"პირველად კანს აზიანებს, ახასიათებს: გამონაყარი, ცხელება, სისუსტე... ამ ვაქცინის მარაგი მსოფლიოში არ არის და თუ ჯანმო საჭიროდ მიიჩნევს, გამოუშვებენ. ლეტალობის მაჩვენებელი 5%-მდეა, ბავშვებში - უფრო მაღალი"
„მაიმუნის ყვავილი“ - ასე ჰქვია ვირუსს, რომელიც ადამიანებში 1970 წელს აღმოაჩინეს.
ეს კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში მოხდა, რის შემდეგაც, აფრიკის კონტინენტზე სერიოზულ ეპიდაფეთქებებს ჰქონდა ადგილი. ცნობილია, რომ კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ამ ვირუსისგან 450 ადამიანი დაიღუპა. „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად აფრიკის კონტინენტზეა გავრცელებული, თუმცა, 2021-2022 წლებში, ასეულობით შემთხვევა დაფიქსირდა ენდემური კერის გარეთაც - ევროკავშირის ქვეყნებში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში. სამწუხაროდ, ორი წლის წინანდელი სიტუაცია განმეორდა: ამ ვირუსით დასნებოვნებული პაციენტი აფრიკისგან შორს - შვედეთში აღმოაჩინეს!..
გვესაუბრება მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ვირუსოლოგი შოთა ცანავა:
- "მაიმუნის ყვავილი" ე.წ. ორთოპოქს ვირუსების ჯგუფს მიეკუთვნება, საიდანაც ადამიანისთვის სამი ვირუსია პათოგენური: ნატურალური ყვავილის ვირუსი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მუსრს ავლებდა ადამიანთა მოდგმას; "მაიმუნის ყვავილი", რომელიც ადამიანს მაიმუნისგან გადაეცა; ე.წ. ძროხის ყვავილის ვირუსი, რომელიც ყველაზე ნაკლებად პათოგენურია.
- რომელია ამათგან ყველაზე საშიში?
- ყველაზე საშიში ჩვეულებრივი ყვავილის ვირუსია, რომელიც უკვე დამარცხებულია: 1978 წლიდან მთელ მსოფლიოში ვაქცინაცია ჩაატარეს და იმის შემდეგ ყვავილის შემთხვევები აღარ აღურიცხავთ. არსებობდა გამონათქვამი - ყვავილი ისევე არ აუვლის ადამიანს გვერდს, როგორც სიყვარულიო. ამ საფრთხის ქვეშ იყო ყველა - დიდიც და პატარაც. სხვათა შორის, ქალს, რომელიც ყვავილის ვირუსს გადაიტანდა და გადარჩებოდა, ულამაზესად მიიჩნევდნენ. ამ ვერაგი ვირუსის ლიკვიდაცია მხოლოდ მასობრივი, ტოტალური ვაქცინაციით მოხერხდა. ამის შედეგად, ვირუსი, რომელიც გლობალურ ეპიდემიებს და პანდემიებს იწვევდა, წარსულს ჩაბარდა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ ეს დაავადება ლიკვიდირებულად გამოაცხადა. ეს იყო პირველი და უპრეცედენტო შემთხვევა, როცა მაშინდელმა საბჭოთა კავშირმა, აშშ-მა და მთელმა მსოფლიომ ერთობლივი ძალისხმევით მოახერხეს ყვავილის ვირუსის დამარცხება. ახლა ეს დაავადება აღარ ჩანს, მაგრამ თანდათან მომრავლდნენ აუცრელი ადამიანები და სწორედ მათ აქვთ ყველაზე დიდი საშიშროება, რომ მაიმუნის ან ძროხის ყვავილი შეხვდეთ. ამიტომ, რეალურია საფრთხე, რომ ეს ვირუსები არაიმუნურ, აუცრელ ფენებში გავრცელდეს. მე დისერტაცია სწორედ ამ თემაზე დავიცავი და იქ ჩავწერე, რომ ამის ალბათობა საკმაოდ მაღალია.
- რამდენად საშიშია ეს ვირუსი საქართველოსთვის?
- საბედნიეროდ, ჯერ არანაირი საფუძველი არ გვაქვს საიმისოდ, რომ შევშინდეთ. "მაიმუნის ყვავილი" საქართველოში ჯერ არ აღმოუჩენიათ, არც გვაქვს მოლოდინი, რომ შემოვა და გავრცელდება, თუ ეკვატორული აფრიკიდან ვინმე არ შემოიტანს. თეორიულად, მართლაც არსებობს შანსი, რომ ამ ვირუსით დაინფიცირებული ადამიანი ჩვენთან შემოვიდეს - ეს ჰიპოთეტური შემთხვევაა, მაგრამ ჩვენ მაინც ვამახვილებთ ყურადღებას. აღსანიშნავია, რომ ამ ვირუსის რეზერვუარი მაიმუნი იყო, ნატურალური ყვავილის რეზერვუარი კი - მხოლოდ და მხოლოდ ადამიანი. როცა ადამიანებს ერთმანეთთან ძალიან ახლო კონტაქტი აქვთ, "მაიმუნის ყვავილი" ადვილად ვრცელდება. ჯერჯერობით, ხელთ გვაქვს ინფორმაცია, რომ ევროპაში ამ ვირუსით დაავადებული მხოლოდ ერთი ადამიანია - კერძოდ, შვედეთში. ის ამ ქვეყანაში აფრიკიდან ჩავიდა.
- როგორ ვრცელდება "მაიმუნის ყვავილი" და როგორია მისი სიმპტომები?
- "მაიმუნის ყვავილის" სიმპტომები ძალიან ჰგავს ჩვეულებრივი ყვავილის სიმპტომებს. კერძოდ, მას ახასიათებს: გამონაყარი, ცხელება, მაღალი ტემპერატურა და სისუსტე. როგორც გითხარით, ნაკლებად პათოგენურია, მაგრამ მაინც საყურადღებოა, რადგან ამ ვირუსის გამო შეიძლება ადამიანის სიცოცხლე საბედისწერო შედეგით დასრულდეს. "მაიმუნის ყვავილს" ხანგრძლივი მიმდინარეობა ახასიათებს, მაგრამ ყველაზე საშიში ამ დაავადების გართულებებია: ის ზოგჯერ ენცეფალიტს და სიბრმავესაც იწვევს. მიუხედავად ამისა, პანიკის საფუძველი არ გვაქვს, რადგან ეს ვირუსი შედარებით ნელა ვრცელდება. კოვიდის დროს, რომელიც მსოფლიოში მასობრივად გავრცელდა, ვირუსი ჰაერ-წვეთოვანი გზით ვრცელდებოდა, ამ შემთხვევაში კი, მხოლოდ უშუალო კონტაქტით ვრცელდება. მართალია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დასვეს საკითხი, ხომ არ გამოცხადდეს ის მთელი მსოფლიოსთვის საფრთხედ, მაგრამ ჯერჯერობით, ასეთი გადაწყვეტილება არ მიუღიათ. თანაც, ვაქცინა უკვე გვაქვს: ამ დაავადების წინააღმდეგ, ყვავილის ვაქცინაც გამოდგება.
კარგია, რომ ეს ვირუსი მუტაციას არ განიცდის და ცვალებადობა არ ახასიათებს. თანაც, "მაიმუნის ყვავილი" ძალზე ადვილი ამოსაცნობია: მისი პაპულები სითხითაა სავსე, რომელიც მერე სკდება და სწორედ ეს სითხე შეიცავს ვირუსებს. "მაიმუნის ყვავილი" პირველად კანს აზიანებს, მაგრამ მერე სხვადასხვა ადამიანისთვის განსხვავებულად მიმდინარეობს, ზოგ შემთხვევაში შეიძლება გართულდეს, ზოგჯერ - არა, მაგრამ ლეტალობის მაჩვენებელი დაახლოებით 5%-მდეა, ბავშვებში - უფრო მაღალი. თუ ოჯახში ვინმეს აქვს "მაიმუნის ვირუსი", მასთან ჩახუტება, გადაკოცნა და მჭიდრო კონტაქტი არ შეიძლება.
- ვისაც უკვე გაკეთებული აქვს ყვავილის აცრა, მისთვისაც საფრთხეა?
- რა თქმა უნდა. მე იმ ლაბორატორიაში ვმუშაობდი, სადაც ამ ვირუსს სწავლობდნენ, იქვე დავიცავი დისერტაცია და რადგან აცრილი ვარ, შედარებით დაცული გახლავართ, ვიდრე ისინი, ვინც 40 წლამდე ასაკისაა. პრობლემაა ისაა, რომ აგერ უკვე 40-42 წელი გავიდა და აღარავინ იცრება, გარდა სამხედროებისა, რომლებსაც ვაქცინას ბიოლოგიური იარაღისგან დასაცავად უკეთებენ. ნატურალური ყვავილი კარგი ბიოლოგიური იარაღია. ვინც 1980 წლამდეა დაბადებული და ყვავილის ვაქცინა გაკეთებული აქვს, დაავადების საწინააღმდეგო აქტიური იმუნიტეტი ჰქონდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ეს იმუნიტეტი და ვაქცინის დამცველობითი უნარიც შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ ვაქცინაციაზე უნდა ვიფიქროთ. ნატურალური ყვავილის საწინააღმდეგო ვაქცინა მაიმუნის ყვავილისგანაც დაგვიცავს, რადგან ისინი "ბიძაშვილები" არიან. ცუდი ისაა, რომ ამ ვაქცინის მარაგი მსოფლიოში არ არის და თუ ჯანმო საჭიროდ მიიჩნევს, გამოუშვებენ.
სასურველია, პატარები უცხო და საეჭვო კონტაქტებისგან დავიცვათ. როცა ყვავილის წინააღმდეგ იმუნიტეტი არ არსებობს, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. თუ დაავადება ეპიდემიურ ხასიათს მიიღებს, ვინც უკვე აცრილია, ისიც უნდა აიცრას, თუმცა, მათ უფრო მსუბუქად შეხვდებათ, ვიდრე იმათ, ვინც აცრილი არ არის.
- რატომაა, რომ ვირუსები დანარჩენ მსოფლიოში ყოველთვის აზიის და აფრიკის ქვეყნებიდან ვრცელდება?
- იმიტომ, რომ ამ კონტინენტებზე ვირუსებს ხელსაყრელი პირობები ექმნებათ გამრავლებისა და ცხოველქმედებისთვის. თბილი კლიმატის მქონე ქვეყნებში ვირუსების გამრავლებისთვის საუკეთესო პირობებია. მათი შემდგომი გავრცელება უკვე სანიტარიული პირობების დაცვაზე, იმუნიზაციაზე და საკონტროლო ღონისძიებებზეა დამოკიდებული. მკითხველს დავამშვიდებ და გეტყვით, რომ ზედამხედველობის სისტემა, ისევე, როგორც ლაბორატორიული სისტემა ისეთი გვაქვს, ბევრ ქვეყანას შეშურდება, ეს ჩვენი სიძლიერეა, რის გამოც შეგვიძლია ყველა ეს დაავადება გავაკონტროლოთ.
ხათუნა ჩიგოგიძე