საქართველო "ბრიკსის" "ალყაში"?! - რას შეცვლის კავკასიაში თურქეთისა და აზერბაიჯანის „ბრიკსში“ გაწევრება
თურქეთი და აზერბაიჯანი მსოფლიოს იმ ეკონომიკურ ჯგუფში წევრდებიან, რომელთა ლიდერებად რუსეთსა და ჩინეთს მიიჩნევენ, და საკუთარ თავს "დიდი შვიდეულის", საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ალტერნატივად ხედავენ. საუბარია "ბრიკსზე", სადაც შედიან ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია.
სახელწოდება "ბრიკსი" თავდაპირველად შემავალი ქვეყნების დასახელებების პირველი ასოების აბრევიატურაა. BRICS-ის აბრევიატურა ინგლისურად წააგავს სიტყვა აგურს (Brick) და ტერმინიც და იდეაც გაჩნდა 2001 წელს, როდესაც ამერიკული საინვესტიციო ბანკის "გოლდმენ საკსის" ეკონომისტმა ჯიმ ო’ნილმა ივარაუდა, რომ მსოფლიოს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკები მომდევნო ათწლეულში გლობალურ ეკონომიკურ ძალად ჩამოყალიბდებოდა - "აგურებივით დაეწყობოდა მსოფლიოს ეკონომიკას". გაერთიანება 2006 წელს შეიქმნა და თავდაპირველად 4 ქვეყანა შედიოდა (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი). პირველი სამიტი "ბრიკსის" ქვეყნებმა 2009 წელს რუსეთში გამართეს, 2010 წელს კი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაც მიიწვიეს და "ბრიკსიც" იმ ფორმით ჩამოყალიბდა, როგორითაც დღეს არსებობს. განსაკუთრებული ინტერესი შარშანდელმა სამიტმა მიიქცია, რომელიც აგვისტოში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გაიმართა და ონლაინჩართვის დროს პუტინმა (ფიზიკურად სანქციების გამო ვერ ჩავიდა) "ბრიკსის" გაფართოების საკითხი დააყენა. შარშან ბევრი სტატია დაიწერა იმის შესახებ, თუ რატომ ცდილობდა რუსეთი ამ ორგანიზაციის გაფართოებას, რადგან ამ ორგანიზაციაში, რომელიც აშკარად დასავლეთის საპირწონედ განიხილება, რუსეთი და ჩინეთი ერთად არიან წარმოდგენილი და ლიდერად რუსეთი ითვლება. წლების განმავლობაში ამ ორგანიზაციაში აშშ-ის მოკავშირე ინდოეთისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის წევრობა კითხვებს ბადებდა, მაგრამ ბოლო პერიოდამდე ამას მწვავე ფორმა არ მიუღია, რადგან აქცენტი მაინც ეკონომიკურ ფაქტორზე კეთდებოდა. უკრაინასთან ომის დროს პუტინის გაფართოების იდეამ კი დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგან ჩანდა, რომ ამით რუსეთი სანქციების გარღვევის და ეკონომიკური ზარალის შემცირების გზებს ეძებდა, რაც საერთაშორისო დღის წესრიგის შეცვლისა და ახალი ფორმით ჩამოყალიბების კიდევ ერთ მცდელობად იქნა აღქმული. 2024 წლის 1-ლი იანვრიდან "ბრიკსის" სრულუფლებიანი წევრები გახდნენ ეგვიპტე, ირანი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, საუდის არაბეთი და ეთიოპია. თურქეთმა ჯერ კიდევ მიმდინარე წლის ივნისში განაცხადა, რომ აპირებდა ამ ორგანიზაციაში გაწევრებას. რამდენიმე დღის წინ კი "ბლუმბერგმა" გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც ნათქვამია, რომ თურქეთს "ბრიკსში" გაწევრების შესახებ განაცხადი ოფიციალურად შეტანილი აქვს. სააგენტო წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ალიანსში შესვლის შესახებ განაცხადი თურქეთმა რამდენიმე თვის წინ შეიტანა იმ "იმედგაცრუების ფონზე, რომელიც ევროკავშირში გაწევრების რამდენიმეწლიანმა მოლოდინმა გააჩინა". მათივე ცნობით, "ბრიკსის" გაფართოების საკითხი შესაძლოა 22-24 ოქტომბერს ყაზანში, ორგანიზაციის სამიტზე განიხილონ. სტატიაში აღნიშნულია, რომ "ბრიკსში" გაწევრებით "თურქეთი მიისწრაფვის მსოფლიოში გავლენის გაზრდისა და განვითარებად ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებისკენ, ქვეყანა გლობალური გავლენის გაძლიერებასა და დასავლეთის გარეთ ახალი კავშირების დამყარებას ცდილობს". ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, როგორც სტატიაშია აღნიშნული, თურქეთს მიაჩნია, რომ "დასავლეთი გეოპოლიტიკური ცენტრის პოზიციებს კარგავს" და "ბრიკსში" გაწევრებას შეუძლია დაეხმაროს ქვეყანას, "გააუმჯობესოს ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთსა და ჩინეთთან და გახდეს სავაჭრო მიმწოდებელი ევროკავშირსა და აზიას შორის". ამ მხრივ ძალიან საგულისხმოა ერდოღანის განცხადება, რომ "თურქეთი შეიძლება გახდეს აყვავებული, პრესტიჟული და ეფექტური ქვეყანა, თუ ის გააუმჯობესებს ურთიერთობებს აღმოსავლეთსა და დასავლეთთან ერთდროულად. ნებისმიერი მეთოდი, ამის გარდა, თურქეთს მოუტანს არა სარგებელს, არამედ ზიანს".
20 აგვისტოს "ბრიკსში" გაწევრებაზე ოფიციალური განაცხადი აზერბაიჯანმაც შეიტანა. გადაწყვეტილება აზერბაიჯანში პუტინის ვიზიტს მოჰყვა. პუტინის აზერბაიჯანში ვიზიტის შედეგად მიღებულ ერთობლივ დეკლარაციაშიც იყო აღნიშნული, რომ მოსკოვი მხარს უჭერს "ბრიკსში" აზერბაიჯანის წევრობას.
თურქეთისა და აზერბაიჯანის ამ ორგანიზაციაში გაწევრება მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური ცვლილებების მომტანი იქნება რეგიონისთვისაც და გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური სისტემებისთვისაც. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, "ბრიკსი" უკვე არის მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვანი მოთამაშე, ამიტომ ამ კავშირის გაფართოებას შეიძლება ჰქონდეს პოზიტიური და ნეგატიური შედეგები როგორც ამ ქვეყნებისთვის, ასევე გლობალური მასშტაბით. გასათვალისწინებელია უკრაინა-რუსეთის ომის ფაქტორიც, რაც შედეგებს უფრო ნეგატიურ მხარეს ხრის.
თუ დადებით ფაქტორებზე ვისაუბრებთ, თურქეთისა და აზერბაიჯანისთვის დადებითი შეიძლება იყოს ის, რომ მათ ექნებათ წვდომა უფრო დიდ ბაზრებსა და ფინანსურ ინსტრუმენტებზე, რაც გაზრდის მათი ეკონომიკური ზრდის პოტენციალს. მათ ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ სესხები, ინვესტიციები და ტექნოლოგიები წევრი ქვეყნებიდან. ასევე, "ბრიკსის" ქვეყნებში სხვადასხვა სფეროში ინვესტირების შესაძლებლობები გაზრდის ქვეყნის სამუშაო ბაზრის დივერსიფიკაციას და გამოიწვევს პირდაპირ უცხოური ინვესტიციების ზრდას.
გარდა ამისა, აზერბაიჯანი, რომელიც ნავთობისა და გაზის ექსპორტიორი ქვეყანაა, შეძლებს ენერგეტიკული რესურსების ბაზრის დივერსიფიკაციას. თურქეთის როლი კი, როგორც ტრანზიტული ქვეყნისა და ენერგეტიკული ჰაბის, ცხადია, გაიზრდება და "ბრიკსის" წევრებს მისცემს შესაძლებლობას მათთან უფრო მჭიდრო ენერგეტიკული პარტნიორობა ჩამოაყალიბონ.
რაც შეეხება გეოპოლიტიკურ მხარეს, ამ ორგანიზაციაში თურქეთისა და აზერბაიჯანის გაწევრებამ შეიძლება გააძლიეროს მათი გავლენა რეგიონის ქვეყნებზე და იქონიოს დადებითი გავლენა კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებზე. ეს დაეხმარება მათ გააძლიერონ გეოპოლიტიკური ძალა და გავლენა რეგიონული და გლობალური კონფლიქტების მოგვარებაში. პოტენციურ შედეგებზე თუ ვიმსჯელებთ, "ბრიკსში" გაწევრებამ თურქეთსა და აზერბაიჯანს შეიძლება მისცეს უფრო მძლავრი პარტნიორული ქსელის ჩამოყალიბების შესაძლებლობა, რაც შესაძლებელს გახდის უფრო დამოუკიდებელი პოზიციების შემუშავებას დასავლეთის მიმართ. ყველაზე არსებითი მაინც, ალბათ, ის არის, რომ თურქეთის "ბრიკსში" გაწევრებამ შეიძლება გამოიწვიოს ნატოსთან ურთიერთობების გაუარესება, რაც გავლენას მოახდენს მის უსაფრთხოებასა და სამხედრო პარტნიორობაზე. თურქეთისა და აზერბაიჯანის ამ ორგანიზაციაში გაწევრებამ შეიძლება გაზარდოს დაძაბულობა დასავლეთთან, განსაკუთრებით ევროკავშირსა და აშშ-თან. დასავლეთმა შეიძლება სანქციებით ან სხვა ეკონომიკური ინსტრუმენტებით უპასუხოს მათ ამ ნაბიჯს. თურქეთმა და აზერბაიჯანმა შესაძლოა დაკარგონ წვდომა დასავლეთის ფინანსურ ბაზრებსა და ინვესტიციებზე. თუ "ბრიკსის" ქვეყნები ვერ შეძლებენ გლობალურ ეკონომიკურ სტაბილურობას, თურქეთსა და აზერბაიჯანს შეიძლება შეექმნათ ფინანსური რისკები, რაც გამოიწვევს ვალუტების დევალვაციასა და ეკონომიკურ არასტაბილურობას. გარდა ამისა, თურქეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკის ზოგიერთი სექტორისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს დასავლურ ტექნოლოგიებს, "ბრიკსში" გაწევრებამ კი შესაძლოა შეამციროს წვდომა იმ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე. საერთო ჯამში, შესაძლოა აღმოჩნდეს, რომ თურქეთისა და აზერბაიჯანის "ბრიკსში" გაწევრებას მათთვის უფრო მეტი ნეგატიური შედეგი ჰქონდეს, ვიდრე დადებითი.
ბიძინა ლებანიძე, იენის ფრიდრიხ შილერის უნივერსიტეტის მკვლევარი:
- თურქეთს ყოველთვის ჰქონდა ასეთი პოლიტიკა, სხვადასხვა აქტორთან ერთდროულად ჰქონოდა კარგი ეკონომიკური და ასევე, პოლიტიკური ურთიერთობა. დავარქვათ ამას მულტიპოლარული პოლიტიკა. რაც შეეხება ნატოს, თურქეთს, ნატოსთან ურთიერთობაში რეგრესი არ სურს, მაგრამ, მეორე მხრივ, განაწყენებულია იმით, რომ არ პროგრესირებს თურქეთის ევროკავშირში გაწევრება. გარდა ამისა, ევროკავშირი-თურქეთის საბაჟო კავშირის მოდერნიზაცია იგეგმებოდა და ესეც გაჭიანურდა - ანუ ევროკავშირთან გარკვეული სახის ინტეგრაციის პრობლემები აქვს და შესაძლოა ფიქრობს, რომ ამის ერთ-ერთი საპირწონე შეიძლება იყოს, "ბრიკსში"“ გაწევრება. თუმცა უკვე წლებია, რაც თურქეთი ამ პოლიტიკას ატარებს და ახალი არ არის, რომ ცდილობს პარალელურად კარგი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთთან, ჩინეთთან და საზოგადოდ, ე.წ. გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან. ამასთან, ბუნებრივია, დაძაბულობაა ნატოსა და ამერიკასთან, რადგან დაარღვია გარკვეული პროტოკოლი და შიშობენ, რომ გადაიხრება რუსეთისკენ. თუმცა ცხადია, ეს არ მოხდება, რადგან თურქეთი ზოგადად თამაშობს აქტორებს შორის. რა თქმა უნდა, ამ გაწევრების შესახებ ნატოშიც გამოითქმის წუხილი, რადგან ამას სიმბოლური მნიშვნელობაც ექნება, - ნატოს წევრი ქვეყანა წევრდება „"ბრიკსში", რომელიც, ასე თუ ისე, მოიაზრება დასავლეთის ერთ-ერთ მთავარ საპირწონე ძალად. თუმცა საბოლოოდ რა ცვლილებებს გამოიწვევს, ძნელი სათქმელია, რადგან ამ ორგანიზაციაში ასევე არიან ქვეყნები, რომლებსაც ერთმანეთთან ბევრი პრობლემა აქვთ. მაგალითად, ინდოეთი და ჩინეთი, ერთმანეთის რეგიონული მეტოქეები. თავის მხრივ, თურქეთსაც ბევრი პრობლემა აქვს ჩინეთთან, არც რუსეთთან აქვს ყველაფერი დალაგებული. თუმცა მისი "ბრიკსში"“ გაწევრება, ალბათ, გამოიწვევს ამ ქვეყნებთან მისი ურთიერთობების გაუმჯობესებასა და პროგრესირებას. თურქეთს სურს მესამე ატომური ელექტროსადგურის აშენება ჩინელების დახმარებით, ჩინური ინვესტიციები სხვადასხვა სექტორში, მინერალების სფეროში თანამშრომლობა და ა.შ. ასე რომ, ჩინეთ-თურქეთის ეკონომიკურ სფეროში თანამშრომლობა შესაძლოა უფრო მჭიდრო გახდეს.
თურქეთს უფრო რეგიონული ლიდერობის ამბიცია აქვს და ერდოღანი, ალბათ, ხვდება, რომ თურქეთი გლობალური ძალა არ არის. „"ბრიკსში"“ კი არიან გლობალური აქტორები, როგორიც არის ჩინეთი, რუსეთი და ა.შ. ამიტომ ცხადია, ამ ორგანიზაციაში თურქეთი წამყვან როლს ვერ ითამაშებს, თუმცა შეიძლება ეს პლატფორმა გამოიყენოს, ვთქვათ, რეგიონულ დონეზე თავისი ლიდერობის განსამტკიცებლად - ვგულისხმობ შავი ზღვისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონს. გარდა ამისა, მას რეგიონის ბევრ ქვეყანასთან აქვს გართულებული ურთიერთობა, მათ შორის ეგვიპტესთან, ირანთან და შესაძლოა ეს პლატფორმა გამოიყენოს ამ ურთიერთობების დალაგებისთვის.
- მოუწევს თუ არა ამისთვის დასავლეთთან დაპირისპირება?
- თურქეთისთვის დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია ნატო, რადგან ევროკავშირში ისედაც ვერ წევრდება. ამიტომ ევროკავშირის ფაქტორი მისთვის მეორეხარისხოვანია, ნატოში კი თუ ძალიან მწვავე რეაქცია მოჰყვა და თუკი დადგა თურქეთის ან გარიცხვის, ან რაღაც ფორმით სანქცირების საკითხი, მაშინ შესაძლოა გადაიფიქროს "ბრიკსში" გაწევრება. მაგრამ ამერიკაშიც არჩევნები მოდის და ასეთი მწვავე რეაქცია, სავარაუდოდ, ჯერ არ იქნება. თუმცა, რა თქმა უნდა, საერთაშორისო თვალსაზრისით, პრობლემურია ის, რომ ეს ასახავს ასეთი ქვეყნების სტრატეგიას - ცდილობენ ყველასთან ჰქონდეთ კარგი ურთიერთობა. ეს გამოარჩევს დღევანდელ დროს თუნდაც "ცივი ომის" პერიოდისგან, როდესაც სამყარო ორ ნაწილად იყო გაყოფილი. დღეს ასე აღარ არის, მულტიპოლარულ სამყაროში ვცხოვრობთ და ამერიკასაც კი უჭირს საკუთარი მოკავშირეების კონტროლირება და დისციპლინირება.
- საქართველოსთვის რა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ორი მეზობლის "ბრიკსში" გაწევრებას?
- დარწმუნებული ვარ, საქართველოზე ზეწოლა არ გაიზრდება და ჯერ არავინ მიიწვევს, გაწევრდიო, რომც მოინდომოს. თუმცა არალიბერალური ძალების ჩვენს რეგიონში გაძლიერება, რა თქმა უნდა, სახიფათოა. თურქეთი უფრო იხრება ე.წ. გლობალური სამხრეთისკენ, სადაც ძირითადად არადემოკრატიული ძალები დომინირებენ, სადაც ძლიერია ჩინეთისა და რუსეთის გავლენა და ესეც, რა თქმა უნდა, ამცირებს დემოკრატიული სამყაროს გავლენას რეგიონში. ცხადია, ეს ნეგატიური ტენდენციაა და შესაძლოა ჩვენთანაც გაიზარდოს არალიბერალური, არადემოკრატიული აქტორების გავლენა. თურქეთი თავის მულტიპოლარულ პოლიტიკას კი გააგრძელებს, მაგრამ მთავარი ის არის, დასავლეთისგან დისტანცირების არანაირი სურვილი არა აქვს. თურქეთი ისევ იქნება დაინტერესებული ე.წ. შუა დერეფნის ინიციატივით, ენერგო და სავაჭრო თანამშრომლობით. აზერბაიჯანიც იმავე პრინციპით გააგრძელებს დასავლეთთან თანამშრომლობას. ასე რომ, საქართველოსთვის ამით რაიმე კარდინალურად არ იცვლება, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რისკები იმატებს.
რუსა მაჩაიძე