„ყველას გვინდა აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება, მაგრამ..“ - კვირის პალიტრა

„ყველას გვინდა აფხაზეთისა და ცხინვალის დაბრუნება, მაგრამ..“

სულ უფრო ცოტა დრო რჩება 26 ოქტომბერს დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაბამისად, შემოდგომის დადგომასთან ერთად, მოიმატა პოლიტიკურმა ტემპერატურამ. არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური სუბიექტები ყოველდღიურად სულ უფრო აქტიურობენ, ვისმენთ განცხადებებს ოპონენტებზე, კრიტიკას, ისმის სხვადასხვა ტიპის ბრალდებები, უკვე ვნახეთ არაერთი ინციდენტი. ექსპერტთა ნაწილის აზრით, ამ პროცესებს ნეგატიური დინამიკა აქვს, რაც არაერთ საფრთხეს შეიცავს. სწორედ წინასაარჩევნოდ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გაანალიზებას შევეცდებით ექსპერტ ვახტანგ ძაბირაძესთან ერთად:

dzabiradze.png

- პოლიტიკური პროცესი ქვეყანაში აშკარად გამოცოცხლდა, პარტიებმა დაიწყეს აქტიური საარჩევნო კამპანია. ლაპარაკი მაქვს იმ პოლიტიკურ ჯგუფებზე, ვისაც აქვთ 5%-იანი ბარიერის დაძლევასა და კიდევ უფრო მეტ მხარდაჭერაზე პრეტენზია. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკური ტრადიციის გათვალისწინებით, გაიზარდა პოლიტიკური დაპირისპირების ხარისხიც. წინასაარჩევნოდ დაპირისპირება და კონკურენცია ყველგან არის, მაგრამ ტრადიციაში ვგულისხმობ არცთუ ისე სასურველი პროცესების დაწყებას, რაც, სამწუხაროდ, საქართველოში ყველა არჩევნების თანმდევი მოვლენა იყო და დღესაც არის.

დაპირისპირება და პოლარიზაციის გამოხატვა ჯერ ინციდენტების ფარგლებს არ სცდება, თუმცა უნდა ვივარაუდოთ, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს პროცესები კიდევ უფრო გამწვავდება და გართულდება. სამწუხარო რეალობაა, მაგრამ ვერაფერს ვიზამთ. ჩვენი პოლიტიკური სპექტრი, განსაკუთრებით ხელისუფლება, ყველა არჩევნებში ცდილობდა ნეგატიური მუხტი შეეტანა და შეექმნა ძალმომრეობის პრეცედენტები. ეს ყველა ხელისუფლებას შეეხება. ამასთანავე, ძალოვანი სტრუქტურების პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა ქართული არჩევნების კიდევ ერთი უარყოფითი ტრადიციაა. ეს მისაღები არ არის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამგვარ პროცესებს უკვე შევეჩვიეთ.

- გადავხედოთ პოლიტიკური ძალების საარჩევნო გზავნილებს, რას გამოარჩევდით მათგან?

- დღემდე როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის ძირითადი თემები სავსებით გასაგები იყო... ხელისუფლება ლაპარაკობს ტრადიციების დაცვაზე, მშვიდობაზე, ლგბტ-პროპაგანდის აკრძალვაზე და ა.შ. ეს თემები უკვე კარგად აქვთ დამუშავებული. ასევე ამბობენ, რომ თურმე დასავლეთი ცდილობს ქვეყანაში არასტაბილური გარემოს შექმნას. ხელისუფლების მთავარი მიმართულება დასავლეთის კრიტიკაა, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებს ჯერ არ ეხებიან. ოპოზიციაც დაახლოებით ამ ჭრილში მუშაობს - მოსახლეობას ეუბნება, რომ თუ "ქართული ოცნება" დარჩება ხელისუფლებაში, ჩვენი საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეიცვლება და დასავლური მიმართულებიდან დავბრუნდებით რუსულ ორბიტაზე, თუმცა ბოლო ხანს რაღაც ცვლილებებიც შეიმჩნევა. მაგალითად, "ლელომ" წარმოადგინა პროგრამა, რომელშიც სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებზე არის ლაპარაკი, "ნაციონალურმა მოძრაობამ" 5-პუნქტიანი გეგმა გაასაჯაროვა. "ქართული ოცნებაც" აცხადებს, რომ ოქტომბრის დამდეგს გააკეთებს მნიშვნელოვან განცხადებებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების შესახებ. მოკლედ,

სოციალ-ეკონომიკური საკითხები ნელ-ნელა შემოდის საარჩევნო დაპირებებში, თუმცა რამდენად მიიღებს და დაიჯერებს ამომრჩეველი, ეს სხვა საკითხია.

ვფიქრობ, სადღაც ორ კვირაში საბოლოოდ ჩამოყალიბდებიან პოლიტიკური ძალები და დაიწყება უფრო მიზანმიმართული კამპანიები.

- მმართველი ძალა "ქუდზე კაცს" უხმობს და აცხადებს, რომ სჭირდება საკონსტიტუციო უმრავლესობა, ექსპერტთა ნაწილის შეფასებით, საკმაოდ საეჭვო დაპირებების შესასრულებლად, მათ შორის "ნაციონალური მოძრაობისა" და მასთან დაახლოებული პარტიების ასაკრძალავად და ასევე ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად.

- უპირველესად უნდა ვთქვათ, რომ "ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების არავითარი შანსი არა აქვს. ხელისუფლება მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს ამაზე მუდმივად, რომ არავის გაუკვირდეს პარლამენტში უბრალო უმრავლესობას თუ მოიპოვებს. რეალური ვითარება დღეს ასეთია - ხელისუფლებას 25-30 \%-ის ფარგლებში აქვს რეიტინგი და მისთვის უბრალო უმრავლესობის მოპოვებაც კი რთული იქნება. მათი სხვა განცხადებები, ყველა პიარია.

ხელისუფლება დღემდე ჩატარებულ ყველა არჩევნებზე მუდმივად ლაპარაკობდა "ნაციონალურ მოძრაობაზე", გვემუქრებოდა, რომ მას თუ არ დავუჭერდით მხარს, დაბრუნდებოდა "ნაცმოძრაობა" და ქვეყანას დაღუპავდა, მაგრამ გაცვდა ამით საზოგადოების დაშინების ცდა, რაღაც ახალი შტრიხი უნდა შეეტანათ და შეიტანეს კიდეც - ხელისუფლებაში ყოფნის მეთორმეტე წლისთავზე აპირებენ "ნაციონალური მოძრაობის" გასამართლებას, "ნიურნბერგის პროცესის" გამართვას. ხელისუფლებას არ უნდა ლაპარაკი სოციალურ და ეკონომიკურ საკითხებზე, ამიტომ საარჩევნო კამპანია დაიწყო არა სოციალური და ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური თემებით.

რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საქართველოში არავინ მეგულება ისეთი, ვინც ამას არ მიესალმება, მაგრამ რეალობა იმდენად სხვაგვარია, ამ ეტაპზე ეს შეუძლებელია. ესეც მხოლოდ საარჩევნო პიარია, თანაც ცდილობენ საზოგადოება როგორღაც დააჯერონ, რომ რუსეთთან ლაპარაკის გარეშე ვერ დავიბრუნებთ აფხაზეთსა და სამაჩაბლოს და ასე გაამართლონ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლა. ამას ჯერ არ ამბობენ მაინცდამაინც აშკარად, მაგრამ მთელი მოქმედებით სწორედ ამას აკეთებენ.

რუსეთი აშკარად სულ სხვაგვარად ფიქრობს და სხვა რამეს აკეთებს. კრემლი ჩვენი ტერიტორიების ანექსიას იწყებს. ხომ მოისმინეთ, რა განცხადებები გააკეთეს, თურმე აფხაზებმა და ოსებმა უნდა გადაწყვიტონ რუსეთთან შეერთება. აფხაზებს აიძულებენ ამაზე დათანხმებას, დაფინანსებაც კი შეუწყვიტეს იმის გამო, რომ ისინი არ თანხმდებიან მიწის და სხვა ქონების რუსებისთვის მიყიდვას. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება "ქართული ოცნების" ნარატივს, რომ თურმე ოკუპანტ რუსებთან ერთად შევძლებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

ვიმეორებ - ხელისუფლებას არ სურს ქვეყანაში არსებულ რეალურ პრობლემებზე ლაპარაკი: მიგრაციაზე, დემოგრაფიაზე, ეკონომიკაზე, განათლების სისტემაზე და ა.შ. ამიტომაც მოიგონეს ეს მყვირალა თემები. მშვენივრად იციან, რომ მოსახლეობის დარწმუნება ძალიან გაუჭირდებათ, თუ დაიწყებენ ლაპარაკს ეკონომიკის განვითარებასა და სოციალური მდგომარეობის გამოსწორებაზე. კიდევ ერთი თემაა, რომელსაც მმართველი ძალა მუდმივად გვახვევს თავზე - თითქოს დასავლეთი საქართველოს რუსეთთან ომისკენ უბიძგებდა. ესეც ბლეფია. შეუძლებელია ამის სურვილი დასავლეთში ვინმეს რეალურად ჰქონოდა. ნორმალურად მოაზროვნე და ოდნავ ინფორმირებული ადამიანისთვის სრულიად ნათელია, რომ საქართველო ვერანაირ წინააღმდეგობას და სერიოზულ დარტყმას რუსეთს ვერ მიაყენებდა. გარდა ამისა, მსოფლიოში დღეს საბრძოლო მასალების დეფიციტია, დასავლეთი უკრაინას ვერ აიარაღებს ისე, როგორც საჭიროა, რაში სჭირდებოდა მას კიდევ ერთი თავსატეხი საქართველოს ომში ჩართვით. ამის გარდა, დასავლეთს დღეს როგორც არასდროს, ისე სჭირდება სტაბილური საქართველო. ის ენერგომატარებლები, რაც რუსეთის ტერიტორიით გადიოდა დასავლეთში, დღეს, ფაქტობრივად, შუა დერეფნითა და საქართველოს გავლით მიეწოდება. ვის და რატომ შეიძლება სურდეს დასავლეთში ამ გზის გადაკეტვაც აქ არეულობისა და ომის დაწყებით? ვფიქრობ, ამაზე ბევრი უნდა ილაპარაკოს ოპოზიციამ როგორც მოსახლეობასთან შეხვედრებისას, ისე სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების გამოყენებით.

- ამ ორიოდე დღის წინ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა: "რასაც ახლა საქართველოს ხელისუფლება აკეთებს, მათ მიერ საკუთარი ეროვნული იდენტობის გაცნობიერება და იმის გაგებაა, რომ ქართველ ხალხს აქვს მართლმადიდებლობის, ეროვნული კულტურის ღირებულებები, რომლებიც წაიშლება, წაილეკება და გაითელება იმ "წესებით", რომელთაც დასავლეთი ყველას უწესებს, უპირველეს ყოვლისა, ლიბერალური დემოკრატიის ან, თუ გნებავთ, დემოკრატიული ლიბერალიზმის ღირებულებების კონტექსტში".

- კრემლი ნებისმიერ ანტიდასავლურ რიტორიკას მისი ნარატივის ნაწილად და პროპაგანდის წარმატებად განიხილავს. ლავროვმა მშვენივრად იცის, რაც არის საქართველოს ხელისუფლების ქცევა, აქ არც ტრადიციებს აქვს მნიშვნელობა და იდენტობაც არაფერ შუაშია, უბრალოდ, პირდაპირ ხომ ვერ იტყვის, საქართველოს ხელისუფლება რუსულ ორბიტაზე ბრუნდებაო. არადა, ვინ ლაპარაკობს საქართველოს კულტურულ ღირებულებებზე, იმ ერის წარმომადგენელი, რომელიც დღესაც ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას ეწევა, დღესაც ანგრევს ჩვენს ეკლესიებს და ათეთრებს ჩვენს ფრესკებს. წლების წინ როგორ უსწორდებოდნენ ჩვენს იდენტობას, როგორ თელავდნენ ჩვენს ეროვნულ ტრადიციებსა და თავისუფლებას, ამაზე აღარაფერს ვამბობ.

ბოლო წლების განმავლობაში ჩვენი დამოუკიდებლობა სრულად გარანტირებული იყო სწორედ დასავლური მხარდაჭერით. თუ ჩვენ ამას უარვყოფთ, არ ვიცი, რა გველის. დასავლეთი ძალით ხომ ვერაფერს იზამს. ჩვენი ხელისუფლება ჯერ BღIჩშ-ში გაწევრებაზე არაფერს ამბობს, მაგრამ თუ დარჩნენ ხელისუფლებაში, დარწმუნებული ვარ, ამაზეც დაიწყებენ ლაპარაკს. ევროკავშირში კი არა, BღIჩშ-ში მიჰყავს ქვეყანა "ქართულ ოცნებას". თუნდაც ჩინეთთან ურთიერთობა ავიღოთ - ამ ქვეყანასთან ვაჭრობის წინააღმდეგი არავინ არის, მაგრამ მათთან სტრატეგიულ პარტნიორობას რომ აცხადებ და თან მეორე სტრატეგიულ პარტნიორს ყოველდღიურად ლანძღავ, ეს პირდაპირ ნიშნავს, რომ ქვეყნის საგარეო ვექტორი იცვლება.

- გასულ კვირას საქართველოს პროკურატურამ ქოლცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. საქმეში ისევ ამოტივტივდა თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის სახელი. პროკურატურის ცნობით, თაღლითური ქოლცენტრის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა პირმა ევროპელი მოსახლეობისგან მიღებული ჯამში მილიონ დოლარზე მეტი თანხა ჩარიცხა დავით კეზერაშვილის, მისი დისა და დისშვილის საბანკო ანგარიშებზე. ტელეკომპანია "ფორმულის" დამფუძნებელმა დავით კეზერაშვილმა ამ ბრალდებას უპასუხა და მას "ცილისმწამებლური კამპანია", "პოლიტიკურად მოტივირებული დევნისა და მისი დისკრედიტაციის მორიგი ცდა" უწოდა. მან ასევე გაიხსენა "ჰელსინკის კომისიის" განცხადება, რომელშიც ლაპარაკი იყო საქართველოს ხელისუფლების ქოლცენტრების საქმესთან კავშირზე...

- ხელისუფლება დიდი წარმატებით იყენებს კეზერაშვილისა და ოპოზიციის ურთიერთობებს. ამის საფუძველი ნამდვილად აქვს. ეს მისთვის პოლიტიკურად მომგებიანია. კეზერაშვილი ჩვენში დისკრედიტირებული ფიგურაა, მან "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნისას იშოვა დიდი ფული, რაც ყველამ ვიცით და რასაც საზოგადოება უკიდურესად უარყოფითად აფასებს.

მისი რეაბილიტაცია ჩემთვის წარმოუდგენელია. ეს იცის ხელისუფლებამაც და წინ და უკან ატრიალებს მის სახელს. ამით იმას კი არ ცდილობს, რომ საკუთარი ამომრჩევლის რიცხვი გაზარდოს, არა, ამით ცდილობს ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველს წაუხდინოს შეხედულება ოპოზიციაზე და ის არჩევნების დღეს შინ დატოვოს. ხელისუფლებას ზუსტად ეს სურს, რაც შეიძლება ნაკლები ჩვენი მოქალაქე მივიდეს არჩევნებზე.

- "2024: გარდამტეხი წელი" - ამ სახელით გაიხსნა 2 სექტემბერს თბილისის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია, რომელსაც ესწრებოდნენ ქართველი და უცხოელი პოლიტიკოსები, დიპლომატები, მკვლევრები და სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კონფერენციაზე უმწვავესი განცხადებები გაკეთდა, ლაპარაკი იყო საქართველოს ხელისუფლების სანქცირებაზე. ექსპერტების ნაწილი კი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანას შესაძლოა ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო მიმოსვლაც გაუუქმონ.

- დასავლეთი ყოველთვის ტოვებს გამოსავლის გზას, არასდროს არის რადიკალური და არ იღებს მკვეთრ გადაწყვეტილებებს. ცდილობენ მეტ-ნაკლებად პროგნოზირებადი იყოს მათი პოზიციაც და მეორე მხარესაც მისცენ მეორე შანსი. განცხადებები მწვავე მოვისმინეთ, მაგრამ მოვლენები ისე და იმგვარად ვითარდება, თუ საარჩევნო პროცესი არ იქნება გამჭვირვალე და მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში არ ექვემდებარება ლეგიტიმაციას, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის უვიზო რეჟიმის გაუქმებაც. ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული.

- გასულ კვირას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს, არამედ ოპოზიციის ლიდერებსაცო. გარდა ამისა, მისი თქმით, შესაძლოა ქვეყანაში დაიგეგმოს ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების მსგავსი კრიმინალური აქტი, რაც საზოგადოების აღსაშფოთებლად და არეულობის მოსაწყობად იქნება გამოყენებული.

- თან გვიმტკიცებენ, რომ საქართველო ყველაზე მშვიდობიანი და უსაფრთხო ქვეყანაა, თან ამბობენ, რომ ყველას და ყველაფერს საფრთხე ემუქრება. აშკარად მოიკოჭლებენ ლოგიკაში...

საქართველო ნამდვილად არ არის უსაფრთხო ქვეყანა და აქ დესტაბილიზაციის გამოწვევა, სამწუხაროდ, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, თუ ამით დაინტერესებული იქნებიან სპეცსამსახურები,

მაგრამ რამდენად შეიძლება ამით ვინმე იყოს დღეს დაინტერესებული, ეს არის საკითხავი. არასტაბილური გარემოს შექმნა საქართველოში ნამდვილად არ აწყობს დასავლეთს, ვისზეც ჩვენი ხელისუფლება მიანიშნებს. ზემოთაც ვილაპარაკე ამაზე და კვლავ გავიმეორებ - დღევანდელი ვითარებიდან გამომდინარე, ევროკავშირმა უარი თქვა რუსულ ენერგომატარებლებზე, უკრაინაც რუსული გაზსადენის გადაკეტვით იმუქრება, რეალურ ალტერნატივად რჩება შუა დერეფანი, რომლის უმნიშვნელოვანესი ნაწილი საქართველოა. თუ აქ არასტაბილური გარემო შეიქმნა, ეს პირდაპირ დაარტყამს დასავლეთს. შესაბამისად, გამორიცხულია, დასავლეთს აქ არეულობა სჭირდებოდეს.

თუ ვინმეს სურს არეულობა საქართველოში, ეს არის რუსეთი და მისი ინტერესები. რაც შეეხება ვინმეს ფიზიკურ ლიკვიდაციას, უახლოესი ისტორიის გათვალისწინებით, ყველაზე მეტად ასეთ დანაშაულზე წამსვლელი კრემლია. ამ შემთხვევაში ის, რომ ხელისუფლება პრორუსულ პოლიტიკას ატარებს, შესაძლოა სულაც არ იყოს დამზღვევი ფაქტორი იმავე ივანიშვილისთვის. თუ კრემლი მიიჩნევს, რომ ლიკვიდაციით შეიძლება მოგება ნახოს, ამაზე უკან არ დაიხევენ და არც არასდროს დაუხევიათ. იმხელა რუსული კოლონა გვყოლია ქვეყანაში, მეც რომ ვერ წარმოვიდგენდი. ასე რომ, აქ პროვოკაციების მოწყობა ყველაზე მეტად რუსეთს აწყობს და შეუძლია კიდეც. რას და როდის მოინდომებს, რთული სათქმელია. იმედი ვიქონიოთ, რომ სიფრთხილეს გამოვიჩენთ და პირად და პოლიტიკურ ამბიციებს არ გადავაყოლებთ ქვეყანას.