„ყოველთვის მინდოდა რუსეთის საზღვარი უკრაინის ტანკით გადამეკვეთა და ნატვრა შევისრულე“ - The Independent
ბრიტანული გაზეთი „ინდეფენდენთი“ (The Independent) აქვეყნებს სტატიას სათაურით „ყოველთვის მინდოდა რუსეთის საზღვარი უკრაინის ტანკით გადამეკვეთა და ნატვრა შევისრულე“ (ავტორი - ასკოლდ კრუშელნიცკი). პუბლიკაციაში გადმოცემულია ბრიტანელი ჟურნალისტის, წარმოშობით უკრაინელი კორესპონდენტის შთაბეჭდილებები კურსკის ოლქში ყოფნის შედეგად. იგი იხსენებს თავისი ჟურნალისტური საქმიანობის 40-წლიანი ისტორიის მომენტებსაც საბჭოთა კავშირთან მიმართებით.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
გასულ შაბათ-კვირას, როცა მე უკრაინის არმიის ერთ-ერთ ქვედანაყოფს რუსეთის კურსკის ოლქში გავყევი, მთელი ჩემი ჟურნალისტური თავგადასავალი გამახსენდა, თუ როგორ გადავლახე ბიუროკრატიული დაბრკოლებები მრავალი წლის წინ, როცა მოსკოვში „ინდეფენდენტის“ კორესპონდენტის სტატუსით გავემგზავრე. როგორ აჭიანურებდნენ ჩემთვის რუსეთის ხელისუფალნი ჟურნალისტური პრეს-ვიზის მოცემას, როგორ მიშლიდნენ ხელს ავიაბილეთების შეძენაში და გადაადგილებებში...
ყოველთვის სასიამოვნო იყო, როცა მოსკოვიდან ლონდონში დაბრუნებისას, რუსულ საპასპორტო კონტროლს გავცდებოდი და დასავლური ავიაკომპანიის თვითმფრინავში ვჯდებოდი: ეკიპაჟის წევრების თქმით, ყველა მგზავრს პოზიტიურად ეტყობოდა სახეზე, რომ თავისუფალ დასავლეთში მიდიოდა და დიქტატორულ რუსეთს ტოვებდა. სტიუარდესა ხშირად გვთავაზობდა მგზავრებს სადღესასწაულო სასმელს იმ დროსაც კი, როცა ეკონომ-კლასით მივფრინავდით.
ამიტომაც მე გამეცინა, როცა უკრაინული ჯავშანსტრანსპორტიორი, რომელშიც მე ვიჯექი, სწრაფად გასცდა რუსეთის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ნანგრევებს და კურსკის ოლქში, რუსულ ტერიტორიაზე დაუბრკოლებლად შევიდა. ჩემთვის არავის არ მოუთხოვია არც ვიზა და არც სხვა რაიმე დოკუმენტი იმ ქვეყანაში შესასვლელად, რომელმაც 2022 წლის თებერვალში, ევროპაში, პირველად მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ყველაზე სისხლისმღვრელი ომი გააჩაღა.
მე ლონდონში დავიბადე უკრაინელი ლტოლვილების ოჯახში, რომლებმაც თავიანთი სამშობლო მეორე მსოფლიო ომის დროს დატოვეს და 1948 წელს ერთმანეთი ლონდონში გაიცნეს. ჩემი მშობლები მონაწილეობდნენ იმ დროისათვის პატარა, მაგრამ აქტიური უკრაინული დიასპორის საქმიანობაში - იმ დიასპორისა, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის იდეას ინახავდა და რომელიც ძალიან არ მოსწონდა ჯერ საბჭოთა კავშირის რეჟიმს, ახლა კი ვლადიმერ პუტინის კლეპტოკრატიას. მე ბავშვობიდანვე ვისწავლე ჩემი მშობლიური უკრაინული ენა, ვისწავლე ჩემი ქვეყნის ისტორია და ბევრი რამ გავიგე ჩემი ნათესავების შესახებ, რომლებიც მეოცე საუკუნეში უკრაინის დამოუკიდებლობისათვის იბრძოდნენ. მე ვამაყობდი და ვამაყობ ჩემი უკრაინელობით, ასევე ვამაყობ ბრიტანეთის მოქალაქეობით, რომელ ქვეყანაშიც დავიბადე და გავიზარდე, სადაც თავისუფლების, დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვას და სხვა ფასეულობებს ვეზიარე. მე ვამაყობ აშშ-ის მოქალაქეობითაც - იმ ქვეყნისა, რომელიც უკრაინას მტერთან ბრძოლაში, დიდ ბრიტანეთთან ერთად ეხმარება.
მე უკრაინაში ვარ 2014 წლიდან, როცა მოსკოვმა ყირიმის ანექსია და დონბასის ოკუპაცია განახორციელა, როცა კრემლმა დასაბამი მისცა რვაწლიან სისხლისმღვრელ კონფლიქტს, ხოლო შემდეგ, 2022 წელს, უკრაინაში რეგულარული არმიის ნაწილებით შეიჭრა.
იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინს რუსეთის იმპერიის აღდგენის იდეა ამოძრავებდა, 2022 წლის თებერვლის ბოლოს, უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკში ვიმყოფებოდი, რომელიც მოგვიანებით რუსებმა მთლიანად დაანგრიეს. მას შემდეგ ბევრი რამ ვნახე, ბევრი საშინელი ტრაგედიისა და უბედურებების მომსწრე გავხდი - ძალადობის, გაუპატიურების, მკვლელობისა და მაროდიორობისა, რასაც რუსი ჯარისკაცები სჩადიოდნენ უკრაინის მიწაზე. და ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემთვის სასიამოვნო იყო რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა, რომლის 1000-ზე მეტი კვადრატული მეტრი უკრაინელმა ჯარისკაცებმა დაიკავეს.
ჩვეულებრივად, მე ფოტოსურათებს სოციალურ ქსელებში არ ვაქვეყნებ, მაგრამ ახლა ძალიან მინდოდა, რომ ჩემს მეგობრებს მოღიმარე დავენახე რუსეთის ქალაქ სუჯას ქუჩებში, ბოლშევიკი ბელადის ვლადიმერ ლენინის თავმოგლეჯილი ძეგლის წინ, რომელსაც პუტინის იმპერიალისტური ხელისუფლება კვლავ პატივს სცემს.
ჩემი ჟურნალისტური საქმიანობის დროს მრავალი მოვლენისა და ფაქტის მოწმე ვყოფილვარ. 1980-იან წლებში ავღანელი მოჯაჰედების გვერდით ვიდექი. იმდროინდელი საბჭოური პრესა ბრიტანული სადაზვერვო სამსახურის „მი-6“-ის, ამერიკული „ცეერუს“ და პირადად მარგარეტ თეტჩერის აგენტად მთვლიდა. როგორც მითხრეს, ჩემი შეპყრობა ავღანეთში საბჭოთა სარდლობას სპეცრაზმისთვისაც დაუვალებია, მაგრამ შეცდნენ - მე იმ რაიონში არ ვიყავი, სადაც ვეგონე. ამიტომაც რუსების ბარბაროსობა, რომელიც მათ უკრაინაში ჩაიდინეს, ჩემთვის სიურპრიზი არ იყო - მე ვიცოდი, რომ ამას ისინი მთელი თავიანთი ისტორიის განმავლობაში აკეთებდნენ.
როცა მოსკოვში ვცხოვრობდი და ვმუშაობდი, მე გავიგე, თუ რას ფიქრობს ბევრი რუსი უკრაინის შესახებ, როცა ისინი კონტროლის ქვეშ იმყოფებიან: მათი პოზიციები არაფრით არ განსხვავდება და იდენტურია პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის თვალსაზრისთან: „უკრაინელები რუსული წარმომავლობის მქონე ყველაზე დაბალი დონის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი ქვეყნის არსებობას არ იმსახურებენ და რომელთა ენა, კულტურა და თვითმყოფადობა განადგურებული უნდა იქნას.
ამიტომაც ჩემთვის მოულოდნელი არ იყო ის, რომ რუსი სამოქალაქო პირები, რომლებთანაც კურსკის ოლქში მე და ჩემი კოლეგა სხვაჟურნალისტებს გვქონდა ურთიერთობა, მართალია, აქებდნენ უკრაინელ ჯარისკაცებს ადგილობრივი მოსახლეობისადმი ნორმალური მოპყრობისა და სურსათით უზრუნველყოფისათვის, მაგრამ მაინც თავს იკავებდნენ გამოეთქვათ თავიანთი აზრი რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ჩადენილ მხეცობაზე უკრაინაში. ისინი ყველა თავშეკავებით ამბობდნენ, რომ არაფრის კომენტირება არ შეუძლიათ, რადგანაც ორწლინახევრის განმავლობაში ინფორმაციის უკმარისობას განიცდიდნენ და არ იციან, თუ რა დანაშაული ჩაიდინეს მათმა ჯარიკაცებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
ვიცი, რომ რუსული სპეცსამსახურები და სადამსჯელო ორგანოები ყველაფერს თვალს ადევნებენ, რასაც რუსი მოქალაქეები დასავლურ პრესაში წერენ, თუ როგორ ინტერვიუებს აძლევენ დასავლელ ჟურნალისტებს და, რასაკვირველია, ისინი შეეცდებინ მკაცრად დასაჯონ ისინი, ვინც კი კრემლის პოლიტიკას ეჭვქვეშ დააყენებს. დიახ, ეს ყველაფერი ვიცი, მგრამ მე მათ უფრო მეტ პატივს ვცემდი, თუ ისინი, უკიდურეს შემთხვევაში, ასე მაინც მეტყოდნენ - „იცით, სამწუხაროდ, სიტუაციის გამო იძულებული ვარ ჩუმად ვიყო“ - იმის ნაცვლად, რომ ითვალთმაქცონ, თითქოსდა არაფერი გაუგიათ თანამემამულეთა მიერ ჩადენილ დანაშაულზე.
ახლა იოსებ სტალინის ეპოქა აღარ არის, როცა მოსკოვს ყოველგვარი უცხოური ინფორმაციის ჩახშობა შეეძლო. მართალია, ვლადიმერ პუტინის რეჟიმი რუსული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს მკაცრად აკონტროლებს, მაგრამ რუსებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ უახლესი ტექნოლოგიებით, რომლებიც მათ საშუალებას აძლევს ალტერნატიული ინფორმაციები მოძებნონ - იგივე ინტერნეტის მეშვეობით.
დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი რუსი ვლადიმერ პუტინის პროპაგანდას ეთანხმება არა იმის გამო, რომ ის ჭეშმარიტებაა, არამედ უფრო იმის გამო, რომ კრემლის პროპაგანდა რუსი მოქალაქის ცრურწმენებსაც ერთგვარად ეხმიანება - უკრაინისა და, საერთოდ, დასავლური სამყაროს ჰედონურობის, დასავლური ფასეულობების ცრუ ხასიათსა და მათ მიუღებლობაზე.
ვაღიარებ, რომ ძალიან მინდა რუსეთი უკრაინასთან ომში დამარცხდეს - არა მხოლოდ ჩემი უკრაინელობის გამო, არამედ იმიტომაც, რომ ვლადიმერ პუტინი და მისი მსგავსი დიქტატორები ჩინეთში, ირანში, ჩრდილოეთ კორეაში და რიგ ქვეყნებში სხვებს აფთრებივით თავს არ ესხმოდნენ და რომ დემოკრატიული ფასეულობები, ზოგიერთი ნაკლის მიუხედავად, დაცული იყოს ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მიერ.
ვამაყობ იმით, რომ ჟურნალისტი ვარ უკვე 40 წელიწადის განმავლობაში და ვწერ ზუსტად იმას, რასაც ვხედავ. ვცდილობ ვიყო ობიექტური, მაგრამ სრულ მიუკერძოებლობაზე პრეტენზია არ მაქვს.
ამასთან მე არ ვფიქრობ, რომ უნდა ვეცადო მკითხველებს „ორივე მხარის ისტორიაზე“ მოვუყვე, როცა ისედაც დღესავით ნათელია, თუ ვინ ვის დაესხა თავს, თუ ვინ ჩაიდინა მხეცური დანაშაული - ისეთი დანაშაულისა, რომლის ჩადენა, როგორც ბევრს ეგონა, 21-ე საუკუნეში არ მოხდებოდა. გარდა ამისა, შეუძლებელია რუსეთის მოქმედების „ობიექტურობასა და კრემლის ისტორიაზე“ საუბარი, როცა ხედავ, თუ რას უკეთებს მოსკოვის რეჟიმი თავისივე ხალხს, როგორ აპატიმრებს და საპყრობილეებში გზავნის, იქ კლავს სიმართლის მთქმელ ადამიანებს.
ამიტომაც მე ვთვლი, რომ რაც უფრო მეტ რუსეთის ტერიტორიას დაიკავებს უკრაინა, მით უფრო უკეთესი იქნება მთელი დემოკრატიული მსოფლიოსათვის.
და ბოდიშს ვიხდი, თუ ჩემს ამ ნათქვამში ვინმე რაღაც ღვარძლს შენიშნავს: მე მხარს ვუჭერ რუსეთში უვიზოდ შესვლის წესს, რომელიც უკრაინამ [6 აგვისტოდან] შემოიღო.