რუსების დარტყმა "ისკანდერებით" და პოლტავას ტრაგედია - უკრაინელებმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთდროული საბრძოლო დანაკარგი განიცადეს - კვირის პალიტრა

რუსების დარტყმა "ისკანდერებით" და პოლტავას ტრაგედია - უკრაინელებმა ერთ-ერთი ყველაზე დიდი ერთდროული საბრძოლო დანაკარგი განიცადეს

51 დაღუპული და 271 დაჭრილი - და ეს არ არის საბოლოო ციფრები იმ დიდი დანაკარგისა, რაც 3 სექტემბერს უკრაინამ ქალაქ პოლტავაში განიცადა მას შემდეგ, რაც ორი რუსული აერობალისტიკური რაკეტა „ისკანდერ-მ“-ი ზუსტად მოხვდა ქალაქის რამდენიმე შენობას...

დაზიანებულ შენობებს შორის საავადმყოფოც აღმოჩნდა, მაგრამ მთავარ სამიზნეს მის გვერდით მდებარე კავშირგაბმულობის სასწავლო-სავარჯიშო ცენტრი წარმოადგენდა, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტოს დაქვემდებარებაშია და იქ კავშირგაბმულობის მომავალ სამხედრო სპეციალიტებს ამზადებენ.

ანუ, ის სამხედრო სამიზნეს წარმოადგენდა და მუდამ არსებობდა იმის საფრთხე, რომ ადრე თუ გვიან რუსეთი სარაკეტო იერიშს მიიტანდა მასზე, რომლის ზუსტი კოორდინატები არავითარ საიდუმლოებას არ წარმოადგენდა რუსეთის გენშტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოსთვის, რადგან ჯერ კიდევ 1971 წლიდან მოყოლებული სწორედ აქ, „კავშირგაბმულობის უმაღლეს სამხედრო სამეთაურო სასწავლებელში“ ამზადებდნენ იმ საბჭოთა ოფიცრებს, ვისაც საველე პირობებში სამხედრო კავშირგაბმულობის სისტემა უნდა ემართა, მათ შორის საბრძოლო მოქმედებების დროსაც.

1-poltava-1725437060.jpg
რუსული „ისკანდერის“ „ნამუშევარი“ იმაზე მიუთითებს, რომ ფუგასური და არა კასეტური ქობინი იქნა გამოყენებული უკრაინელი მეკავშირეების სასწავლებლის შენობის დასაზიანებლად...

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ პოლტავის სამხედრო სასწავლებელი ახლად შექმნილი უკრაინის შეიარაღებული ძალების განკარგულებაში გადავიდა, რამდენჯერმე შეიცვალა სახელი და ბოლოს კავშირგაბმულობის სასწავლო-სავარჯიშო ცენტრის სახით ჩამოყალიბდა, რომელშიც უკრაინის არმიისთვის კავშირგაბმულობის მომავალ სპეციალისტებს ამზადებდნენ, რასაც ამ ომის დაწყების შემდეგ, იმ კონტრაქტორების გადამზადებაც დაემატა, რომლებსაც ბრძოლის ველზე საკუთარი დრონების მართვა და მოწინააღმდეგის დრონებთან რადიოელექტრონული საშუალებებით ბრძოლაც ევალებათ.

გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთ-უკრაინის ომში დრონებმა და რადიოელექტრონულმა ბრძოლამ სერიოზული ადგილი დაიკავა, ადგილი მისახვედრია, თუ რატომ აღმოჩნდა რუსული „ისკანდერების“ სამიზნეში სწორედ პოლტავის კავშირგაბმულობის სასწავლო-სავარჯიშო ცენტრი და თანაც 3 სექტემბერს-ახალი სასწავლო კურსის დაწყებისთანავე...

არ დასტურდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს რამდენიმე ასეული კურსანტი სამწყობრო მოედანზე მოაწყვეს, ხოლო რუსეთის დაზვერვის აგენტმა მაშინვე შეატყობინა თავისიანებს და „ისკანდერებიც“ რამდენიმე წუთში გამოჩნდნენ...

2-poltava-1725437178.png
უკრაინის არმიის კავშირგაბმულობის სასწავლო-სავარჯიშო ცენტრი პოლტავაში, დაბომბვამდე-ერთ-ერთი რუსული „ისკანდერი“ მარჯვნივ, სასადილოს შენობას მოხვდა...

საქმე ის არის, რომ ნაწილობრივ დანგრეულია არანაკლებ ორი შენობა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ორივე რუსული აერობალისტიკური „ისკანდერი“ 480 კგ-იანი მსხვრევად-ფუგასური ქობინით იყო აღჭურვილი და არა კასეტურით-ღია სამწყობრო მოედანზე შეკრებილების წინააღმდეგ რუსები აუცილებლად კასეტურქობინიან „ისკანდერებს“ გამოიყენებდნენ, როგორც ეს 2008 წლის 12 აგვისტოს გორის ცენტრალური მოედნის თავზე „ისკანდერის“ საბრძოლო ნათლობისას გააკეთეს...

უკრაინული პოლტავას დაბომბვის შემდეგ არ შეიძლება ისტორიული პარალელი არ გავავლოთ-პუტინმა...ჰიტლერის ნამოქმედარი გაიმეორა!

საქმე ისაა, რომ ზუსტად 80 წლის წინ, 1944 წლის ივნისს-სექტემბერში უკრაინის პოლტავას სამხედრო აეროდრომი(რომელიც მხოლოდ ორი კმ-ითაა დაცილებული კავშირგაბმულობის სასწავლო-სავარჯიშო ცენტრის შენობებიდან, რომლებსაც რუსული „ისკანდერები“ მოხვდნენ) გადაიქცა ოპერაცია Frantic-ის მთავარ საჰაერო ბაზად-იტალიისა და დიდი ბრიტანეთის აეროდრომებიდან აფრენილი ამერიკული „მფრინავი ციხესიმაგრეები“-ოთხძრავიანი მძიმე ბომბდამშენები B-17-ები გერმანიის,უნგრეთისა და რუმინეთის ტერიტორიებზე ბომბავდნენ სტრატეგიულ ობიექტებს-სამხედრო აეროდრომებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და შემდეგ, იმის მაგივრად, რომ უკან გაბრუნებულიყვნენ, აგრძელებდნენ ფრენას აღმოსავლეთი მიმართულებით და სხდებოდნენ უკრაინის პოლტავას აეროდრომზე, სადაც ეკიპაჟები ისვენებდნენ, თვითმფრინავებში ბენზინს ასხამდნენ, ბომბებს ჩამოკიდებდნენ და იტალიასა და დიდი ბრიტანეთში დაბრუნებისას, უკანა გზაზე ისევ ბომბავდნენ გერმანიისა და მისი მოკავშირეების სამხედრო ობიექტებს...

3-poltava-1725437286.png
პოლტავას სამხედრო აეროდრომის თანამგზავრული ფოტო, სადაც ზუსტად 80 წლის წინ, სტალინის ნებართვით ამერიკული „მფრინავი ციხესიმაგრეები“ ბაზირებდნენ და აქედან აფრენილები ჰიტლერის გერმანიას ბომბავდნენ, დღეს კი იგივე ამერიკული წარმოების საბრძოლო თვითმფრინავებით „მებრძოლი შევარდნებით“ პუტინის რუსეთის საპასუხო დაბომბვების ნებას არ აძლევენ უკრაინელებს... ამერიკიდან...

ამიტომაც ჰიტლერმა თავის გენერლებს დაავალა პოლტავას აეროდრომის განადგურება, რაც ერთხელ მართლაც შეძლო გერმანულმა ლიუფთვაფემ და ისიც დიდი სამხედრო ეშმაკობის გამოყენებით...

მას შემდეგ, რაც ამერიკულმა „მფრინავმა ციხესიმაგრეებმა“ დაბომბეს სამიზნეები გერმანიაში და უკრაინის პოლტავისკენ გაემართნენ, ოკუპირებული მინსკიდან აფრენილი გერმანული He-111 და Ju-88 ტიპის ორძრავიანი ბომბდამშენები ფარულად „კუდში ამოუდგნენ“ ამერიკულებს და თან მიჰყვენენ პოლტავას აეროდრომამდე, სადაც „ბოლომდე გაილაღეს“ - 75-მა გერმანულმა „ჰეინკელმა“ და „იუნკერსმა“ მიწასთან გაასწორა პოლტავას აეროდრომი, რის შედეგადაც იქ მდგომი 73 ამერიკული B-17 „მფრინავი ციხესიმაგრიდან“ 47 სრულად განადგურდა, ხოლო დანარჩენებმა კი სერიოზული დაზიანება მიიღეს...

4-poltava-1725437341.png
საგულისხმოა,რომ პოლტავას აეროდრომის საავიაციო მუზეუმში აყენია ყველა ის საბრძოლო თვითმფრინავი, რომლებითაც დღეს რუსეთი უკრაინის ქალაქებს შორიდან რაკეტებით ბომბავს, მათ შორის, Ту-22М3, Ту-95МС და ТУ-160 რაკეტმზიდ-ბომბდამშენებიც...

პოლტავის აეროდრომის დაბომბვას ვერ საბჭოთა ავიაცია გადაურჩა - განადგურდა 15 სამხედრო თვითმფრინავი, მათ შორის 13 ერთეული „იაკის“ ტიპის გამანადგურებელი...

ეს იქცა გერმანული „ლიუფთვაფეს“ ერთ-ერთ წარმატებულ საჰაერო რეიდად, მიმართული მოკავშირების საერთო ძალების წინააღმდეგ, რაშიც დიდი ბრალი საბჭოთა მხარეს მიუძღვოდა, რომელმაც ვერ უზრუნველყო პოლტავას სამხედრო აეროდრომის საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა.

პოლტავაზე რუსული „ისკანდერების“ შეტევა, ისევე,როგორც მანამდე იავოროვის სამხედრო პოლიგონზე,ნიკოლაევისა თუ „დესნას“ ცენტრზე, რასაც მნიშვნელოვანი მსხვერპლი მოჰყვა უკრაინელ სამხედროებში, რომლებიც იქ გადამზადების კურსებს გადიოდნენ, მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობა ცდილობს ჩაშალოს უკრაინის არმიისთვის სამხედროების ახალი ნაკადების მოსამზადებელი პროცესი, რისთვისაც „ისკანდერებით“ დაიწყო ასეთ სტაციონალურ სამიზნეებზე-სასწავლო ცენტრებზე „ნადირობა“- 480 კმ-მდე მფრენი აერობალისტიკური „ისკანდერი“ თავისი 480 კგ-იანი საბრძოლო ქობინით უკრაინის თითქმის ყველა წერტილს წვდება(გარდა უკრაინის უკიდურეს დასავლეთ რეგიონებისა,თუმცა იქამდე იმავე „ისკანდერის“ ფრთოსანი რაკეტები აღწევენ), როგორც ოკუპირებული ტერიტორიებიდან, ისე უშუალოდ რუსეთის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილიდან...

შესაბამისად აქტუალური ხდება, რომ უკრაინელი სამხედროების გადამზადების პროცესი მისი მეზობელი, ნატოს წევრი ქვეყნების ტერიტორიებზე წარიმართოს,საითკენაც პუტინი „ისკანდერების“ მიმართვას ვერ გაბედავს... ჯერჯერობით მაინც...