სად დასაჯეს იოანე ნათლისმცემელი და რას გვეუბნება არქეოლოგია ბიბლიურ ადგილებზე?
„იყო იოანე უდაბნოში, ნათელს სცემდა და ქადაგებდა და ნათლის ცემას სინანულისას ცოდვათა მისატევებლად... ხოლო იოანეს ემოსა აქლემის ბეწვი და წელს ერტყა ტყავის სარტყელი, და ჭამდა კალიებს და ველურ თაფლს. ქადაგებდა და ამბობდა: მოდის ჩემს შემდგომ ჩემზე უძლიერესი, ვის წინაშეც არა ვარ ღირსი დავიხარო და გავხსნა მისი ხამლის საკვრელი. მე თქვენ ნათელს გცემთ წყლით, ხოლო ის ნათელს გცემთ თქვენ სულის წმინდით“ (მარკ. 1;4; 6-8)
ეს ამბავი ხდება ბეთაბარაში, მდინარე იორდანესთან. იესო მაცხოვარი მივიდა ნათლობის მისაღებად.
„მეორე დღეს დაინახა იოანემ მისკენ მიმავალი იესო და თქვა: აჰა, ტარიგი ღმრთისა, რომელიც იტვირთავს ქვეყნის ცოდვებს. მე არ ვიცნობდი მას; მაგრამ რათა მოვლენოდა ისრაელს, სწორედ ამისთვის მოვედი წყლით ნათლის ცემად“ (იოან. 1;29-31)
მეცნიერებისთვის ბეთაბარას ზუსტი ადგილმდებარეობა დღეისათვის არ არის დადგენილი. მე-16 საუკუნიდან იგი დაკავშირებულია ადგილთან, სადაც დღეს წმინდა იოანეს მონასტერი მდებარეობს, რომელიც თანამედროვე ბეით-აბარიდან ერთი კილომეტრის, ხოლო იერიხონიდან 10 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.
უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მეცნიერებაში იოანე ნათლისმცემლის ისტორიულობა ეჭვს არასოდეს იწვევდა. არაერთი მკვლევარის აზრით, საბჭოთა პერიოდშიც კი, როდესაც სოციალისტური ათეიზმი იყო დამკვიდრებული იოანე ნათლისმცემლის ისტორიულობაზე ეჭვი არ შეუტანიათ. იოანე ნათლისმცემლის შესახებ ცნობებს გვაწვდის ოთხივე სახარება და იოსებ ფლავიუსი თავის „იუდეველთა სიძველენში“ იოანე ნათლისმცემელი იესო ქრისტეს წინამორბედია, რომელმაც მესიის (ქრისტეს) მოსვლა იწინასწარმეტყველა.
იოანე შორეულ ნათესავად ეკუთვნოდა იესოს და მასზე სულ 6 თვით იყო უფროსი. იგი ძველი აღთქმის ელიას მსგავსად ცხოვრობდა უდაბნოში, ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მათი ცოდვების მონანიებისკენ. იოანე ნათლისმცემელი იმისთვის მოვიდა დედამიწაზე, რომ ხალხი ქრისტეს მოსვლისთვის მოემზადებინა.
მკვლევარების თქმით - იოანე ნათლისმცემლის რელიგიური მრწამსის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ იგი ახლოს იდგა ესეელებთან. შესაძლოა იყო კუმრანის თემის წევრი. მეცნიერთა ნაწილი მას ესეელთა „სამართლიანობის მასწავლებელთან“ აიგივებს.
როგორც იოანე ფლავიუსი მოგვითხრობს, იოანე ნათლისმცემელი დასჯილ იქნა ჰეროდე ანტიპას მიერ.
იოანე ნათლისმცემელი საჯაროდ ამხელდა ჰეროდე ანტიპას და ჰეროდეადას ქორწილს, რომელიც ჰეროდეს ძმის ფილიპეს ცოლი იყო ძმის სიცოცხლეში, რაც აკრძალული იყო ბიბლიის კანონების მიხედვით. ჰეროდე ანტიპას ეშინოდა იოანე ნათლისმცემლისა და ერიდებოდა მის დასჯას. იგი აუხსნელ პატივისცემას გრძნობდა მის მიმართ, ზოგჯერ საუბრობდა და რჩევასაც ეკითხებოდა, რასაც ვერ ვიტყვით ჰეროდეს მეუღლე ჰეროდიადაზე. სწორედ მის გამო ჩასვეს იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში. ჰეროდეს დაბადების დღეს ჰეროდეადას ასულმა სალომეამ (სახელი ცნობილია იოსებ ფლავიუსის მიხედვით) იცეკვა ჰეროდეს წინაშე და მოხიბლა იგი, რომელიც, თავის მხრივ, შეპირდა ნებისმიერი სურვილის შესრულებას...
იოანე ნათლისმცემელს თავი მოკვეთეს. მისი გარდაცვალების წელი სახარებაში მოცემული არ არის. იქ უბრალოდ საუბარია იმის შესახებ, რომ იოანე ნათლისმცემელი ჰეროდეადას ასულის ცეკვის შემდეგ იქნა მოკლული მისი მამინაცვლის დაბადების დღეს. მაგრამ სამწუხაროდ, არც ჰეროდე ანტიპას დაბადების დღის თარიღია მეცნიერებისთვის ცნობილი. იოანე ნათლისმცემლის გარდაცვალების თარიღად მიჩნეულია ქრისტეს ჯვარცმამდე პერიოდი.
იოსებ ფლავიუსის მიხედვით, ეს ახალი წელთაღრიცხვის 36 წლამდე მოხდა. იოსებ ფლავიუსი იმასაც გვეუბნება, რომ ზოგიერთებმა ნახეს ჰეროდე ანტიპას აღსასრული ღვთის მიერ, რომელიც მან იოანე ნათლისმცემლის დასჯისთვის მიიღო.
ჰეროდე ანტიპას ჯარი ახ. წ. 37 წელს გაანადგურა მისმა სიმამრმა, ნაბატეველთა მეფემ არეფამ, რომელმაც ჰეროდე ანტიპას წინააღდეგ გაილაშქრა თავისი მეორე ქალიშვილის შეურაცხყოფის გამო (ჰეროდემ ჰეროდეადა მიატოვა და მის დას მიაყენა შეურაცხყოფა). რომის იმპერატორმა კალიგულამ ჰეროდე გალიაში გადაასახლა ცრუ (რომის წინააღმდეგ შეთქმულების) ბრალდებით, სადაც იგი გარდაიცვალა ორ წელიწადში.
იოსებ ფლავიუსის მიხედვით, იოანე ნათლისმცემლის დასჯა მარეხუნის ციხე-სიმაგრეში მოხდა. ეს არის მოაბელთა მთიანეთი. არაბულად - „დაკიდებული სასახლე“. ეს ციხე-სიმაგრე აგებული იყო იუდეველთა მეფის ალექსანდრეს მიერ (ძვ. წ. 103-76 წ. წ.) ხასმონიანთა დინასტიიდან, რომელმაც კარგად შეაფასა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ადგილი. ასი წლის შემდეგ ჰეროდე დიდმა მთის წვერი კედლით შემოსაზღვრა და კუთხეებში კოშკები ააგო, ხოლო ცენტრალურ ნაწილში მშვენიერი სასახლე ააშენა მდიდრულად მორთული ოთახებით. ამის გარდა ჰეროდე დიდის ბრძანებით გაკეთდა სპეციალური ცისტერნები ალყის დროს ციხე-სიმაგრის წყლით მომარაგებისთვის.
მარეხუნის ციხეს არაერთხელ გაუძლია მტრის შემოსევებისთვის, მაგრამ იგი ისტორიაში იოანე ნათლისმცემელთან დაკავშირებული მოვლენით შევიდა, როგორც სიმბოლო მეფის შიშისა უდიდესი წინასწარმეტყველის მიმართ.
დღესდღეობით მარეხუნის ციხე-სიმაგრიდან შემორჩენილია მხოლოდ ნანგრევები წარსულ დღეთა მოსაგონებლად. მარეხუნის ბორცვის თავზე ჩანს მცირე ზომის ჩაღრმავება, საიდანაც ვიწრო დერეფნით შეიძლება მოხვდეთ მღვიმეში, რომელიც უამინდობის დროს მწყემსთა თავშესაფარს წარმოადგენს. მღვიმის კედლები აშკარად ხელოვნური წარმოშობისაა. ნათელია, რომ ოდესღაც ციხე-სიმაგრის მიწისქვეშეთი (ჯურღმული) იყო, სადაც მოათავსეს იოანე ნათლისმცემელი. ამ საშინელი მდგომარეობის მიუხედავად, იგი მაინც ვერ გატეხეს. იოანე ნათლისმცემლის ხმა მაინც ვერ ჩაახშეს.
იოსებ ფლავიუსიც კი, რომელსაც არაერთი კვლევა აქვს ამ მიმართულებით, თურმე არ იყო ქრისტიანობის მომხრე, მიუხედავად ამისა დიდი პატივისცემით წერს მასზე, იოანე ნათლისმცემელზე და მას მართალ ადამიანს უწოდებს.
11 სექტემბერს იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს აღნიშნავს ქრისტიანული საზოგადოება.