"იქართველეთ, ქართველებო, ქართველობას გაფიცებთ", "ადამიანის სიცოცხლე ბავშვის პერანგივით ხანმოკლე და ჭუჭყიანი ყოფილა" - რა ეწერა საქართველოს ეროვნული გმირის ჩანაწერებში და როგორ იხსენებენ ზაზა დამენიას
"იქართველეთ, ქართველებო, ქართველობას გაფიცებთ", - ეს საქართველოს ეროვნული გმირის, ზაზა დამენიას სიტყვებია. როდესაც მის ოჯახს დავუკავშირდი, მეგონა, მის შესახებ ყველაფერი ვიცოდი... ვუსმენდი დედამისს, ციური წერეთელს, მის დას, ხათუნა დამენიას, ვეცნობოდი მის ჩანაწერებს და ვხვდებოდი, რომ ის გმირობისთვის, თავგანწირვისთვის ემზადებოდა, ის დაიბადა იმისთვის, რომ მომკვდარიყო საქართველოსთვის. ამბავი კი ასე დაიწყო - 16 აგვისტოს დილა თენდებოდა, ცხინვალის მისადგომებთან გათხრილ სანგარში რუსულ-ოსურ ბანდფორმირებებთან მებრძოლ ქართველებს მოწინააღმდეგემ ხელყუმბარა ჩაუგდო. ქართველთაგან ერთი არც დაფიქრებულა, ხელყუმბარას გადაეფარა - გმირი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის ფასად თანამებრძოლები დაღუპვისგან იხსნა "კომანდოს" მებრძოლი ზაზა დამენია იყო. მასთან ერთად იმ ავბედით დღეს ქართულმა მხარემ 16 მებრძოლი დაკარგა.
შეგახსენებთ, რომ 2004 წლის 5 აგვისტოს ცხინვალის რეგიონში ქართულ მხარეს და ოს სეპარატისტებს შორის მცირე ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები დაიწყო. როგორც ზაზა დამენიას თანამებრძოლები შემდგომ იხსენებენ, დაღუპვამდე ორი დღით ადრე ნაღმის აფეთქების დროს თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა, მაგრამ ზაზამ იუარა, წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და თუ სხვას ვერაფერს შევძლებ, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენით, ბიჭებოო!
მართალია, სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი განსაკუთებული მამაცობისთვის საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა, მაგრამ დღეს მას აღარავინ იხსენებს. როგორც მისი და ხათუნა დამენია ამბობს, 16 აგვისტოს მეოცე წლისთავი იყო, მაგრამ ეს არც ჟურნალისტებს გახსენებიათ და არც პოლიტიკოსებს: "მხოლოდ ზაზა კი არა, იქ სხვა ბიჭებიც დაიღუპნენ, მაგრამ მათ აღარავინ ახსენებს. გვრჩება განცდა, რომ 2004 წლის აგვისტოს კონფლიქტის გახსენება ხელს არავის აძლევს. ალბათ, ამიტომაც არის, რომ იმ ბიჭების გმირობის შესახებ საზოგადოების დიდმა ნაწილმა არაფერი იცის. ჩემი ძმა ზოგს აფხაზეთის ომის გმირი ჰგონია, ზოგს 2008 აგვისტოს ომის დროს დაღუპული".
გულნატკენია დედაც, ციური წერეთელიც. როგორც ამბობს, მისთვის ხელისუფლების არც ერთ წარმომადგენელს სამძიმარიც კი არ უთქვამს.
ზაზა დამენია 1992 წლიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების სადაზვერვო ბატალიონში მსახურობდა. აფხაზეთში 1993 წელს იბრძოდა. 1995 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის სამხარეო სამმართველოს განსაკუთრებულ დავალებათა სამსახურის უზრუნველყოფის ჯგუფის უფროსი იყო. 2002 წლიდან ზაზა დამენიამ სამხედრო სამსახური მე-11 მექანიზებული ბრიგადის მსუბუქ ქვეით ბატალიონ "კომანდოს" რიგებში გააგრძელა. უფრო მეტს მის შესახებ და და დედა გვიამბობენ.
ხათუნა დამენია:
- თავდაპირველად, მის წინასწარმეტყველურ ჩანაწერს გაჩვენებთ: "მეომარს შეუძლია თავის დაფარვა ტყვიისაგან, ასევე შეუძლია დაემალოს ავტომატს, ტყვიამფრქვევს... ჭურვსაც აიცილებს და თქვენ წარმოიდგინეთ, ქვემეხის მიერ გასროლილ ჭურვსაც არ მოაკვლევინებს თავს... თუ მთლად განწირული არ ხარ და ის ჭურვი პირდაპირ შენს სანგარში არ დაეცა"...
და კიდევ ერთიც: "ომი თავისთავად სიმწარეა და სიკვდილი... ის მხოლოდ პირადი განცდით შეიცნობა... ბევრ მწარე მოგონებას იტევს... ზოგი ისეთია, დროც ვერ ერევა, ვერ შლის გონებაში ერთხელ და სამუდამოდ ჩაჭედილ ტკივილს. ასეთი სიმწარე თან მიაქვს ომგადახდილ ადამიანს... ადამიანის სიცოცხლე ბავშვის პერანგივით ხანმოკლე და ჭუჭყიანი ყოფილა".
იცით, ყველა ადამიანი თავისი ოჯახის წევრს აქებს, განსაკუთრებით გარდაცვალების შემდეგ, ჩვენც სულ ზაზას ქებაში ვართ, მე და დედა, მაგრამ ის მართლა გამორჩეული ადამიანი იყო ბავშვობიდანვე - ნიჭიერი, წესიერი, ზრდილობიანი, ჩაცმაც ძალიან მოწესრიგებული იცოდა, თავად აუთოებდა შარვალს... სულ პიჯაკით და პერანგით დადიოდა... თითქოს მართლა იმისათვის ემზადებოდა, რომ გმირულად დაღუპულიყო. საქართველოს ისტორიაში თუ ვინმეს გმირობა ჰქონდა ჩადენილი, ყველას ამბავი იცოდა. წავიდოდა ბიბლიოთეკაში, მოიტანდა წიგნებს, თავად ხომ კითხულობდა და მერე მეც მაძალებდა, შენც წაიკითხეო, მე კი სხვა ინტერესები მქონდა. სულ მეგონა, რომ ყველაფერი იცოდა... ალბათ, იცოდა კიდეც...
წაიკითხეთ სრულად - „ომში წასვლა არავის დაუძალებია, მაგრამ დაიჩემა და წავიდა... ბოლომდე იბრძოლა“