"ბოლო თვეებში იმდენი რამ გავიგე, იმდენი აღმოჩენა გავაკეთე, რომ გაოგნებული ვარ" - კვირის პალიტრა

"ბოლო თვეებში იმდენი რამ გავიგე, იმდენი აღმოჩენა გავაკეთე, რომ გაოგნებული ვარ"

ზაფხული თითქმის მიიწურა, მაგრამ ზღვისპირა კურორტებზე ისევ ხალხმრავლობა და ჟრიამულია.

ლურჯად მოლივლივე შავი ზღვა და თაკარა მზე ტურისტებს და ადგილობრივებსაც ერთნაირად იზიდავს. ბათუმის მკვიდრი, ცნობილი მსახიობი ზურაბ ცინცქილაძე წლევანდელი სეზონის შთაბეჭდილებებს გვიზიარებს:

- გამოგიტყდებით, რომ დიდხანს დასვენება არ მომწონს და ყოველთვის ვცდილობ, შვებულების დღეებიც კი არ გავატარო უქმად. მიუხედავად ამისა, ზაფხული ჩემი საყვარელი სეზონია, რადგან ამ დროს ზღვაში ჩასვლა და ცურვა შემიძლია. ბედნიერებაა, რომ ზღვა აქვე მაქვს - ჩემს სახლთან ახლოს, რაც უფლის საჩუქარი და ყველაზე ძვირფასი ძღვენია. როდესაც ზღვაში ვარ, ყველაზე კარგად ვისვენებ, თანაც, ცურვა ფიქრსა და აზროვნებაშიც მეხმარება.

- დილის ზღვა უფრო მოგწონთ თუ საღამოსი?

- ამას დილაც არ ჰქვია, უფრო განთიადია: ბოლო დროს, ზღვაში ცურვა განსაკუთრებით მაშინ მომწონს, როცა მზე ამოსვლას დააპირებს. ჩემი სახლიდან მტირალას მთა ძალიან კარგად მოჩანს. მთის წვერზე მზე რომ ამოიწვერება, ზღვისკენ მივიჩქარი. მზის სხივებს წყალში რომ შევყვები, ამომავალ მზეს თვალს რომ გავუსწორებ, ამაზე კარგი რა შეიძლება იყოს? მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულიც ძალიან მიყვარს, ბუნება რომ იღვიძებს და მცენარეები ცოცხლდებიან, ეს საოცრებაა, მაგრამ ზაფხულს და ზღვას ვერაფერს შევადარებ!

- ზღვა უამინდობის დროსაც გიყვართ?

- ჩემთვის უამინდობა არ არსებობს, ამ სიტყვის მნიშვნელობასაც ვერ ვხვდები. როცა ამბობენ, ხვალ კარგი ამინდი იქნებაო, მიკვირს, რადგან ვინ იცის, ჩემთვის კარგი ამინდი რომელია? წვიმასაც სიხარულით ველოდები და წვიმის დროს ზღვაში რომ შევდივარ, ეს ჩემთვის ცალკე ნეტარებაა. ამ დროს, ფიქრიც კარგია, წყალიც თბილი და სასიამოვნოა. მკითხველთან ადრეც მაქვს ნათქვამი, რომ ახალ დოკუმენტურ ფილმს ვიღებ, რომელსაც "დიდაჭარა - დიდი წიგნი" დავარქვი. ამ ფილმის მასალის მოსაპოვებლად, ხშირად მიწევს აჭარაში სიარული და უამრავ საინტერესო ამბავს თუ ისტორიას ვიგებ. ამიტომ ვამბობ, დასვენების სეზონი ჩემთვის არ არსებობს-მეთქი. წლევანდელი ზაფხული უჩვეულო და გამორჩეული აღმოჩნდა: ბოლო თვეებში იმდენი რამ გავიგე, იმდენი აღმოჩენა გავაკეთე, რომ გაოგნებული ვარ. ჩემს საქმეზე ფიქრი სულაც არ მიშლის ხელს, რომ ზღვასთან ურთიერთობა არ დავივიწყო. სხვათა შორის, გარუჯვა იმდენად არ მიყვარს, რამდენადაც ზღვაში ყოფნა.

cincqiladze-2-1725779059.jpg

- ვინც აფხაზეთშია ნამყოფი, ამბობს, რომ იქ განსაკუთრებული ზღვა იყო...

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ აჭარელმა კაცმა ზღვა აფხაზეთში, გუდაუთაში შევიყვარე. აფხაზეთი საოცარი მხარეა და იქაური ზღვაც სხვანაირად ლამაზი და მიმზიდველია. 14-15 წლისა ვიყავი, როცა პირველად მოვხვდი გუდაუთაში, სადაც დაუვიწყარი სამი კვირა გავატარე და ზღვასთან ურთიერთობაც სწორედ იქ შემიყვარდა. ისეთი კამკამა იყო, რომ ჩახედავდი, ფსკერი ჩანდა, სანაპიროზე კი ძალიან ლამაზი ნაძვები იდგა. იმდენად ღრმა შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე აფხაზეთმა, რომ იქიდან წამოსვლა აღარ მინდოდა. ის უჩვეულო განცდა დღესაც მახსენდება. მერე, როცა წამოვიზარდე და მსახიობი გავხდი, ბიჭვინთაში წავედი. თეატრალური საზოგადოებიდან საგზური მომცეს და ბედნიერება მხვდა, რომ ბიჭვინთაც მენახა და იქ დამესვენა. უნდა გამოგიტყდეთ: ქვეცნობიერად იმედი მაქვს, რომ აფხაზეთში ისევ ჩავალ და იმ დღეებს გავიხსენებ, როდესაც მივხვდი, რა კარგია ზღვასთან მეგობრობა! ძალიან კარგად მესმის აფხაზეთიდან დევნილებისა, რომლებიც ჩვენთან, აჭარაში ცხოვრობენ და თავს იმით იმშვიდებენ, რომ ზღვა აქვე აქვთ, რომ აქედან კარგ ამინდში აფხაზეთიც მოჩანს.

- ამ ზაფხულს სადმე წასვლა თუ მოახერხეთ?

- როგორ არა, ერთი კვირით დამპატიჟეს აბასთუმანში, რომელიც საოცარი ადგილია. მეც მესხური ძირი მაქვს და აბასთუმანიც ძალიან მიზიდავს. იქ რომ ვარ, თითქოს მთელ სამყაროს ვერწყმი. იქაური ჰაერიც ისეთია, რომ თავისუფლად და ძალდაუტანებლად სუნთქავ, მიწიდან ცხელი წყალი რომ ამოდის, ეს ხომ ნამდვილი სასწაულია... საქართველოში ბევრი ასეთი ადგილი გვაქვს. ღმერთმა ბევრი რამით დაგვაჯილდოვა, მაგრამ ვერ ვაფასებთ და ყადრი არ ვიცით.

- უცხოეთში ყოფნისას, რომელმა ქვეყანამ დატოვა თქვენზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება?

- როცა მეტეხის ახალგაზრდულ თეატრში ვმუშაობდი, ჩემი "06" მყავდა და მანქანით ხშირად ვმოგზაურობდი: ჯერ ბათუმში ჩამოვიდოდი, 30 თუ 40 მანეთად გემზე დავდებდი ჩემს მანქანას და ოდესაში ჩავდიოდი. იქიდან უნგრეთსა და ჩეხოსლოვაკიაში გადასვლა ადვილი იყო. ორ წელიწადში ერთხელ მაინც მივდიოდი ამ ქვეყნებში სამოგზაუროდ. უნგრეთი და მისი უძველესი დედაქალაქი, ბუდაპეშტი ძალიან მიყვარს. შთამბეჭდავი, ლამაზი ქვეყანაა. იქ ოჯახთან ერთადაც ვარ ნამყოფი და მეგობრებთან ერთადაც.

- მეგობრებთან ერთადაც მანქანით მიდიოდით?

- დიახ. ერთხელ, ექვსი მანქანით წავედით და ის დღეები ძალიან ტკბილად მახსენდება. ულამაზესია ჩეხეთის დედაქალაქი პრაღაც. სხვათა შორის, ძველ ბათუმში ახლა რემონტს რომ აკეთებენ, იქაურობა თითქოს, ბუდაპეშტს და პრაღას ემსგავსება, რაც ძალიან მომწონს. განსაკუთრებულად დამამახსოვრდა უნგრეთის ერთი ქალაქი - ეგერი, სადაც ვაზი უყვართ. ღვინის წარმოება იქ ძალიან მაღალ დონეზეა განვითარებული. ეგერიდან ბუდაპეშტამდე სულ რაღაც, 200 კილომეტრია და იქ არის ღვინის სარდაფი, სადაც 100-200 წლის სასმელს ინახავენ.

აქვე უნდა გავიხსენო საბერძნეთის დედაქალაქი ათენი, სადაც საქმიანი ვიზიტით ჩავედი: ამ ქალაქში ცხოვრობს ახალგაზრდა ქართველი რეჟისორი ნიკოლოზ ტყავაძე, რომელმაც გალაკტიონზე სპექტაკლი დადგა. ამ დაუვიწყარ, უძველეს ქალაქში თვეზე მეტხანს ვიყავი, მე გალაკტიონის როლს ვასრულებდი, ხოლო ის - ტერენტი გრანელისა. ათენში მოქმედებს ქართული კულტურის ცენტრი, რომელსაც პროფესორი ავთანდილ მიქაბერიძე ხელმძღვანელობს. ამ ცენტრს ქართველი ემიგრანტებისთვის დიდი დატვირთვა აქვს. მათთვის გამართულ საღამოებზე "ვეფხისტყაოსანიც" წავიკითხე და ამ ცენტრთან დღემდე ვთანამშრომლობ.

როცა ათენში ხარ, შეუძლებელია, აკროპოლისი არ ნახო, იქვე ბერძნული კულტურის უძველესი და უნიკალური ნიმუშებია გამოფენილი. რომ ვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ორიგინალი არც ერთი არ იყო. ორიგინალები ზოგი ლონდონშია, ზოგი - ამერიკაში, ზოგი პარიზში, ზოგი კი - იტალიაშიო. ხელოვნების ეს ძვირფასი ნიმუშები, სამწუხაროდ, მთელ მსოფლიოშია მიმოფანტული.

- თქვენს მშობლიურ ბათუმს დავუბრუნდეთ: ბოლო წლებში ის ძალიან შეიცვალა, ბევრი მრავალსართულიანი შენობა ააგეს, გაჩნდა ცათამბჯენები, რაც ბევრს არ მოსწონს. თქვენ რას იტყოდით ამ ცვლილებებზე?

- მე ცათამჯენები ძალიან მომწონს: შორიდან რომ ხედავ, გრძნობ, რომ აქ ქალაქია და ცხოვრება დუღს. მახინჯაურიდან რომ შემოდიხარ, მაშინვე ხვდები, ეს ძველთაძველი ქალაქი იცვლება, ლამაზდება და იზრდება. ჩემი სახლის წინ სასტუმროა. ერთი საუკეთესო მეგობარი მყავს - სერგო ხიმშიაშვილი და მასთან ერთად ხშირად ავდივარ 23-ე სართულზე, ყავას ვსვამთ და მაღალ მატერიებზე ვსაუბრობთ. იქიდან მშობლიურ ქალაქს რომ გადმოხედავ, ერთ რამედ ღირს.

- დაბოლოს, არჩევანი რომ გქონდეთ, სად წახვიდოდით და რომელ ქვეყნებს დაათვალიერებდით?

- სად წავიდოდი? - ყველგან, სადაც ძველი, ისტორიული ადგილები მეგულება. მაგალითად, კუნძულ კრეტაზე. როცა ისტორია გიყვარს, ადვილად წარმოიდგენ, რომ იმ ადგილებში ცნობილი ადამიანები დადიოდნენ - ადამიანები, რომლებმაც სამყარო შეცვალეს. ეს ჩემზე ისეთივე სასიამოვნო შთაბეჭდილებას ახდენს, როგორც ზღვასთან მეგობრობა და ჩემი სახლის აივნიდან დანახული ამომავალი მზის სხივები.

ხათუნა ჩიგოგიძე

ჟურნალი "გზა"