"საკუთარი თავის" შეწირვით, მოწინააღმდეგის 45-ტონიან ტანკებსაც კი აფეთქებენ... დრაკონი-დრონები ისეთ ცეცხლს აფრქვევენ, რომ მათი წყლით ჩაქრობაც შეუძლებელი ხდება - კვირის პალიტრა

"საკუთარი თავის" შეწირვით, მოწინააღმდეგის 45-ტონიან ტანკებსაც კი აფეთქებენ... დრაკონი-დრონები ისეთ ცეცხლს აფრქვევენ, რომ მათი წყლით ჩაქრობაც შეუძლებელი ხდება

კამიკაძე-დრონებს ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი-დრონებიც მიემატნენ...

დრონებმა - უპილოტო, დისტანციურად მართვადმა საფრენმა აპარატებმა მნიშვნელოვნად შეცვალეს თანამედროვე ომებში საბრძოლო მოქმედებების ტაქტიკა...

დრონებმა, რომლებიც ომებში თავდაპირველად მხოლოდ სადაზვერვო ფუნქციებისთვის გამოიყენებოდნენ, მალევე აითვისეს მინიბომბების ზუსტად ჩამოყრის ტექნიკა და FPV კამიკაძე-დრონებადაც გადაიქცნენ, როდესაც „საკუთარი თავის“ შეწირვით, მოწინააღმდეგის 45-ტონიან ტანკებსაც კი აფეთქებენ...

რუსეთ-უკრაინის ფრონტზე ბოლო დღეებში გამოჩნდნენ ნაღმი-დრონებიც, როდესაც კვადროკოპტერებზე კუსტარულად დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მტრის ზურგში გზაზე თავსდება, სადაც მოწინააღმდეგე არანაირად არ ელის გზის დანაღმვას...

1-dra1-1725520066.png
უკრაინულმა დრაკონმა-დრონმა ტყის ქარსაცავი ზოლი გამოწვა...

თუმცა ის ნოუ-ჰაუ, რისი მასობრივი გამოყენებაც უკრაინულმა მხარემ დრონებზე სამი-ოთხი დღეა, დაიწყო, მართლაც რომ ცალკე აღსანიშნავია, რადგან მას, გარდა წმინდა საბრძოლო ეფექტიანობისა, თან სდევს დიდი ვიზუალური ეფექტიც, რომელიც არანაკლებ დამთრგუნველად მოქმედებს მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის საბრძოლო სულისკვეთებაზე...

ჩვენ არა ერთხელ აღგვინიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის ერთ-ერთი თავისებურება იმაშიცაა, რომ აღმოსავლეთ ფრონტზე, დონბასში, სადაც, უმეტესწილად, სტეპებია, მოწინააღმდეგე მხარეები სანგრებსა და ბლინდაჟებს, ძირითადად, ტყის საქარე ზოლში თხრიან, რომ მათი პოზიციები ზაფხულის პერიოდში ხეების ფოთლებმა დაფარონ.

და აი, უკრაინელმა სამხედროებმა ასეთი ტყის საქარე ზოლების თავზე თავიანთი დრონები გაუშვეს, რაშიც არაფერი სიახლე არ იქნებოდა, რადგან მინიბომბების ჩამომყრელი კვადროკოპტერები და fpv კამიკაძე-დრონები ისედაც ნადირობდნენ, ამ საქარე ზოლებში ჩასანგრებულ მოწინააღმდეგეზე, თუმცა ამჯერად ხეების კენწეროების თავზე მფრენი უკრაინული დრონებიდან... ცეცხლი იფრქვეოდა, ამ სიტყვების სრული გაგებით...

2-dra-1725520108.png
დრაკონი-დრონი ხეების კენწეროების თავზე მიფრინავს და ძირს ყრის ცეცხლმოკიდებულ ტერმიტულ ნაერთს...

სადაზვერვო დრონიდან გადაღებულ ვიდეოკადრებში მოჩანს, რომ ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი-დრონი ტყის საქარე ზოლის თავზე მიფრინავს და მისგან ძირს ცეცხლი ეცემა, თანაც ისეთი, რომელიც მიწაზეც არ ქრება და ხანძარს აჩენს მთელ საქარე ზოლში, რაც იქ თავშეფარებულების იძულებით გამოდევნას გამოიწვევს, გაშლილ მინდორზე...

ასეთ რა ცეცხლს აფრქვევენ ახალი უკრაინული დრაკონი-დრონები, რომ მათი წყლით ჩაქრობაც შეუძლებელი ხდება?

დრაკონი-დრონები ტყის საქარე ზოლის თავზე ყრიან ტერმიტულ ნაერთს, რომელიც რკინის ჟანგისა და ალუმინის ფხვნილის ნარევს წარმოადგენს, რომელიც აალების შემდეგ არანაკლებ 2300-2800°C-ის გამოყოფით იწვის და მათი ჩაქრობა არათუ წყლის დასხმით, არამედ - მიწის დაყრითაც (რათა ატმოსფეროდან ჟანგბადის მიწოდება შეუწყდეს) ურთულესია, რადგან ჟანგბადს თავად რკინის ოქსიდი შეიცავს (მაგალითად, 2Al + Fe2O3-ის ნარევი 2862°C-ის გამოყოფით იწვის).

ვიდეო: უკრაინული ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი-დრონი ტერმიტული ნაერთის გამოყენებით ცეცხლის ალში ხვევს ტყის საქარე ზოლს, რომლის ძირშიც რუს ოკუპანტებს სანგრები აქვთ გათხრილი...

"ნოუ-ჰაუს" მიუხედავად, ცეცხლისმფრქვეველი დრაკონი-დრონები საბრძოლო ეფექტიანობით მაინც ვერ დაჩრდილავენ FPV კამიკაძე-დრონებს, რადგან ცეცხლის ალში „გახვეული“ დრონის ხეების კენწეროების თავზე, დაბალ სიმაღლეზე და შედარებით მცირე სიჩქარით გადაადგილებისას ადვილდება მისი ფრენის ტრაექტორიის გამოცნობა და გადამღობი ავტომატური ჯერებით მისი დაზიანება/ჩამოგდება... თუ მანამდე „ცეცხლისმფრქვეველი დრაკონის“ მოფრენამ მოწინააღმდეგის ჯარისკაცები პანიკაში არ ჩააგდო და არ გააქცია...

დრონებიდან ტერმიტული იარაღის გამოყენების თემა არახალია, სწორედ ტერმიტულ მინიბომბებს ჰყრიდნენ დრონებიდან რუსი დივერსანტები ჯერ კიდევ 2015-2019 წლებში უკრაინის არმიის შეიარაღების საწყობებზე, რასაც არა ერთი მათგანის აფეთქება მოჰყვა - რუსეთი წინასწარ ემზადებოდა დიდი ომისთვის და ამ ხერხით უმცირებდა საბრძოლო საჭურვლის მარაგს მომავალ მსხვერპლს - უკრაინას...

რამდენიმე წლის წინ, როდესაც ბორჯომ-ხარაგაულის ტყის მასივში ერთმანეთისგან მოშორებით და ძალზე ძნელად მისადგომ ადგილებზე ერთდროულად ხდებოდა ტყის აალება, მაშინ ჩვენ გამოვთქვით ეჭვი, რომ შეიძლება საქმე გვქონოდა ეკოტერორიზმთან, სწორედ დრონებიდან ჩამოყრილი ტერმიტული მინიბომბების გამოყენებით...