„არჩევნების შემდეგ კრიტიკული პერიოდი დადგება - თუ ერთ მხარეს იქნება რევოლუცია, მეორე მხარეს იქნება კონტრრევოლუცია" - კვირის პალიტრა

„არჩევნების შემდეგ კრიტიკული პერიოდი დადგება - თუ ერთ მხარეს იქნება რევოლუცია, მეორე მხარეს იქნება კონტრრევოლუცია"

საზოგადოებაში არსებული სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულება პოლარიზაციის მიზეზი ხდება, რაც დღითი დღე მანკიერ სახეს იღებს. თუ ასე გაგრძელდა, არავინ იცის, რა მოხდება არჩევნებამდე ან შემდგომ. როგორ გაგრძელდება პროცესები, ვინ აღვივებს სიძულვილის ენას? - ამ თემაზე სასაუბროდ "კვირის პალიტრა" პოლიტფსიქოლოგ რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა:

sayvarelidzee.png

- ამ ჯგუფის საკითხები ერთიანად რომ განვიხილოთ, საწყის პოზიციას გავუსვამ ხაზს, ძირითადი პოზიცია კი ის არის, რომ ჩვენთან მიმდინარე საკითხები საერთაშორისო გავლენით ხდება. ორიოდ დღის წინ "ვაშინგტონ პოსტში" გამოქვეყნდა წერილი, "უკანასკნელი მოწოდება დემოკრატიისაკენ: შეერთებულმა შტატებმა საქართველოს მაშველი რგოლი უნდა გადაუგდოს". სავარაუდოდ, უკანასკნელი დახმარების რგოლი საქართველოსთვის სწორედ ხელისუფლების შეცვლაა. უფრო აშკარა ჩარევა არ არსებობს. ერთადერთი ისღა რჩება, ჯარი შემოიყვანონ, თორემ დანარჩენი ყველა ტიპის, ფსიქოლოგიური თუ პოლიტიკური ზეწოლაა. იბადება კითხვა, რატომ? თვითონ დასავლეთს მოაქვს ასეთი ახსნა: უნდა გადაწყვიტოთ, პრორუსული ხელისუფლება გინდათ თუ პროევროპულიო. ამას ჩვენი ოპოზიციაც იმეორებს: პრორუსული ხელისუფლება გინდათ თუ პროევროპულიო... ამ დროს, ის, რომ რუსეთისკენ მივდივართ, არაფერში ჩანს, გარდა იმისა, რომ დასავლეთის გაკრიტიკება დავიწყეთ. სწორედ ამაზე ამბობენ, ეს რუსული გავლენააო. სავარაუდოდ, ეს რუსული გავლენა რომ არ არის, აქედან იწყება უკვე ის, რასაც მინდა მივაქციოთ ყურადღება: აშშ თავის ყველაზე დიდ მეტოქედ ჩინეთს აღიქვამს, რადგან ეკონომიკურად ყველაზე ახლოს ამერიკის დონესთან ჩინეთია. შესაბამისად, ყველაფერი, რაც ჩინეთს შეუწყობს ხელს, ამერიკის მიერ მტრულ ნაბიჯებად აღიქმება. ამ დროს საქართველომ ჩინეთისკენ გადადგა ნაბიჯი. არა მარტო ბაიდენის, არამედ ტრამპის ხელისუფლების დროსაც აშშ სახელმწიფო მდივანი პომპეო ჩამოვიდა და მკაცრად გვითხრა, აქ ჩინეთი არ შემოუშვათო.

- მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რუსული გავლენა გაქვთო. ჩინეთი და რუსეთი რატომ იკვეთება ერთად?

- ჩინეთი და რუსეთი შეიძლება მიაკუთვნონ ერთმანეთს, იმიტომ, რომ ერთმანეთში არ ჭიდაობენ, ჯერჯერობით ბრიკსში გაერთიანებული არიან... მაგრამ ისე, ჩინეთი რუსეთს მიწებს ართმევს. ასე რომ, ისინი პარტნიორები რამდენიმე ხნით არიან. მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალია. რაც შეეხება იმას, თუ რატომ ამბობენ, რუსეთის მხარეს ხართო, დღეს რუსეთი კარგი ბულინგის საშუალებაა. ახლა მსოფლიოში რუსეთი კაციჭამიად არის აღქმული და არის კიდეც. უბრალოდ, აქამდე მსოფლიო არ იმჩნევდა, რომ რუსეთი კაციჭამიაა. ახლა ჩვენც გვაკერებენ ამ იარლიყს, იმისთვის, რომ ზეწოლა მოახდინონ. შენს მოსახლეობას ეუბნებიან, რუსეთი თუ ევროპაო. ჩინეთს არც ახსენებენ, იმიტომ, რომ იციან, მოსახლეობაში სიტყვა "ჩინეთი" შეიძლება არ იყოს ისეთი მიღებული, იმიტომ, რომ ჩინეთთან პარტნიორობა ჩვენ უზარმაზარ შემოსავალს და პოლიტიკურ მხარდაჭერას გვპირდება. ამიტომ არ გვიხსენებენ ჩინეთს. კიდევ მეორე რამეს არ გვიხსენებენ ჩვენი დასავლელი მეგობრები. გაიძახიან, შეცვალეთ ხელისუფლებაო, ოღონდ ვინ მოვა, ამაზე არ ლაპარაკობენ. დღესაც არის გავრცელებული აზრი: ჩვენ გვინდა კოალიციური მთავრობა, სადაც არც ერთ წევრს არ ექნება გადამწყვეტი ხმაო, და ამით თავს ვიტყუებთ. კოალიციური მთავრობაა ისრაელში. ნეთანიაჰუს არა აქვს გადამწყვეტი ხმა? საფრანგეთში მაკრონს არა აქვს გადამწყვეტი ხმა? გერმანიაში შოლცს არა აქვს? იქაცაა ლიდერი, რომელსაც ხმათა უმრავლესობით ირჩევენ. "ოცნება" ნულზეც რომ დაჯდეს, რაც გამორიცხულია, მაგრამ ამ ამოცანას ვთავაზობ კოალიციური მთავრობის მომხრეებს, მაშინ გამოდის, უმრავლესობით "ნაციონალური მოძრაობა" მოვა. ასე რომ, რეალურად ისევ იგივე ალტერნატივაა - "ოცნება" თუ "ნაცმოძრაობა". ჰოდა, როცა დასავლეთი გეუბნება, შეცვალეთ ხელისუფლებაო, ის რეალურად გეუბნება, მოიყვანეთ "ნაციონალური მოძრაობაო". ასეთი ეტაპი დასავლეთს უკვე ჰქონდა - 2003 წელს ბეიკერის ზარს არ უპასუხა შევარდნაძემ, რადგან იცოდა, რასაც ეტყოდნენ, გადადექი და დაუთმე ადგილი რეფორმატორებსო. მოხდა რევოლუცია და სააკაშვილი და ჟვანია მოვიდნენ ხელისუფლებაში. რევოლუციის მოხდენაში ლომის წილი ჰქონდათ ამერიკულ და რუსულ მხარეებს. ახლაც

ამერიკასა და რუსეთს აწყობთ გადატრიალება საქართველოში, რომ ჩაიშალოს ჩინური სატრანზიტო ხაზი.

ასე რომ, რუსულობას ჩვენს ხელისუფლებას რომ აბრალებენ, რეალურად მთელი ეს კამპანია რუსეთის სასარგებლოდაა. ამ დროს ოპოზიცია რუსეთსა და აშშ-ზე მუშაობს, ისე როგორც რუსეთსა და აშშ-ზე ერთდროულად მუშაობდა 2003 წელს. ჩახედეთ ოპოზიციის რიგებს, რუსეთის მოქალაქეები ცოტაა მათ რიგებში? ნაყოფია რომელი ქვეყნის მოქალაქეა? სააკაშვილის ბიძა რომელი ქვეყნის მოქალაქეა? ზოგიერთი მოქალაქე არ არის, მაგრამ ფულს იღებს რუსეთიდან და ა.შ... ასე რომ, გვაშინებენ, რუსეთთან დარჩებით, თუ არ შეცვალეთ ხელისუფლებაო. ხელისუფლებას რომ შევცვლით, მერე მოვიყვანთ სწორედ იმ ძალებს, რომლებმაც რუსეთს ბევრი საქმე გაუკეთეს ომის შემდგომ, სოფლები და იარაღი დაუთმეს და ა.შ. მოკლედ, დიდი სიცრუის ფაბრიკა მუშაობს, გვიპირისპირდებიან იმისთვის, რომ ჩინეთიდან ევროპისკენ სატრანზიტო ხაზი უვარგისი აღმოჩნდეს. მეორე მხრივ, ხელისუფლება იბრძვის და ლოგიკურადაც, რადგან ეჭვობს, რომ გადააყენებენ და მოიყვანენ სააკაშვილს. მეორე მხრივ, ეს ხელისუფლების ფიზიკური თვითგადარჩენისთვის ბრძოლაცაა.

ისევ იგივე ბრძოლაა, რაც იყო 2012-ში "ნაციონალებსა" და "ოცნებას" შორის, ოღონდ 2012-ში ეს ბრძოლა შიდაქართული იყო, დღეს უკვე საერთაშორისოა.

რუსეთზე აპელირებას არა აქვს მნიშვნელობა. დღეს რუსეთს ანგარიშს აღარ უწევენ იმდენად, რამდენადაც თვითონ რუსეთს აღარ შეუძლია ბევრი არაფერი. აგერ კურსკში შეიჭრა ჯგუფი და იქიდან მისი განდევნის თავი აღარ აქვს. ბევრი ტიპის პრობლემა აქვს რუსეთს, დღეს რუსეთისკენ არავინ მიდის პატარა ქვეყნებიდან, გარდა ბრიკსის ტიპის გაერთიანებისა. კურსკის მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, ამ დიდი ქვეყნებისგან შემდგარ გაერთიანებაშიც რუსეთის წილი ქმედითი შედეგიანობა არა მგონია მაღალი იყოს. ასე რომ, რუსულობის დაბრალება უფრო ჩვენი ბულინგისა და ჩვენზე ზემოქმედების საშუალებაა. გავსებულია ფეისბუქი ტექსტით რუსეთუმეებიო, ეს ხომ ის იარლიყია, რომლის მიწებებაც არავის უნდა. ესეც ზემოქმედების საშუალებაა, ოღონდ რუსეთუმეს ნუ დამიძახებთ და შემოვხაზავ ხუთიანსო. აი, ასეთი ბულინგით უნდათ მივიდეს იმ არჩევნებთან ქვეყანა, რომელშიც მართლა წყდება ქვეყნის ბედ-იღბალი, სწორედ იმიტომ, რომ დღეს საქართველო ქვეყნებს შორის საერთაშორისო დაპირისპირების არენად გადაიქცა.

- როგორ ვუწამლოთ პოლარიზაციას? შეიძლება ვიფიქროთ, რომ არჩევნებით მოეღება ამას ბოლო?

- მიჭირს ამის თქმა, იმიტომ, რომ არაერთხელ ითქვა და უკვე ხელისუფლებაც ამბობს, რომ არჩევნების შემდეგ დესტაბილიზაციას ელიან. დასავლეთში 2003 წელს რევოლუცია გარკვეული სახელმძღვანელოების მიხედვით მოხდა. ეს წიგნები არსებობს და მათზე დაყრდნობით ხდება ხავერდოვანი რევოლუციები ყველა ქვეყანაში. ყველგან არის ხაზგასმული, რომ არჩევნების მერე პროტესტი ხალხს აძლევს უფლებას გადააყირაოს ხელისუფლება. არჩევნები საკვანძო მოვლენაა სწორედ რევოლუციისთვის და არა იმისთვის, რომ ევოლუციურად ანუ საარჩევნო გზით შეიცვალოს ხელისუფლება. სწორედ რევოლუციური სცენარის ამუშავებას უნდა ველოდოთ. ერთადერთი შანსი, რამაც ეს შეიძლება შეაკავოს, არის დიდი განსხვავება მმართველი პარტიისა და ოპოზიციური პარტიების მიერ მიღებულ ხმებს შორის. იმდენად დიდი, რომ გაყალბებაზე საუბარი არადამაჯერებელი იყოს. თუ არადა, ეგრევე დაიძახებენ, გაყალბდაო. უცხოელი ექსპერტები სულ გაყალბებაზე ლაპარაკობენ, ჩვენი ოპოზიციაც, სურთ გაყალბების რეალობა მომწიფდეს ხალხში და თუკი არჩევნების შემდგომ დაიძახებენ, გაყალბდაო, ხალხმა ადვილად დაიჯეროს. თუ "გაყალბდა", მერე უკვე ხალხს აქვს უფლება გადააგდოს მმართველი ძალა. ამისკენ მიდის ეს ლაპარაკი. ეს კი ნიშნავს, რომ არჩევნების შემდგომ კრიტიკული პერიოდი დადგება.

- არჩევნების შემდეგ სახიფათო სცენარის განვითარება რამდენად რეალურია?

- საფრთხე რეალურია. საქართველოში ბევრს დაურბიეს ოჯახი, ახლობელი მოუკლეს, რაც სააკაშვილის შემდეგ გაჩერდა, იმიტომ, რომ ხელისუფლებაში ივანიშვილი მოვიდა. მაგრამ ამ ხალხის დიდი ნაწილი უკმაყოფილოა, იმიტომ, რომ ივანიშვილმა არ მოუარა "ნაციონალებს". მაგრამ ამ ხალხისთვის დაუშვებელია ხელახლა სააკაშვილის ხელისუფლების ატანა. ამიტომ, თუ დაინახეს, რომ პროცესები სააკაშვილის ხელისუფლებისკენ მიდის, ისინი ქუჩაში გამოვლენ და რევოლუციის რევოლუციას მივიღებთ. ერთი მხარე იქნება რევოლუცია ხელისუფლების წინააღმდეგ, მეორე - ე.წ. კონტრრევოლუცია მათ წინააღმდეგ, ვინც "ნაციონალების" სახელით აპირებს ხელისუფლების შეცვლას. ამ დაპირისპირების რეალური პერსპექტივა გვაქვს.

- გამოსავალი რა არის? ხმები?

- გამოსავალია ხმებს შორის დიდი სხვაობა, თუ არადა, ძალოვანი სტრუქტურები ჩაერევიან, რაც არა მგონია, კარგი გამოსავალი იყოს. ამას დასავლეთის გამაყრუებელი ხმაური მოჰყვება, აი, ძალა გამოიყენესო. რადგან ხელისუფლების შეცვლა სურთ, ძალის გამოყენება იმ დოზითაც კი, რითაც თვითონ ევროპა და აშშ აწესრიგებენ არეულობას, ჩვენთან კრიტიკის საგანი გახდება და დაიწყება საერთაშორისო ბულინგის ახალი რაუნდი.