"კანში სტივ ჰარვისთან შეხვედრა ჩემთვის დაბადების დღის დიდი საჩუქარი იყო ღმერთისგან... მონაკოში ყოფნისას, აუზზე ქალბატონი გავიცანი, რომელიც ოლიმპიადის შოუების ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო"
სოფი ნურაშვილი საზოგადოებამ ტელეშოუებიდან გაიცნო:
ჯერ რეალითი შოუში მონაწილეობდა, შემდეგ - კულინარიულში. მისი პიროვნების მიმართ ინტერესი არ იკლებს, მით უმეტეს, რომ სოფი სოციალური ქსელის მომხმარებლებს ვლოგებს ხშირად უზიარებს. ივლისში სოფის "ახალი წელი" დაიწყო და მის ცხოვრებას უკვე ბევრი სასიამოვნო ეპიზოდი შეემატა...
- ჩემთვის ახალი წელი ყოველთვის ჩემი დაბადების დღით იწყება: ამ დღეს ხომ წელი მემატება, არა? ამიტომ ვფიქრობ, გასულ წელს რა გავაკეთე, ახალ სურვილებს ჩავიფიქრებ ხოლმე... ზოდიაქოს ნიშნით "ლომი" ვარ (ივლისში დავიბადე). შესაბამისად, ივლისი-აგვისტო ზოდიაქოს ჩემი ნიშნის მთავარი თვეებია. ტრადიცია მაქვს, რომ ყოველ წელს, დაბადების დღე - ჩემი "ახალი წელი" განსაკუთრებულ ადგილას აღვნიშნო. მაგალითად, 25 წლის რომ გავხდი, ბურჯ-ხალიფაზე, 149-ე სართულზე აღვნიშნე, 26-ე დაბადების დღე - პარიზში, ახლა კი, 27-ის რომ გავხდი, გადავწყვიტე, მონაკოში აღმენიშნა, რომელიც დედამიწის ეპიცენტრია, სადაც სიმდიდრე, კარგად ყოფნა "ტრიალებს". საკმაოდ დატვირთული და რთული წელი მქონდა: როგორც იცით, შარშან, ჩემი დაბადების დღის მერე, ჯერ იბიცაზე ვიყავი, შემდეგ ჩამოვედი და რეალითი შოუ დაიწყო, რომელშიც 3 თვე გავატარე... მერე ბინის რემონტი დავიწყე, ოპერაციების გაკეთება დამჭირდა, ახალი საკუთარი კომპანია დავაარსე - ამაზე ვმუშაობდი... შესაბამისად, კარგი, დამსახურებული შვებულება ნამდვილად მეკუთვნოდა - ასე მგონია.
- სოციალურ ქსელში, სტივ ჰარვისთან შენი შეხვედრის ამსახველი ვიდეო ვნახე. მოგვიყევი ამ შეხვედრის შესახებ...
- იმ დროს კანში ვისვენებდი. იქ პატარა, ოჯახური ტიპის რესტორანში, მე და ჩემს დაქალს ლანჩის ტრადიცია გვქონდა. ერთ ჩვეულებრივ, აგვისტოს ცხელ დღეს ლანჩს მივირთმევდით. უცებ დავინახე, რესტორანში ქალბატონი შემოვიდა. სტივ ჰარვის ცოლი - მარჯორი მაშინვე ვიცანი, ისეთი განსაკუთრებული გარეგნობა აქვს. ასე ვთქვათ, თვალი თვალში მოგვიხვდა. სუნთქვა შემეკრა... უკან მოჰყვა ძალიან მაღალი მამაკაცი, რომელსაც დიდი ულვაში ჰქონდა, სათვალე ეკეთა და ქუდი ეხურა. რთული იყო, სტივ ჰარვი გეცნო, თუ მისი თაყვანისმცემელი არ იყავი. სტეიკი ხელიდან გამივარდა - მაშინვე ვიცანი! მინდოდა, მასთან გავქცეულიყავი, მაგრამ შინაგანმა ხმამ და კულტურამ მიკარნახა, - არ შეიძლებაო (სტივ ჰარვის დაცვა ჰყავდა)... ვაცადე, მაგიდასთან დამსხდარიყვნენ, მაგრამ რომ გავიაზრე, მე და სტივ ჰარვი ერთსა და იმავე რესტორანში ვიყავით და ის გვერდით მაგიდასთან იჯდა, იქაურობას წრეები ვურტყი. პატივისცემის განცდა მქონდა - მაშინვე ხომ არ მივვარდებოდი და საჭმელს ჩანგლიდან ხომ არ გავაგდებინებდი?! თუმცა, ამის მკადრებელიც ვიყავი (იცინის). თვალი გასასვლელისკენ მეჭირა, რომ ჩემთვის რესტორნიდან არ გაესწროთ. მიმტანებმა შემნიშნეს. მათ ვთხოვე, - უთხარით, ისე არ გავიდეს, რომ არ შევხვდე-მეთქი. - არ გვგონია, უარი თქვასო... მოკლედ, ველოდე, სანამ იქეიფეს, გასინჯეს პიცა, კარბონარა... ალბათ, ჩემს ცხოვრებაში ყველაზე გრძელი 1 საათი იყო! რესტორნიდან გასვლისას, სტივ ჰარვიმ გამიღიმა (ჩემი დაქალიც შოკში იყო. ამიტომ სიტუაციის კამერით გადაღება გვიან დაიწყო) და მაშინვე თავი გასწია. - ეს ჩემი შანსია-მეთქი, გავიფიქრე, მაგიდას ორივე მუშტი დავარტყი და წამოვხტი, - ბატონო სტივ-მეთქი!.. ლამის გული გაუსკდა, შემომხედა (იცინის)... "დაცვა" მოვიდა. ვუთხარი, - ბატონო სტივ, არ მჯერა, რომ ახლა რეალობაში გხედავთ. ვიცი, გაწუხებენ, მაგრამ თავს ვერ შევიკავებ, აუცილებლად უნდა მოვიდე-მეთქი! - გაეღიმა. მივვარდი: საქართველოდან ვარ. უამრავი გულშემატკივარი გყავთ, ვიცი, არც პირველი ვარ და არც - უკანასკნელი. არც მინდა, რომ შეგაყოვნოთ, მაგრამ ეს ჩემი ერთადერთი შანსია, რომ თქვენ მიმართ ჩემი უზარმაზარი პატივისცემა და თაყვანისცემა გამოვხატო-მეთქი. მისმენდა. დიდი მადლობა, ძალიან ლამაზი გოგონა ხარო, - მითხრა. თავაზიანი იყო. მისგან სასიამოვნო აურა "მოდიოდა". ბავშვობიდან მის გადაცემებს ვუყურებდი და მომწონდა. მასთან პირადად შეხვედრა ჩემთვის დაუჯერებელი იყო!.. მისი ცოლიც არ გამომრჩა, - თქვენი სიყვარულის ამბავზე ვგიჟდები! ეს იმედს მაძლევს, რომ სიყვარული მართლაც არსებობს-მეთქი, რადგან ამ წყვილმა მართლა ბევრ დაბრკოლებას გაუძლო... მოკლედ, ეს შეხვედრა ჩემთვის დაბადების დღის ძალიან დიდი საჩუქარი იყო ღმერთისგან, რადგან სტივ ჰარვის რეალურად ხილვით უდიდესი მოტივაცია მივიღე.
- როგორც ცნობილია, სტივ ჰარვის შესაძლებლობებში მის მასწავლებელს ეჭვი ეპარებოდა და ამის შესახებ სტივსაც უთხრა, თუმცა მისთვის ეს მოტივაციის მიმცემი უფრო აღმოჩნდა. მსგავსი შემთხვევა თავად თუ გქონია - შენს შესაძლებლობებზე სხვის ნეგატიურ შეფასებას ზეგავლენა თუ მოუხდენია?
- რა თქმა უნდა. შეიძლება, მეგობარმა გითხრას, - არ გამოგივაო, მაგრამ ადამიანი ყოველთვის შინაგან ხმას უნდა ენდო და გახსოვდეს, თუ რაღაცის გჯერა, მოქმედება მთავარია! შეიძლება, ყოველთვის ისე არ გამოვიდეს, როგორც გინდა, მაგრამ დამიჯერე, როცა საქმეში შრომას, მონდომებას და გულს "ჩართავ", ათასმაგად უკეთ გამოგდის, ვიდრე წარმოგიდგენია. ყოველთვის ვამბობ, არ არის აუცილებელი, სხვებს მოუსმინოთ, მით უმეტს - მათ, ვინც შენზე უკეთ არ ცხოვრობს - ეს დოგმაა. ამიტომ ჟინი უნდა გქონდეს და ამ ჟინით სტივ ჰარვისაც პირადად შეხვდები და ლელა წურწუმიასაც (იცინის). სხვათა შორის, ქალბატონ ლელას გუშინ შევხვდი. ჩემთვის ესეც ოცნების ასრულება იყო! კონცერტის მერე, გამოსასვლელში შევეჩეხე და კულისებში მიმიპატიჟა, პირადად გავესაუბრე, ბევრი ვიცინეთ... ძალიან საყვარელი და თავმდაბალი ადამიანია... ბიონსეც ხომ ნანახი მყავს, არა? კიდევ ბევრ ადამიანს პირადად გავიცნობ: რაღაცნაირად, მადლია, როცა იმ ადამიანებს ხედავ, ვინც დიდ მოტივაციას გაძლევს, რადგან სხვებისგან მაგალითი უნდა ავიღოთ. მაგალითად, სტივ ჰარვი ავტომობილში ცხოვრობდა, დღეს კი - მულტიმილიონერია!.. საერთოდ, კანში მართლაც ბევრ ცნობილ ადამიანს ნახავ. მოოქროვილი "ფერარები" დადიოდნენ... ამ ყველაფრის ნახვით საკუთარ თავში დიდი ინვესტიცია ჩავდე. სხვათა შორის, იქ ბევრმა ქართველმა მიცნო. მათგან გულთბილი დამოკიდებულება და დიდი სიყვარული მივიღე. რაც მთავარია, სტანდარტი ამეწია: ცხოვრების იქაური სტილი რომ ვნახე, მოტივაცია გამიჩნდა, რომ ჩემი ბიზნესი უფრო გავზარდო, განვავითარო, რადგან ასეთ გარემოში ყოფნა თუ კიდევ მინდა, ფინანსები უნდა მქონდეს. მოგეხსენებათ, საკონსულტაციო სააგენტო (სამედიცინო ტურიზმის მიმართულებით) მაქვს - ვეხმარები ადამიანებს, რომლებიც კარგ ექიმებს ეძებენ და არ უნდათ, მარკეტინგის მსხვერპლი გახდნენ; სურთ, მაღალკვალიფიციური მომსახურება მიიღონ პლასტიკური თუ ბარიატრიული ქირურგიის განხრით...
- ამბობდი, წელს ჩემი სხეული უნდა გამოვძერწოო. თავს როგორ გრძნობ გამოძერწილი სხეულით, როგორი საცურაო კოსტიუმები მოირგე?
- დიახ, ვთქვი და ავასრულე კიდეც. ვარ თუ არა სიტყვის ქალი (იცინის)?! ჩვენი ბოლო ინტერვიუს დროს, ოპერაციების მერე, რეაბილიტაციას გავდიოდი, შესივებული ვიყავი. უკვე 5 თვე გავიდა. საბოლოო ჯამში, პრესიც დამეტყო, შესივებამაც გამიარა, ჭრილობებიც შემიხორცდა, გავირუჯე კიდეც... მთელი სამხრეთ საფრანგეთი შემოვიარე. ვიყავი ნიცაში, კანში, მონაკოში, ეზეში, სენ-ტროპესა და გრასეში. სხვათა შორის, გრასე პარფიუმერიის სამშობლო ყოფილა. იქ უამრავი საკმაოდ ძვირფასი და ნიშური სუნამო შევიძინე... განსაკუთრებული ზაფხულიც გამოვიდა! ოკეანის პირას დავისვენე. როდესაც ჭარბწონიანი ვიყავი, ყოველთვის მთლიან, შავ საცურაო კოსტიუმს ვირჩევდი. მჯეროდა, რომ შავი "მახდუნებდა". წონაში რომ დავიკელი, მაშინაც ძირითადად, მთლიან საცურაო კოსტიუმებს ვამჯობინებდი, მაგრამ რაც საკუთარ სხეულს "გამოძერწვა" გავუკეთე, ბიკინების ჩაცმა დავიწყე. აქცენტს თეთრზე, ვარდისფერსა და ოქროსფერზე ვაკეთებდი. სხეულთან დაკავშირებით, ბევრ კომპლიმენტს ვიღებდი, - ვაუ, ვარჯიშობდიო?.. საცურაო კოსტიუმების შერჩევასთან დაკავშირებით, არანაირი კომპლექსი აღარ მქონდა - საკმაოდ ამაყად დავდიოდი და ვიხდენდი...
- საფრანგეთში შენი დასვენება ოლიმპიადის პერიოდს დაემთხვა...
- სხვათა შორის, მონაკოში ყოფნისას, აუზზე ქალბატონი გავიცანი, რომელმაც მითხრა, - "ივენთ" კომპანიები მაქვს და ოლიმპიადის შოუების ერთ-ერთი ორგანიზატორი ვიყავი. თქვენ რას საქმიანობთო? - მე მართლმადიდებლური ეკლესიის წარმომადგენელი ვარ-მეთქი, - ისეთი სერიოზული სახით ვუპასუხე, ქალი გაშეშდა, გადაწითლდა... მერე გავუცინე, - გეხუმრეთ-მეთქი. იქ მყოფებმაც ბევრი იცინეს. ქალბატონმა თავის მართლება დაიწყო: ვიცი, სკანდალი მოჰყვა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას, მაგრამ ჩვენ ეს არ გაგვითვლია - სრულიად სხვა ნახატის ინტერპრეტაცია იყო. გვინდოდა, მსოფლიოსთვის გვეჩვენებინა, რომ ყველაფრის მიმღებლობა გვაქვსო. ვუთხარი, - ეგ არ მაინტერესებს. ისლამურ საზოგადოებას ამას ვერ გაუბედავდით, რადგან იცით, ისინი კარგად ვერ მიიღებენ. რატომ ელოდით, რომ ქრისტიანული საზოგადოება კარგად მიიღებდა? ოლიმპიადის გახსნის ცერემონია ძალიან ცუდი ჟესტი იყო, რადგან პირველ რიგში, რელიგიას თქვენ დაუკავშირეთ და კრიტიკაც ნუ გაგიკვირდებათ-მეთქი. - მართალი ბრძანდებითო... ძალიან საყვარელი ქალბატონი იყო. თავისი ნომერი მომცა, - საფრანგეთში რომ ჩამოხვალ, დაგპატიჟებთო. მეც საქართველოში მოვიპატიჟე...
საერთოდ, სადაც მივდივარ, ყველას ჩვენს ქვეყანაში ვეპატიჟები. სხვათა შორის, სტივ ჰარვიმაც მითხრა, - ქართულ ღვინოზე ბევრი მსმენია და ძალიან მიყვარსო. უცხოელებს ქართულ ღვინოს ასე ვაცნობ ხოლმე: ჩვენი იდენტობის შენარჩუნებაში ღვინოს დიდი დატვირთვა აქვს. აურაცხელი მტერი რომ შემოგვესეოდა, 1 ქართველ მებრძოლს მტრის 40 მებრძოლის განგმირვა იმიტომ შეეძლო, რომ ქართულ ღვინოს სვამდნენ და "ეკეტებოდათ"-მეთქი! შაჰ-აბასი და საქართველოს სხვა მტრები ამიტომაც ჩეხავდნენ ვაზს... უცხოელებს ამას რომ ვეუბნები, ისე ინტრიგდებიან, რომ ამბობენ, - საქართველოში უნდა ჩამოვიდეთ და ღვინო გავსინჯოთო! სხვათა შორის, ნავთობის ფრანგული კომპანიის თანამდებობის პირი, რომელსაც ღვინის კომპანიებიც აქვს, საქართველოში ახლახან ამიტომ ჩამოვიდა - ჩვენს ღვინოზე იმდენი ველაპარაკე, რომ დაინტერესდა, გაესინჯა. ფრანგული ვოიაჟი ამიტომ შევწყვიტე. საქართველოში, ერთ-ერთ ცნობილ რესტორანში ქინძმარაული, საფერავი შევუკვეთეთ, მაგრამ სტუმარმა მითხრა, - ეს ქინძმარაული არააო. თავად ღვინოში ასე კარგად ვერ ვერკვევი. მენეჯერს დავუძახე და მას აუხსნა, - ღვინოში ვაშლის გემოს რომ გრძნობ, ე.ი. შერეულია და ძალიან ცუდადაა გაკეთებული. თან, ცივად რომ მომიტანეთ, ნამდვილი ღვინო გაყინული არ უნდა იყოს. ბუშტუკებიც აქვსო... მენეჯერს ვუთხარი, სტუმარი ვინც იყო: აბა, დროზე, არ შემარცხვინო, ნამდვილი ქინძმარაული მოიტანე-მეთქი. თავადვე შერცხვა, ისეთი ცუდი რაღაცის "შემოტენვას" ცდილობდა... უცხოელები ძალიან თავმდაბლები არიან. ფულის შოვნის გამო, ჩვენს რეპუტაციას ნუ გავაფუჭებთ, რადგან ღვინო უმთავრესია, რის გამოც ევროპიდან სერიოზული ადამიანები საქართველოში ჩამოდიან. ბევრისგან მსმენია, - ქართული ღვინო გავსინჯე, მაგრამ ისეთი არაა, როგორც ამბობდიო. შემდეგ მათთვის კარგი ღვინო თავად გამიგზავნია და მოსწონებიათ...
- სოფი, თუ გახსოვს, ყველაზე მცირე ბიუჯეტით სად დაგისვენია?
- მახსოვს, ბავშვობაში ძალიან მიხაროდა, როცა დედას ქობულეთში მივყავდი. დღეში 10 ლარად პატარა ბინას ვქირაობდით. ზღვისპირა კლუბებს ჩავუვლიდი და ვხედავდი, ხალხი როგორ ერთობოდა - ეს დიდი ფუფუნება მეგონა... ახლა კი "იმ სოფომ" უცბად, კანში, ძალიან ცნობილ რესტორან-ლაუნჯებში ამოვყავი თავი, დაბადების დღე მონაკოში, მსოფლიო მასშტაბით ცნობილ "ბუდა ბარში" აღვნიშნე. უკვე აღარ ვიცი, შემდეგი დაბადების დღე სად გავატარო. საერთოდ, რაც უფრო მეტი გინდა, მით მეტს აღწევ ადამიანი. ამიტომ ვამბობ, რომ ვიშრომოთ, საკუთარი თავის რწმენა და მეტის მიღწევის სურვილი უნდა გვქონდეს. იცით, ყველაზე დიდ სიამოვნებას რა მგვრის? ყველაფერი დამოუკიდებლად, სხვების დახმარების გარეშე შევძელი. მაგალითად, მონაკოში სასტუმროს ნომრები ძალიან ძვირი ღირს. იმ თანხით კანში 1 კვირა დაისვენებ ადამიანი. ვფიქრობდი, თითქოს ფულს ძალიან ცუდად ვყრი-მეთქი, მაგრამ მერე ვთქვი, - ეს ხომ ერთხელ ხდება ცხოვრებაში? არ ვიცი, ხვალ მოვკვდები თუ ცოცხალი ვიქნები. ამიტომ საკუთარი თავისთვის ეს უნდა გავაკეთო-მეთქი... მონაკოში, სასტუმრო "მონტე-კარლოში" დავისვენე თუ არა, 2 დღეში ჩემს კომპანიაში 5 პაციენტი ჩაეწერა. იცი, ეს როგორი რამეა? ფული "წავა და მოვა". იმის შიში აღარ მაქვს, რომ ფული აღარ მექნება, რადგან ძლიერი ფინანსური ტრავმა გამოვლილი მაქვს. პირიქით, უნდა გასცე, რომ მიიღო, ყველაზე კარგი კი საკუთარი თავისთვის გაცემულს მოაქვს ცხოვრებაში, რადგან შენი სხეული შენი საგანძურია - შენი სულის ხორცია. ეს ხორცი ნეგატივით, საკუთარი თავის ცუდად მოხსენიებით არ უნდა ჩაალპო, უნდა გააჯანსაღო... ნერვიულობა, დაძაბულობა, წყევლა, ნეგატიური განწყობილება "ხორცს ალპობს", რაც მერე ადამიანებს ეტყობათ. არ ვგულისხმობ, რომ როცა გლანძღავენ, არ უპასუხო. უბრალოდ, პირველი თავად ნუ მიალანძღავ...
ეთო ყორღანაშვილი
ჟურნალი "გზა"