"ჩემზე ასაკით უმცროს ბიჭთან საკმაოდ სერიოზულ ურთიერთობაში აღმოვჩნდი" - ვინ არის ნინი გრძელიშვილის შეყვარებული - კვირის პალიტრა

"ჩემზე ასაკით უმცროს ბიჭთან საკმაოდ სერიოზულ ურთიერთობაში აღმოვჩნდი" - ვინ არის ნინი გრძელიშვილის შეყვარებული

მოდელი ნინი გრძელიშვილი პირად ცხოვრებას საგულდაგულოდ მალავდა,

თუმცა ახლახან, მისივე სოციალური ქსელიდან გავიგეთ, რომ შეყვარებულია. ვინ და როგორ მოიგო მოდელის გული, ამის შესახებ ნინისთან ინტერვიუდან შეიტყობთ...

- ნინი, როგორ ხარ?

- ცხელა. საგიჟეთია (იცინის)... ახლახან შვებულებიდან დავბრუნდი - ზღვაზე ვიყავი, მაგრამ უკვე დავიღალე: ხომ იცი, შვებულების მერე დაგროვებული საქმეების კეთება ერთბაშად გიწევს...

- პირველი ზაფხული იყო, რომელიც რჩეულთან ერთად გაატარე, არა?

- სხვათა შორის, უკვე მეორე ზაფხული იყო. ისე მოხდა, რომ ამ ზაფხულს ზღვაზე 1 კვირა გავატარეთ. მის დაბადების დღეს ბათუმში, სამეგობროსთან ერთად შევხვდით.

- როგორ მოხდა, რომ შეყვარებულს ამდენ ხანს მალავდი?

- ხომ იცი, სიყვარულსა მალვა უნდაო?.. ვმალე და ვმალე, რაც შემეძლო. ახლა გიშრის თვლები მაქვს შებმული (იცინის)...

- თვალი რომ არ ეცეს?

- სხვათა შორის, ასეთი რაღაცების მართლა მჯერა, თუნდაც - ბოროტი თვალის, გათვალვის... ამიტომ ვცდილობ, აფიშირება ნაკლებად გავუკეთო არა მხოლოდ პირად ცხოვრებას, არამედ - ნებისმიერ რამეს, რადგან რაღაცების წინასწარ თქმა, ყველასთვის გაზიარება არცთუ ისე კარგად მაქვს დაცდილი. შეიძლება, უბრალოდ დამთხვევაც იყოს... მოკლედ, მაქსიმალურად ვეცადე, ჩვენი სიყვარული დამემალა...

- ვინ არის შენი რჩეული? როგორ გაიცანი, როგორ განვითარდა თქვენი ურთიერთობა?

- ჩვენი ურთიერთობა საერთო სამეგობროდან დაიწყო. თავდაპირველად ვმეგობრობდით. შემდეგ რაღაც-რაღაცები ისე დაემთხვა, რომ ჩვენი მეგობრობა სიყვარულში გადაიზარდა. უფრო ზუსტად, თავიდან მეგონა, რომ ვმეგობრობდით, მაგრამ თავად როგორც ახლა ამბობს, ჩემ მიმართ თავიდანვე არამეგობრული სიმპათიები ჰქონდა. გარკვეული პერიოდის მერე, როცა დავახლოვდით, ეს ყველაფერი სიყვარულში გადაიზარდა. ამაში დიდი როლი ითამაშა იმ ფაქტმა, რომ ყველაფერი მეგობრობით დაიწყო, ანუ საკმაოდ ახლო ურთიერთობა გვქონდა, ერთმანეთს ყველაფერს ვუზიარებდით, რამაც ჩვენს ურთიერთობაზე დადებითი ზეგავლენა მოახდინა. პირველ რიგში, ლუკა ჩემთვის მეგობარია, მერე კი - შეყვარებული. რაღაცნაირად, პარტნიორული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა: საქმე იქნება თუ ნებისმიერი სხვა წამოწყება, ყველაფერში მხარში ვუდგავარ. ჩემ მიმართ მასაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს. მოკლედ, ამ მხრივ ძალიან პარტნიორული, დალაგებული ურთიერთობა გვაქვს. მეორე მხრივ, ხშირად ვკამათობთ. თავად ლომის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშაა დაბადებული, მე - სასწორის. წესით, სასწორი და ლომი ერთმანეთს უგებენო - ასე ამბობენ, მაგრამ საკმაოდ ხშირად ვკამათობთ, შეიძლება ითქვას - ყოველდღიურადაც, მაგრამ ეს საინტერესოც არის და არა - მოსაბეზრებელი. რა თქმა უნდა, "კამათში" ხელჩართულ ბრძოლას არ ვგულისხმობ.

- რომელი სფეროს წარმომადგენელია?

- ბიზნესის მართვის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. თავადაც მცირე ბიზნესები აქვს და ამ მიმართულებით მუშაობს.

- შენი გული როგორ მოიგო?

- ეს დღემდე ვერ დავადგინე, რადგან ჩემი გულის მოგება მარტივი არ არის, მით უმეტეს - ისეთი ტიპისთვის, როგორიც ლუკაა, ანუ იმის სრული ანტიპოდია, როგორი ადამიანიც ოდესმე წარმომედგინა, რომ ჩემი მეორე ნახევარი იქნებოდა, თუნდაც - ხასიათით. სხვათა შორის, ჩვენი ურთიერთობა ძალიან გაუკვირდათ და თავდაპირველად, სერიოზულად არავინ აღიქვამდა. ეგონათ, დიდხანს ვერ "გავქაჩავდით". რაღაცნაირად, ლუკამ ჩემი გულის მოგება მოახერხა: ძალიან რომანტიკული და ყურადღებიანია. ვფიქრობ, ამან დიდი როლი ითამაშა. პლუს, ძალიან თავდაჯერებულია. როცა ადამიანი თავდაჯერებულია, მერე სხვაზეც ახერხებს გავლენის მოხდენას... ასაკით ჩემზე უმცროსია, რაც ასევე, ჩემთვის წარმოუდგენელი იყო, რადგან ჩემზე ასაკით უმცროს კი არა, თანატოლ ბიჭთანაც არ მქონია ურთიერთობა, მაგრამ ჩემი აზრით, შეიძლება კაცი 20 წლის ასაკშიც ისეთი იყოს, როგორიც 40, 60 წლისა - არის რაღაცები, რასაც ასაკის მატებასთან ერთად ვერ ისწავლი, ვერც შეიძენ და ვერც გამოიმუშავებ. რა თქმა უნდა, გამოცდილებას არ ვგულისხმობ. მოკლედ, ასე გამოვიდა, რომ ასაკით უმცროს ბიჭთან საკმაოდ სერიოზულ ურთიერთობაში აღმოვჩნდი.

- რამდენი წლითაა უმცროსი?

- სულ რაღაც 2 წელზეა საუბარი. თუმცა, ჩემთვის ეს ფაქტორი მართლა მნიშვნელოვანი იყო.

- ნინი, ეს არის შენთვის პირველი სერიოზული გრძნობა? პირად ცხოვრებას არასოდეს ასაჯაროებდი...

- ამ გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ - კი. რა თქმა უნდა, წარსულში იყო ურთიერთობები, გრძნობები... შეიძლება, იმ დროს ფიქრობ, რომ ეს ის ერთადერთი ადამიანია... უბრალოდ, საკმაოდ დიდი ხანია, ეიფორიის და ფეიერვერკების ასაკიდან გამოვედი. შეიძლება, ეს არ არის ისეთი ურთიერთობა, როცა მუცელში სულ "პეპლები დაფრინავენ", მაგრამ უკვე სტაბილური, ჩამოყალიბებული, გააზრებული ურთიერთობაა, რომელიც მიმაჩნია, რომ ყოველთვის უფრო მეტხანს გრძელდება და ბევრად სტაბილურია, ვიდრე რაღაც გატაცება, რომლის გამოც შეიძლება, ერთ კვირას ვენებს იჭრიდე, მეორე კვირას - აღარც გახსოვდეს.

- მეგობრების და მით უმეტეს - წყვილის ერთად დასვენება ერთგვარი გამოცდაა, რადგან ასეთ დროს ადამიანების ხასიათის ბევრი თვისება ვლინდება. თქვენ როგორ დაისვენეთ ერთად?

- პირველად შარშან ზაფხულს დავისვენეთ ერთად, შემდეგ - ზამთარში, ერთად საზღვარგარეთაც ვყოფილვართ... ამ მხრივ უკვე გამოცდილება გვქონდა. სწორად აღნიშნე - საერთოდ, ერთად დასვენება მარტივი არ არის: შეიძლება, ეს საკუთარი ოჯახის წევრთანაც კი გაგიჭირდეს. რამდენი ადამიანიცაა, იმდენი განსხვავებული აზრი, სურვილებია... ამ მხრივ, მე და ლუკას სრული კომფორტი გვაქვს - შეხმატკბილებულად ვისვენებთ. აქტიურად დასვენება, თუნდაც - ღამის კლუბებში სიარული, ბულვარში სეირნობა, ფეხით დიდხანს სიარული "ჩემი" არ არის. ამ მხრივ, ლუკა 100%-ით ჩემნაირია - ჩვენი სურვილები ერთმანეთთან თანხვედრაშია. დასვენებისას 1 ტალღაზე ყოფნა წყვილისთვის ნამდვილად კომფორტულია.

- ძირითადად, თქვენი კამათის საგანი რა არის?

- შეიძლება, ჩვენი კამათის საგანი რაღაც ძალიან ელემენტარული გახდეს. საერთოდ, რადიკალურად განსხვავებული ადამიანები ვართ - მიზნებით, ხასიათით... უხეშად რომ ვთქვათ, "პლუსი" და "მინუსი" ერთმანეთს რომ ავსებს, მსგავსი ტიპის ურთიერთობა გვაქვს. ზოგადად, ჰარმონიის, ბალანსის, უკონფლიქტობის მოყვარული ვარ. ჩემთვის ჰარმონია პირველ ადგილზე დგას... კომპრომისი ვისწავლე, რაც ჩემთვის ნამდვილად ახალი იყო. წინათ ურთიერთობაში კომპრომისზე არასოდეს მივდიოდი - ამას ყოველთვის მეორე ნახევრისგან ველოდი. ამ ურთიერთობამ დათმობა და გათვალისწინება მასწავლა. სიტყვა - "მე" გადაიქცა სიტყვად - "ჩვენ".

- სიყვარულმა კიდევ რა მიმართულებით შეგცვალა?

- მეც ვამჩნევ და ჩემს ცვლილებებს გარშემო მყოფებიც ამჩნევენ. ალბათ, ეს მაინც ჩემს ხასიათს უკავშირდება. საერთოდ, ძალიან პრინციპული ვიყავი. უბრალოდ, ასე გამზარდეს - დედისერთა, გათამამებული... მეგონა, სამყარო ჩემ ირგვლივ ტრიალებდა. ამ მხრივ შევიცვალე ან უბრალოდ, გავიზარდე (იცინის). ასაკის მატებასთან ერთად, რაღაცები დასტაბილურდა, დალაგდა...

- ყველაზე ხანგრძლივად შეყვარებულთან რამდენი ხნით გაბუტულხარ?

- ზოგადად, ასეთი ხასიათი მაქვს - წყენას მალე ვივიწყებ. ალბათ, ეს ჩემი დიდი მინუსია, მაგრამ წყენის მერე, მეორე წამს ისეთი რაღაცები შემიძლია ადამიანს ვაპატიო და დავივიწყო, რომ ზოგჯერ საკუთარი თავი შტერიც კი მგონია. წყენის გულში დატოვება არ შემიძლია. ლუკაც ასეთია. ახლაც, ნახევარი საათის წინ რაღაცაზე ვიკამათეთ. ცოტა ხანს არ ვპასუხობდი, არ მეცალა. ლამის ტელეფონი ამიფეთქა (იცინის). შეიძლება, რაღაც ეწყინოს, მეორე წამს კი არ ახსოვდეს. ამიტომ, არ ყოფილა შემთხვევა, რომ 1 დღეზე მეტხანს ან ის ყოფილიყო ნაწყენი, ან - მე.

- სამსახურს და პირად ურთიერთობას როგორ უთავსებ ერთმანეთს?

- ბალანსირებას ვცდილობ: 2 კომპანიაში (გერმანულსა და შვეიცარიულში) ადამიანური რესურსების ხელმძღვანელი და ოპერაციების მენეჯერი ვარ. სახლიდან დისტანციურად ვმუშაობ. მთელ დღეს კომპიუტერის ეკრანთან ვატარებ. ჩვენი ერთადერთი "ფანჯარა" საღამოსაა და ვცდილობ, ამ დროს განვიტვირთო, გარეთ გავიდე, გავისეირნო... პრინციპში, ყოველ საღამოს ერთად ვართ. თეატრში სიარული რომ მიყვარს, ეს ახალი ამბავი არ არის...

- მასაც შეაყვარე თუ უყვარდა?

- შევაყვარე. ამ მხრივ მამაკაცების კულტურულად განვითარებაში დიდი როლი მაქვს ნათამაშები (იცინის). სპექტაკლებზე ერთად სიარული დავიწყეთ, ასევე - კინოთეატრს, კაფეს ვსტუმრობთ... კლუბებში ნაკლებად დავდივართ - არ გვიყვარს. მოკლედ, ვცდილობთ, განსატვირთად სხვადასხვა აქტივობა მოვიფიქროთ, რადგან ეს ძალიან მჭირდება.

- შენს რჩეულს სამოდელო სფეროსთან როგორი დამოკიდებულება აქვს?

- ეს სფერო მისთვისაც არ არის უცხო. გარკვეული პერიოდი, ამ სფეროში თავადაც იყო და ჩვენებაზე ერთადაც გავსულვართ... შემდეგ დიზაინის სფეროში გადაინაცვლა. საკუთარ თავს "დიზაინერს" არ უწოდებს. უბრალოდ, სპორტული სამოსის ხაზი აქვს.

- ერთად ცხოვრობთ?

- არა, მაგრამ თითქმის სულ ერთად ვართ. ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს მის დედასთან, ოჯახთან. ლუკას ძმა ჰყავს, რომელიც ჩემი დაქალის შეყვარებულია. რაღაცნაირად, ასე "შევიკარით"...

- დედას მოსწონს შენი რჩეული?

- კარგად იცი, რომ დედაჩემის აზრი ჩემთვის უმნიშვნელოვანესია. ლუკასაც ანალოგიური დამოკიდებულება აქვს დედამისის მიმართ. სულ ამას ვამბობ, რომ ჩვენს ურთიერთობაში ლუკას დედამ ძალიან დიდი და დადებითი როლი ითამაშა... დისკომფორტი მექნებოდა, რომ ვიცოდე, დედაჩემს ლუკა არ მოსწონს. მაინც ვფიქრობ, მშობლის აზრი გადამწყვეტი თუ არა, უმნიშვნელოვანესია. რა თქმა უნდა, დედაჩემი მას იცნობს და ჩვენი ურთიერთობის საწინააღმდეგო არაფერი აქვს.

- პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული თქვენი გეგმები როგორია?

- ჩვენს ურთიერთობას გრძელვადიან პერსპექტივაში განვიხილავთ. 1-2 თვეში - არა, მაგრამ ჩემი და ლუკას მხრიდანაც მზაობა არის, რომ ურთიერთობა სხვა ფორმატით განვიხილოთ, თუმცა არ მინდა, მოვლენებს წინ გავუსწრო...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"