"ხელოვნური ეთნოტერიტორიული "ჭრა-კერვის" შემდეგ ჩაიდო ის "შენელებული მოქმედების ნაღმები", რომელთა ასამოქმედებელი "პულტი" კრემლში ინახებოდა და როცა დრო მოვიდა, აამოქმედეს კიდეც" - კვირის პალიტრა

"ხელოვნური ეთნოტერიტორიული "ჭრა-კერვის" შემდეგ ჩაიდო ის "შენელებული მოქმედების ნაღმები", რომელთა ასამოქმედებელი "პულტი" კრემლში ინახებოდა და როცა დრო მოვიდა, აამოქმედეს კიდეც"

თუ დაკვირვებიხართ, მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში არჩევნები და რეფერენდუმები (თუ განსაკუთრებული რამე არ ხდება) შემოდგომით ტარდება, რაც შემთხვევითი ნამდვილად არ არის. შემოდგომის პერიოდში, მოსავალ/ჭირნახულის აღების შემდეგ, სოფლად მცხოვრები ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ნაკლებად კრიტიკულია არსებული ხელისუფლების მიმართ, ნანატრი შვებულებიდან დაბრუნებული „ქალაქელებიც“ ჯერ კიდევ ტკბილ მოგონებებში „ნებივრობენ“. ეს ადამიანის ფსიქოლოგიაა, რასაც კარგად იყენებენ პოლიტტექნოლოგები. არჩევნებ/რეფერენდუმები „მოსავლის აღების“ და მრავალწლიანი მუშაობის შედეგების შეჯამების ხანაა სპეცსამსახურებისთვისაც, სადაც წარმატებას დიდი ზარზეიმის გარეშე აღნიშნავენ: რა საჭიროა იმის აფიშირება, რომ რომელიმე, მანამდე „ურჩ“ ქვეყანაში, შენი მარიონეტი ხელისუფლება მოიყვანე?

ისე მოხდა, რომ 2024 წლის შემოდგომაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მართლაც რომ საეტაპო მნიშვნელობის საპრეზიდენტო/საპარლამენტო არჩევნები და რეფერენდუმები ტარდება. ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებიდან ყველაზე დაძაბული შემოდგომა მოლდოვასა და საქართველოში იქნება. 2024 წლის 20 ოქტომბერს მოლდოვას რესპუბლიკაში ჩატარდება საპრეზიდენტო არჩევნები და იმავე დღესვე გაიმართება რეფერენდუმი მოლდოვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ. თუ მოსახლეობის უმრავლეობის გადაწყვეტილება დადებითი იქნება, მაშინ ევროკავშირში ინტეგრაცია მოლდოვის კონსტიტუციაში ჩაიწერება, როგორც „შეუქცევადი სტრატეგიული მიზანი“.

ასე რომ, მოლდოვა დღეს, ისე, როგორც არასდროს, ახლოა ევროკავშირთან, ეს კი კატეგორიულად მიუღებელია „კრემლისთვის“ და ამიტომაცაა რუსეთის სამიზნე მოლდოვის დღევანდელი ხელისუფლება, უპირველესად კი - პრეზიდენტი მაია სანდუ.

dpsdp-1725619183.jpg

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ

უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში მოლდოვაში „პოლიტიკური სპექტაკლები“ არ მთავრდება. „დასავლეთისა“ და რუსეთის დაპირისპირება, სპორტული ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „გარდამავალი უპირატესობით“ მიმდინარეობს. ხან „პრორუსული“ ძალები იმარჯვებენ, ხანაც - „პროდასავლური“. მოსკოვი, ტრადიციულად, მის მიერვე „გამოზრდილ“ სეპარატისტებს აქეზებს, თან მოლდოვის ხელისუფლებაში არსებულ მრავალრიცხოვან აგენტურას აძლევს ანტიევროპულ დავალებებს.

მოლდოვის ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული პრობლემები, ჩვენი არ იყოს, ჯერ კიდევ რუსეთ/საბჭოთა იმპერიის დროიდან მოდის.

ამ ქვეყნის (ისევე, როგორც ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკების) იდეოლოგიური, ეთნოტერიტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური დაქუცმაცების კონკრეტული გზები, ათწლეულების წინ დამუშავდა საბჭოთა (შემდეგ კი დაკორექტირდა რუსეთის) სპეცსამსახურების მიერ. ამიტომაც არის, რომ 1980-იანი წლების ბოლოდან, განსაკუთრებით კი - საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ამ გეოპოლიტიკურ სივრცეში მოვლენების განვითარება ადრე შემუშავებული და შემდგომ კორექტირებული სცენარებით ვითარდება. მოლდოვაში ამჟამად არსებულ ეთნოტერიტორიულ კონფლიქტებს თითქმის ასი წლის წინ ჩაეყარა საფუძველი.

1924 წლის 12 ოქტომბრიდან 1940 წლის 2 აგვისტომდე მოლდავეთი (მოლდოვას ადრინდელი სახელწოდება) ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სტატუსით უკრაინის სსრ-ის შემადგენლობაში შედიოდა. სტალინისა და ჰიტლერის მიერ აღმოსავლეთ ევროპის ფარული გაყოფის შემდეგ განხორციელდა რუმინეთის ტერიტორიის ნაწილის (ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა) ანექსია, საბჭოთა კავშირის მიერ, 1940 წლის ივნისში და მოლდავეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა ბესარაბიასთან და ჩრდილოეთ ბუკოვინასთან ერთად გაერთიანდა ახალშექმნილი მოლდოვის სსრ-ის შემადგენლობაში, ხოლო ტერიტორიის ნაწილი შევიდა უკრაინის სსრ-ის ოდესის ოლქის შემადგენლობაში. სწორედ ამ ხელოვნური ეთნოტერიტორიული „ჭრა-კერვის“ შემდეგ ჩაიდო ის „შენელებული მოქმედების ნაღმები“, რომელთა ასამოქმედებელი „პულტი“ კრემლში ინახებოდა და როცა დრო მოვიდა, აამოქმედეს კიდეც, დნესტრიპირეთსა და გაგაუზიაში.

ამჟამად მოლდოვა საპარლამენტო რესპუბლიკაა, ხოლო პრეზიდენტი არის სახელმწიფოს მეთაური. მოლდოვის რესპუბლიკის კონსტიტუციის მე-11 მუხლში აღნიშნულია: „მოლდოვის რესპუბლიკა აცხადებს თავის მუდმივ ნეიტრალიტეტს. მოლდოვას რესპუბლიკა არ უშვებს თავის ტერიტორიაზე სხვა სახელმწიფოების შეიარაღებული ძალების განლაგებას“. თუმცა უკვე სამი ათეული წელია, მოლდოვის ტერიტორიაზე (დნესტრისპირეთი) ე.წ. სამშვიდობო მისიით რუსეთის სამხედრო ნაწილები იმყოფებიან. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მაია სანდუს ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა სწორედ „რუსი სამშვიდობოების“ გაყვანა გახდა. დღეს მოლდოვა დე იურე არის დსთ-ს წევრი და ასევე, დამკვირვებელი „ევრაზიულ კავშირში“, თუმცა მაია სანდუს პრეზიდენტობის დაწყებისთანავე ეს ქვეყანა აღარ მონაწილეობს ამ ორგანიზაციების მუშაობაში და მთავარ პრიორიტეტს ევროკავშირში ინტეგრაცია წარმოადგენს.

მოლდოვაში მოქმედ რუსეთის "მეხუთე კოლონას" მოსკოვის მხრიდან ღია და ფარული პოლიტიკური, საინფორმაციო და ფინანსური მხარდაჭერა გარანტირებული ჰქონდა და აქვს. ამის ერთ-ერთი მაგალითია მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, რომლის პოლიტიკური კარიერა რუსეთის სპეცსამსახურების აქტიური მონაწილეობით შეიქმნა. სწორედ მათი რჩევით, 2011 წელს ახალგაზრდა პოლიტიკოსმა დოდონმა დატოვა კომუნისტების საპარლამენტო ფრაქცია, პარტიაც და მალე „სოციალისტი“ გახდა.

putin-1725619711.jpg

იგორ დოდონი და ვლადიმერ პუტინი: მარიონეტი და მანიპულატორი

რუსეთის სპეცსამსახურებმა კარგად იციან, რომ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში (მათ შორის, მოლდოვასა და საქართველოშიც) სიტყვა „კომუნისტი“ ჯერ კიდევ ძალზე ნეგატიურად აღიქმება და აფრთხობს ამომრჩეველს, განსხვავებით „სოციალისტისგან“, მით უფრო, თუ მას სიტყვა „ევროპელს“ ან „დამოუკიდებელს“ დავუმატებთ.

2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ იგორ დოდონი აცხადებდა, რომ ის მხარს უჭერდა ევროკავშირთან კეთილმეზობლური ურთიერთობების შენარჩუნებას და რუსეთთან სტრატეგიული პარტნიორობის განახლებას. საპრეზიდენტო ინაუგურაციის მეორე დღესვე კი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობიდან ევროკავშირის დროშა ჩამოახსნევინა. პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ერთ-ერთ ინტერვიუში დოდონი „იფიცებოდა“: მე არ ვარ პრორუსი, არც პროდასავლური, არამედ ვარ პრომოლდოველი პოლიტიკოსიო. თუმცა რეალურად რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ნებართვის გარეშე „აბაზანაშიც“ ვერ შედიოდა.

არსებული ინფორმაციით, 2019 წლის თებერვალში, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე გამოსვლამდე სამი დღით ადრე, დოდონმა, მოლდოვის რესპუბლიკაში რუსეთის ელჩის, ოლეგ ვასნეცოვის მეშვეობით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვარგარეთის ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული ურთიერთობების სამმართველოს უფროსს, გენერალ ჩერნოვს შესათანხმებლად გადასცა თავისი გამოსვლის ტექსტისა და პრეზენტაციის პროექტი. ასე უთანხმებდა იგორ დოდონი ყველა შიდა თუ საგარეო პოლიტიკურ საკითხს „კრემლს“. მისი პრეზიდენტობის პერიოდში მოლდოვა, ფაქტობრივად, „რუსეთის გუბერნიად“ იქცა: რუსულ ენას ოფიციალური სტატუსი მისცა, მინიმუმამდე დაიყვანა ევროპულ ორგანიზაციებთან კონტაქტები, დაუახლოვდა „ევროაზიულ კავშირს“ და ა.შ. თუმცა 2020 წლის დეკემბერში დოდონს ვერც პუტინმა უშველა: მოლდოვის მოსახლეობის უმრავლესობის გადაწყვეტილებით, საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა და ქვეყანა კვლავ ევროპულ გზაზე დააყენა, რაც რუსეთის ინტერესებში ნამდვილად არაა. ამიტომ „კრემლი“ ყველაფერს გააკეთებს, რომ 2024 წლის 20 ოქტომბერს მაია სანდუ დამარცხდეს და რეფერენდუმზე ევროკავშირში ინტეგრაციის აუცილებლობის კონსტიტუციაში დაფიქსირებას უარყოფითი პასუხი გაეცეს.

(პირველი ნაწილის დასასრული)