"ჩემი შეყვარებული ყოფილი მსაჯია. ერთხელ, წარბი გამისკდა და ისე ინერვიულა, თამაშიდან გამაგდო, მოედანზე აღარ დამაბრუნა... მე და ჩემი და ერთმანეთს ვხოცავთ ყველა მატჩზე, ემოციები პიკშია" - კვირის პალიტრა

"ჩემი შეყვარებული ყოფილი მსაჯია. ერთხელ, წარბი გამისკდა და ისე ინერვიულა, თამაშიდან გამაგდო, მოედანზე აღარ დამაბრუნა... მე და ჩემი და ერთმანეთს ვხოცავთ ყველა მატჩზე, ემოციები პიკშია"

მსოფლიოს მასშტაბით ძნელად თუ მოძებნით (ან საერთოდ მოიძებნება თუ არა) რაგბის ნაკრებს, სადაც დები თამაშობენ.

ქართულ 7-ქალა რაგბის კი მანო (მანონი) და სალომე საღარაძეები ჰყავს. დები ფეხბურთსაც თამაშობენ. წელს მანო ევროპის მასშტაბით საუკეთესო მორაგბედ დასახელდა.

სალომე:

- 17 წლის ვიყავი, რაგბიზე სიარული რომ დავიწყე, მანამდე 5 წელი ფეხბურთს ვთამაშობდი. ერთ დღეს თანაგუნდელმა მითხრა, მორაგბე გოგონების თამაშზე წავიდეთო. წავედით და ისე მომეწონა, იმ დღის მერე ამ სპორტში დავრჩი, შემდეგ მანოც მივიყვანე. დღეს რაგბიში მეტად ვარ, ვიდრე - ფეხბურთში.

მანო:

- პირველი ნაბიჯები ძალიან რთული იყო, მაგრამ დიდი სურვილი მქონდა, ჩემი შესაძლებლობები გამომეცადა. როგორც აღმოჩნდა, ამ საქმის კეთება შემეძლო. სალომესთან ერთად ვარჯიში დავიწყე. მქონდა როგორც ინდივიდუალური, ასევე გუნდთან ერთად ვარჯიშები. სალომე ძალიან ბევრს მავარჯიშებდა, ლამის 24 საათი სტადიონზე ვიყავით.

- რით გახდა ეს სპორტი მიმზიდველი და საინტერესო?

- კაცს თუ შეუძლია რაგბიში მიაღწიოს წარმატებას, ქალს რატომ არ შეუძლია? შეიძლება ითქვას, რომ სტერეოტიპების მსხვრევა დავიწყე. როდესაც ვთქვი, რომ რაგბის თამაში დავიწყე, ამ ამბავმა დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. მეგობრები, ახლობლები მეუბნებოდნენ, გოგო ხარ, რაგბიზე რა გინდა? ცოტა ქალური სპორტი აირჩიეო. მოვინდომე ამ ადამიანებისთვის დამემტკიცებინა, რომ ცდებოდნენ და მგონი გამომივიდა.

- როგორი იყო მშობლების რეაქცია?

სალომე:

- მშობლები ყველა ეტაპზე მხარს გვიჭერდნენ. მამას პირველად რომ ვუთხარი, რაგბიზე ვარჯიში დავიწყე-მეთქი, სიცილით მითხრა, - შენ ცოტათი გიჟი ხარო. მშობლებთან არანაირი პრობლემა არ გვქონია. ისინი გვეუბნებდნენ, თქვენი ცხოვრებაა და როგორც გინდათ, ისე წარმართეთო. არც დედას და არც მამას არანაირ სპორტთან შეხება არ ჰქონიათ.

- სტადიონზე საგულშემატკივროდ დადიან?

- ვერ დადიან, ემოციურად იმდენად განიცდიან. მხოლოდ წელს შეძლეს მოსვლა. ამბობენ, ვინმე რომ დაგეჯახებათ და რამე გეტკინებათ, არ გვინდა, ამას ვუყუროთო.

- მანო, როგორი იყო შენი ემოცია, როდესაც საუკეთესო მოთამაშედ დაგასახელეს?

მანო:

- 2022 წელს „საქართველოს საუკეთესო მორაგბე“ გავხდი და წელს 12 გუნდს შორის „ევროპის საუკეთესო მოთამაშედ“ დამასახელეს. ძალიან ემოციური მომენტი იყო. ჩემთან ერთად ისეთი მაგარი გოგონები თამაშობდნენ, არც კი ველოდი, რომ საუკეთესოდ მე დამასახელებდნენ, მაგრამ სტადიონზე ჩემი გასაკეთებელი გავაკეთე. მოედანზე ყოველი შესვლისას ვამტკიცებ, რომ შემიძლია ვითამაშო, რომ რაგბი ქალების თამაშიც არის...

სალომე:

- მანოს აღიარებით ისე ძალიან გავიხარე, როგორც ჩემი დასახელებისას გავიხარებდი. ტირილი დავიწყე. ჩემს დას რომ შევხედე, გაუაზრებლად იყურებოდა, მგონი ვერც ხვდება, რა მოხდა-მეთქი და დავუძახე, - დროზე გადი-თქო. ვერ აღვწერ, ისეთი ბედნიერი ვიყავი.

- როცა ადამიანებს ეცნობით და იგებენ, მორაგბე ხარ, როგორია რეაქცია?

- ისეთი აღნაგობა მაქვს, ჩემი დანახვისას ვერ იფიქრებ, რომ სპორტსმენი ვარ. როცა იგებენ, ამბობენ, - ამ პატარა გოგომ რა უნდა ითამაშოსო? ცოტა ხნის წინ საავადმყოფოში, ფეხზე რენტგენი უნდა გადამეღო. მელოდებოდნენ, კონკრეტულ დროზე ვიყავით შეთანხმებული. კაბინეტში რომ შევედი, ბოდიში მომიხადეს, - წუთი წუთზე მორაგბე გოგო უნდა შემოვიდეს, გარეთ დაგველოდეთ და თქვენ შემდეგ მიგიღებთო. ვუთხარი, ის მორაგბე გოგო, ვისაც ელოდებით, მე ვარ-მეთქი, მაგრამ დაჯერება გაუჭირდათ, როგორი პატარა და გაწრიპული ხარო.

მანო:

- გაოცებას ხშირად ვერ ფარავენ და მეკითხებიან, როგორ თამაშობო? როდესაც ვეუბნები, საუკეთესო მოთამაშე ვარ, მერე უხარიათ.

- რაგბიში რომელ პოზიციაზე თამაშობთ?

სალომე:

- 9-ზე და 10-ზე ბურთის გამთამაშებელი, გამანაწილებელი პოზიციაა. ეს პოზიცია მოითხოვს კარგ ხედვას, სწორი გადაწყვეტილება რომ გააკეთო.

მანო:

- 9 ნომერზე, გამქცევი ვარ.

- სისწრაფე შენი ძლიერი მხარეა?

- რა თქმა უნდა, ეს ამ საქმეში უმნიშვნელოვანესია.

- როგორი ადამიანები ხართ ცხოვრებაში და როგორი მოთამაშეები მოედანზე, განსხვავება იგრძნობა?

- ცხოვრებაში მშვიდი ვარ, მოედანზე - ხისტი, ემოციური.

სალომე:

- ჩემს შემთხვევაში, ამ "ორ სალომეს" შორის განსხვავება ძალიან დიდია. ცხოვრებაში მშვიდი ვარ, გაწონასწორებული, უემოციო და მოედანზე - სრულიად განსხვავებული. ფეხბურთში უფრო მშვიდი მოთამაშე ვარ, მაგრამ რაგბიში ხანდახან თავს ვერ ვთოკავ და რაღაცები წამომცდება ხოლმე, მაგრამ არასპორტულად არასდროს ვიქცევი. ხანდახან მოედანზე მეტად ვეცნობი ხოლმე საკუთარ თავს, ხანდახან გაკვირვებულიც ვრჩები.

- ხშირად კამათობთ?

- ყველა თამაშზე ერთმანეთს ვხოცავთ, ემოციები პიკშია.

მანო:

- ყველა თამაშის წინ ძალიან დიდი ნერვიულობა გვაქვს. ზოგჯერ თითქოს შიში შემიპყრობს და ამ დროს სალომე რომ მეტყვის, დამშვიდდი, შენი გასაკეთებელი გააკეთე მოედანზეო, ცოტათი ვმშვიდდები, მაგრამ სანამ პირველ ბურთს არ მივიღებ, სანამ პირველი კონტაქტი არ შედგება, მაინც დაძაბული ვარ, მერე თითქოს ჩემში ყველაფერი ლაგდება და მეტად მობილიზებული ვხდები.

- თამაში, რომელიც გამორჩეულად გახსოვთ, რომელია?

- ფინეთთან თამაში. თუ ამ შეხვედრაში გავიმაჯვებდით, ფინალში გავდიოდით. როცა მოვიგეთ, ყველანი შოკში ვიყავით, მოედანზე ვტიროდით. დღემდე გამოყოლილი მაქვს მაშინდელი ემოციები.

სალომე:

- ფინეთთან, უნგრეთთან, ინგლისთან თამაშები გამორჩეულად მახსოვს. ინგლისის ნაკრებთან პირველი ტაიმი ისეთი დიდი სხვაობით მოვიგეთ, თავად ისინიც შოკში იყვნენ. მოწინააღმდეგეს დიდი გოგონები ჰყავდათ, ჩვენ საოცარი "ჟილკა" გვქონდა, ისეთი მონდომებით დავუდექით, გაკვირვებულები ლაპარაკობდნენ, ამ პატარა გოგონებმა რა გვიქნესო.

- სხვა ქვეყნების ნაკრებებთან შედარებით, აღნაგობით მართლა პატარები ხართ?

- კი, ასეა, ჩვენთან თითქმის ყველა გოგო, 1-2 გამონაკლისის გარდა, პატარა, გამხდრები ვართ, მაგრამ ძალით არავისზე ნაკლებები არ ვართ. რომ შემოგვხედავენ, ფიქრობენ, როგორი სუსტები არიანო, ეს მგონი მათ ადუნებს კიდეც და მერე სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდებიან.

- გუნდში როგორი დამოკიდებულება გაქვთ, მეგობრობთ?

- ძალიან ჯანსაღი ურთიერთობა გვაქვს, ვმეგობროთ, კარგი ბავშვები არიან. ეს ბუნებრივია, ჩვენს საერთო მიზანზე დიდ გავლენას ახდენს.

მანო:

- ჩვენ დაგეგმილი გვაქვს, თვეში ერთხელ მაინც სადმე წავიდეთ, უფრო შეკრულები და მეგობრულები რომ ვიყოთ, ეს მოედანზე ძალიან გვადგება.

- რაგბის პარალელურად, ფეხბურთსაც თამაშობთ, ეს რთული არ არის?

- ხანდახან მერევა და ფეხბურთის თამაშის დროს ბურთი ხელითაც დამიჭერია (იცინის). რაგბიში გამომუშავებული სისწრაფე ფეხბურთში ძალიან მეხმარება. დილის 8 საათზე რაგბიში მაქვს ვარჯიში, 11-ზე – ფეხბურთში, მწვრთნელები მაქსიმალურად მიწყობენ ხელს. ახლა "ელიტაში" ვთამაშობ, შარშან მეორე ლიგაში ვიყავი, წელს ამოვედით პირველ ლიგაში, ჯერ მე-5 ადგილზე ვართ, მაგრამ გვაქვს შანსი, მესამეზე გადავინაცვლოთ. ფეხბურთში მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ვთამაშობ.

- რაგბი თუ ფეხბურთი? რომელი უფრო შენია?

- ვერ განვასხვავებ, ორივე მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე რაგბი პირველ ადგილზე მიყენია.

სალომე:

- მე ქუთაისის "მართვეში" ვთამაშობ.

- ერთმანეთს მოედანზე როგორც მოწინააღმდეგე გუნდები ხვდებით?

მანო:

- დიახ, მაგრამ სტადიონზე სალომეს ვუფრთხილდები, რამე ტრავმა არ ავკიდო. მე ცოტათი უხეში მოთამაშე ვარ, სალომე ასეთი არ არის. რაგბიში ერთმანეთის გარეშე არ შეგვიძლია.

- დამღლელი ვარჯიშების შემდეგ, ენერგიის აღდგენას როგორ ახერხებთ?

სალომე:

- რეჟიმის დაცვით, მაგრამ უმეტესობა ამას ვერ ახერხებს, ზოგიერთი მსაჯობს, ზოგიერთი კომისრობს, სხვა საქმეებითაც ვართ დაკავებული.

- თქვენ რას საქმიანობთ?

- ჩვენ მწვრთნელები ვართ, კომისრებიც და ორივე რესტორანში ვმუშაობთ.

- პირად ცხოვრებაზე შეიძლება გკითხოთ?

- ჩემმა შეყვარებულმა გაცნობის დღიდან იცის, რომ რაგბის ვთამაშობ. ამით მოხიბლული არის თუ არა, ჩემს გადაწყვეტილებას პატივს სცემს და ყველანაირად ცდილობს, ხელი შემიწყოს. მისი მხრიდან დაბრკოლება არასდროს მქონია.

- თამაშებს ესწრება?

- არა. ეს ადამიანი ყოფილი მსაჯია. ერთხელ შიდა ტურნირზე ჩემს თამაშზე მსაჯობამ მოუწია. ამ თამაშის დროს წარბი გამისკდა, მსუბუქი დაზიანება იყო, ისეთი არაფერი დამმართნია, მაგრამ მაინც ინერვიულა. თამაშიდან გამაგდო, მოედანზე აღარ დამაბრუნა. უკვე აღარ მსაჯობს.

მანო:

- ჩემი შეყვარებული ყველა თამაშს ესწრება, მამხნევებს და უდიდეს მოტივაციას მაძლევს. მეუბნება, რომ არ უნდა შევშინდე, რომ ყველაფერი გამომივა. თავად სპორტსმენი არ არის, საერთოდ შეხება არ აქვს.

- როდესაც ის მოედანზეა, ეს შენს თამაშზე აისახება?

- თითქოს უფრო მეტი ძალა მაქვს.

- რას ურჩევთ გოგონებს, რომლებიც ახლა დგამენ ამ სპორტში პირველ ნაბიჯებს, შეიძლება მათაც ეუბნებიან, რაგბი გოგოს საქმე არ არისო.

- გოგონებო, ჩვენ ყველაფერი შეგვიძლია, მთავარია, არ დაიშუროთ ძალა და მონდომება. იშრომეთ და თქვენს მიზნამდე აუცილებლად მიხვალთ!

სალომე:

- კარგია, რომ ბოლო დროს გოგონების ინტერესი ამ სპორტისადმი გაიზარდა. ხშირია შემთხვევა, როცა მშობლებიც რეკავენ და ამბობენ, - გვინდა ჩვენი გოგო რაგბიზე მოვიყვანოთ.

p.s. გამოყენებულია ლევან ვერძეულის ფოტოები

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"