ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოჩენა სერიოზულ ცვლილებს გამოიწვევს უკრაინის ფრონტზე... - კვირის პალიტრა

ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოჩენა სერიოზულ ცვლილებს გამოიწვევს უკრაინის ფრონტზე...

6 სექტემბერს ერთი თვე შესრულდა, რაც უკრაინა აგრძელებს რუსეთის კურსკის ოლქის ნაწილის-1 300 კვ.კმ ტერიტორიისა და ასამდე დასახლებული პუნქტის ოკუპაციას...

ამასთანავე, უკრაინის არმიამ ბოლოს და ბოლოს შესძლო რუსეთის საოკუპაციო ძალების წინსვლის შეჩერება აღმოსავლეთ ფრონტზე-პოკროვსკის მიმართულებით და უკვე დაკარგული ნიუ-იორკის ნაწილიც კი დაიბრუნა მოულოდნელი კონტრშეტევის შედეგად...

რუსეთს მცირე დრო დარჩა ფართომასშტაბიანი იერიშების განსახორციელებლად, რომ წელსვე დაიპყროს კონსტანტინოვკა - კრამატორსკი - სლოვიანსკის რაიონი და „დონეცკის სახალხო რესპუბლიკა“ „განთავისუფლებულად“ გამოაცხადოს, რადგან შემოდგომის წვიმების სეზონის დასაწყისი რუსეთის საოკუპაციო ძალებს შეუზღუდავს მძიმე ჯავშანტექნიკის გამოყენებას მინდვრებზე გავლით შეტევების შესაძლებლობას.

რუსული კურსკის ოკუპირებული ნაწილის თვეზე მეტხანს შენარჩუნება და ამასთან თავის ტერიტორიაზე რუსი ოკუპანტების მუდმივი შეტევების ნაწილობრივ შეჩერება, უკრაინის არმიის ერთგვარ წარმატებაზეც უნდა მეტყველებდეს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება კვლავ კრიტიკული გახდეს კიევისთვის, თუკი რუსეთმა მასიურად დაიწყო ირანული წარმოების ბალისტიკური რაკეტების გამოყენება, როგორც ფრონტის ხაზზე, ისე მის ზურგში, უკრაინული ქალაქების დასანგრევად...

ირანის ისლამურ რესპუბლიკაში წარმოებული რამდენიმე ათასი კამიკაძე-დრონი „შაჰიდი“ რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ისედაც გამოიყენეს 2022 წლის შემოდგომის შემდეგ, ახლა კი მისი კლონით „გერანით“ (რომელსაც უკვე თავად რუსეთში აწყობენ) უტევენ უკრაინის ქალაქებს და თუკი მათ ირანული ბალისტიკური რაკეტებიც დაემატა, უკრაინას მორიგი განსაცდელი ელის...

საქმე ის არის, რომ ბალისტიკური რაკეტების მოგერიება ყოველთვის უფრო რთული და ხარჯიანი გახლდათ, ვიდრე იმავე „შაჰიდის“ კამიკაძე-დრონებისა თუ ფრთოსანი რაკეტების ჩამოგდება, რადგან დაბალ სიმაღლეზე მცირე და საშუალო სიჩქარით მფრენი დრონისა და ფრთოსანი რაკეტის „ჩამოხსნა“ ციდან საზენიტო ტყვიამფრქვევებითა და მცირეკალიბრიანი ავტომატური ქვემეხებითაც შეიძლება, სტრატოსფეროდან წამში 2-3 კმ-ით „დაცემული“ ბალისტიკური რაკეტის მოგერიება არათუ საზენიტო არტილერიას, საზენიტო რაკეტებსაც კი არ ძალუძთ და ამისთვის სპეციალური, ანტისარაკეტო სისტემები - ამერიკული მოდერნიზებული „პეტრიოტი“ და დასავლეთევროპული „მამბა“ გამოიყენება, რომლებიდანაც სტარტაღებული თითოეული ანტირაკეტის ფასი 3-4 მლნ დოლარს უტოლდება...

დასავლეთის საინფორმაციო საშუალებების მიერ ბოლო დღეებში გავრცელებული ინფორმაციების (რომლებიც უცილობლად ეყრდნობა ასევე დასავლეთის სადაზვერვო სტრუქტურებიდან მასმედიისთვის სპეციალურად გამოჟონილ მასალებს) მიხედვით, ირანს უკვე დაუწყია თავისი ბალისტიკური რაკეტების მიწოდება რუსეთისთვის, რასაც წინ უძღოდა რუსი სპეციალისტების გადამზადება ირანის ტერიტორიაზე...

2-irani-1725695460.png
ირანული ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების Fath-360-ების მასიურად მიწოდების შემთხვევაში, რუსეთის საოკუპაციო ძალები 120 კმ-ის რადიუსში უფრო ინტენსიურად გააგრძელებენ უკრაინული ქალაქების დანგრევას...

ლაპარაკია Ababil-ისა და Fath-360-ის ტიპის ირანულ ბალისტიკურ რაკეტებზე.

Ababil-ი წარმოადგენს 3,7 მ სიგრძისა და 240 კგ მასის ტაქტიკურ ბალისტიკურ რაკეტას, რომელიც 86 კმ მაქსიმალურ სიშორეზე მიფრინავს ინერციული ან თანამგზავრული ნავიგაციის სისტემის გამოყენებით, ხოლო მიზანში ზუსტად მოხვედრას ახორციელებს ოპტიკურ-ელექტრონული სისტემის საშუალებით.

თავისი ტაქტიკურ-ტექნიკური მახასიათებლებით ირანული Ababil-ი ძალიან წააგავს იმ ამერიკული „ჰაიმარსებიდან“ გაშვებულ GMLRS-ის მართვად რაკეტებს, რომლებსაც ომის მესამე წელია წარმატებით იყენებს უკრაინული არმია.

მეორე ირანული ბალისტიკური რაკეტა, რომელიც შეიძლება გამოჩნდეს უკრაინის ფრონტზე, არის ოპერატიულ-ტაქტიკური დანიშნულების Fath-360-ი.ამ რაკეტის სიგრძე 5,1 მ-ს შეადგენს, მასა 787 კგ-ია (აქედან საბრძოლო ქობინზე 150 კგ მოდის), ხოლო კალიბრი კი 368 მმ. მისი ფრენის მაქსიმალური მანძილი 120 კმ-ს შეადგენს, რითაც უტოლდება საბჭოთა Точка-У-ებს, რომლებსაც ამ ომის დასაწყისში ორივე მებრძოლი მხარე აქტიურად იყენებდა, სანამ მათი მარაგი არ შეუმცირდათ.

ჩრდილო კორეიდან მიღებულ KN-23 ტიპის ბალისტიკურ რაკეტებს, რომლებიც რუსული Искандер-М-ების ერთგვარ ასლს წარმოადგენენ, რუსი სამხედროები შიგადაშიგ იყენებენ უკრაინულ ქალაქებზე სარაკეტო დარტყმებისას, მაგრამ მათ არსენალში, უფრო ახლოსმფრენი, მაგრამ იაფი და უფრო მრავალრიცხოვანი ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოჩენაც, უკრაინულ მხარეს რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს, რადგან ამ ბალისტიკური რაკეტების ნაწილის მოსაგერიებლად მაინც, ბევრად მეტი და ძალზე ძვირადღირებული ანტირაკეტა დასჭირდება...

ისე ძალიან უცნაურია, ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ 24 აგვისტოს უკრინას ოფიციალურად მიულოცა დამოუკიდებლობის დღე და ყველაფერი კარგი უსურვა და თუ გამართლდა დასავლეთის დაზვერვის მონაცემები და რუსი ოკუპანტების მიერ გაშვებულმა ირანული წარმოების ბალისტიკურმა რაკეტებმა მართლაც დაიწყეს უკრაინის ქალაქებში აფეთქება?