საიდუმლო სამხედრო ნაწილი 13132: პუტინის მზვერავი ვეშაპი სახელად "ჰვალდიმირი" - დელფინებისა და ზღვის ლომების სპეცრაზმები არმიის სამსახურში - კვირის პალიტრა

საიდუმლო სამხედრო ნაწილი 13132: პუტინის მზვერავი ვეშაპი სახელად "ჰვალდიმირი" - დელფინებისა და ზღვის ლომების სპეცრაზმები არმიის სამსახურში

დღეს სამი სექტემბერია. დადგა შემოდგომა და მოვიდა დრო ჩვენი „პოლიტიკური მღელვარებისა“. წინ დატვირთულ–დაძაბული თვეები და საუბრები გველის, ამიტომ დღეს მინდა შედარებით ”მსუბუქ“, თუმცა არა ნაკლებ საინტერესო თემაზე ვისაუბროთ.

31 აგვისტოს ნორვეგიის სანაპიროებთან მკვდარი თეთრი ვეშაპი იპოვეს, რომელიც უკვე ხუთი წელია საყოველთაო ყურადღების ცენტრში იყო. 2019 წლის აპრილის ბოლოს ნორვეგიელმა მეთევზეებმა უჩვეულო რამ შენიშნეს: თეთრ ვეშაპს, რომელიც თამამად მიცურდა მათთან, გადასაღები ვიდეო კამერების სამაგრები ერტყა.

picture1-1725348426.jpg

უცნაური ორი რამ იყო: თეთრი ვეშაპები ძალზე იშვიათად გვხვდება ასე სამხრეთით და ვეშაპის, როგორც „კინოოპერატორის“ აღკაზმულობა. ვეშაპი აშკარად გაწვრთნილი იყო: ადამიანების არ უფრთხოდა, პირიქით მეთევზეებთან მიცურდებოდა და საჭმელს ითხოვდა. თეთრ ვეშაპზე მიმაგრებული აღჭურვილობა (კამერის სამაგრი) მოხსნეს და გაირკვა, რომ ის სანქტ–პეტერბურგში იყო დამზადებული. ნორვეგიელებმა ვეშაპს "Hvaldimir" დაარქვეს , რომელიც აერთიანებს სიტყვას "hval" ( ნორვეგიულად ვეშაპი) და სახელს ”ვლადიმირ“ , რაც აშკარა მინიშნებაა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე.

picture2-1725348426.png

„ჰვალდიმირს“ დამოუკიდებლად საკვების მოიპოვება უჭირდა

ნორვეგიის პოლიციის უსაფრთხოების სამსახური (ამ ქვეყნის კონტრდაზვერვა) ვარაუდობს, რომ ეს, სპეციალურად გაწვრთნილი თეთრი ვეშაპი, რუსეთის სამხედრო დაზვერვის სპეციალური დანაყოფის „თანამშრომელი“ იყო და სამხედრო–საზღვაო ინფორმაციის შესაგროვებლად წვრთნიდნენ. ორი ვერსია არსებობს: „ჰვალდიმირს“ გადასაღები აპარატურა ცურვისას მოსძვრა ან ეს თეთრი ვეშაპი საწვრთნელი სამხედრო–საზღვაო ბაზიდან გაიქცა. თეთრი ვეშაპების სადაზვერვო–დივერსიული მიზნით გამოყენება, როგორც წესი, ჩრდილოეთით უმჯობესია, რადგან ბარენცის ზღვა და არქტიკული წყლები მათი ბუნებრივი გარემოა. სამხრეთით კი „ამ საქმისთვის“ დელფინია უფრო ეფექტიანი.

2016 წლის გაზაფხულზე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ღია ტენდერი გამოაცხადა... ხუთი დელფინის შესაძენად, რომლებიც, ტენდერის პირობებით, სევასტოპოლში 1 აგვისტომდე უნდა ჩაეყვანათ.

წყალქვეშა ნაღმების აღმოსაჩენად და მოწინააღმდეგის საბრძოლო ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების ასაფეთქებლად დელფინების გამოყენებას საკმაოდ დიდი ხნის ისტორია აქვს. დელფინის ბუნებრივი მონაცემები: ხედვა და განსაკუთრებით ბუნებრივი აკუსტიკური ლოკატორი ნებისმიერ სკანერზე უკეთესად აფიქსირებს საგნებს დიდ მანძილზე.

პირველი მსოფლიო ომის პერიოდში გერმანელების წყალქვეშა ნავების აღმოსაჩენად ამერიკელმა ფიზიკოსმა რობერტ ვუდმა აშშ-ის სამხედრო უწყებას დელფინებისა და თეთრი ვეშაპების გამოყენება შესთავაზა. თუმცა ამერიკის სამხედრო-საზღვაო ძალების ხელმძღვანელებმა დივერსიული და სადაზვერვო მიზნით დელფინების გაწვრთნა მხოლოდ 1930-იანი წლების ბოლოს სან დიეგოს სამხედრო – საზღვაო ბაზაზე დაიწყეს.

ვიეტნამის ომის დროს ამერიკელებმა დელფინები და ზღვის ლომები ვიეტნამელ პარტიზანებზე "დაგეშეს". მანამდე კი, ვიეტნამელი მყვინთავები შეუმჩნევლად ეპარებოდნენ ამერიკის სამხედრო ხომალდებს, მაგნიტურ ნაღმებს ამაგრებდნენ და აფეთქებდნენ. თავდაპირველად დივერსანტების წინააღმდეგ ამერიკელები სპეციალური ბადისა და სხვა ხაფანგების გამოყენებას ცდილობდნენ, მაგრამ - უშედეგოდ. მხოლოდ ამის შემდეგ გაწვრთნეს და საბრძოლო მორიგეობაზე გაიყვანეს 6 დელფინი და 4 ზღვის ლომი. დელფინები, რომლებიც ზღვის ლომებზე გაცილებით მშვიდობისმოყვარეები არიან, ადამიანს თავს კი არ ესხმოდნენ, არამედ - ეთამაშებოდნენ. ისინი ისე იყვნენ გაწვრთნილები, რომ 300-400 მეტრის რადიუსში აღმოაჩენდნენ რა ვიეტნამელ მყვინთავ-დივერსანტებს, "თამაშ-თამაშით" სასუნთქ აპარატს უზიანებდნენ – ცხვირზე დამაგრებული სპეციალური, გრძელი, ბასრი დანით უსერავდნენ, ან მყვინთავ-დივერსანტებს ზღვის ზედაპირზე აგდებდნენ.

picture3-1725348426.jpg

ზღვის ლომები გაცილებით აგრესიულები არიან, მათ ამდენი "ცერემონიალი" არ უყვართ: ისინი პირდაპირ თავს ესხმოდნენ და გლეჯდნენ ვიტნამელ დივერსანტებს. საბჭოთა სამხედრო დაზვერვის მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში ამ საბრძოლო მეთოდებით ამერიკელებმა 50-ზე მეტი მყვინთავის განადგურება მოახერხეს, რის შემდეგაც ვიეტნამელთა დივერსიები სრულიად შეწყდა. არსებობს ინფორმაცია, რომ დაღუპულებში ორი საბჭოთა მყვინთავ-დივერსანტიც იყო.

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (ცსს) სპეციალისტები ზღვის ძუძუმწოვრების საბრძოლო-დივერსიულ და სადაზვერვო მომზადებას რამდენიმე საიდუმლო საწვრთნელ ბაზებზე ახორციელებენ. სპეციალური პროგრამა ითვალისწინებს, როგორც ადამიანებზე მონადირე, ასევე - "კამიკაძე" ზღვის ძუძუმწოვრების მომზადებას, – რომლებსაც პირდაპირი შეჯახებით უნდა ააფეთქონ მოწინააღმდეგის მცურავი საშუალება.

ირან-ერაყის ომის დროს, "ამერიკელი დელფინები" იცავდნენ სპარსეთის ყურეში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ხომალდებსა და სავაჭრო-სატრანსპორტო ტანკერებს.

1991 წელს, ოპერაცია "უდაბნოს ქარიშხლის" დროს ამერიკელებს დიდი სამსახური გაუწია სპეციალურად გაწვრთნილი ზღვის ლომების რაზმმა. ქუვეითის სანაპიროები ერაყელებმა წინდაწინ საგულდაგულოდ დანაღმეს, ამერიკელ გამნაღმველებს კი ერაყელი მყვინთავები ცეცხლს უხსნიდნენ და განაღმვითი სამუშაობის ჩატარების საშუალებას არ აძლევდნენ. სიტუაცია რადიკალურად მას შემდეგ შეიცვალა, რაც ამერიკელებმა რამდენიმე მებრძოლი ზღვის ლომი ჩამოიყვანეს და ერაყელებს მიუსიეს, დელფინების საშუალებით კი ნაღმების ადგილმდებარეობას ადგენდნენ და შემდეგ უკვე ამერიკელი გამნაღმველები მოქმედებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, 1998 წელს, ნატოს წვრთნების დროს, ბალტიის ზღვაში, კლაიპედის სანაპიროებთან ამერიკელების მიერ სპეციალურად ჩამოყვანილი ხუთი მებრძოლი დელფინიც მონაწილეობდა, რომელთა ამოცანა ასაფეთქებელი მოწყობილებების აღმოჩენა იყო.

picture4-1725348426.jpg

„ამერიკელი“ დელფინი სპეციალური აპარატურით

2003 წელს, ერაყში ომის დაწყების დროს 9 "ამერიკელი" დელფინი სპარსეთის ყურის განაღმვით ოპერაციებში მონაწილეობდა და მათი დახმარებით 100-ზე მეტი ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა აღმოჩენილი. ცნობილია, რომ 2007 წლის ბოლოს ამერიკელებს 7 სპეციალურ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე 250-მდე მებრძოლი დელფინი ჰყავდათ. აშშ-ის "დელფინების სპეცრაზმში" ორი "ოფიცერი": "თაკომა" და "მაკაი" გამოირჩეოდნენ, რომლებიც თითქმის ორი ათეული წელი ერთგულად ემსახურებოდნენ თავის ქვეყანას.

2014 წლის ზაფხულში განაღმვითი ოპერაციების ნატოს ხმელთაშუა ზღვის ჯგუფმა ჩაატარა წვრთნები შავ ზღვაში, რომლის მთავარი სიახლე სპეციალურად გაწვრთნილი 10 ზღვის ლომისა და 20 დელფინის მონაწილეობა იყო. მათი ამოცანა მტრის ექოლოკატორებისა და ნაღმების აღმოჩენა გახლდათ. ამჟამად აშშ-ში 200–დე გაწვრთნილი "სამხედრო-დივერსანტი" დელფინი და ზღვის ლომია.

picture5-1725348426.jpg

ზღვის ლომების „ამერიკული გაკვეთილები“

რუსეთის ისტორიულ წყაროებში გავრცელებულია ვერსია, რომ ზღვის ძუძუმწოვრების სადაზვერვო-დივერსიული მიზნით გაწვრთნა მსოფლიოში პირველად მათ ჯერ კიდევ 1915 წელს დაიწყეს. მათი მტკიცებით, ცნობილი ცხოველების მწვრთნელი - ვლადიმერ დუროვი, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალების გენშტაბში გამოცხადებულა და წყალქვეშა ნაღმების აღმოჩენისთვის ზღვის ლომების გაწვრთნა შეუთავაზებია. რამდენიმე თვეში 20 „მებრძოლი“ უკვე საცდელ დავალებებს ასრულებდა. თუმცა საბრძოლო ვითარებაში მათი გამოყენება ვერ მოხერხებულა, რადგანაც ერთ ღამეს ყველა ზღვის ლომი მომკვდარა. რუსეთის სამხედრო კონტრდაზვერვას ეჭვი გერმანიის აგენტურაზე ჰქონდა, მაგრამ სულ მალე მომხდარი „თებერვლის რევოლუციის“ გამო, ზღვის ლომების სიკვდილის მიზეზის გამოძიება შეჩერებულა. რამდენად სანდოა ეს ვერსია, ძნელი სათქმელია, რადგანაც ცნობილია, თუ როგორ უყვართ რუსეთში ყველა სამეცნიერო–ტექნიკური აღმოჩენის პირველობის დაბრალება.

ჩემი აზრით, ჭეშმარიტებასთან უფრო ახლოს მეორე ვერსიაა: ამერიკელების მიერ ზღვის ძუძუმწოვრების სადაზვერვო-დივერსიული მიზნებით გამოყენების შესახებ საბჭოთა სპეცსამსახურებმა ოპერატიულ-აგენტურული გზებით 1960-იანი წლების დასაწყისში შეიტყვეს და ადეკვატური ზომების მისაღებად შესაბამისი მოხსენება საბჭოთა პოლიტბიუროში წარადგინეს. ამ მიზნებით პირველი საბჭოთა ოკეანერიუმი სევასტოპოლთან ახლოს, „კაზაჩიე ბუხტასთან“ ახლოს აშენდა და მას "სამხედრო ნაწილი 13132"-ის საიდუმლო გრიფი მისცეს. ამ ღონისძიებებს ხელმძღვანელობდა საბჭოთა სამხედრო-საზღვაო ფლოტის მხედართმთავარი, ადმირალი სერგეი გორშკოვი. საბჭოთა სამხედრო დაზვერვა (გე-ერ-უ) ცდილობდა დელფინები გამოეყენებინა, როგორც საზღვაო პორტებისა და სანაოსნო საშუალებების დასაცავად და ნაღმების აღმოსაჩენად, ასევე - მოწინააღმდეგის სამხედრო-სადაზვერვო ხომალდებზე იერიშის მისატანად. დელფინებს აგრეთვე ასწავლიდნენ სპეციალური წყალქვეშა პისტოლეტიდან სროლასაც. გე-ერ-უს ერთ-ერთმა დანაყოფმა 1975 წელს შავ ზღვაში საინტერესო ექსპერიმენტი განახორციელა : დელფინი ვერტმფრენიდან პარაშუტით ზღვაში ჩამოაგდო, შემდეგ, გეგმაში ჰქონდათ "მებრძოლი დელფინის" თვითმფრინავიდან დესანტირება, თუმცა რატომღაც ეს ოპერაცია ჩაიშალა. იმავე წელს სევასტოპოლის სამხედრო-საზღვაო ბაზის დასაცავად საბრძოლო დელფინების სპეცრაზმმა დაიწყო სადღეღამისო მორიგეობა. დელფინებმა განსაკუთრებით გამოიჩინეს თავი „მოწინააღმდეგის“ მყვინთავ-დივერსანტების აღმოჩენასა და განეიტრალებაში. ამ წვრთნებში მათი შედეგი 80-90%-ს აღწევდა, რაც ბევრად აღემატებოდა სპეციალური ტექნიკური მოწყობილობების შედეგებს.

1992 წელს სევასტოპოლთან მდებარე საიდუმლო საწვრთნელი ბაზა უკრაინას გადაეცა. შემდეგ იგი ორმაგ - უკრაინის თავდაცვის სამინისტროსა და მეცნიერებათა აკადემიის დაქვემდებარებაში იყო. 2000 წელს, ფინანსური პრობლემების გამო, უკრაინამ 4 საბრძოლო დელფინი ირანს მიჰყიდა. უკრაინის სამხედრო უწყება მაშინ აცხადებდა, რომ დელფინების გამოყენებას ირანი მხოლოდ მშვიდობიანი მიზნებისთვის აპირებდა, რაც ძალზე ძნელი დასაჯერებელია. 2012 წლიდან უკრაინამ განაახლა სადაზვერვო-დივერსიული მიზნით დელფინების მომზადება, თუმცა 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, ეს ბაზა რუსეთმა ჩაიგდო ხელში და თავად ამზადებს მებრძოლ დელფინებს. არადა დღეს უკრაინას როგორ გამოადგებოდა საბრძოლო დელფინების რაზმი ოკუპანტის საზღვაო ხომალდების ჩასაძირად!

საბრძოლო თეთრი ვეშაპების მოსამზადებელი ბაზები შეიქმნა კოლის ნახევარკუნძულზე და შორეულ აღმოსავლეთში. სატელიტური გადღებებიდან კარგად ჩანს კოლის ყურეში „ გორიაჩიე რუჩისთან“ სპეციალურ ვოილერებში მყოფი ექვსი თეთრი ვეშაპი . ეს საწვრთნელი ბაზა დახურული სამხედრო ქალაქ პოლიარნის სამხრეთით, დაახლოებით 3,5 კილომეტრში მდებარეობს .

picture6-1725348427.gif

ისრებით აღნიშნულია თეთრი ვეშაპების სპეციალური ვოილერები

შესაძლოა სწორედ ამ საწვრთნელი ბაზაზე ამზადებდნენ „ჰვალდიმირსაც“. ზღვის ძუძუმწოვრების ბიოლოგიური და ფსიქოლოგიური თავისებურებების წვრთნის პროცესში გამოყენების საკითხებზე საბჭოთა კავშირში 50-მდე სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი მუშაობდა. ერთ–ერთი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კიბერნეტიკის ინსტიტუტიც იყო, სადაც ბიოკიბერნეტიკული სისტემების განყოფილებაში დელფინების ექო-სიგნალებს სწავლობენ და მათ ბიომიმეთიკური ანალოგის კომპიუტერულ მოდელირებას ექსპერიმენტული კვლევებით ცდილობდნენ. საბრძოლო დელფინების მომზადების მიზნით იყენებდნენ ბათუმში მოქმედ დელფინარიუმს.

picture7-1725348427.jpg

ბათუმის დელფინარიუმი. 1979 წელი.

კიბერნეტიკის ინსტიტუტის მხოლოდ რამდენიმე თანამშრომელმა იცოდა ამ და სხვა „დახურული თემატიკის“| კვლევების საბოლოო მიზანი. ინსტიტუტში არსებულ ე.წ. „პირველ განყოფილებას“, რომელსაც კა–გე–ბეს ე.წ. „ოდეერი“ („მოქმედი რეზერვის ოფიცერი“) ხელმძღვანელობდა, ევალებოდა ამ და სხვა საიდუმლო სამეცნიერო–კვლევითი სამუშაობის მიმდინარეობაზე კონტროლი და კიბერნეტიკის ინსტიტუტიდან საიდუმლო ინფორმაციის გაჟონვის აღკვეთა.

ამასთან დაკავშირებით საინტერესოა ერთი გარემოებაც. ოფიციალური ინფორმაციით, ბათუმის დელფინარიუმი შეიქმნა 1966 წლის 20 აგვისტოს, ხოლო სადემონსტრაციოდ (ანუ მაყურებლისთვის ) გაიხსნა მხოლოდ 1975 წელს და იგი იყო პირველი სადემონსტრაციო დელფინარიუმი საბჭოთა კავშირში. რატომ იყო დახურული დელფინარიუმი ცხრა წლის მანძილზე? ჩემი აზრით თავიდან ის მხოლოდ სამხედრო მიზნებით შეიქმნა, ხოლო "სამოქალაქოს" სტატუსი კიბერნეტიკის ინსტიტუტში სამეცნიერო კვლევების დასრულების შემდეგ მიიღო. რთული წარმოსადგენია ბათუმის დელფინარიუმს ორი, დიამეტრულად განსხვავებული ფუნქცია, ერთდროულად შეესრულებინა. ამ საკითხის შესახებ მკითხველის მოსაზრებები ძალზე სასარგებლო იქნება ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ჯერ კიდევ უცნობი ფაქტებისა და მოვლენების გასაცნობად.