ამერიკამ მარგარიტა სიმონიანი დაასანქცირა
აშშ-მა რუსი ჰაკერები და პროპაგანდისტები დაასანქცირა, მათ შორისაა მარგარიტა სიმონიანი.
ამის შესახებ განცხადებას აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი ავრცელებს.
კერძოდ, სანქციების ქვეშ რუსული პროპაგანდისტული ტელეარხი RT-ის ხელმძღვანელობა და რუსული ჰაკერული ჯგუფი RaHDit-ი მოყვნენ 2024 წლის აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევისთვის.
სახაზინო დეპარტამენტის განცხადებით, "ფეიკებისა" და დეზინფორმაციის გავრცელების გარდა, წლის დასაწყისში RT-ის ხელმძღვანელობამ ამერიკელი ინფლუენსერების რეკრუტირება დაიწყო საპრეზიდენტო არჩევნებზე გავლენის მოხდენის კამპანიისთვის.
“RT ყალბ კომპანიას იყენებდა, რათა საკუთარი ან რუსეთის მთავრობის მონაწილეობა დაემალა კონტენტის შექმნაში, რომლის მიზანიც ამერიკულ საზოგადოებაზე ზემოქმედება იყო”, - ნათქვამია განცხადებაში.
აშშ-ის სანქციების ქვეშ მოყვნენ RT-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანი, მისი მოადგილეები ელიზავეტა ბროდსკაია და ანტონ ანისიმოვი, ინგლისურენოვანი მაუწყებლობის დირექტორის მოადგილე ანდრეი კიაშკო, ციფრული მედია პროექტების ხელმძღვანელი კონსტანტინ კალაშნიკოვი და მისი ქვეშევრდომი ელენა აფანასიევა.
სახაზინო დეპარტამენტის ცნობით, ანისიმოვი რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის (“ეფესბე”) დანიშნულებით მოქმედებს, ხოლო აფანასიევა ყალბი იდენტობის გამოყენებით ამერიკელ ინფლუენსერებზე გასვლასა და მათ რეკრუტირებას ცდილობდა. სანქციები ასევე, შეეხო რუსულ ჰაკერულ ჰგუფს RaHDit-ს, რომელიც რუსეთის დაზვერვის მოქმედი ან ყოფილი წევრებისგან შედგება: ალექსეი გერაშჩენკო, ანასტასია ერმოშკინა და ალექსანდრ ნეჟენცევი.
"ინტერპრესნიუსი"