"უახლოესმა ხალხმა მაქცია ზურგი: დედამ, საყვარელმა ადამიანმა... იმედგაცრუებებმა მაიძულა იდენტობის ყველა ნიუანსი წამეშალა და თავიდან დავბადებულიყავი, ახალი სახელით, გვარით, ხმით, ახალი სახით - უსახობით" - კვირის პალიტრა

"უახლოესმა ხალხმა მაქცია ზურგი: დედამ, საყვარელმა ადამიანმა... იმედგაცრუებებმა მაიძულა იდენტობის ყველა ნიუანსი წამეშალა და თავიდან დავბადებულიყავი, ახალი სახელით, გვარით, ხმით, ახალი სახით - უსახობით"

რატომ არ ეცნობა საზოგადოებას ანდრო დადიანი და როგორია მისი ცხოვრება ნიღაბს მიღმა

"თქვენ მკითხეთ, როგორი იყო ჩემი ცხოვრება ანდრომდე? ისეთი იყო, უამრავი უკმაყოფილებით და იმედგაცრუებით სათქმელი რომ დამიგროვა, რამაც მაიძულა საკუთარი იდენტობის ყველა ნიუანსი წამეშალა, ფაქტობრივად მოვმკვდარიყავი და თავიდან დავბადებულიყავი, ახალი სახელით, ახალი გვარით, ახალი ხმით, ახალი სახით - უსახობით და დღემდე ასე ვცხოვრობ. ჩემი საქმიანობის შესახებ არც ოჯახის წევრებმა, არც ნათესავებმა, არც თანამშრომლებმა არაფერი იციან. მათთვის რთული გასაგები იქნება ჩემი შრომის მიზნები, ამიტომ მეც ვიცავ თავს და მათაც ვუფრთხილდები", - ამბობს ანდრო დადიანი, რომელიც თავის საინტერესო ცხოვრებას გვაცნობს...

გთავაზობთ ამონარიდებს სტატიიდან, რომელიც ჟურნალში "გზა" დაიბეჭდა:

"ანდრო დადიანად ნელა-ნელა გარდავისახე. მახსოვს, თავიდან რომ მეძახდნენ ანდროს, რაღაცნაირი უხერხულობის განცდა მქონდა. სხვათა შორის, იშვიათი არაა, რომ ადამიანები სახელებს იცვლიან - როგორც ჩანს, ეს საკუთარი თავის ძიებასა და აღმოჩენასთანაა დაკავშირებული. ჩემი ლექსები პირველად 2017 წელს, პაატა შემუგიამ გამოაქვეყნა. პაატა არა მარტო ჩემი საყვარელი პოეტი, არამედ ჩემი შემოქმედებითი ნათლიაცაა..."

"ჩემს ანდროგენულ საწყისს, რის გამოც ანდრო მქვია, მგონი, ჩემი სამოსი გამოხატავს. ვიზუალური ხელოვანები, რომლებიც ახალი დროების ესთეტიკას ვქმნით, მნიშვნელოვანია ირგვლივ მყოფ ადამიანებს დავეხმაროთ გათავისუფლებაში, რადგან ქალურ-კაცური სტანდარტები ჩვენს გარემოს ტანჯავს და ჩაგრავს. რამდენ გოგოს დასცინიან არასტანდარტულობის გამო და რამდენ ბიჭს, რომ ტესტოსტერონი არ გადმოსდის თვალებიდან..."

"ნივთების სულის ხომ გჯერათ? სხვაგვარად ენერგეტიკაც ვერ ექნებოდათ. ჰოდა, ჩემს თავს ხუმრობით გადაყრილი ნივთების პატარა ღმერთს ვეძახი. ქუჩაში რომ ჩავივლი და გადაგდებულ ნივთს წამოვიღებ, იმისგან რაღაც ახალს ვაკეთებ და დაპურებული უპატრონო ძაღლივით შემომხარიან ნივთები, ენერგიას მაფრქვევენ..."

"დაახლოებით ისეთი ცხოვრება მაქვს, როგორიც ამ გადაყრილ ნივთებს. უახლოესმა ხალხმა: დედამ, საყვარელმა ადამიანმა მაქციეს ზურგი, ამიტომ კარგად მესმის ამ ნივთების. დიდ სიცოცხლის წყურვილს და სევდას ასხივებენ. თუ განადგურების პირას მყოფებს ისევ საჭიროდ აგრძნობინებთ თავს, ვერ წარმოიდგენთ, როგორ ენერგიას ასხივებენ და როგორ გულმოდგინედ ასრულებენ მისთვის წარმოუდგენელ ფუნქციებსაც კი და ესაა მათი მადლიერების, სიხარულის გამოხატულება..."

სტატიას სრულად ჟურნალ "გზის" 5 სექტემბრის ნომერში წაიკითხავთ.

მანანა გაბრიჭიძე