ნადირობა დრონებზე: სანადირო იარაღი ფრონტზე ბრუნდება - საფანტი სიკვდილის მანქანის წინააღმდეგ - კვირის პალიტრა

ნადირობა დრონებზე: სანადირო იარაღი ფრონტზე ბრუნდება - საფანტი სიკვდილის მანქანის წინააღმდეგ

როგორ ჩამოაგდო დრონი... სანადირო თოფით...

დრონები, რუსეთ-უკრაინის ომის განუყოფელ ნაწილად იქცა-ათას კმ-ზე მეტ მანძილზე გადაჭიმულ ფრონტის ხაზზე ორივე დაპირისპირებული მხარე ყოველდღიურად...ათი ათასამდე სხვადასხვა ზომის და დანიშნულების დრონს იყენებს(როგორც კოპტერის, ისე თვითმფრინავის კონსტრუქციის) დაზვერვისთვის, მინი-ბომბების ჩამოყრისთვის, ტანკსაწინააღმდეგო მიზნებისთვის, ელექტრონული სიგნალების რეტრანსლაციისთვის, კამიკაძეობისთვის და საჰაერო პროპანგადისთვისაც კი(დრონზე მეგაფონს ამაგრებენ და მოწინააღმდეგის სანგრების თავზე დიდი ხმით მოუწოდებენ დანებებას)...

1-san-1725344748.jpg
სანადირო თოფი ბრუნდება ფრონტის ხაზზე...

აქედან გამომდინარე, მოწინააღმდეგის დრონების ჩამოგდება ერთ-ერთ მნიშვნელოვან საბრძოლო ამოცანად იქცა, რისთვისაც იყენებენ საზენიტო რაკეტებს(რაც ძალზე არარენტაბელურია „ღირებულება-ეფექტიანობის“ კრიტერიუმიდან გამომდინარე), საზენიტო ტყვიამფრქვევებს, ავტომატურ ქვემეხებსა თუ რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებს, მათ შორის ანტიდრონულ თოფებს...

თუმცა, ყველა ამ საშუალებას თავისი ნაკლი გააჩნია(მაგალითად ,შეცვლიან დრონის მართვის რადიოსიხშირეს და კონკრეტული სიხშირის ჩახშობაზე გათვლილი ანტიდრონული თოფები გამოუსადეგარი ხდება, ახალ რადიოსიხშირეზე გადაყენების გარეშე). ამასთან, მცირე ზომის კამიკაძე-კვადროკოპტერებთან, რომლებიც თითოელ სამხედროსაც კი „დასდევენ“ სანგრების თავზე, საბრძოლველად ჯარისკაცს მოსახერხებელი ინდივიდუალური იარაღი უნდა ჰქონდეს ხელში-თითქოს „კალაშნიკოვის“ ავტომატი თუ სხვა ავტომატური კარაბინი სწორედ ამისთვისაა, მაგრამ ავტომატის ტყვიების ჯერითაც კი სწრაფად მფრენი დრონისთვის მორტყმა ძალიან რთულია.

ამიტომაც უკრაინის ფრონტის ხაზზე სწრაფი ტემპებით ბრუნდება მე-18-19 საუკუნეების ომების იარაღი-საფანტიანი თოფები..

გლუვლულიანი თოფიდან სასროლად გამოიყენება სხვადასხვა კალიბრის(თუმცა ყველაზე პოპულარულია 12 კალიბრის)ვაზნები, რომლებიც რკინის საფანტითაა დატენილი.

2-poto-1725347327.jpg
12 კალიბრის გლუვლულიანი თოფის ვაზნის პლასტმასის კონტეინერში მოთავსებული ერთმანეთთან გადაბმული კარტეჩები

ლოგიკურად, როდესაც თოფიდან გასროლისას იშლება ასობით საფანტი ,უფრო მეტი ალბათობაა, რომ რამდენიმე მათგანი მაინც მოხვდეს კვადროკოპტერის პლასტმასის კორპუსს, აკუმულატორს,კუმულაციურ ქობინს ან სულაც ოთხიდან ერთ-ერთ ძრავას და ხრახნებს...

თუმცა აქ ერთი ნიუანსიცაა - ისტორიულად, ინგლისში, გერმანიასა და რუსეთში ითვლებოდა, რომ რაც უფრო დიდი ნომერი ჰქონდა საფანტს, მით უფრო წვრილი გახლდათ ის. მაგალითად, 10 ნომერი საფანტის დიამეტრი 1,75 მილიმეტრი, ხოლო მასა კი 0,031 გრამი იყო,მაშინ როდესაც 1 ნომერი იწონიდა 0,368 გრამს და დიამეტრით 4 მილიმეტრს უტოლდებოდა.

1,75 მილიმეტრი დიამეტრისა და 0,03 გრამი მასის რამდენიმე საფანტი გარკვეული სიჩქარითაც რომ მოხვდეს დრონს, თითქმის ვერაფერს დაუშავებს, მაგრამ 4 მილიმეტრი დიამეტრისა და 0,3 გრამის მსხვილი საფანტების მოხვედრა კვადროკოპტერისთვის შეიძლება სავალალო აღმოჩნდეს.

აქედან გამომდინარე, უფრო მომგებიანი იქნებოდა მსხვილი საფანტით ან სულაც კარტეჩით „ნადირობა“ დრონებზე, მაგრამ 12 კალიბრიან ვაზნაში მხოლოდ რამდენიმე მსხვილი საფანტის მოთავსება თუ შეიძლება, რაც ამცირებს მათი დრონზე მოხვედრის ალბათობას, განსხვავებით წვრილ საფანტთან შედარებით, რომელიც რამდენიმე ათეული ან სულაც ასეული რაოდენობითაა მოთავსებული ვაზნაში.

3-poto1-1725347268.jpg
ამერიკელი სამხედროები Remington Model 870 ტიპის გლუვლულიანი პომპის თოფიდან ცდიან SkyNet Mi-5 ტიპის სპეციალურ ანტიდრონულ ვაზნებს - გასროლისას ტყვია ხუთ ნაწილად იშლება, რომლებიც ერთმანეთთან მსხვილი კანაფით არიან მიბმულნი და იდეაში დრონის ხრახნებში უნდა ჩაეხვიონ...

თუმცა, მაინც არსებობს გამოსავალი, რომელიც ზრდის თუნდაც ოთხი-რვა კარტეჩით დრონის ჩამოგდების ალბათობას, თუკი ეს კარტეჩები თავიდანვე,ვაზნაში განთავსებამდე...ერთმანეთთან გადაბმული იქნებიან...

გასროლისას გლუვლულიანი თოფის ლულიდან გამოიტყორცნება პლასტმასის სპეციალური კონტეინერი(ასეთ შემთხვევაში თოფის ლულის პირზე ნახევრადჩოკის დაყენება არ შეიძლება), რომელიც ათიოდე მეტრის გაფრენის შემდეგ იშლება, ხოლო ფრენას აგრძელებს ერთმანეთთან ძუით გადაბმული რამდენიმე კარტეჩი, რომლებიც 50-70 მეტრის სიშორემდეც ინარჩუნებენ მიზანში მოხვედრის სიზუსტეს, რადგან გადაბმულები არიან და არ იფანტებიან.

გადაბმული კარტეჩების დრონზე მოხვედრისას, თუკი კარტეჩებმა ვერც კი დააზიანეს მისი კორპუსი, კვადროკოპტერი შეიძლება მაინც ჩამოვარდეს, რადგან კარტეჩების გადამბმელი ძუები აიბლანდებიან ოთხი ხრახნიდან ერთ-ერთში მაინც, შეაფერხებენ მის ბრუნვას და „წონასწორობადაკარგული“ დრონი ჩამოვარდება...

ძუით გადაბმული კარტეჩების გამოყენებას დიდი ისტორია აქვს, მაშინ როდესაც სიტყვა-დრონი არც კი არსებობდა. გადაბმული კარტეჩებით მონადირეები ცდილობდნენ მიეღწიათ მიზანში მეტ-ნაკლება ზუსტი გასროლისთვის, რომ ნადირს რამდენიმე კარტეჩი მაინც მოხვედროდა.

4-san-1725347231.png
ხრახნებში ბადის ჩახვევის შემდეგ დრონის ბედი გადაწყვეტილია...

ფრონტის ხაზზე ოცეულის ორი-სამი მებრძოლის დამატებით გლუვლულიანი სანადირო თოფით შეიარაღება პრობლემას არ წარმოადგენს, რომლებიც ერთგვარი, „ოცეულის მეზენიტეები“ გახდებიან მოწინააღმდეგის დრონების მოახლოების დროულად აღმოსაჩენად(თუნდაც სპეციფიკური ხმის მეშვეობით) და მათკენ გლუვლულიანი თოფებიდან გადაბმული კარტეჩების სასროლად.

30-50 მეტრში აღმოჩენილი და შეტევაზე გადმოსული კამიკაძე-კვადროკოპტერის მოსაგერიებლად მებრძოლს მაქსიმუმ სამი-ოთხი გასროლის მოსწრება თუ შეუძლია, ამიტომაც ერთლულიან თუ ორლულიან სანადირო თოფს სჯობს ნახევრადავტომატური რეჟიმით მსროლელი გლუვლულიანი იარაღი, რომელსაც ოთხ-ხუთ ვაზნიანი მჭიდი აქვს. თუმცა ავტომატური სანადირო თოფები მძიმეა და თანაც ძვირი ღირს. უფრო მოსახერხებელი იქნებოდა ბევრად იაფასიანი პომპა ანუ დგუშიანი თოფი, რომლის ხელით სწრაფად გადატენვისას კარგად მომზადებული მსროლელი ოთხი ვაზნის „დაცლას“ ორ-სამ წამში მოასწრებს...

სასტენდო სროლა ოლიმპიური თამაშების სიაში შედის და მისით მსოფლიოში ასიათასობით ადამიანია დაკავებული. შესაბამისად, მათ, ვინც წლებია ჰაერში „მფრინავ თეფშებს“ ამსხვრევენ, არც დრონების „მოთვინიერება“ უნდა გაუჭირდეთ...