"ყველაფრის პირდაპირ თქმა მიყვარს, დასაკარგი არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ ისედაც არაფერი მაქვს... მშობლები მარიგებდნენ, არ იცი, ხვალ რა იქნება, მერე შეიძლება ნემსებად შეგერჭოს ნათქვამი სიტყვებიო" - კვირის პალიტრა

"ყველაფრის პირდაპირ თქმა მიყვარს, დასაკარგი არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ ისედაც არაფერი მაქვს... მშობლები მარიგებდნენ, არ იცი, ხვალ რა იქნება, მერე შეიძლება ნემსებად შეგერჭოს ნათქვამი სიტყვებიო"

"ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო ევერესტზე. კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი ჩემი გატაცება იყო.

ნეპალის მხარე ყველაზე მეტად მიზიდავს. იმედია, ერთხელ მაინც წავალ და ნახვას შორიდან მაინც შევძლებ", - ამბობს მსახიობი კახა ჯოხაძე. რა ისწავლა საკუთარ შეცდომებზე, რის გამო იღებს საყვედურს, როგორ უმკლავდება რთულ პერიოდებს და რა დარიგებები ახსოვს ბავშვობიდან? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1982 წლის 15 მარტი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მფრინავი, მაგრამ არა - სამხედრო. ექსტრემალური სიტუაციები, გამოუცნობი სამყარო სულ მიზიდავდა. ერთი პერიოდი ლაშქრობებით ვიყავი გატაცებული.

- თვლით, რომ საბოლოოდ პროფესიაში სწორი არჩევანი გააკეთეთ?

- მაგის თქმა წინასწარ ძალიან რთულია. შენ რომ აღარ იქნები და ვიღაც გაგიხსენებს, შენს ნაშრომს გაიხსენებს, მხოლოდ მაშინ შეიძლება ითქვას, არჩევანი რამდენად სწორი იყო. ჯერ ყველაფერი წინაა.

- ჩემზე ამბობენ...

- ...რომ მძიმე ხასიათი გამიხდა.

- ამას თავად როგორ ხსნით?

- ყველაფრის პირდაპირ თქმა მიყვარს, ეს კი ბევრს არ მოსწონს. როცა აზრს მეკითხებიან, ყოველთვის პირდაპირ ვპასუხობ. დასაკარგი არაფერი მაქვს, იმიტომ, რომ ისედაც არაფერი მაქვს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...აუცილებლად მფრინავი გამოვიდოდი, ვეცდებოდი მაინც.

2-1725352062-1725780822.jpg

- ჩემი პირველი წარმატება...

- ...სანამ სამსახიობოზე ჩავაბარებდი, ტელესარეჟისორო მქონდა დამთავრებული. იქ თეატრის ოსტატობას გვასწავლიდნენ. მანანა კვირკველიამ დადგა სპექტაკლი, პროფესიონალ რეჟისორთან თანამშრომლობის ეს პირველი გამოცდილება ძალიან კარგად მახსოვს.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ბევრ ადამიანს. ჩემს პედაგოგებს, პირველ რიგში - დავით კობახიძეს. იმ ხალხს, ვისაც მცირე სტიმული მაინც მოუცია ცხოვრებაში. ზოგიერთი მეუბნებოდა, - ამ სფეროში რა გინდა, აქ არაფერი არ არის. მე რაჭული და სვანური სისხლი მაქვს და როდესაც ეს მესმოდა, ჟინი მემატებოდა; მიჩნდებოდა სურვილი, დამემტკიცებინა, რომ ეს ასე არ იყო. ჩემს წარმატებაში წვლილი მიუძღვის ყველა რეჟისორს, ვისთანაც წლების განმავლობაში შეხება მქონია. იმ მსახიობებს, რომლებთან ერთადაც მითამაშია. ჩემს წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის მაყურებელს. ახმეტელის თეატრში არაერთხელ მქონდა შემთხვევა, სპექტაკლიდან გამოსულს მაყურებელი მელოდებოდა, რომ ჩემთვის თბილი სიტყვები ეთქვათ. ეს ჩემთვის ყველა ჯილდოზე დიდი და მნიშვნელოვანი მომენტია. მადლობა მაყურებელს, რომელიც ამ ფორმით მაძლევს მოტივაციას.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს ძალიან, ძალიან, ძალიან კარგი შვილები. ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალი ვარ.

- როგორი მამა ხარ?

- მამაჩემთან შედარებით, ცოტათი სუსტი ვარ. მამა სამაგალითო იყო. ჩემი შვილები უკვე გაიზარდნენ, ერთმანეთს თითქოს ახლა მეტად გავუგეთ, თანატოლებივით ვართ. თუმცა, მათ ბავშვობაში იყო პერიოდები, როცა მე არ მეცალა, იმდენ დროს ვერ ვატარებდი, როგორც მინდოდა. ახლა თითქოს ვაჩვევ დამოუკიდებელ ცხოვრებას. ცოტათი ხელს ვუშვებ, პატარაზე ვუბიძგებ, რომ წინ წავიდნენ.

- ჩემი სავიზიტო ბარათია...

- ...ჩემი მონგრეული ცხვირი (იცინის), - ეს ხუმრობით. უფრო სერიოზულად კი შემიძლია, ჩემი მანევრულობა დავასახელო. მაქვს სახასიათო მანერა საუბრის, პლასტიკის და ა.შ.

- ყოველთვის მაქვს სურვილი...

- ...თეატრში ბევრი კარგი როლის შექმნა შევძლო. მაქსიმალურად ვცდილობ, მაყურებელს, რომელიც ტელესივრციდან მიცნობს, ვაჩვენო, რომ მე კიდევ სხვა ბევრი რამ შემიძლია. მაქვს ამის პოტენციალი, ვგრძნობ და ძალიან მინდა, ჩემი შესაძლებლობების რეალიზება მოვახდინო.

- ახლა დასვენების პერიოდია, მაგრამ სექტემბრიდან რა სიახლეს უნდა ველოდოთ?

- 3 სექტემბრიდან რეპეტიციები მეწყება, ორ თეატრში ორ სპექტაკლზე ვიწყებ მუშაობას. ერთი სპექტაკლის პრემიერა 9 ოქტომბერს, გიორგი რატიანის სახელობის სოხუმის მოზარდ მაყურებელთა თეატრში შედგება, მეორე - 11-12-13 ოქტომბერს, ქალაქის თეატრში. კიდევ ერთ სპექტაკლში უნდა შევიდე, ერთ-ერთ როლზე სხვა თეატრში. შემოქმედებითად ძალიან გიჟური და "ცხელი" სექტემბერი მექნება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...პირდაპირობა. მაგრამ ეს პირდაპირობა ცივილურ ჩარჩოებს არასდროს სცდება. როცა რაღაც არ მომწონს, გამოსავალიც შემიძლია შევთავაზო ადამიანს, რა და როგორ შეიძლება გამოსწორდეს. არ მიყვარს დაფარული ლაპარაკი და მერე მეგობრებთან წუწუნი, რომ რაღაც ვერ ვთქვი.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...სიჯიუტე და ცოტათი სიზარმაცე.

- საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე...

- ...ამაზე ლაპარაკი ღირს? კარგი, მაინც ვიტყვი. საქართველოში რატომღაც ასე ხდება, როდესაც დამკვეთი მოდის, ჰონორარზე სულ, სულ ბოლოს ლაპარაკობენ. ეს არის პრობლემა, რომელიც ყველა მსახიობს (და არა მხოლოდ) გვაწუხებს. ჩვენთან სასწაული ხდება, ყველაფერზე შეგითანხმდებიან, ჰონორარის თემის გარკვევის გარდა. დაშვებულ შეცდომებზე ასეთი მიდგომა გამოვიმუშავე: პირველ რიგში ვეცნობი, რას მთავაზობენ, რა უნდა გავაკეთო. ის საქმე არის თუ არა ჩემი, გამომივა? თუ მივხვდები, რომ ეს საქმე გამომივა, მერე ვიწყებ ჰონორარზე ლაპარაკს. მგონია, ეს ჯანსაღი მიდგომაა. იმას არ ვამბობ, რომ ყველაფერს ფული წყვეტს, ასე ნამდვილად არ არის, ბევრ პროექტზე ისე მიმუშავია, მეგობრულად დავდგომივარ გვერდით ადამიანებს. ბევრჯერ ჰონორარზე შევთანხმებულვართ, მაგრამ ბოლოში სულ სხვა რამ აღმოჩენილა, ამას ყოველთვის გულისწყვეტა მოსდევს. მე რომ ჩემს საქმეს კეთილსინდისიერად ვასრულებ, ყველასგან იმავეს ვითხოვ.

- პატიება შემიძლია...

- ...მაგრამ ამას ყოველთვის ვერ ვახერხებ. არის რაღაცები, რასაც ვერ "ვხარშავ". შეიძლება სიტყვიერად უთხრა, რომ აპატიე, მაგრამ ის რაღაც მაინც სულ თან გდევდეს, გაწვალებდეს. როცა ასეთ შემთხვევასთან მაქვს საქმე, როცა ის რაღაც ტვინიდან არ ამომდის და გულს მიფხაჭნის, პატიება მიჭირს, თუმცა ბუნებით მიმტევებელი ვარ, მეც მეშლება და მეც მპატიობენ. ურთიერთობაში შუალედი არ შემიძლია. ადამიანი ყველასთვის კარგი ვერ იქნები. თუ ყველასთვის კარგი ხარ, ე.ი. იქ ვიღაც საოცარი მსახიობია. არც უნდა ვეცადოთ, რომ ყველასთვის კარგები ვიყოთ, იმიტომ, რომ ვერ ვიქნებით.

- ამ წუთში ძალიან მინდა ვიყო...

- ...ევერესტზე. კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი ჩემი გატაცება იყო. ნეპალის მხარე ყველაზე მეტად მიზიდავს. იმედია, ერთხელ მაინც წავალ და ნახვას შორიდან მაინც შევძლებ. ბევრ მოლაშქრეს ვიცნობ. ერთხელ ერთმა ასაკოვანმა კაცმა თქვა, არასდროს თქვათ სიტყვა "დავლაშქრე", უნდა თქვათ: "ნება მომცა, ავსულიყავი". მთამ თუ არ მიგიშვა, მიგიღო, როგორი მაგარიც უნდა იყო, ვერ ახვალ.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას და ჩემი პროფესიის უპატივცემულობას. არასდროს არავის პროფესია აბუჩად არ ამიგდია და ვერ ავიტან, არ მოვითმენ, ვინმემ ჩემი პროფესია დააკნინოს, აგდებულად მოიხსენიოს.

- სიყვარული ეს...

- ...რამდენი ხანია წვალობენ და ვერავინ ახსნა, რა არის. ყველას თავისი სიყვარული აქვს. რაღაც პერიოდი მეგონა, არ არსებობდა, ეს მხოლოდ ლამაზი სიტყვა იყო, რომელსაც ადამიანები ხშირად ვიყენებდით. უხილავი ძალაა. რა ფერია, რა განზომილებაშია - ეს არ ვიცი, ხან არის, ხან არ არის, თითქოს არის და თითქოს არც არის. შეიძლება დღეს გეგონოს, რომ სიყვარულია, გავიდეს დრო და აღმოაჩინო, ცდებოდი; ან დღეს ყურადღებას არ აქცევდი და წლების შემდეგ რომ გაიხსენებ, თქვა: ბიჭო, აი, ეს ნახე, ამას როგორ ვერ მივხვდი, აი, თურმე ეს იყო ნაღდი.

- პირველად რომ შემიყვარდა...

- ...ეს იყო ზრუნვით, ქცევით, დამოკიდებულებით გამოხატული ემოცია, არ ყოფილა სიტყვა "მიყვარხარ". არ მიყვარს ყვავილებით სირბილი. მგონია, ყვავილი ბუნებაში უფრო ლამაზია, უფრო კარგია და ცოცხალია. აუ! პირველად რომ შემიყვარდა, ეს როდის იყო, აღარც კი მახსოვს, მაგრამ კარგი გახლდათ.

- ყოველთვის შეუძლია, კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...კარგმა ამბავმა.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...ცხოვრების პირველ ეტაპზე ძალიან დამთმობი ვიყავი, ახლა უფრო გულჩვილი გავხდი, მეტად სენტიმენტალური. ამბავმა, რომელიც ადრე გულთან ახლოს არ მიმქონდა, დღეს შეიძლება ცრემლებამდეც კი მიმიყვანოს, ამაფორიაქოს. დამთმობი ხასიათის გამო, ბევრი რამ დავკარგე, წავაგე.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მრცხვენია, თან მსიამოვნებს. მირჩევნია, პირადად მითხრას ადამიანმა, რა კარგად ითამაშე, ამ ეპიზოდში რა კარგი იყავიო... ეს სასიამოვნოდ მოსასმენია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...რომ ბევრს ვეწევი. ეს ერთი მავნე ჩვევა მაქვს, მომწონს ეს პროცესი.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...ახლა არც ვიცი, ეს წინადადება როგორ დავასრულო. წლების წინ ვიტყოდი, უარის თქმა ვერ ვისწავლე-მეთქი. ყველას ყველაფერზე "კი, გენაცვალე" ვეუბნებოდი.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...ბევრ ფულზე არასდროს მიფიქრია. როცა რაღაც მომწონს, ვამბობ, ასეთი სახლი მომწონს, მაგრამ მე ამის ფული არასდროს მექნება. იმას ვამბობ, რაც 10 წლის გადმოსახედიდან ჩანს. ბევრი ფული რომ მქონდეს, არც ვიცი, როგორ მოვიქცეოდი, შეიძლება ერთ წამში დამეხარჯა, ამიტომ ვისაც ძალიან უნდა, იმას დავუთმობ, მე სამყოფელი მირჩევნია.

- როდესაც დაძაბული პერიოდი მაქვს...

- ...აუცილებლად მჭირდება განმარტოება, სეირნობა. ძალიან მშველის ლაშქრობაში წასვლა, ოღონდ მარტო უნდა ვიყო, ამ დროს ჩემს თავთან "ვლაგდები".

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...მშობლები მარიგებდნენ, არასდროს არავისზე ცუდი არ ილაპარაკო, თუნდაც ასე ფიქრობდე. არ იცი, ხვალ რა იქნება, შენი ცხოვრება როგორ შედგება და მერე შეიძლება ნათქვამი სიტყვები ნემსებად შეგერჭოსო. რაჭველი ბაბუა (დედის მამა) ხშირად მეუბნებოდა, სოფელი არ დაივიწყო, როცა აღარ ვიქნები, აუცილებლად ამოდით, სახლი გაახარეთო. ერთხელ ვკითხე, - ბაბუ, ეგ რას ნიშნავს, სახლი როგორ უნდა გავახარო-მეთქი? - აი, შინ რომ შეხვალ და სინათლეს აანთებ, იმის ნიშანი იქნება, რომ იქ სიცოცხლეაო. როგორი სიმბოლური დამთხვევაა, ახლა, ამ წუთში ონში, სოფელ ცხმორისში, ბაბუის დატოვებულ სახლში ვარ და ისე ვწერთ ამ ინტერვიუს. ყოველ ზაფხულს რაჭაში ვატარებ. მაშინაც კი ამოვდიოდი, როცა საშინელი გზა იყო და 12 კილომეტრის გავლას, რაც ონიდან გვაშორებს, 3 საათს ვუნდებოდი. მინდოდა ჩემს შვილებსაც ჰყვარებოდათ აქაურობა და ეს შევძელი, ესენი ჩემზე მეტად გაგიჟებულები არიან ამ სოფელზე. აქვე ფეხით 15 წუთის სავალზეა ჩანჩქერი, საოცარი ადგილი დაბურულ ტყეში. რაჭაში სანახავი ძალიან ბევრი რამ არის.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...ჩემო ძვირფასებო, ეს ერთი ჩვეულებრივი ადამიანის აზრია თავის ცხოვრებაზე. ნურავინ ცუდად ნუ გამიგებთ, ჩემს ცხოვრებას მე ასე ვხედავ. ყველანი უნდა ვიყოთ მიზანმიმართულები, დათმობა და ღიმილი ვისწავლოთ, დავაფასოთ საკუთარი თავი, ერთმანეთს მეტი სიკეთე და პოზიტივი ვაჩუქოთ!

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი "გზა"