"ჩემი რძლის დიდი ბაბუა მიხეილ ბულგაკოვი იყო და ვერას ოჯახი მის სახლში ცხოვრობდა... ჩემი კაბა მილანში შევაკერინე, "მის მსოფლიო-2024-ის" კაბის ანალოგია, 7 კილოგრამს იწონის" - რას ჰყვება ლალი მოროშკინა ულამაზეს ქორწილზე? - კვირის პალიტრა

"ჩემი რძლის დიდი ბაბუა მიხეილ ბულგაკოვი იყო და ვერას ოჯახი მის სახლში ცხოვრობდა... ჩემი კაბა მილანში შევაკერინე, "მის მსოფლიო-2024-ის" კაბის ანალოგია, 7 კილოგრამს იწონის" - რას ჰყვება ლალი მოროშკინა ულამაზეს ქორწილზე?

რამდენიმე დღის წინ თბილისის ზღვაზე ულამაზესი ქორწილი გაიმართა: ლალი მოროშკინას უმცროსი შვილი, გიორგი ღოთვაძე დაქორწინდა, რაც მისმა ოჯახმა გრანდიოზული ცერემონიით აღნიშნა. ქორწილს უამრავი ცნობილი სახე ესწრებოდა, ისინი ერთხმად აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი რამ მხოლოდ ჰოლივუდურ ფილმებში უნახავთ. ვინ არის მისი რძალი და როგორ გრძნობს თავს დედამთილის ამპლუაში, ამის შესახებ, ქალბატონი ლალი თავად მოგვიყვება:

- დედამთილი უკვე მეორედ გავხდი და არც ერთი შვილის ქორწინებაში ზედმეტად არ ჩავრეულვარ. ჩემი პირველი რძალი, ლალი ჯავახიაა - ცნობილი ჟურნალისტი, რომელიც ყველას მოსწონდა. ჩემთან, კონფლიქტების სამინისტროში, ინტერვიუსთვის რომ მოდიოდა, სულ ვამბობდი: ასეთი ცქრიალა, ჭკვიანი და ლამაზი გოგო მინდა რძლად-მეთქი. სანდრომ ის ჩემგან დამოუკიდებლად გაიცნო და ცოლად მოიყვანა. მეორე შვილზეც ანალოგიური რამ განმეორდა: სიღნაღში, ჩემთან, სტუმრად ჩამოვიდა არაჩვეულებრივი ოჯახი, რომელიც მოსკოველმა ქართველებმა გამომიგზავნეს. სწორედ ამ ოჯახის წევრი იყო ჩემი მომავალი რძალი - ვერა. ერთმანეთი იქ გაიცნეს, ძალიან ლამაზი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ ვიდრე ცოლად მოიყვანდა, მისი ოჯახი მეც გავიცანი.

- პირველი შთაბეჭდილება როგორი იყო?

- ყველაზე მეტად გამახარა იმის აღმოჩენამ, რომ ჩვენსავით თბილი და შეკრული ოჯახი ჰქონიათ. სხვათა შორის, ვერას დიდი ბაბუა მიხეილ ბულგაკოვი იყო და ვერას ოჯახი მის სახლში ცხოვრობდა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ 2016 წელს, მე და გიორგი მოსკოვში ვიყავით, მან ხელი ფანჯრისკენ გაიშვირა და თქვა, მხოლოდ ამ სახლში ვიცხოვრებდიო. ჰოი საოცრებავ, როდესაც ვერას ბებია გარდაეცვალა და მე სამძიმრისთვის ჩავედი, აღმოჩნდა, რომ ეს მიხეილ ბულგაკოვის სახლი იყო. მე სულ ვამბობ, რომ ადამიანმა თავის გენეტიკას პატივი უნდა სცეს, ამიტომ, ჩემმა რძალმა მეუღლის გვარი რომ მიიღო, ვუთხარი, რა საჭიროა გვარის შეცვლა-მეთქი, შემომხედა და მითხრა: ჩვენ ქართული ოჯახი გვაქვსო. ვერამ ქართული ენა ისწავლა და ქართული ტრადიციებით ცხოვრობს. მისი ახლობლებიც საქართველოში ცხოვრობენ და ჩვენ ერთი დიდი ოჯახი გავხდით.

- როგორ შეძელით მთელი ნათესაობის ერთად შეკრება და ასეთი გრანდიოზული ქორწილის გადახდა?

- ვერა და გიორგი ორი წლის განმავლობაში მუშაობდნენ, რომ ეს ქორწილი გადაეხადათ. რასაკვირველია, უფროსებიც დავეხმარეთ, მაგრამ ყველაფერი მათი სურვილით მოხდა. ჩვენ ინტერნაციონალური ოჯახი გვაქვს, რომლის ნაწილი ევროპასა და ამერიკაში ცხოვრობს, მეორე ნაწილი - პეტერბურგსა და სოჭში. ჩემი რძლის ნათესაობაც მთელ მსოფლიოშია გაფანტული. მე მოვისურვე, რომ ორივე ოჯახის ნათესაობა ერთად შეგვეკრიბა და ეს ბედნიერი დღე ერთად გვეზეიმა. სამი თვით ადრე დავიწყე ჩვენს ნათესავებთან მოლაპარაკება.

მიხარია, რომ გიორგის ქორწილში ყველა ჩვენი ნათესავი ჩამოვიდა და ძალიან ლამაზი სანახაობა გამოგვივიდა.

სადღეგრძელოებს 3 სხვადასხვა ენაზე ამბობდნენ, თამადა ჩემი ბავშვობის მეგობარი, ძალიან კარგი ჟურნალისტი - ზურაბ დვალი იყო, რომელმაც ამ რთულ ამოცანას თავი შესანიშნავად გაართვა. ქორწილში თითქმის 600 კაცი იყო. საუკეთესო ანსამბლები გვყავდა მოწვეული და საუკეთესო მოცეკვავეები ცეკვავდნენ.

სიძემ და პატარძალმა ჯერ სვეტიცხოველში ჯვარი დაიწერეს, მერე კი საკუთარ ქორწილში იალქნიანი ნავით მოცურდნენ.

ყველაფერი ქართული ტრადიციის მიხედვით ჩატარდა: ნეფე-პატარძალმა ცეკვა "ქართული" შეასრულა, რასაც "მრავალჟამიერი" და სხვა ქართული სიმღერები მოჰყვა. ქართული სიმღერების სერიას ჯემალ სეფიაშვილი უძღვებოდა, ბოლოს დიჯეიც მოვიწვიეთ და თანამედროვე მუსიკაც აჟღერდა. მიხარია, რომ ქორწილი ძალიან ლამაზი გამოვიდა და ყველა სტუმარი კმაყოფილი დარჩა.

- საზოგადოების ყურადღება მიიქცია კაბამ, რომელიც ქორწილში გეცვათ, ამ კაბის შესახებაც გვიამბეთ.

- ეს ხელნაკეთი კაბაა, რომელიც მილანში შევაკერინე. ის ნატურალური ქვებითაა გაწყობილი და 7 კილოგრამს იწონის. აღსანიშნავია, რომ იგი „მის მსოფლიო-2024-ის” კაბის ანალოგია.

- ქალბატონო ლალი, ყოველთვის კარგად გამოიყურებით, რა არის ამის მიზეზი?

- ჩემი საიდუმლო ჯანსაღი, აქტიური ცხოვრების წესი და ვარჯიშია. იმისათვის, რომ შენი ქალური "მე" არ დათრგუნო, სულაც არ არის აუცილებელი, გამუდმებით პლასტიკური ოპერაციები იკეთო. წელს 55 წლისა ვხდები, ჩემი ასაკი არასდროს დამიმალავს ან როგორ დავმალავ, როცა უფროსი შვილი უკვე 38 წლისაა? ჩემთვის საუკეთესო მაგალითი იყო დედა, რომელიც ახლაც ძალიან კარგ ფორმაშია, ჯანსაღი ცხოვრებით ცხოვრობს, ყოველდღე ვარჯიშობს და დღეში, სულ ცოტა, 6 კილომეტრს გადის ფეხით. ის ყოველთვის მეუბნებოდა:

არასდროს ჩაერიო შენს გარეგნობაში და საკუთარი თავი ისეთი მიიღე, როგორიც ხარო.

მიხარია, რომ ამას ვახერხებ. მართალია, პლასტიკური ქირურგიის და ესთეტიკის ცენტრები მერე საშინლად მიპირისპირდებიან, მაგრამ მინდა, ყველას ვურჩიო, თავი შეიკავეთ ამგვარი ჩარევისგან. მეტი ვარჯიში და ჯანსაღი ცხოვრების წესი საუკეთესო გზაა იმისათვის, რომ წონა არ გაგექცეს და კარგად გამოიყურებოდე. ეს ძალიან კარგად ვიცი, ამიტომ, არასდროს მომიწევია სიგარეტი, ძალიან ზომიერი ვარ კვებაში, ბევრს ვვარჯიშობ და თქვენ წარმოიდგინეთ, ახლაც შემიძლია "შპაგატში" ჩავჯდე. ჩემი დიდი გატაცებაა ფარიკაობა და მეამაყება, რომ ფარიკაობის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტი ვარ. პედიკური, მანიკური და ხანდახან, კოსმეტოლოგთან მისვლა ყველა ქალს სჭირდება, მაგრამ ამის გარდა მე არაფერს ვიკეთებ. თმასაც სპეციალურად ვიჭრი მოკლედ, რომ დილით, დუშის მიღების შემდეგ, არ ვიფიქრო, თმას ვინ დამვარცხნის და მომიწესრიგებს. სულ სხვა ცხოვრების სტილით ვცხოვრობ და სამუშაოზე ვარ გადართული, რაც ფიზიკურ შრომასაც გულისხმობს.

არავის ეგონოს, რომ კაბინეტში ვზივარ და სხვებს ვხელმძღვანელობ.

- ესე იგი, დაძაბული დღის რეჟიმი გაქვთ?

- ვინც ჩემთან, სიღნაღში ყოფილა, იცის, რომ მე თვითონ ვპასუხობ ზარებს, მე ვასრულებ მენეჯერის ფუნქციებს და ბევრ რამეს ჩემი ხელით ვაკეთებ.

ზამთარში, ბუხრისთვის შეშა რომ მომაქვს, 100 ლარი უნდა გადავიხადო, რომ ეს შეშა იქვე, პირველ სართულზე შეიტანონ, იქამდე სულ 6 ნაბიჯია გადასადგმელი. წელს გადავწყვიტე, რომ ეს ექვსი ნაბიჯი მე თვითონ გადამედგა და ასეც მოვიქეცი. მშვენიერი ფიზიკური ვარჯიშიც გამომივიდა და მთელი ზამთრის შეშა სახლში მე თვითონ შევზიდე.

ბევრმა არ იცის, რომ სიმძიმეების აწევა კუნთების გამაგრებას უწყობს ხელს, მაგრამ ეს 50 წლიდან კი არა, ბავშვობიდანვე უნდა დაიწყო. მე 8 წლიდან ვვარჯიშობ, ცეკვაზე და ფარიკაობაზე დავდიოდი, ძალიან მიყვარდა ტანვარჯიშიც...

ადამიანი ლიფტით რომ დადის, მთელი დღე უმოძრაოდ ზის და თავს ძალას არ ატანს, ან კუნთები გაექცევა, ან წონა, ფორმის შენარჩუნებაში, შრომა ჩვენი საუკეთესო დამხმარეა.

- ქალბატონო ლალი სიღნაღში საქმეს მარტო უძღვებით?

- მე და გიორგის მამას, მიშიკოს, არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. 45 წლის შემდეგ ვთქვი, რომ ჩემთვის პირადი ცხოვრება დასრულებულია და ბიზნესში ჩართვა გადავწყვიტე. ასეც მოვიქეცი და რაც მიზნად დავისახე, გამომივიდა. მიშიკოც ჩემთან ერთადაა და ორივე ჩვენი შვილების სადარაჯოზე ვდგავართ. ერთმანეთთან ასეთი ზავი დავდეთ: მთელი ჩვენი შემდგომი ცხოვრება შვილებზე ზრუნვას მიეძღვნება და ამ პირობას დღემდე ვასრულებთ.

არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ჩემთვის გაუგებარია, როცა 50 წლის ქალი ყელყელაობს, ტუჩებს იბერავს და კეკლუცობს.

ყველაფერს თავისი ზომა და წონა აქვს და ამ ასაკის შემდეგ ქალმა ახალი ცხოვრება უნდა დაიწყოს. ძალიან ბევრს ვშრომობ: ჩემი და მიშიკოს სამუშაო დღე დილის 7 საათზე იწყება და შუაღამისას მთავრდება. ერთად ავაშენეთ სახლი ჩვენი შვილებისთვის, ერთად ვმართავთ კლუბს და ბევრ საინტერესო ღონისძიებას, მათ შორის, საქველმოქმედო აქციებს შშმ პირებისთვის... სიღნაღში რაც გავაკეთეთ, ყველა ხედავს, მეორე ობიექტიც ხომ გავხსენით და ახლა მესამეც მინდა მოვასწრო - გურიაში, სადაც პანდემიის დროს, სახლი შევიძინე.

სავსე ცხოვრებით ვცხოვრობ, ჩემი შვილებიც ხედავენ, რომ მე და მიშიკო მათთვის ამდენს ვშრომობთ და ცხადია, გვიფასებენ. ჩემი დები ევროპაში ცხოვრობენ, შემიძლია იქ ნებისმიერ დროს გადავიდე, მაგრამ ეს ჩემი ქვეყანაა, მინდა, აქ ვიცხოვრო და ჩემი ოჯახიც, სწორედ აქ იყოს ბედნიერი.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)

ასევე დაგაინტერესებთ სტატიები:

ლალი მოროშკინას უმცროსმა ვაჟმა იქორწინა - ფოტო- ვიდეოკადრები საქორწილო წვეულებიდან

"ერთი კვირა გავიდა და ახლა ვწერ..." - რას წერს ლალი მოროშკინა ბიძინა ივანიშვილის მეუღლის შესახებ?

"მე კაცმა ჭორვილაში, დედის სატირალში შემიშვა და მასზე აუგს ვერასოდეს მათქმევინებთ!"

“სად ვიყავი ნაცების დროს?” - რას წერს ლალი მოროშკინა?

"ეს ცხოვრება მიქრის" - ნახეთ, როგორ გამოიყურებოდა ლალი მოროშკინა ახალგაზრდობაში