სულხან-საბა ორბელიანის 3 იგავ-არაკი ცხოვრებისეული შეგონებებით
„სიბრძნე-სიცრუისა“ სულხან-საბა ორბელიანის პირველი ლიტერატურული ქმნილებაა, რომელიც XVII საუკუნის ბოლოს დაიწერა, თუმცა XXI საუკუნის ადამიანის ცხოვრებისეულ სახელმძღვანელოდაც შეიძლება იქცეს.
ავტორს დაწერილი აქვს 300-ზე მეტი იგავ-არაკი, რომელთა კრიტიკული და სატირული ფაბულა ამხელს ადამიანთა მანკიერებებს, თუმცა ტოვებს იმედს, რომ ადამიანს სხვადასხვა რთულ სიტუაციაში შეუძლია სწორი მორალური კომპასით იმოქმედოს.
გთავაზობთ რამდენიმე იგავ-არაკს წიგნიდან „სიბრძნე-სიცრუისა“. აღსანიშნავია, რომ ტექსტი ადაპტირებულია.
· ორი პურით მასპინძლობა
ერთ წყაროზე მივედი. ორი კაცი წყალსა სვამდა. როცა მნახეს, ჩემი ნახვა ეამათ. დასხდენ ჭამად და მეც მიმიწვიეს. ორის პურის მეტი არა ჰქონდათ. ერთი პური ერთმა დაიდო და მეორე - მეორემ. მე პური არ მქონდა, ნახევარი ერთმა მომიტეხა და ნახევარი მეორემ.
ჩემი წილი თურმე მეტი შეიქნა და როცა შევჭამეთ, მათ არა ეყოთ. გამირისხდენ: გვაცდუნაო! ერთი პური ორთავემ ვჭამეთ და ერთი მარტო ამან შეჭამაო.
ორნი ერთს როგორ ვერ მომერეოდენ! შემიპყრეს, დამაბეს და ორთავემ ას-ასი არგანი (ჯოხი) მკრეს. ჩემი მშველელი კაცი ვინ გამოჩნდებოდა! ხან ვევედრებოდი, ხან სხვა რამეს ვეტყოდი, მაგრამ არ შემიბრალეს.
მე ვუთხარი: თქვენ ვისაც დაეწვევით, მასაც თქვენთვის ასე ექნას-მეთქი!
მიმატოვეს ასე დაბმული და სწრაფად წავიდნენ.
მოვიდა ვიღაც მოწყალე კაცი; მკითხა ჩემი ამბავი. მე ყველაფერი მოვახსენე. მან მითხრა: ძმაო, ხუთ რამეს გასწავლი და დაიხსომეო:
უმეცარ კაცს გულით ნუ მიენდობი;
შეუმცნებელს უსუსურად ნუ ეჩვენები;
ყოველ ჟამს ფრთხილად იყავ, თუნდაც შენს სახლში იყო;
მშიერს სტუმრად ნუ ეწვევი;
გლახაკისაგან ჩუქება ნუ გინდოდეს!
მე დიდად დავუმადლე. მან თოკები ამხსნა და მითხრა: იმ კაცებს ბევრი სხვაც უცდუნებიათო.
საგზალი მომცა და თვით წავიდა. მეც ჩემს გზას დავადექი.
· მეფე და სამი მისი ძე
ერთ დიდებული მეფეს სამი ვაჟი ჰყავდა.
ერთხელ მეფემ ბრძანა:
- უნდა გამოვცადო ჩემი შვილები, რომელს აქვს სამეფო ჭკუაო.
დაუძახა და ჰკითხა სამივეს: რა უფრო კეკლუცია, რა უფრო მსუქანია და რა უფრო სწრაფიაო?
უფროსმა შვილმა მოახსენა:
- ჩემს ცოლზე კეკლუცი, ჩემს ცხენზე მსუქანი და ჩემს შევარდენზე სწრაფი, არსად მოიპოვებაო.
მამამ უთხრა: შენ ვერ იხილავ მეფობასო!
საშუალო შვილმა პირფერობა განიზრახა და მოახსენა: დედოფალზე ულამაზესი, მეფის ცხენზე უმსუქნესი და მეფის შევარდნის უსწრაფესი არაფერი იქნებაო.
მასაც უთხა მეფემ: შეგიძლია მეფობა დაივიწყოო!
უმცროსმა შვილმა კითხვაზე ასე უპასუხა:
გაზაფხულზე კეკლუცი, შემოდგომაზე მსუქანი და თვალზე უფრო სწრაფი, არაფერია ამ ქვეყანაზეო.
მოეწონა პასუხი მეფეს და მეფობა უმცროს შვილს უბოძა.
· მეფე და მჭედელი
ერთი მეფე სულ იმის ცდაში იყო, რომ თავის სამეფოში ოქროს ქანი (მინერალი) ეპოვნა ან ქიმიის მცოდნე ოსტატი ეშოვა.
ქალაქში ერთი მჭედელი ცხოვრობდა. ერთხელ ცული გააკეთა და გაყიდა: წავიდა ცულის მყიდველი და შეშის ჩეხვა დაიწყო. ცული ერთ ქვას მოხვდა და პირი გაუფუჭდა. თურმე ის ქვა, როგორც კი რკინას მოხვდებოდა, ოქროდ აქცევდა. ცული გაყვითლდა და პირი გაუფუჭა.
იწყინა მყიდველმა: მჭედელმა მომატყუა და სინის ცული მომყიდაო.
მივიდა და მჭედელს წაეჩხუბა. მჭედელი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. ჰკითხა: პირი რამ გაუფუჭა რას შემოჰკარიო?
წაიყვანა კაცმა და ჯირკი აჩვენა: ამასა ვსჭრიდი და ამ ქვას მოხვდაო!
ფული უკან გამოართვა, ცული დაუბრუნა და წავიდა.
მჭედელმა ქვა წაიღო და რა რკინასაც წაუსვა, სულ ოქროდ იქცა. მჭედელი ისე გამდიდრდა, რომ რამდენი განძი ჰქონდა არც კი იცოდა.
მეფემ თქვა: ამ მჭედელს ღმერთი სწყალობს, დიდი სიმდიდრე გააჩნია და მის ქალს ჩემის შვილისთვის ვითხოვო.
მოუყვანა შვილს მჭედლის ქალი და ქორწილი გადაუხადა. მჭედელმა თქვა: ამაზე უფრო უცხო და უკეთესი მზითევი რა გავატანო? ამ ქვას გავატნევო. ჩადო ოქროს კოლოფში ქვა, დაბეჭდა და მისცა. სხვა არაფერი გაუტნევია.
მეფე ზღვაზე გადაკიდებულ ჩარდახში იჯდა, როცა ბრძანა: ჩემი რძლის მზითევი მაჩვენეთ რა მოუტანიაო?
მოიტანეს და მოართვეს: ამის მეტი არაფერი მოუტანიაო. გახსნა და შიგნით ერთი სიპი ქვა იდო. მეფემ იწყინა: გლეხის ქალი იმიტომ ვითხოვე, მრავალი ქონება ჰქონოდა და ბევრი მზითევი გამოეტანებინაო. ადგა და ქვა ზღვაში გადააგდო.
მოვიდა მჭედელი და ყოველივე მოახსენა. დაუწყეს ძებნა, მაგრამ ზღვაში ქვას სადღა იპოვნიდნენ? რადგან გულით უნდოდა, იაფად იშოვა და ადვილად და დაუფიქრებლად დაკარგა!