"პოლიტიკურ ბრძოლას სამოქალაქო მშვიდობა არ უნდა გადაჰყვეს!“ - კვირის პალიტრა

"პოლიტიკურ ბრძოლას სამოქალაქო მშვიდობა არ უნდა გადაჰყვეს!“

არჩევნები ახლოვდება და დაპირისპირებაც მწვავდება, ბოლო არ უჩანს ოპოზიციისა და ხელისუფლების ურთიერთბრალდებებს. რა პრობლემებს შეიძლება წავაწყდეთ, როგორ უნდა იმოქმედონ პოლიტიკურმა პარტიებმა, როგორია ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკა, ამ აქტუალურ თემებზე გვესაუბრება პოლიტოლოგი, კავკასიური სახლის თავმჯდომარე ლევან ლორთქიფანიძე:

- სანამ დროა, პოლიტიკურმა პარტიებმა ჭკუას უნდა მოუხმონ, რომ პოლიტიკურ ბრძოლებს არ გადააყოლონ სამოქალაქო მშვიდობა. თუ პოლიტიკური პარტიები გააგრძელებენ ცეცხლზე ნავთის დასხმას, ერთმანეთთან ზიზღით სავსე საუბარს, ამით ისინი საზოგადოებაში უნდობლობას, შეუწყნარებლობას დათესავენ და დამატებით კონფლიქტებს გააჩაღებენ. შეიძლება არჩევნების მოახლოების კვალდაკვალ ვნახოთ ის, რაც ბევრჯერ გვინახავს. ალბათ, გახსოვთ 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდი, ქვები რომ ცვიოდა და ერთმანეთს აგურებს ურტყამდნენ თავში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის აქტივისტები. გვახსოვს 2003 წლის არჩევნების წინ ბოლნისის და ქვემო ქართლის ინციდენტები, როდესაც აგრესიული ჯგუფები ეთნიკური ნიშნით აღვივებდნენ დაპირისპირებას ქვეყანაში. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელსაც სამოქალაქო ომის გამოცდილება აქვს. ასე რომ, ძალიან დიდი სიფრთხილე გვმართებს. ჩვენ, ამ ქვეყნის მშვიდობის მომხრე მოქალაქეები, არ ვამბობთ, რომ მგელმა და თხამ ერთად უნდა მოძოვოს და იდილია იყოს "ნაციონალებსა" და "ქართული ოცნების" მხარდამჭერებს შორის. გასაგებია, მათ შორის კონკურენცია იქნება, მაგრამ ამ ბრძოლას აქვს თავისი ფორმები. ეს არ უნდა გადავიდეს ანგარიშსწორებასა და მაფიისმაგვარ მეთოდებში, მაგრამ დღეს რომ ვუსმენთ ოპოზიციის და ხელისუფლების ლიდერებს, დამშვიდების იმედი არა გვაქვს. მაგალითად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი აკეთებს პრევენციულ განცხადებებს იმის თაობაზე, რომ შეიძლება რომელიღაც ოპოზიციის ლიდერს თავს დაესხან. ეს განცხადება ხომ ნიშნავს, რომ წინასწარ იქმნის ალიბის, თუ ოპოზიციონერებს გცემენ, მე არაფერ შუაში ვარო. როდესაც სახელმწიფოს პირველი პირი ხარ და გაქვს ინფორმაცია, რომ ოპოზიციონერ ლიდერებზე თავ­დასხმა იგეგმება, ყველაფერი უნდა გააკეთო, რომ ეს არ მოხდეს. მეორე მხრივ, ვხედავთ ლაშა ბაქრაძეს, ლიტერატურის მუზეუმის ხელმძღვანელს, რომელიც "ნახმარ" სახეებზე ლაპარაკობს. ასეთი რამ ლევან ხაბეიშვილს რომ ეთქვა, არ გაგვიკვირდებოდა, მაგრამ აკაკი ბაქრაძის შვილს ცოტა მეტი მოეთხოვება. როცა აკაკი ბაქრაძის შვილი ასე აღვივებს სიძულვილს მოწინააღმდეგე ჯგუფის ქალების მიმართ, სხვას რა უნდა მოსთხოვო? უპირველეს ყოვლისა, ხელისუფლება ცდილობს აგრესია წარმოშვას საზოგადოებაში და ოპოზიციაც, ნაცვლად იმისა, ასეთ აგრესიულ ხელისუფლებას ცოტა გონივრულად გაუსწორდეს, ცდილობს აგრესიას აგრესიით უპასუხოს და ეს საზოგადოებაში კიდევ უფრო მეტ შფოთს წარმოქმნის.

- პრემიერ-მინისტრმა ისიც თქვა, რომ შეიძლება პოლიტიკური მიზნებისთვის მოკლან რომელიმე ოპოზიციონერი ლიდერი. ამის საშიშროება მართლაც არის?

- საჯაროდ არგუმენტების გარეშე მსჯელობა, დაუსაბუთებელი ვარაუდების გამოთქმა, არასერიოზულია, მით უმეტეს, ქვეყნის პირველი პოლიტიკური პირისგან. თუU რაღაცას ამბობ, მაშინ საბუთიც, კონკრეტული მტკიცებულებებიც უნდა გქონდეს. ასეთი ყურით მოთრეული ამბები პოლიტიკურ პროცესს ძაბავს. ასეთი განცხადებებით ხელისუფლება ალიბის იქმნის იმ აგრესიისთვის, რასაც, ალბათ, აპირებს. ცოტა გვინახავს "ოცნების" კუნთმაგარი აქტივისტები, რომლებიც ხალხს სცემენ და მერე პოლიცია პასუხს არ სთხოვს? ასეთი განცხადებებით ირაკლი კობახიძე ხელ-ფეხს უხსნის ზონდერებს, რომლებიც მრავლად ჰყავს "ოცნებას".

- ამას აკეთებს იმიტომ, რომ ეშინიათ არჩევნებში დამარცხების?

- რა თქმა უნდა. მას არ შესწევს საგნობრივი დისკუსიის ძალა, რომ ხალხს ელაპარაკოს, მაგალითად, როცა ვერ ლაპარაკობ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებზე, კრიტიკულ აზრს ვერ ისმენ და არ პასუხობ საზოგადოების მოთხოვნებს, რჩება ერთადერთი გზა, გააჩუმო გამწარებული ადამიანები, თუნდაც ოპონენტები.

რა თქმა უნდა, "ქართულ ოცნებას" დამარცხების ეშინია. ბიძინა ივანიშვილის განცხადებები ხომ მოვისმინეთ? კაცი ამბობდა, პოლიტიკაში აღარ დავბრუნდებიო, და ახლა არათუ დაბრუნდა, ქუჩა-ქუჩა დადის. ოზურგეთის გარეუბანშიც კი დაჯავშნილი აკვარიუმით გამოვიდა. ივანიშვილი დღეს მცხეთაში, ოზურგეთში, მესტიაში გზებზეა გადამდგარი, მაშასადამე, უჭირს, არ ჰყავს იმ რაოდენობით მხარდამჭერი, რომელიც სჭირდება გასამარჯვებლად.

- პოლარიზაცია, პირველ რიგში, რუსეთს აწყობს, რა საფრთხეებს უნდა ველოდოთ მისგან?

- ისეთი ისტერიკული, დაქსაქსული და შიდა ჭრილობებით დასერილი საზოგადოება ვართ, რუსეთს დამატებით არაფერი სჭირდება იმისთვის, რომ აქ არეულობა ატყდეს.

ხომ გახსოვთ, პოზნერი რომ ჩამოვიდა ვახშამზე თბილისში და ამ ერთმა მოვლენამაც კი ქვეყანა ლამის ქაოსში ჩაითრია. შიდა კონფლიქტები, ისტერიკულობა რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს, ხელისუფლება ამას უწყობს ხელს, რადგან უარს ამბობს დაიწყოს მსჯელობა რეალურ პრობლემებზე.

ახლა საქართველოში რამდენიმე შიმშილობის აქციაა სოციალურ ნიადაგზე და მოგისმენიათ ვინმე ამაზე საუბრობდეს? მაგალითად, ერთ-ერთი ონლაინკაზინოს თანამშრომლები შიმშილობენ, ლამის ორი თვეა ქუჩაში დგანან... ჭიათურაში, სოფელ შუქრუთის მოსახლეობა მეორასე დღეა ქუჩაში დგას. საწარმოო სამუშაოების დროს აფეთქებენ ლიანდაგს, ეს კი იწვევს ეროზიასა და სხვა უამრავ პრობლემას. ხალხი ითხოვს სახელმწიფოს შუამავლობას კომპანიასთან კომპენსაციების მისაღებად, რომ დაზარალებული მოქალაქეებისთვისაც არსებობდეს წესი და კანონი, რომ ვინც დაგაზარალებს, იმან იზრუნოს შენზე. არც ამაზე საუბრობს არავინ. ბათუმში საშინელი ურბანიზაცია მიმდინარეობს, კომუნალური დეფიციტია, ქალაქს დენი, წყალი არ ჰყოფნის, ნაგავი არ გააქვთ, ჰაერი არ მოძრაობს, ზღვის დაბინძურებაა, ვინმე საუბრობს ამაზე? არავინ. ასეთ რეალურ თემებზე რომ დაიწყონ პოლიტიკურმა პარტიებმა საუბარი, იქაც იქნება პოლარიზაცია, იქაც ექნებათ პოლიტიკურ ძალებს განსხვავებული აზრი, მაგრამ მერე მოუწევთ რაღაც მოდელების შემოთავაზება და უფრო თემატური გახდება დისკუსია, არ იქნება იმ დონეზე, შენ ხარ მოღალატე, შენ ხარ ლგბტ თემის წარმომადგენელი, შენ ეს ხარ, შენ ის ხარო. "ქართული ოცნება" მიზანმიმართულად არ მსჯელობს ამაზე. ადამიანი ეუბნება ხელისუფლებას, პენსია არ მყოფნისო, ის კი პასუხობს, ხვალ ევროპაში რომ გაწევრდები, შენი შვილი ლგბტ თემის წევრი გახდებაო. ეუბნება ვიღაც, ფარმაცევტული მონოპოლიებია ქვეყანაში, ფასებს ისინი აწესებენ, ჩვენ ვერ ვიხდით ამხელა ფულს და მოაგვარე ეს პრობლემაო, ის პასუხობს, ეკლესიას გამოვაცხადებ სახელმწიფო ინსტიტუტად და მართლმადიდებლობა იქნება სახელმწიფო რელიგიაო.

- აქვს თუ არა ოპოზიციას ამ არჩევნებში წარმატების რეალური შანსი?

- ოპოზიციას ევროკავშირმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გამარჯვების ფორმულა უკვე შესთავაზეს - მას ჰქვია ტექნიკური მთავრობის იდეა, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკური, პარტიული ლიდერები უარს ამბობენ მინისტრთა კაბინეტში შესვლაზე და მინისტრთა კაბინეტი დაკომპლექტდება პროფესიონალიზმის ნიშნით. მაგალითად, კარგი მასწავლებელი ინიშნება განათლების მინისტრად, კარგი პოლიციელი შინაგან საქმეთა მინისტრად, კარგი ექიმი ჯანდაცვის მინისტრად და მათ აქვთ პოლიტიკური პროგრამა, რომ გააკეთონ ისე ყველაფერი, რაც დაგვაბრუნებს ევროკავშირთან. მთავრობა უპარტიო პირებისგან არის დაკომპლექტებული, არანაირი პოლიტიკური ამბიცია მათ არ აქვთ. რომ გადადგებიან მერე გაიმართება ხელახალი არჩევნები და მერე გინდა ნიკა გვარამია აირჩიოს ხალხმა და გინდა სხვა, მაგრამ ოპოზიცია ამაზე არ ლაპარაკობს, იმის მიუხედავად, რომ ყველას მოწერილი აქვს ხელი ქარტიაზე. არ საუბრობენ იმიტომ, რომ აქვთ იმედი, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებენ და მერე გაინაწილებენ მინისტრების პორტფელებს. რეალობას ვერ აფასებენ, იმიტომ, რომ ამბიცია ახრჩობს ყველას. არადა, ახლა ქვეყანაში საბედისწერო დროა. ევროკავშირთან შეგვიძლია გავხსნათ მოლაპარაკება და ამ დროს "ქართული ოცნება" გვეუბნება, ჩინეთი, რუსეთი, "ჰესბოლა" და "ალ-ქაიდა" უნდა იყოს ჩემი პარტნიორიო. ცოტა უკან უნდა დაიხიონ, გვერდზე გადადონ თავიანთი ინტერესები, თუ უნდათ რამეს მიაღწიონ, თორემ ამ იწილო-ბიწილოში მოვა ისევ ივანიშვილი და ვიქნებით ავტორიტარული ქვეყნების დაჯგუფების ნაწილი, დარჩენილი ახალგაზრდებიც წავლენ ქვეყნიდან და მათ ნაცვლად მოვლენ ჩვენზე გაჭირვებული და გაუბედურებული ქვეყნებიდან სხვები.

- არჩევნები ახლოვდება, პოლიტიკური ვითარების კიდევ მეტად გამწვავებას ელოდებით?

- ეს უკვე ხდება. ველოდები არასამთავრობო ორგანიზაციების დაწიოკებას, ქუჩებში ჩხუბებს, ქვების სროლას, ჩამორჩენილობასა და ველურობას. ეს კი უფრო დაგვაშორებს ევროკავშირს და ამაზე ქართულმა საზოგადოებამ უნდა იფიქროს. უნდა მოითხოვოს ამ პოლიტიკოსებისგან იმ თემებზე საუბარი, რაც მათ აწუხებს - ჯანდაცვისა და განათლების მეტი ხელმისაწვდომობა, როგორ ი გადასახადები იქნება, როგორ მოწესრიგდება კომუნალური პრობლემები და ა.შ.