"უამრავი რამ არის, რაც საქართველოს უკავშირდება და მაბედნიერებს: ხალხი, თქვენი შეუპოვარი ხასიათი, რომელიც ძალიან მომწონს" - ვილი სანიოლი საქართელოზე, ნაკრებზე და მომავალ გეგმებზე (ექსკლუზივი)
უეფას ერთა ლიგის პირველ ტურში საქართველომ ჩეხეთის ნაკრები 4:1 დამარცხა. მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე კომენტარი ვილი სანიოლმა გააკეთა და აღნიშნა, რომ გუნდის ყოველთვის სჯეროდა:
"ჩვენ დიდი გზა გავიარეთ. გარედან ყველაფერი არ ჩანს... ამ გუნდის ყოველთვის მჯეროდა. ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს და გუნდურობის მნიშვნელობა გაიაზრეს. მნიშვნელოვანი იყო, ევროპორველობის შემდეგ როგორ დავბრუნდებოდით და რაც დღეს ვნახე, ეს სასიხარულო იყო, ვულოცავ ჩემ გუნდს!
ზოგიერთი ცვლილება დაგეგმილი იყო, მაგალითად, კიტეიშვილს ამ ეტაპზე 90 წუთით თამაში არ შეეძლო. შეცვლა ჩაკვეტაძემაც მთხოვა. აი, კაკაბაძის გაყვანა წინასწარ დადეგმილი არ ყოფილა. რაც შეეხება კვარაცხელიას დასვენებას, მან კარგად იცის, ძალები როგორ გადაანაწილოს.
საწყის წუთებში შეტევაში არ გვითამაშია, შემდეგ შემტევ ფეხბურთელებს ვთხოვე, წინ დარჩენილიყვნენ და მეტი სივრცე შეექმნათ. კიტეიშვილი ევროპულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე დაუფასებელია, მას უდიდეს კლუბებში თამაში შეუძლია. საკუთარ როლს იდეალურად ასრულებს და მოხარული ვარ, ის რომ ჩემს გუნდშია".
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში საინტერესო საკითხებზე ისაუბრა:
- საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ თქვით, რომ "არ ხართ ადამიანი, რომელიც ბევრს საუბრობს, მირჩევნია, მოედანზე ვილაპარაკოო". როგორ ფიქრობთ, ბოლო წლების განმავლობაში რა აჩვენეთ მოედანზე, რა ასწავლეთ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებს და რა ისწავლეთ თქვენ თვითონ? თქვენც ხომ გაიზარდეთ, როგორც მწვრთნელი?
- სადაც უნდა იყო, როგორც მწვრთნელი, ყოველთვის იზრდები, რადგან ყველა პროექტი განსხვავებულია. განსხვავებულია გუნდები, ფეხბურთელები, მიზნები... მოხარული ვარ, რომ მეც სულ ვიზრდები, ყოველდღიურად ვსწავლობ და იმედია, ეს პროცესი კიდევ დიდხანს გაგრძელდება...
ჩვენმა გუნდმა დიდი ევოლუცია განიცადა ბოლო წლების განმავლობაში. განსაკუთრებით რთული იყო დასაწყისში, რადგან გუნდში მისვლისთანავე დავინახე ისეთი ფეხბურთი, რომელსაც არ ვეთანხმებოდი. ვცადე, შემეცვალა მოთამაშეების მენტალიტეტი, გამეგო, როგორ ხედავდნენ მოთამაშეები ფეხბურთს, რა იყო მათთვის მნიშვნელოვანი - ინდივიდუალური თუ გუნდური პერფორმანსის მხრივ და სხვ. ბუნებრივია, ამან დიდი დრო წაიღო, მენტალობის შეცვლა ხომ რამდენიმე თვეში, თუნდაც ერთ წელიწადში, ძალიან რთულია. დღეს, ჩემი მოსვლიდან სამ-ნახევარი წლის შემდეგ, ბევრი რამ შეიცვალა. საბედნიეროდ, ახლა იქ ვართ, სადაც გვინდოდა ვყოფილიყავით. ჩვენ, ყველამ - ფედერაციამ, სტაფმა, მოთამაშეებმა, ბევრი ვიშრომეთ ამისთვის. რაც მთავარია, გამოჩნდა, რომ ეს იყო სწორი გზა.
- რა იყო მთავარი, რაც საქართველოს ნაკრებს მოუტანეთ? - ის, რომ გუნდის ერთ მუშტად შეკვრა შეძელით? იქნებ ახალი ტაქტიკის ან მოთამაშეების აღმოჩენა?
- ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყოველთვის იყვნენ ძალიან კარგი ფეხბურთელები, ყველა თაობას ჰყავდა მაღალი დონის მოთამაშეები. თუმცა გამიჭირდება თქმა, რატომ ვერ მიაღწიეს მათ შედეგს. წესით, თქვენ უკეთ უნდა იცოდეთ... საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველად ითამაშა დიდ ტურნირზე და მიმაჩნია, რომ ეს ფეხბურთის ფედერაციის წარმატებული მუშაობის შედეგია - მინახავს ყველაფერი, რაც მათ გააკეთეს უკანასკნელი 8-9 წლის განმავლობაში:
გაიხსნა აკადემიები, შენდება ახალი მოედნები, ეს ფედერაცია ძალიან ბევრს აკეთებს და შედეგი სახეზეა. ეროვნული ნაკრები ხომ მთლიანი პროცესის მხოლოდ ბოლო ნაწილია. თუ საფუძველი საკმარისად მყარი არ არის, თუ შენ ვერ აძლევ ფეხბურთის თამაშის შესაძლებლობას ყველა ახალგაზრდა მოთამაშეს, შედეგს ვერ მიიღებ. მოთამაშისთვის, სამწვრთნელო შტაბისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მუშაობისთვის ყველანაირი პირობა ჰქონდეთ და მხოლოდ საქმეზე იყვენენ კონცენტრირებული.
- ამბობთ, რომ საქართველოში თავს ძალიან კარგად გრძნობთ და ყველაფრით კმაყოფილი ხართ, მაგრამ... არასდროს გინანიათ, რომ საქართველოს ნაკრების გაწვრთნას დათანხმდით? შესაძლოა ესპანეთთან 1:7 წაგების შემდეგ, ან რომელიმე სხვა მომენტში...
- არა, არასდროს მიფიქრია, რომ საქართველოში ჩამოსვლა შეცდომა იყო. ცხადია, იყო რთული პერიოდები, განსაკუთრებით საწყისი ექვსი თვე, როცა ფეხბურთელების მენტალობის შეცვლას ვცდილობდი, მაგრამ ერთხელაც არ ყოფილა დღე, როცა მინანია საქართველოს ნაკრებში მუშაობის დაწყება. ყოველდღიურად ვმუშაობ შესანიშნავ ხალხთან ერთად, იმ ადამიანებთან, რომლებიც პირველივე დღიდან გვერდში მიდგანან როგორც რთულ მომენტებში, ისე წარმატების დროს... გააგრძელეთ კითხვა