"შეშფოთებულები ვართ გავრცელებული ინფორმაციით და მოვუწოდებთ ირანის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავონ რუსეთისთვის ნებისმიერი სახის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან"
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეშფოთება გამოთქვეს მედიით გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით იმის შესახებ, რომ ირანმა რუსეთს თავისი ბალისტიკური რაკეტები უკვე გადასცა.
უკრაინის საგარეო უწყებაში ოფიციალურ თეირანს მოუწოდეს თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის შეიარაღების რუსეთისთვის გადაცემისგან.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმად არის შეშფოთებული საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური იარაღის შესაძლო გადაცემასთან დაკავშირებით. მორიგ ჯერზე მოვუწოდებთ ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობას, თავი შეიკავონ რუსეთისთვის ნებისმიერი სახის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის გადაცემისგან, რომელიც ამასთან გაერო-ს დადგენილების მიხედვით აგრესორ სახელმწიფოდ არის აღიარებული“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
უკრაინის საგარეო უწყებაში განაცხადეს, რომ ირანული „შაჰიდები“ უკვე ორი წელია გამოიყენება რუსეთის მიერ უკრაინული ქალაქების საჰაერო ტერორისთვის და ამასთან, აღნიშნეს, რომ რუსეთისა და ირანის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავება ატარებს სერიოზულ საფრთხეს არა მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოებისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის.
„მოვუწოდებთ მსოფლიო საზოგადოებას, გააძლიეროს ზეწოლა თეირანსა და მოსკოვზე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად. ირანმა სრულად და საბოლოოდ უნდა შეწყვიტოს რუსეთისთვის იარაღის მიწოდება, რათა ქმედებით და არა სიტყვით დაამტკიცოს თავისი პოლიტიკური ხელმძღვანელობის განცხადებების გულწრფელობა რუსული სიკვდილის სამხედრო მანქანის მუშაობაში ჩაურევლობის შესახებ. ვაფრთხილებთ ოფიციალურ თეირანს, რომ რუსეთისთვის ირანის მიერ ბალისტიკური რაკეტების მიწოდების ფაქტის დადასტურების შემთხვევაში, ამას ექნება გამანადგურებელი შედეგი უკრაინულ-ირანული ორმხრივი ურთიერთობისთვის“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, ირანის მიერ რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ ინფორმაცია Wall Street Journal-მა წყაროზე დაყრდნობით გუშინ გაავრცელა.