"თუ სი ძინპინი თავისას მიაღწევს, რუსეთის თვითმპყრობელს ტანსაცმელს ან საერთოდ გახდის, ან მას ჩინურით შეუცვლის... პუტინი სი ძინპინის მარიონეტია, უბრალოდ, კრემლი ამას ჯერ ვერ აცნობიერებს" - კვირის პალიტრა

"თუ სი ძინპინი თავისას მიაღწევს, რუსეთის თვითმპყრობელს ტანსაცმელს ან საერთოდ გახდის, ან მას ჩინურით შეუცვლის... პუტინი სი ძინპინის მარიონეტია, უბრალოდ, კრემლი ამას ჯერ ვერ აცნობიერებს"

"დადგება დრო, როცა „პარტნიორობა“ ადგილს მტრობას დაუთმობს"

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „ვლადიმერ პუტინი სი ძინპინის მარიონეტია, უბრალოდ, კრემლი ამას ჯერ ვერ აცნობიერებს“ (ავტორი - მეთიუ ჰანდერსონი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

სანამ ვლადიმერ პუტინი მონღოლეთში ვიზიტით გაემგზავრებოდა, რუსეთის პრეზიდენტი ტუვაში ციმბირელ ბავშვებს შეხვდა და მათ გაუმხილა, რომ მისმა ქალიშვილებმა ჩინური ენა კარგად ისწავლეს, - იმიტომ, რომ მოსკოვ-პეკინის ურთიერთობა სულ უფრო მტკიცდება და ჩინური ენის შესწავლა რუსებისათვის სასარგებლო იქნებოდა.

რუსი დიქტატორის ეს საკმაოდ საოცარი გულახდილობა (ვლადიმერ პუტინი იშვიათად ლაპარაკობს ხოლმე თავის შვილებზე) იმაზე მიგვანიშნებს, თუ როგორი დამოკიდებულება აქვს კრემლის რეჟიმს ჩინეთის ავტორიტარულ ხელისუფლებასთან. ვლადიმერ პუტინის აზრით, მოსკოვისათვის პეკინთან კავშირების გაფართოება პარტნიორობის განმტკიცების შემადგენელი ნაწილია, თუმცა იმასაც გულისხმობს, თუ როგორ უნდა დაემხოს ერთობლივი ამბიციებით, კოლექტიურად, დღეს არსებული გლობალური გეოპოლიტიკური სტატუს კვო.

ვლადიმერ პუტინი მართალია ერთში და არასწორია -მეორეში. დიახ, რუსეთი და ჩინეთი პარტნიორები არიან და მათი ნებაა კავშირების გაფართოება, მაგრამ ეს მხოლოდ დროებით მოვლენას წარმოადგენს. სულ მალე, როგორც ჩანს, ჩინური დრაკონი განიზრახავს, თავის ამჟამინდელ პარტნიორს და მოკავშირეს თავს დაესხას და საომარი მოქმედებები დაიწყოს.

ეკონომიკური თვალსაზრისით, მოსკოვ-პეკინის ურთიერთობა ფუნდამენტურად ტრანსაქციურია, მას უთანასწორო ხასიათი აქვს და, საბოლოო ჯამში, რუსეთის რეგიონულ ხელისუფლებაზე (ციმბირში და შორეულ აღმოსავლეთში) დამასუსტებელ გავლენას ახდენს. მხოლოდ ციმბირში (განსაკუთრებით მის აღმოსავლეთ ნაწილში) ჩინეთის ეკონომიკური გავლენა ორგანულად იზრდება - საქმიანი ინტერესების მატებით, მიგრაციული ნაკადით და, მათთან ერთად, ორგანიზებული დანაშაულებრივი სტრუქტურების (ჩინური მაფიის) ჩამოყალიბებით, რასაც ვლადიმერ პუტინიც აღიარებს.

ვლადიმერ პუტინის რუსეთი „რესურსობრივი წყევლის“ სინდრომის ნებაყოფლობით მსხვერპლად შეიძლება ჩაითვალოს, როცა ნავთობისა და გაზის მასშტაბური ექსპორტი მილიარდობით შემოსავალს იძლევა, რომელიც, თავის მხრივ, უკრაინაში უაზრო ომის გაგრძელებაზე იხარჯება და რუსეთის მოსახლეობის კეთილდღეობას არ ემსახურება.

ამ ტენდენციას სულ მეტად აღიარებენ თვით რუსეთშიც. ვლადიმერ პუტინის რეჟიმის მთავარმა პროპაგანდისტმა და მხარდამჭერმა ვლადიმერ სოლოვიოვმა - რომელიც, ალბათ, მსჯელობის დროს ბალანსის დაცვას ცდილობდა - ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ არ არის გამორიცხული, რუსეთი ზედმეტად დამოკიდებული გახდეს ჩინეთზეო, მაგალითად, რიგ დარგებში - ავტომობილებისა და დრონების მაღალტექნოლოგიური დეტალების იმპორტში. მაგრამ ვლადიმერ სოლოვიოვს ბევრი რამ არ უთქვამს: რუსეთი უფრო მეტად არის დამოკიდებული ჩინეთზე, ვიდრე ამას რუსულ საზოგადოებაში ფიქრობენ. რუსეთს არ შეუძლია ბევრი ისეთი პროდუქციის წარმოება, რომლებიც ომისთვის არის აუცილებელი და ამიტომ, კრემლი ჩინეთის იმედად რჩება.

როგორც ჩანს, დადგება დრო, როცა „პარტნიორობა“ ადგილს მტრობას დაუთმობს, როცა პეკინი თავის უპირატესობას გამოიყენებს, მოსკოვის მიმართ. ამას წინათ ტაივანის პრეზიდენტმა საკმაოდ თამამად განაცხადა: თუ ჩინეთის კომუნისტურ პარტიას ტერიტორიული პრეტენზიები აქვს ტაივანთან, მაშინ პეკინმა, ლოგიკურად, პრეტენზიები უნდა წაუყენოს რუსეთსაც და კრემლს წინასაუკუნეებში წართმეული მიწების დაბრუნება მოსთხოვოსო.

გარკვეული თვალსაზრისით, მიწების დაბრუნების პროცესი უკვე მიმდინარეობს. აღმოსავლეთ ციმბირის რეაბსორბცია (შთანთქმა) ჩინეთის მიერ უკვე აშკარაა. ტუვაში ციმბირის ის სკოლა, სადაც ვლადიმერ პუტინი ბავშვებს ჩინური ენის სწავლის სიკეთეზე ესაუბრებოდა, აშენებულია და დგას იმ მიწაზე, რომელიც მე-19 საუკუნის დასაწყისში ჩინეთის ხელისუფლებას ეკუთვნოდა. პუტინს უყვარს ციმბირის მდინარეებზე, განსაკუთრებით - ტუვაში, შიშველი ტორსით პოზირება, ცხენზე ამხედრებული სახით... და თუ სი ძინპინი თავისას მიაღწევს (ტერიტორიების დაბრუნებას), მაშინ იგი რუსეთის თვითმპყრობელს ან საერთოდ გახდის ტანსაცმელს, ან მას ჩინურით შეუცვლის.

თუმცა ეს გრძელვადიანი პროცესია, ამჟამად კი ჩინეთი, დასავლეთის მცდელობის მიუხედავად, ჯერჯერობით, „სტატუს კვო სახელმწიფოდ“ რჩება ანუ ისეთ ქვეყნად, რომელიც ამჟამინდელ საერთაშორისო წესრიგს იცავს და რუსეთთან და დასავლეთთან უშუალო კონფლიქტში არ შედის. საერთოდ კი, სი ძინპინის ჩანაფიქრით, დადგება დრო, როცა ჩინეთი ამერიკის ჰეგემონიას ჩაანაცვლებს.

ამჟამად ჩინეთ-რუსეთის ურთიერთობა მრავალფეროვანია - არის თანამშრომლობაც, არის, აგრეთვე, გარკვეული, შეუმჩნეველი კონკურენციაც. დღეისათვის ჩინელი კომუნისტები თავისთვის სასარგებლოდ თვლიან, რომ ხელი შეუწყონ ვლადიმერ პუტინს დასავლეთთან კონფრონტაციაში - სანამ პეკინი წყნარი ოკეანის რეგიონში საკუთარ ინტერესებს აგვარებს. გარდა ამისა, იქმნება შთაბეჭდილება, რომ პეკინი და მოსკოვი თანამშრომლობენ და კიდევ კონკურირებენ აფრიკის სახელმწიფოებზე გავლენის მოპოვების საკითხში.

და მაინც, როგორიც უნდა იყოს მოსკოვ-პეკინის ურთიერთობის წინააღმდეგობები, ამჟამად ორივე სახელმწიფო, ჩრდილოეთ კორეის ჩათვლით, მსოფლიოსათვის ერთობლივ ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს - დასავლეთი ამას კარგად აცნობიერებს: სწორედ ამიტომ ჯო ბაიდენმა ამერიკელ სამხედროებს უბრძანა, რომ მზად იყვნენ ბირთვული კონფრონტაციისათვის რუსეთთან, ჩინეთთან და ჩრდილოეთ კორეასთან. დიდი ბრიტანეთიც აუცილებლად უნდა შეუერთდეს აშშ-ის ძალისხმევას, წინააღმდეგ შემთხვევაში, დასავლეთი შეიძლება დამარცხდეს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო