მაროდიორობა კურსკში - ევაკუირებული რუსების სახლებს... რუსივე სამხედროები ძარცვავენ...
"მაროდიორობა" ფრანგული სიტყვაა და ძარცვას ნიშნავს, თუმცა მე-17 საუკუნიდან ის ომებში ჩადენილი იმ სამხედრო დანაშაულის სინონიმი გახდა, როდესაც ბრძოლის ველზე დაღუპულებისა და დაჭრილების პირად ნივთებს იპარავდნენ, დღეს კი მაროდიორებს მათაც ეძახიან, ვინც საბრძოლო მოქმედების ზონაში მშვიდობიანი მოსახლეობის სახლებს ძარცვავს და ავტომანქანებს იპარავს, იტაცებს...
რაღა შორს წავიდეთ, განა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსი ოკუპანტებისა და ოსი სეპარატისტების მიერ ჩადენილი მაროდიორობის ნაკლები ფაქტები ვიხილეთ, როდესაც შიდა ქართლის სოფლებს შესეულები, ეს არაკაცები რა საზიზღრობებს სჩადიოდნენ?!
მაგრამ მაინც ერთია, როდესაც ოკუპანტის სახელით შემოსული მტერი აკეთებს ამას და სულ სხვაა, როდესაც ავტომატიანი სამხედროები თავისივე ქვეყნის ტერიტორიაზე თანამოქალაქეებს ძარცვავენ...
ორიოდე კვირის წინ, ტელეგრამ-არხები შემოიარა საინტერესო ვიდეოკადრებმა, რომელიც ფარულმა ვიდეოკამერამ გადაიღო, რუსეთის ფედერაციის კურსკის ოლქის ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, მობილური მაღაზიის ოთახში, როდესაც ფანჯარას ამტვრევენ და ოთახში ორი შეიარაღებული პირი აღწევს, რომლებიც ძვირად ღირებულ მობილურებს თაროებიდან აგროვებენ და ფანჯრიდან უკან ძვრებიან...
ვიდეო 1 - „როსგვარდიის“ ორი ჩეჩენი სამხედრო კურსკის ოლქში „მეგაფონის“ მაღაზიიდან მობილურებს იპარავს...
სახეზეა მაროდიორობის ყველაზე ნათელი მაგალითი - შეიარაღებული, სამხედროფორმიანი პირები სამოქალაქო დაწესებულებაში ძალით აღწევენ და იქიდან გააქვთ ძვირად ღირებული საქონელი - ყველა, ალბათ, მოელოდა, რომ ისინი კურსკის ოლქში შეჭრილი უკრაინის არმიის საექსპედიციო კორპუსიდან შეიძლება ყოფილიყვნენ, თუმცა...
თუმცა კურსკის ოლქის გლუშკოვოს დასახლებულ პუნქტში „მეგაფონის“ მაღაზიიდან მობილური ტელეფონების მომპარავი... ორი ჩეჩენი და ერთიც რუსი ეროვნების სამხედრო აღმოჩნდა, რომლებიც „როსგვარდიასა“ და „ახმატთან“ იყვნენ კავშირში...
მეორე ვიდოკადრები, ასევე, კურსკის ოლქში, Wildberries-ის საწყობში გადაიღო ვიდეოკამერამ - სამი სამხედრო პირი, რომლებიც ეკუთვნიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, შედიან ამ საწყობში და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილ კონვერტებსა და ამანათებს იპარავენ, ოღონდ ერთი განსხვავებით, მათ სახეები დაფარული აქვთ, ეტყობა გაითვალისწინეს, რომ მანამდე გაძარცვულ „მეგაფონში“ ვიდეოკამერამ ძალზე მკაფიოდ დააფიქსირა იმ ორი ჩეჩენი მაროდიორის სახე...
რუსეთის კურსკის ოლქში უკრაინის არმიის საექსპედიციო კორპუსი 1 250 კვ.კმ-ზე მეტ ფართობსა და 92 დასახლებულ პუნქტს აკონტროლებს, შესაბამისად, უკრაინელების მიერ ოკუპირებული კურსკის ოლქის ნაწილიდან ევაკუირებულია 133 ათასზე მეტი რუსეთის მოქალაქე, ადგილობრივი მაცხოვრებელი.
ვიდეო 2 - ასევე კურსკის ოლქში, Wildberries-ის საწყობში ეს კადრები გადაიღო ვიდეოკამერამ - სამი სამხედრო პირი, რომლებიც ეკუთვნიან რუსეთის შეიარაღებულ ძალებს, შედიან ამ საწყობში და ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის განკუთვნილ კონვერტებსა და ამანათებს იპარავენ...
ეს რიცხვი შეიძლება ბევრად მეტიც ყოფილიყო, რომ არა ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - უკრაინის არმიის მიერ ჯერ კიდევ დაუკავებელი სოფლებიდან კურსკელები არ ჩქარობენ ევაკუირებას - შეიძლება იმიტომაც, რომ უკრაინელი სამხედროები დიდად არ ერჩიან ადგილობრივ მოქალაქეებს (განსხვავებით იმ მხეცობისა, რაც რუსმა ოკუპანტებმა ომის დასაწყისში იმავე უკრაინულ ბუჩაში ჩაიდინეს), მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ევაკუაციაზე ისინი იმიტომ იკავებენ თავს, რომ ეშინიათ, მაროდიორებმა სახლები არ გაუძარცვონ, რადგან უკვე ევაკუირებულების ბევრი საცხოვრებელი გაიძარცვა...
კურსკელების დიდ ნაწილს ენა არ უბრუნდება, რომ ეს უკრაინულ საოკუპაციო დანაყოფებს დააბრალონ, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ კურსკის ოლქის იმ სოფლებში, სადაც უკრაინელ მებრძოლებს ჯერ ფეხიც კი არ დაუდგამთ, ევაკუირებული რუსების სახლებს ისევ... რუსეთის არმიის ის სამხედროები ძარცვავენ, რომლებიც იქ თითქოს სწორედ ადგილობრივებისა და მათი ქონების დასაცავად გადაისროლეს, კრემლის ბრძანებით...
კურსკის ოლქის მაცხოვრებლები ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდნენ - მიუხედავად იმისა, რომ მათ აქვთ მამხილებელი დოკუმენტები რუსი სამხედროების მაროდიორობის ფაქტებზე, ამის არათუ ოფიციალურად გაცხადებას, არამედ, ხმამაღლა თქმასაც ვერ ბედავენ, რადგან ძალიან დიდი ალბათობით, მათ მაშინვე უკრაინული პროპაგანდის დახმარებასა და რუსეთის არმიის დისკრედიტაციას დააბრალებენ, ეს კი უკვე სისხლის სამართლის დანაშაულით კვალიფიცირდება და რამდენიმეწლიან თავისუფლებას აღკვეთასაც ითვალისწინებს - უკრაინაზე თავდასხმის შემდეგ ამ ბრალდებით რუსეთის ციხეებში ასობით რუსეთის მოქალაქე უკვე ჩასვეს...
ევაკუირებულ კურსკელებს ისღა დარჩენიათ ფარულად შეაგროვონ თავიანთი გაძარცვული სახლების ფოტოვიდეოკადრები იმ დრომდე, სანამ, მათი იმედით, რუსეთის ხელისუფლება პასუხს მოსთხოვს თავისსავე სამხედროებს ამ მაროდიორობისთვის, ხოლო მოსახლეობას ზარალს აუნაზღაურებს...
თუმცა, გაძარცვულ კურსკელებს ეტყობა, ტყუილად აქვთ ამის იმედი, რადგან კურსკის ოლქის ევაკუირებულ სოფლებში სახლების მაროდიორობას რუსული სახელმწიფო პროპაგანდა უკვე უკრაინელ სამხედროებს აბრალებს, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ჯერ კიდევ არ შესულან ამ კონკრეტულ რუსულ დასახლებულ პუნქტებში...