"ხალხი, ვინც ახლა "ქართულ ოცნებას" უკრავს ტაშს, არჩევნებზე მხარს ოპოზიციას დაუჭერს" - კვირის პალიტრა

"ხალხი, ვინც ახლა "ქართულ ოცნებას" უკრავს ტაშს, არჩევნებზე მხარს ოპოზიციას დაუჭერს"

უკვე ერთი კვირაა "ქართული ოცნება" ქუდზე კაცს იხმობს.

"თითოეულ ჩვენს თანამოქალაქეს, რომლისთვისაც ძვირფასია საქართველოში მშვიდობა, ქვეყნის სტაბილურობა და ტრადიციული ფასეულობები, 26 ოქტომბერს გამოვიდეთ ქუდზე კაცი და შევქმნათ მყარი ფუნდამენტი ეროვნული იდენტობის დასაცავად", - "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ამ განცხადებით დაიწყო მმართველმა გუნდმა საარჩევნო კამპანია.

ამის შემდეგ "ქუდზე კაცის" გამოსვლაზე და მმართველი გუნდისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მინიჭების აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარტია "ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე და დანარჩენი დეპუტატებიც. "ქართულ ოცნებას" მაღალი, ანუ საკონსტიტუციო დონის ლეგიტიმაცია სჭირდება, მეტი დამოუკიდებლობის, მეტი სიამაყის, მეტად გარანტირებული მშვიდობის, მეტი კეთილდღეობის, ეროვნული ღირსების და ტრადიციების დაცვის გაცილებით მაღალი ხარისხით უზრუნველყოფისთვის, იმისათვის, რომ ერთიან საქართველოში, ასობით თაობის შემდეგაც კი, ქართველს, აფხაზს, ოსს და ა.შ., ჩვენი ქვეყნის ყველა შვილს, იგივე მრწამსი, მენტალობა და შეხედულებები ჰქონდეს. ამის განმტკიცებას და ჩადუღაბებას გაცილებით მაღალი ლეგიტიმაცია სჭირდება, ვიდრე ჩვეულებრივი უმრავლესობაა", - ამბობს მამუკა მდინარაძე. რამდენად რეალურია მმართველი გუნდის ლიდერების დანაპირები, არიან თუ არა ისინი გულწრფელები და როგორ შეიძლება აღიქვას წინასაარჩევნო გზავნილები ქართველმა საზოგადოებამ? - ამის შესახებ კონსტიტუციონალისტი და ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.

- მმართველი გუნდის ლიდერები ყველაზე გულწრფელები ალბათ, მაშინ არიან, როდესაც "ნაციონალური მოძრაობის" განადგურებაზე საუბრობენ. ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე ლაპარაკი სუფთა პიარული განცხადებებია, ისევე როგორც ოჯახის სიწმინდისა და ტრადიციების დაცვა. პრინციპში, რაც ილაპარაკეს, ყველაფერი პიარული განაცხადი იყო. თავისთავად თემა - "საკონსტიტუციო უმრავლესობა გვინდა" ხსნის მეორე თემას, მიიღებს კი 50%-ს "ქართული ოცნება"?

- როგორც თქვენ აღნიშნეთ, თუ მმართველ გუნდს გულწრფელად სურს "ნაციონალური მოძრაობის" დასჯა, ამ დრომდე ხელი რამ შეუშალა? გასაგებია, რომ 2012 წელს დასავლელი პარტნიორების მოთხოვნა იყო კოჰაბიტაცია, მაგრამ უკვე დიდი ხანია მმართველი გუნდი დასავლელი პარტნიორების მოთხოვნებს ანგარიშს აღარ უწვეს.

- სწორად შენიშნეთ, "ქართულ ოცნებას" შეიძლება დასავლეთისთვის ანგარიში გაეწია 2012-დან 2016 წლამდე. 2016-ში მას უკვე ჰქონდა საკონსტიტუციო უმრავლესობა და რასაც უნდოდა, იმას გააკეთებდა, მაგრამ მაშინ არ დასჭირდათ "ნაციონალების" დასამარებაზე ლაპარაკი. 2020 წლის წინასაარჩევნო პერიოდში იმის თქმაც საკმარისი იყო, ჩვენ თუ არ დაგვიჭერთ მხარს, ისევ ნაციონალები მოვლენ ხელისუფლებაშიო. დღეს ამის თქმა საკმარისი აღარ არის, უფრო რადიკალური მეთოდია საჭირო, ეს კი "ნაციონალური მოძრაობის" და ზოგადად, პარტიების აკრძალვაა. მმართველი გუნდი მხოლოდ "ნაციონალებს" ხომ არ ადანაშაულებს დესტრუქციულობაზე, დანარჩენ ოპოზიციასაც მათ სატელიტებად ნათლავს. მეორე მხრივ, მმართველი გუნდი ამომრჩეველს ეუბნება, - ჩვენ კონსტიტუციური უმრავლესობისთვის უნდა ვიბრძოლოთ, თორემ სხვებს ისედაც ვაჯობებთო. ე.ი. ისევ თემის გადაფარვასთან გვაქვს საქმე. ზოგადად, ავტორიტარული მმართველობა ძალიან მყიფე და მგრძნობიარეა, თუ სისტემამ დაიწყო რღვევა, მერე უკვე პროცესი შეუქცევადი ხდება. სისტემაზე ვსაუბრობ, რადგან დღეს "ქართული ოცნების" ელექტორატი სწორედ სისტემაში დასაქმებული ადამიანებისგან, ბიზნესმენებისგან (რომლებიც ტენდერებით იკვებებიან) და აგენტურისგან შედგება. ამას გარდა, არის საზოგადოების ერთი ნაწილი, რომელიც ყოველთვის ხელისუფლებაში მყოფ ძალას უჭერს მხარს. ჩვენს შემთხვევაში, ასეთი დამოკიდებულება ძირითადად, არაქართველი მოსახლეობით დასახლებულ რეგიონებშია. აი, თუ ამ ვერტიკალში გაჩნდა ბზარი, მაშინ რთულად არის მმართველი გუნდის საქმე. მეორე და მესამე ვერტიკალში დასაქმებულ უბრალო თანამშრომლებს თავიანთი სოციალური წრე ჰყავთ, ე.ი. უბრალო ხალხში ტრიალებენ და კარგად გრძნობენ საზოგადოებრივ განწყობებს. ხმამაღლა არც პროტესტს გამოაცხადებს რომელიმე მათგანი და არც ხელისუფლების კრიტიკას დაიწყებს, მაგრამ საჭირო მომენტში საჭირო გადაწყვეტილებას მიიღებენ. ვერტიკალში მყოფი ადამიანები არც ედუარდ შევარდნაძის მმართველობის დროს გამოხატავდნენ პროტესტს ხმამაღლა და არც მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დროს გამოირჩეოდნენ კრიტიკული განცხადებებით. თუმცა, ვერტიკალი ორივე შემთხვევაში დაირღვა და ახლაც ეროზირებულია. "ქართული ოცნება" საკონსტიტუციო უმრავლესობაზე სწორედ იმიტომ საუბრობს, რომ ამ ვერტიკალს შეუქმნას ილუზია, თითქოს ყველაფერი კარგად არის.

- რამდენად შედეგიანი შეიძლება იყოს ასეთი ილუზიების შექმნა?

- ვერ იქნება კარგი შედეგი "ქართული ოცნებისთვის", ფუჭი მცდელობაა და სხვა არაფერი. იგივე შეიძლება ითქვას მათ მოწოდებაზე, "ქუდზე კაცის" გამოსვლასთან დაკავშირებით. "ქართულ ოცნებას" თუ რამე ხელს არ აძლევს, ეს სწორედ ქუდზე კაცის გამოსვლაა. საკუთარი ელექტორატის საარჩევნო ურნასთან მიყვანას ყოველთვის შეძლებენ, ხოლო სხვა დანარჩენი პარტიების ამომრჩევლები რაც ნაკლებად აქტიურები იქნებიან, მით უკეთესი იქნება ხელისუფლებისთვის. არჩევნებში ორმა მილიონმა კაცმა თუ მიიღო მონაწილეობა, "ქართულ ოცნებას" გარანტირებული წაგება აქვს. ასე რომ, მმართველი გუნდი ყველაფერს გააკეთებს, რათა რაც შეიძლება ნაკლები ამომრჩეველი მივიდეს 26 ოქტომბერს არჩევანის გასაკეთებლად.

- თქვენი შეფასებით, როგორია საზოგადოებრივი განწყობები? არის ხალხის დიდი ნაწილი მოტივირებული იმისთვის, რომ ცვლილებების მონაწილე გახდეს?

- ჯერჯერობით პროცესი მდორედ მიდის, მაგრამ არჩევნებამდე ორი თვეა დარჩენილი. ვფიქრობ, სექტემბრისთვის უკვე გამოიკვეთება, რამდენად მზად არის საზოგადოება არჩევნებზე მისასვლელად. აქ პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციურ ფლანგზე ჯერ კიდევ ვერ გამოიკვეთა გუნდი, რომელსაც შუაშისტური ამომრჩეველი დაუჭერს მხარს. იცით, როგორი მოცემულობა გამოიკვეთა? "ქართულ ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობასაც" ჰყავს თავისი ამომრჩეველი, რომლებიც აუცილებლად მივლენ საარჩევნო ურნასთან. აქ მნიშვნელოვანია "შუაშისტური" ნაწილი - გავლენ თუ არა არჩევნებზე? ისინი ეჭვიანებიც არიან და კრიტიკულებიც.

- უნდა ითქვას, რომ ბოლო დროს "ლელო" გააქტიურებულია ელექტორატის მიზიდვის კუთხით.

- კი ბატონო, ეს ნამდვილად ასეა, მაგრამ გააქტიურებულია არა იმ დოზით, რაც სასურველი იქნებოდა ოპოზიციისთვის.

- ოპოზიციონერი ლიდერები ამბობენ, რომ გადაჯგუფების პროცესი ჯერ კიდევ არ არის დასრულებული.

- იმედია, ამ პროცესში რაიმე მნიშვნელოვანი მოხდება. მაგალითად, კარგი იქნებოდა "ლელო" და გახარიას პარტია ერთად, მაგრამ ამის იმედი აღარ მაქვს. ამ გაერთიანების შემთხვევაში "ქართული ოცნება" გარანტირებულად დამარცხდება. საქმე იმაშია, რომ კონსტიტუციაში არსებული ნორმის მიხედვით, ხელისუფლების დაკომპლექტების პრიორიტეტი პირველ ადგილზე გასულ პოლიტიკურ ძალას ეძლევა. დღეს რომ არჩევნები ჩატარდეს, "ქართული ოცნება" აუცილებლად პირველ ადგილზე გავა. ნახეთ, გარდა იმისა, რომ მას ექნება ხელისუფლების დაკომპლექტების პრიორიტეტი, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ არსებული ხელისუფლება ახალი მთავრობის დაკომპლექტებამდე ინარჩუნებს პოზიციებს. იქიდან გამომდინარე, რომ "ოცნება" სრულად აკონტროლებს ძალოვან სტრუქტურებს, დიდი ალბათობით, ზეწოლა განხორციელდება ოპოზიციონერ ლიდერებზე. სამწუხაროდ, იმის იმედი არ უნდა გვქონდეს, რომ ოპოზიციონერი ლიდერები, რომლებიც მანდატებს მოიპოვებენ, იმდენად სუფთა და კრისტალურები იქნებიან, რომ მათი მოსყიდვა, დაშანტაჟება შეუძლებელი იქნება. მაგალითად ისიც საკმარისია, რომ დღევანდელი მმართველი პარტიის დიდი ნაწილი სწორედ ყოფილი "ნაციონალებით" არის სავსე. ამით იმის თქმა მინდა, რომ მმართველ გუნდს, როგორც ღია, ასევე არაპირდაპირი მექანიზმები საკმაოდ აქვს იმისათვის, რომ მისთვის სასურველი მთავრობა დააკომპლექტოს. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ოპოზიციური ძალა "ქართულ ოცნებას" პირველი ადგილისთვის ბრძოლაში შეეცილოს. "ნაციონალები" რომც გაერთიანდნენ, იმდენ ხმას ვერ აიღებენ, რამდენიც საჭიროა. პირველ ადგილზე გასვლის ერთადერთი შანსი "ლელოსა" და გახარიას პარტიის ერთობას აქვს. არ მაქვს მოლოდინი, რომ გაერთიანებული ოპოზიცია ქვეყანას ჭაობიდან ამოიყვანს, მაგრამ იმაში კი ვარ დარწმუნებული, რომ ავტორიტარული მმართველობის ჯაჭვს გაწყვეტს. სხვა თუ არაფერი, 4 წლის განმავლობაში მაინც იქნება ქვეყანაში თავისუფალი გარემო. ხელისუფლებაში მოსული ყველა ახალი პოლიტიკური ძალა პირველი ოთხი წლის განმავლობაში ცდილობს, დემოკრატიული მთავრობის იმიჯი ჰქონდეს.

- რაც შეეხება "ქართული ოცნების" დანარჩენ დანაპირებს, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან, ასევე ოჯახური სიწმინდისა და ტრადიციების დაცვასთან, ეკონომიკურ აღმასვლასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი შეიძლება მართლა სჯეროდეს თუნდაც მათ ამომრჩეველს?

- არა მგონია, ეს ვინმეს სჯეროდეს, მაგრამ როგორც გითხარით, ხმამაღლა არავინ არაფერს ამბობს. მცხეთაში და რაჭაშიც ნამდვილად ხალხმრავლობა იყო "ქართული ოცნების" გასვლით შეხვედრებზე, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ ეს სხვადასხვა ხერხით მიყვანილი ხალხია და იქ საკუთარი სურვილით არავინ მისულა. ვფიქრობ, ხალხი, ვინც ახლა "ქართულ ოცნებას" უკრავს ტაშს, არჩევნებზე მხარს ოპოზიციას დაუჭერს. სხვათა შორის, ბიზნესიც შეეცდება ოპოზიციაშიც მოძებნოს ფარულად ურთიერთობები. ნახეთ, ეკონომიკურ აღმავლობაზე საუბრობს პრემიერი, რომლის ქვეყანაშიც უმუშევრობა მხოლოდ იმიტომ შემცირდა, რომ ხალხი გარბის. დღეს საიტები რომ დაათვალიეროთ, ნახავთ, ვაკანსიების უზარმაზარი ჩამონათვალია, მაგრამ ანაზღაურებაა ისეთი დაბალი, შრომისუნარიან ადამიანს დასავლურ ქვეყნებში წასვლა ურჩევნია. მალე წარმოუდგენლად დიდი და საშიში პრობლემის წინაშე დავდგებით. გვინდა თუ არა, მალე მუშახელი შუა აზიის იმ ქვეყნებიდან დაიწყებს შემოსვლას, სადაც გაცილებით უარესი სოციალური პირობებია. არანაირი ეკონომიკური აღმავლობა ამ ქვეყანაში არ არის. შემოსავლები არის, მაგრამ ყველაფერი ე.წ. ელიტაში ნაწილდება. სხვათა შორის, შევარდნაძისა და სააკაშვილის დროსაც ასე იყო, ხელისუფლებაში მყოფი ხალხი და მათთან დაკავშირებული წრეები სულ სხვა საქართველოში ცხოვრობდნენ და ახლაც ასეა.

- რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ხელისუფლების დიდი სურვილის შემთხვევაში, არსებობს თუ არა შესაძლებლობა, ამ მიმართულებით მცირე, მაგრამ სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგას?

- ამის არანაირი შესაძლებლობა და რესურსი არ არსებობს. ჩვენ ახლა გაცილებით მძიმე ვითარებაში ვართ, ვიდრე ოდესმე. გვინდა ეს თუ არა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მთლიანად რუსეთ-უკრაინის ომზეა დამოკიდებული. აქ არის ერთი ძალიან დიდი პრობლემა, ომი მაშინაც კი მოლაპარაკებით სრულდება, თუ რომელიმე მხარე კაპიტულაციას აცხადებს. აღარაფერს ვამბობ იმაზე, თუ მოლაპარაკებები უფრო ადრე იწყება. წესით, ჩვენი ხელისუფლება უნდა ცდილობდეს, იმ მომენტისთვის, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება, საუბარი მხოლოდ უკრაინას კი არა, საქართველოსაც შეეხოს. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ხელისუფლება დასავლეთთან დაპირისპირებაშია, მოლაპარაკებების დროს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წამომწევი კაციშვილი არ იქნება. შესაბამისად, საუბარი იმაზე, რომ ხელისუფლებამ ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღადგინოს და არსებობს საფრთხე იმისა, რომ ოპოზიციამ მხარი არ დაუჭიროს, წმინდა წყლის დემაგოგიაა.

ხათუნა ბახტურიძე

ჟურნალი "გზა"