„ჩემს ქათმებს დასაკლავად ვერ ვიმეტებ და საჭმელად მაღაზიის ქათამს ვყიდულობ“ - კვირის პალიტრა

„ჩემს ქათმებს დასაკლავად ვერ ვიმეტებ და საჭმელად მაღაზიის ქათამს ვყიდულობ“

"ქათამს თვალებში რომ ჩავხედავ, ვიცი, რა სატკივარი აქვს, რა უნდა, ვხვდები მის ასაკს, როგორ პატრონთან იყო, როგორი მოვლილია... ხასიათითაც განსხვავებული არიან - ზოგი მხარზე შეგაფრინდება და ვერ იცილებ, ზოგი აგრესიულია, ზოგი არ გეკარება, ზოგი დაგდევს, ზოგი თვინიერია... ხასიათი და თვისებები ჯიშების მიხედვითაც განსხვავდება", - გვეუბნება გიორგი ქებაძე, იურისტი, რომელიც საჯარო სამსახურის თანამშრომელია, თან თბილისში საჯიშე მეურნეობის მეპატრონეა. 7 წელიწადია საკუთარი ხელით შექმნილ ფერმას საგანგებოდ და დიდი სიყვარულით უვლის. მისი ცოლ-შვილიც აქტიურად ჩართულია საქმეში.

გიორგი ქებაძე: - წარმოშობით რაჭველი ვარ, ბუნება, ფრინველები, ცხოველები ბავშვობიდან მიყვარდა. თუ არ გიყვარს ეს ყველაფერი, ამ სფეროს ალღოს ვერ აუღებ. ფონიჭალაში კორპუსის ბინაში ვცხოვრობ. ისე მოხდა, რომ იქვე დიდი ნაკვეთი შევიძინე, სახლიდან პირდაპირ გადავყურებ. ნაკვეთში რაღაცები იყო დარგული, რაღაცებსაც მე მივხედე და გამიჩნდა სურვილი, რამდენიმე ფრთა ფრინველიც მყოლოდა. შევიძინე 15 ფრთა სოფლის ქათამი და შემოვუკავე პატარა ბადით ადგილი. ასევე ვიყიდე 2 ცალი 10-ლარიანი ბოცვერი, რომელთა არც ჯიში ვიცოდი და არც წარმომავლობა. ვოლიერებიც დავდგი. ეს 7 წლის წინ ხდებოდა.

ამათზე ზრუნვას მოჰყვა ის, რომ გავერკვიე მათ სპეციფიკაში, ჯიშებში. გავიგე,­ რომ ქათმის უამრავი ჯიში ყოფილა ღირებულებით, სილამაზით, დანიშნულებით და მათი ყოლა მომინდა... შემდეგ ისე მოხდა, რომ ჩემი სოფლის ქათმები გასაყიდად გავიმეტე, პირველი 300 ლარი ავიღე და მივხვდი, აქედან რაღაც გამოვიდოდა. მათი გაყიდვა კი იმას მოჰყვა, რომ სოციალურ ქსელში ვიღაც წერდა, შევიძენ სოფლის კვერცხისმდებელ ქათამსო...

da03e2b4-1bcd-492f-8bc1-a50e3afb3f9d-1725431212.jpg

- თავიდან სურვილი იყო, მაგრამ თანდათან, ალბათ, დახელოვნდით ამ საქმეში.

- ასე გამოვიდა. ზოგი ჯიშის კვერცხი შევიძინე, ზოგი ცოცხლად ჩამოვაყვანინე, იყო ადგილობრივი წარმოებაც, მათ შორის წიწილაც. მოკლედ, მსიამოვნებდა ეს საქმე, ფრინველების მოვლა მომწონდა, რაც მალე საოჯახო საქმიანობად იქცა, მეუღლე და ბავშვიც ჩაერთვნენ. ოჯახი გვერდით რომ არ მედგეს, გამიჭირდებოდა,­ რადგან შრომატევადი საქმეა, ხარჯიანიც, მაგრამ მოგებიანიც. ყველაფერი ეტაპობრივად ბალანსდებოდა - როგორც ხარჯი, ასევე შემოსავალი. როგორც მოგახსენეთ, გვაქვს ვოლიერული სისტემა, რაც მოითხოვს სადედე გუნდს, რომელსაც თავისივე ჯიშის მამლები უნდა ჰყავდეს,

ერთმანეთში აღრევა არ შეიძლება. ყურადღება ექცევა აღნაგობას, შეფერილობას, პარამეტრებს, რადგან კლიენტი პრეტენზიულია. ამიტომ საუკეთესო უნდა გყავდეს...

ფრინველი ხშირად ჩამომიყვანია სომხეთიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან. გამო­წერაც შეიძლება. შემომიტანია კვერცხიც.

435264314-743166374620161-2426092977373095868-n-1725431212.jpg

- ანუ გაქვთ ინკუბატორი, სადაც წიწილები იჩეკება.

- კი, იჩეკება როგორც ინკუბატორებში, ასევე კრუხებიც ჩეკენ როგორც ქათმის, ისე იხვისა და ინდაურის. დღეს 13-14 სახეობის ფრინველი გვყავს. ჩემი ფავორიტია ლივენური ქათამი, მეკვერცხულ-მეხორცული და ულამაზესი შეფერილობის. სასექსის ინგლისური ჯიშია, ისიც საკმაოდ კარგია, მეხორცულ-მეკვერცხულია, კოლუმბიური ბრამა და სხვა. დაახლოებით 9 ჯიშია. მათ შორის არის საკვებად გამოსაყენებელი და დეკორატიულიც. გვყავს ციცრები, ინდაურები, ცოტა იხვი და მწყერი...

- დეკორატიულ ქათმებზე არის მოთხოვნა?­

- კი, ლამაზია და მოსწონთ. მაგალითად, სებრაიტი ოქროსფერია, მტრედზე პატარა. მოსწონთ ჯუჯა კოხინხინები, აბრეშუმის ქათმები... მოკლედ, გვყავს­ მეხორცული, მეკვერცხული და დეკორატიული ფრინველი. თავიდან არჩევანი გავაკეთე მეხორცულ-მეკვერცხულზე, რადგანაც კომბინირებული მიმართულება უფრო სასარგებლოა.

ფრინველის გარდა, ბოცვრების 6 ჯიშია ჩვენს ფერმაში. შეძენისას ყველა მათ წარმომავლობას, ხაზს კითხულობს, რადგან არ შეიძლება ერთმანეთთან ხაზების გადაკვეთა­, ანუ დედმამიშვილების - ამას მყარად ვიცავ. წერტილი წერტილს უნდა ემთხვეოდეს, თუ რამე აცდენაა, უკვე წუნია... ამას თუ არ დავიცავდით, ისე ამ მეურნეობას აზრი დაეკარგებოდა.

ხაზებს სისტემატურად ვაახლებ, ძირითადად­ მამლები აკლდებიან, ამიტომ ხშირად­ უნდა ცვალო. სხვადასხვა სისხლის უნდა იყოს, რათა მომავალი თაობა ჯანსაღი და ძლიერი იმუნიტეტით გამოვიდეს. ასევეა ფრინველებშიც.

408700242-675169838086482-417763944549943798-n-1725431212.jpg

- სულ რამდენ ფრთა ფრინველს უვლით?

- ბრუნვაში 700-800-მდეა, ბოცვერი კი 200-მდე იქნება. ყველა ჯიშს სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება. მათშიც არის როგორც დეკორატიული, ასევე სახორცე. ასე რომ, დიდ შრომაში ვართ, მაგრამ ეს ისეთი­ საქმეა, რომ უნდა მოგწონდეს, სხვაგვარად არ გამოგივა. კი, იღლები, მაგრამ როდესაც ამ დაღლაში სიამოვნებასაც იღებ, კომპენსაციაც ესაა. ოჯახი წყლისა და საკვების მიწოდებაში მეხმარება, მე კი სამსახურიდან თავისუფალ დროს, ფაქტობრივად, მათ ვუთმობ. ერთი დღეც თუ გაუცდინე, უამრავი პრობლემა გაჩნდება. გადასაყვანი არიან ცალკე წიწილა, ცალკე კრუხი, ვარიკა. ყველანი ერთმანეთისგან გამიჯნული მყავს, რომ არ აირიონ. თუ სხვადასხვა ჯიში ერთმანეთში შეჯვარდა, ჰიბრიდი გამოდის და სისუფთავე ირღვევა.

- რა სჭირდება წიწილას?

- ბრუდერი - ასე ჰქვია წიწილის გამოსაზრდელ შენობას, სადაც მათთვის შესაბამისი პირობებია. სითბოს ულტრაიისფერი ნათურები გამოყოფს, არის ტემპერატურის მაჩვენებელი მონომეტრები­, ამა თუ იმ ასაკს შესაბამისი ტემპერატურა რომ შევუნარჩუნოთ. ბრუდერში ერთ თვემდე გვყავს. იღებენ კომბინირებულ-ვიტამინიზებულ საკვებს. აუცილებელი პირობაა სისუფთავე და მუდმივად სუფთა წყალი. პირველ ეტაპს 5 კვირის ასაკში ასრულებენ. მანამდე ძალიან სათუთი­ არიან და დიდი სიფრთხილეა საჭირო­. მერე სხვა შენობაში გადაგვყავს, სადაც ვარიკები და ყვინჩილები ხდებიან. ეს ყველაფერი არ გვჭირდება, თუ კრუხების გამოჩეკილი არიან, ანუ "ბუნებრივი ბრუდერი" აქვთ, ის თვითონ ასწავლის კვებას, ათბობს და შთამომავლებზე ზრუნავს.

- ზრდასრულ ქათამზე რას გვეტყვით?

- თუ ეზოში გყავთ, ტერიტორია დაც­ული უნდა იყოს, რომ არ გაიპარონ, ან რამე არ შემოიპაროს და არ შეგიჭა­მოთ. უნდა ვკვებოთ მარცვლეულით, ოღონდ სხვადასხვა სეზონზე სხვადასხვა­ მარცვალი სჭირდება. ქერი სიცხეში არ არის სასურველი, უფრო ზამთარში უნდა მივაწოდოთ... საჭიროა ფრინველის მსუბუქი დამუშავება პარაზიტებზე, მკბენარებზე. ამისთვის უამრავი შესაწამლი, შესასხურებელი, დასაყრელი საშუალება არსებობს. ზაფხულის ცხელ დღეებში ქათამს თუ მკბენარი ჰყავს, იჩაგრება, წონაში იკლებს, საკვებიც აღარ ერგება და ხშირად იღუპება. სხვისგან შემიძენია ფრინველი, მომიყვანია და ხშირად სავალალო მდგომარეობაში ყოფილან. დახმარება რომ არ აღმოვუჩინო, თავისთვის ხომ საზიანოა და სხვებსაც გადასდებს. დამუშავება 6 თვეში ერთხელ უნდა, სეზონის მიხედვით, სიცხეში მეტად სჭირდება.

- დამუშავებული ფრინველი ჯანმრთელია?

- უჯანმრთელესი. ზოგს უთქვამს, ბევრი მყავს, თითოეულამდე როგორ მივიდეო­.

დილას 6 საათზე რომ დავიწყებ, ღამის 12 საათამდე ვმუშაობ. ქათმებს სათითაოდ ვაყლაპებ ჭიების საწინააღმდეგო აბს. ეს აუცილებელია.

ფრინველმა დიდი ჭია იცის. ზოგი რომ ამბობს, გახდა ჩემი ფრინველი, ბუმბული გაეპუტაო, ეს მეტყველებს, რომ ორგანიზმი ჭიებით აქვს სავსე. შესაძლოა კვერცხიც ვერ დადოს, ან არაჯანსაღი, რაც სახიფათოა.

- დეკორატიულ ქათმებსაც ასე უვლით?

- დეკორატიულებს მარცვლეულს ვერ აჭმევ, მარცვლის გადაყლაპვა უჭირთ, ამიტომ კომბინირებულ-ვიტამინიზებული, გრანულირებული საკვები უნდა მივცეთ. მათ უფრო სათუთი მოვლა ესაჭიროებათ. ზოგი სახლშიც ამომიყვანია, მიმკურნალია და გამომიჯანმრთელებია. ზოგიერთს ფეხი მოუტეხია და თაბაშირი დამიდვია. ცოტა ხნის წინ ლივენურ დედალს ფეხზე მცირე ოპერაციაც გავუკეთე - გასივებული ჰქონდა, ფეხიდან კაკლისხელა რაღაც ამოვუღე, იმას ორგანიზმი ვერ გაიწოვდა. გადარჩა, აღარ კოჭლობს. სხვა, ალბათ, თავს მოაჭრიდა... მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელიწადია ქათმები და ბოცვრები მყავს, ჩემთვის, ალბათ, ორჯერ მექნება გამოყენებული. დასაკლავად ვერ ვიმეტებ და მაღაზიის ქათამს ვყიდულობ.

- ბოცვრებიც მარცვლეულით იკვებებიან?

- დიახ, თავიანთი გრანულით. ბო­ც­ვ­რის გრანული სხვადასხვა წარმოები­საა,­ ­­არჩევანი დიდია. ნედლად არ უნდა მივცეთ, მხოლოდ ხმელი. დედლები და მამლები ცალ-ცალკე უნდა გვყავდეს... მოკლედ, ასე გავხდი ამ საქმის სპეციალისტი.