„ერთადერთი, ვისაც შეუძლია დღეს უზრუნველყოს ხელისუფლების გამარჯვება, ოპოზიციაა“
სექტემბერი ისე დაიწყო, წინასაარჩევნო კამპანიაში არაფერი შეცვლილა. არადა, იყო მოლოდინი, რომ სექტემბრიდან ოპოზიცია უფრო აქტიურ კამპანიაზე გადავიდოდა. წინასაარჩევნო პროცესზე, არჩევნებსა და მის შემდგომ მოსალოდნელ ვითარებაზე პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრებით:
- ოპოზიციის ამოცანა უნდა ყოფილიყო მაქსიმალურად აქტიური საარჩევნო კამპანიის წარმართვა ხალხის მხარდაჭერით, იმ მუხტის გამოყენებით, რომელიც იყო მაის-ივნისში, მაგრამ ჯერ ამის არაფერი ეტყობა.
საარჩევნო კამპანია მდარედ მიდის და ხელისუფლებაც თავდაჯერებულია. ოპოზიციაც მეტისმეტად იმედიანია, ყოველ შემთხვევაში, განცხადებების დონეზე, და ფიქრობენ, რომ გარანტირებული აქვთ მოგება.
ერთადერთი, ვისაც შეუძლია დღეს უზრუნველყოს ხელისუფლების გამარჯვება, ოპოზიციაა. რეგიონებში ან მედიასაშუალებებში ჯერ არ ჩანს ისეთი არაფერი, ის მუხტი და განწყობა, რაც მიუთითებს, რომ ხელისუფლების შეცვლა უთუოა. მე მახსოვს, რა განწყობები იყო 2003-ში, 2012-შიც. რისი იმედი აქვს ოპოზიციას, არ ვიცი.
- რას ფიქრობთ, რატომ არიან ასე თავდაჯერებულები?
- არ ვიცი, მათ თავებში რა ტრიალებს. ან სინამდვილეში შეგუებული არიან, რომ ვერ გაიმარჯვებენ და მეორე ადგილისთვის ბრძოლაა მათი მიზანი. ძალიან უცნაურად ჩანს ეს ყველაფერი. ვიმეორებ - ეს არ არის კამპანია ხელისუფლების შეცვლისთვის. როდესაც ხელისუფლება იცვლებოდა, ოპოზიციის ხელში, მინიმუმ, ქუჩა იყო, დღეს კი ისიც ხელისუფლების ხელშია. დიდ აქციებს, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებითაც მართავს. ოპოზიცია ქალაქში დარბაზებში კამერულ შეხვედრებზე, სოფლებში კი პატარ-პატარა შეხვედრებზე დადის და საზოგადოებაში არ ჩანს განწყობა, რომ ხელისუფლება შეიცვლება.
ჩემთვის ეს გასაოცარია, უფრო აქტიურ და კარგი გაგებით აგრესიულ კამპანიას ველოდი. აგრესიულში ვგულისხმობ არა ლანძღვა-გინებას და ტალახის სროლას, არამედ საზოგადოებაში უნდა შექმნილიყო იმის განცდა, რომ საჭიროა ხელისუფლების შეცვლა. ეს განწყობა უნდა იყოს ქუჩაში, რეკლამაშიც და ა.შ. არადა, თუ ოპოზიციურ არხს არ ჩართავ, ვერც გაიგებ, რომ რამე ხდება.
- ოთხი ძირითადი ოპოზიციური ჯგუფია ჩამოყალიბებული და ეს ყველას ეხება?
- ნიუანსებში განსხვავება მათ შორის, რა თქმა უნდა, არის, მაგრამ ჯამურად ყველას ეხება. მთლიანად ოპოზიციამ უნდა შექმნას განწყობა, რომ ქვეყანაში ხელისუფლების შეცვლაა მოსალოდნელი. მოსახლეობის მობილიზება, რეკლამების გამოყენება, დიდი აქციების გამართვა თბილისში, რეგიონებში და ა.შ., არაფერი ჩანს. გაიხსენეთ, რა ხდებოდა 2003-სა და 2012-ში, ოპოზიცია რამდენად აქტიური იყო. თუნდაც 2008 წელს, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ არჩევნები წავაგეთ, გადაწერეს არჩევნების შედეგები, მაგრამ ფაქტი ის იყო, რომ მაშინ ხელისუფლების ცვლილებისკენ წავედით. წინა საარჩევნო კამპანიაც კი, 2020 წლის არჩევნებს ვგულისხმობ, თითქოს უფრო ცოცხალი იყო. ასეთი მდარე კამპანიით, რა თქმა უნდა, ხელისუფლების გამარჯვების შანსი იზრდება, რადგან მას უადვილდება ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება იმის გამო, რომ ამ საზოგადოებას არ აქვს განცდა, რომ ხელისუფლება იცვლება. 2012 წელს ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე მუშაობდა საჯარო სექტორში, მაგრამ ისინი ხმას არ აძლევდნენ ხელისუფლებას და ამას არც მალავდნენ. 2003 წელსაც იგივე იყო. დღეს კი ეს არ ჩანს.
- რითი ხსნით ამას? შეიძლება ახალი სტრატეგია აქვთ?
- ამ წლების განმავლობაში სადმე ნახეთ ოპოზიციის გამართლებული კი არა, თუნდაც გაუმართლებელი სტრატეგია რომელიმე საკითხზე? ერთადერთი "ნაცმოძრაობის" სტრატეგია იყო "მიშა გამოუშვით". ამ ოპოზიციის ლიდერების შესაძლებლობებიდან გამომდინარე, პოლიტიკური წონის ჩათვლით, საეჭვოა, რაიმე სტრატეგია ჰქონდეთ. მგონი, უფრო დინებას მიჰყვებიან და იმის იმედი აქვთ, რომ ხელისუფლება ისე გააბრაზებს ხალხს, იძულებული გახდებიან, ხმა ოპოზიციას მისცენ, მაგრამ ეს ასე არ არის. საქართველოში ხელისუფლება იცვლება მხოლოდ მაშინ, როცა ადამიანებს უჩნდებათ რწმენა, რომ ცვლილება რაღაც კარგის მომტანი იქნება - ანუ ოპოზიციაში არიან პირები, რომლებიც იმედს იძლევიან. 1999 წელს შევარდნაძე არ იყო პოპულარული, მაგრამ მოიგო საპარლამენტო არჩევნები. 2000 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე ხალხი არ მივიდა, ცარიელი ურნები იყო და ისე გამოწერეს შედეგები, მაგრამ შევარდნაძე არ შეცვლილა მანამდე, ვიდრე არ გამოჩნდა ძლიერი ოპოზიცია. 2003 წელს ოპოზიციამ იმედი მისცა საზოგადოებას, რომ შევარდნაძის შეცვლა უკეთესობას მოიტანდა. სააკაშვილი 2008 წელს პოპულარული უკვე აღარ იყო, მაგრამ ოპოზიციამ მაშინ ვერ შეძლო ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ ისინი უკეთესის მომტანი იქნებოდნენ. 2012 წელს ივანიშვილმა, ფაქტობრივად, იმავე ოპოზიციით მოიგო არჩევნები დიდი დამაჯერებლობით, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ადმინისტრაციული რესურსი და ყველა მეთოდი გამოიყენა სააკაშვილმა გასამარჯვებლად. 2012 წელს პოლიტიკოსებს არც სჯეროდათ საკუთარი გამარჯვების, მაგრამ ხალხი დარწმუნებული იყო, რომ ოპოზიცია გაიმარჯვებდა, დღეს კი ეს მუხტი არ ჩანს და ესაა მთავარი პრობლემა.
- მაშინ რა განაპირობებს მათ ასეთ თავდაჯერებას?
- ნარცისიზმი, საკუთარი თავის, საკუთარი ძალის არაადეკვატური შეფასება. რაც ქართული პოლიტიკა არსებობს, 1980-იანი წლების ბოლოდან, ეს ლიდერების ყველაზე დიდი სენია. ამ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან პოლიტიკურ ლიდერებად და რომლებსაც მიტინგების დროს მიკროფონებთან არ უშვებენ, რატომ აქვთ საკუთარ თავზე ასეთი დიდი წარმოდგენა, არ ვიცი. დაახლოებით ორმოც დღემდეა დარჩენილი არჩევნებამდე და ოპოზიციიდან რაიმე პოზიტიური მესიჯი გესმით?
- ბოლო დროს ხშირად ამბობენ, რომ აქვთ "ოცნების" შიდა კვლევის შედეგები, რომლითაც მმართველი პარტია არჩევნებს წააგებს და ამიტომ ჩართეს ივანიშვილი კამპანიაში და ა.შ. ხომ შეიძლება ოპოზიციის სტრატეგია ამაზე იყოს აგებული?
- "ქართულ ოცნებას" რომ კარგად არა აქვს საქმე, ეს ყველაფრით ჩანს, მათი ქცევით, მათი ლექსიკით. შეცდომას შეცდომაზე უშვებენ, აშკარად განერვიულებული არიან, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ეს ოპოზიციის გამარჯვების გარანტიაა. ოპოზიციამ თუ საზოგადოებას არაფერი შესთავაზა, შეიძლება ძალიან მცირე უპირატესობით, მაგრამ მაინც ხელისუფლებამ მოიგოს სწორედ იმ ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით და მსოფლიოში ვერავინ შეძლებს ამით არჩევნები არალეგიტიმურად გამოაცხადოს. შეიძლება იმის იმედი ჰქონდეთ, რომ თუკი "ოცნებამ" გამარჯვება დაიწერა, ამას საერთაშორისო საზოგადოება არ აღიარებს და რაღაც პროცესი დაიწყება, რაც აიძულებს "ოცნებას" წავიდეს ხელისუფლებიდან.
- "ოცნებას" ადარდებს, რას იტყვის არჩევნებზე საერთაშორისო საზოგადოება?
- არჩევნების არალეგიტიმურად ცნობა კრახი იქნება და "ოცნებამ"“ ეს კარგად იცის, მიუხედავად იმისა, რომ სულ უფრო მეტ იდიოტიზმს სჩადის. თუნდაც ამ ბოლო დღეებში გერმანიის დელეგაციის მიღებაზე უარის თქმა კატასტროფა იყო. დიპლომატიაში არსებობს დემონსტრაციული ნაბიჯები, რითაც გამოიხატება უპატივცემულობა ქვეყნისა და მისი ხელმძღვანელობისადმი. ასეთ ნაბიჯად ითვლება ის, რომ ქვეყანაში დელეგაციაა ჩამოსული, ითხოვს შეხვედრას და არავინ ხვდება. თავად გერმანიის დელეგაციამ თქვა, რომ ითხოვეს პირველი დონის შეხვედრა და უარი უთხრეს, ითხოვეს მეორე დონის და ამაზეც უარი მიიღეს, მესამე დონეზეც და ახლა გამოდიან "ქართული ოცნებიდან"“ და აცხადებენ, დრო არ გვქონდაო. რას ბოდავენ, რა დრო არ ჰქონდათ?! ძალით მიდიან გამწვავებაზე, ცდილობენ აჩვენონ თავის ამომრჩეველს, ნახეთ, რა ვაჟკაცები ვართო. წარმოიდგინეთ, რა არჩევნები გვაქვს - ესენი ამომრჩევლის გულის მოგებას იმით ცდილობენ, აი, დასავლეთს დედას ვაგინებთ, ხელს არ ჩამოვართმევთ, არ ვხვდებითო. მმართველი პარტიის მთავარი მესიჯი ის არის, აი, არ შევხვდი გერმანელებს, არ შევხვდი ამერიკელებს, ამით ვიცავ ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტს და ამით ვაჩვენებ, როგორი ქედმოუხრელები ვართ ქართველებიო. არ ვიცი, ეს რა დონის იდიოტებზე არის გათვლილი, თუმცა "ფეისბუკს"“ რომ ვუყურებ, ჩანს, რომ ასეთი იდიოტები საკმაოდ არიან. გარდა ამისა, "ოცნება"“ აწყობს მრავალრიცხოვან შეკრებებს, აჩვენებს ძალას და ამის ფონზე როდესაც ხედავ ოპოზიციის შეხვედრებს, სხვაობა თვალში საცემია.
- რა კატეგორიას შეიძლება მოსწონდეს "ოცნების" ასეთი ქცევა და უღირს "ოცნებას" დასავლეთთან ამის გამო ურთიერთობის გაფუჭება?
- დასავლეთი ძალიან კარგად ხედავს, რომ ოპოზიცია სუსტია, ხელისუფლებას კი აქვს იმედი, რომ გამარჯვების შემთხვევაში ყველაფერი დალაგდება. ახლა "ოცნებისთვის" მთავარი გამარჯვებაა და, თუკი გაიმარჯვებს, მერე რაღაცებს დათმობს, რიტორიკას შეარბილებს და დასავლეთი თვალს დახუჭავს.
- ამ ყველაფრის გათვალისწინებით, არჩევნებზე რა შეიძლება მოხდეს და რაც მთავარია, არჩევნების შემდგომი პროცესი როგორი შეიძლება იყოს?
- საზოგადოებაში არის ხელისუფლების ძალიან დიდი ანტირეიტინგი და ოპოზიციის ძალიან დიდი ანტირეიტინგი. ამ ანტირეიტინგებზე დგას ორივე მხრის რეიტინგი. ძალიან მცირეა ის შუა ფენა, რომელიც ჯერ კიდევ არ ვიცით, რას იზამს - ანუ ის ხალხი, ვინც გადაწყვეტილებას იმის მიხედვით არ იღებს, თუ რომელი უფრო სძულს. შესაძლებელია მცირე უპირატესობით მოიგოს ოპოზიციამ. ასევე შესაძლებელია მცირე უპირატესობით მოიგოს ხელისუფლებამ, მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხარე ძალიან მდარე კამპანიას ატარებს.
ჯერ ჩანს, რომ იგებს ხელისუფლება, რადგან ოპოზიცია ვერ ახდენს საზოგადოებაში იმ განწყობის გენერირებას, რომ ხელისუფლება შეიცვლება.
- ოპოზიციამ რა უნდა გააკეთოს, რომ საზოგადოებაში ეს განცდა გააჩინოს?
- ვფიქრობ, ასეთი განცდის გაჩენა არც შეუძლია. ეს შეუძლიათ იმ ლიდერებს, ვისაც აქვთ ავტორიტეტი და ხალხის მხარდაჭერა, ასეთი დაბალი მხარდაჭერა ოპოზიციურ ლიდერებს არ ჰქონიათ. ამიტომ რთულია იმის თქმა, თუ ახლა რაიმეს გაკეთება შეუძლიათ. ამაზე აქამდე უნდა ეფიქრათ და რაც მთავარია, გაკეთება დაეწყოთ, თუ, რა თქმა უნდა, წაგებაზე არ მუშაობენ, რაც კიდევ სხვა თემაა.
- ანუ ეჭვი გაქვთ, რომ მიზანმიმართულად წაგებაზე მუშაობენ?
- არ ვიცი. მაგალითად, როდესაც ხაბეიშვილმა დაწერა, რომ კეზერაშვილს შეხვდნენ და ამ შეხვედრას ესწრებოდნენ ივანიშვილის ბიზნესმენი მეგობრები, რას ნიშნავს? ხელს ვერავის დავადებ, მაგრამ მე ამ აღიარებამ გამაოგნა, ძალაუნებურად რაღაცებს ვფიქრობ.
რუსა მაჩაიძე