ვინ არის ვლადიმერ პუტინის საზოგადოებისთვის უცნობი ორი ვაჟის დედა და რომელ საიდუმლო ადგილას ცხოვრობენ ისინი - რას წერს The Daily Telegraph?
"მათ უოლტ დისნეის პერსონაჟები უყვართ, რომლებიც პუტინს სძულს"
ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „გამოკვლევა მოწმობს, რომ ვლადიმერ პუტინს საზოგადოებისთვის უცნობი ორი ვაჟი ჰყავს, რომლებსაც უოლტ დისნეის პერსონაჟები უყვართ“ (ავტორი - დენიელ ჰარდაკერი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როგორც გამოკვლევის შედეგები მოწმობენ, რუსეთის პრეზიდენტს კიდევ ორი ვაჟი ჰყავს, რომლებიც საზოგადოებისათვის უცნობებად რჩებიან. ბიჭებს ძალიან უყვართ უოლტ დისნეის პერსონაჟების ხატვა, რომლებსაც ვლადიმერ პუტინი ვერ იტანს და საშინლად სძულს.
პრეზიდენტის შვილები - ივანე პუტინი და ვლადიმერ პუტინი-უმცროსი - ცხრა და ხუთი წლის ასაკისანი არიან და ამჟამად დროის დიდ ნაწილს მოსკოვის ჩრდილოეთით მდებარე ვალდაის გასაიდუმლოებულ და კარგად გამაგრებულ თავშესაფარში ატარებენ.
კვლევითი ცენტრის - „დოსიეს“ მიერ გავრცელებული გამოკვლევის თანახმად (ცენტრი ყოფილი ოლიგარქისა და ოპოზიციური აქტივისტის, რუსეთის ხელისუფლებისაგან დევნილი მიხეილ ხოდორკოვსკის მიერ არის შექმნილი), ბიჭუნების დედა 41 წლის ალინა კაბაევაა - ყოფილი ტანმოვარჯიშე, ოლიმპიური ჩემპიონი, რომელიც დიდი ხანია, 71 წლის მამაკაცის - რუსეთის პრეზიდენტის საყვარელი ქალია.
როგორც ამბობენ, ბავშვები მდიდრულ, მაგრამ რეალური ცხოვრებისაგან იზოლირებულ სხვადასხვა საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრობენ, რომლებზეც დღედაღამ ზრუნავენ მასწავლებლები, ძიძები, პირადი მზარეულები, მძღოლები, სპორტული მწვრთნელები და რეპეტიტორები.
ბიჭებს სხვადასხვა თამაშებით გართობის შესაძლებლობაც აქვთ - ჰყავთ ორი პონი, ბოცვრები და სენ-ბერნარის ჯიშის ძაღლი, რომლებსაც კრემლის უსაფრთხოების დაცვის აგენტები უვლიან. პუტინის შვილები მხოლოდ პირადი ფინჯნებით სარგებლობენ, ისევე, როგორც მათი მამა, რომელსაც მუდმივად ეშინია, არავინ მოწამლოს. მათთვის სპეციალურ კერძებს ამზადებენ. ბიჭები პერსონალთან ერთად საუზმობენ, სადილობენ, შემდეგ იძინებენ, იღვიძებენ და ვახშმობენ...
ამბობენ, რომ მამის ვიზიტები რეზიდენციაში სანახავად მათთვის „განსაკუთრებულ მოვლენას“ წარმოადგენს. პრეზიდენტს ძალიან უყვარს უფროს შვილთან - ივანესთან ჰოკეის თამაში. ასეთი მატჩების დროს გუნდები მთლიანად უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტებით არიან დაკომპლექტებული. ძმები პუტინები ყოველთვის ერთი გუნდის შემადგენლობაში არიან.
ვლადიმერ პუტინი უკმაყოფილოა იმით, რომ მისი შვილები დასავლური მავნე გავლენისაგან მთლიანად არ არიან დაცულები.
ივანეს გართობა ამერიკული მულტფილმებით უყვარს და უოლტ დისნეის პერსონაჟებს ხატავს, მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა მარტოა ან როცა თავის პედაგოგებთან ერთად არის. მამამისი კი ამერიკულს საბჭოთა მულტფილმებს ამჯობინებს. „ჩვენი, საბჭოთა მულტფილმები, რა თქმა უნდა, სრულიად განსხვავებული და მაღალი ხარისხისაა - უფრო ბუნებრივია, მათ უფრო, მეტი ემოციური და ესთეტიკური გავლენის მოხდენა შეუძლიათ ადამიანის განვითარებაზე“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა, 2024 წლის იანვარში.
ამას წინათ ოჯახმა გამოაქვეყნა განცხადება ინგლისური ენის მასწავლებლის დასაქირავებლად, რომელიც გარკვეულ დღეებში მათთან ერთად იცხოვრებს. მართალია, ვაკანსიის მონაცემებში ოჯახის წევრების ვინაობა მითითებული არ იყო, მაგრამ ერთგვარი გაფრთხილების სახით მითითებულია, რომ ვალდაიში ამ სამუშაო ადგილის მისაღებად საჭირო იქნება ორკვირიანი წინასწარი საკარანტინო რეჟიმის დაცვა. სავარაუდო ხელფასი თვეში 6500 გირვანქა სტერლინგს შეადგენს, მაგრამ როგორც ამბობენ, ასეთი მაღალი ხელფასის მიუხედავად, ვერც ერთი მასწავლებელი ბოლომდე რეჟიმს ვერ უძლებს, კადრების დენადობა მაღალია.
წარსულში პუტინისა და კაბაევას ოჯახის მომსახურე პერსონალში ბრიტანელებიც იყვნენ, მაგრამ ახლა სამხრეთ აფრიკიდანაც არიან, რომელიც რუსეთის მიმართ მეგობრულ და კეთილგანწყობილ ქვეყანას წარმოადგენს.
როგორც კვლევითი ცენტრი „დოსიე“ განმარტავს, მონაცემები მიღებულია „ვალდაის“ კომპლექსის ერთ-ერთი თანამშრომლის დახმარებით. „დოსიეს“, ასევე, აქვს სატელეფონო გეოლოკაციები, რაც ადასტურებს რეზიდენციის დაცვაში უშიშროების ფედერალური სამსახურის თანამშრომლების ყოფნას.
ცენტრ „დოსიეს“ დამაარსებელი მიხეილ ხოდორკოვსკი, რომელმაც ათი წელი პუტინის საპყრობილეში გაატარა, ამჟამად ლონდონში ცხოვრობს.
მოამზადა სიმონ კილაძემ
ასევე დაგაინტერესებთ: