა. შვილს დამალაპარაკეთო, ითხოვა. - დედა, ცოცხალი ვარ-მეთქი, ვუთხარი და პასუხად გავიგონე: მადლობა, ღმერთო... ეს იყო 2023 წლის 16 თებერვალი. კამიშიდან უკრაინის ქალაქ სუმში წამოგვიყვანეს. 101 ადამიანი ვიყავით.

დედაზე ვფიქრობდი, როგორ გავაუბედურე, რას გადაიტანდა ამ დროის განმავლობაში... ორი და მყავს და ისინი მეიმედებოდნენ. იმ ჯოჯოხეთში ყოფნისას ვფიქრობდი, რომ როგორც კი იქიდან გავაღწევდი, ძალიან ბევრს შევჭამდი და დავიძინებდი, მაგრამ პირიქით დამემართა - სამი დღე საერთოდ ვერ დავიძინე, პირველ დღეს ვერაფერი ვჭამე, მხოლოდ წყალს ვსვამდი. შემდეგ კი, მართლაც ძალიან ბევრი ვჭამე (იღიმის). მახსოვს, კოლონიაში წოლა მიჭირდა, ძვლები მერჭობოდა და ზოგჯერ წამომჯდარს მეძინა.

- ვიცი, რომ მალევე დაბრუნდით ფრონტზე. გჯერათ, რომ უკრაინა გაიმარჯვებს?

- ფრონტზე დავბრუნდი, ოღონდ წინა ხაზზე არა, ჯერჯერობით, მეგობრების გადაწყვეტილებით, ზურგში ვარ... სხვა რამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ ვარ. რაც შეეხება იმას, გამარჯვების მჯერა თუ არა? დიახ, ეს შეიძლება არ მოხდეს დღეს ან ხვალ, მაგრამ არც ერთი იმპერია არ არის სამუდამო, მით უფრო, ბოროტების იმპერია ვერ იარსებებს მუდმივად. ამიტომაც, მჯერა უკრაინის გამარჯვების!

ლალი პაპასკირი

ჟურნალი "გზა"