რა იხარშება პუტინის თავში ანუ არის თუ არა ბირთვული ომის დაწყების საფრთხე?!
2024 წლის მარტში გამოვიდა ენი იაკობსენის წიგნი "ბირთვული ომი: სცენარები", რომელიც მსოფლიოს წამყვანი მეცნიერების ინტერვიუებს ეფუძნება. მასში აღწერილია, როგორ დაინგრევა ცივილიზაცია "წითელ ღილაკზე" ხელის დაჭერის შემთხვევაში.მისი მიხედვით, პირველი დარტყმების შემდეგ ადამიანთა დიდი ნაწილი დაიღუპება ან გაუკაცრიელებულ ტერიტორიაზე დარჩება. არ იქნება ელექტროენერგია, ქალაქები, ტყეები და ნათესები ცეცხლში გაეხვევა, ტოქსიკური ნივთიერებები მასობრივ სიკვდილსა და ავადმყოფობებს გამოიწვევს, განადგურდება ბუნება, დაბინძურდება წყალი. ბირთვული დარტყმების შემდეგ რამდენიმე კვირაში დაიწყება ბირთვული ზამთარი - ფერფლი მზის სხივებს დაბლოკავს და ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა. წლების შემდეგ ოზონის შრე დამცავ ფუნქციას დაკარგავს და მზის სხივები სასიკვდილო გახდება. ადამიანებს ახალი თავშესაფრების ძიება მოუწევთ და ახალი ეპიდემიები დაიწყება. თანამედროვე ცივილიზაციის ნიშნები საბოლოოდ გაქრება.
სახიფათო საუბრები
დასავლეთსა და რუსეთში ახალი ძალით დაიწყო საუბრები, რომ კრემლმა შეიძლება ბირთვული იარაღი გამოიყენოს. პირველად ვაშინგტონს ამის 2022 წლის შემოდგომაზე ეშინოდა. თუმცა შემდეგ თვეებში დასავლელი პოლიტიკოსებისა და ექსპერტების ნაწილმა განაცხადა, რომ ეს პუტინის ბლეფი და შანტაჟია. თუმცა საბოლოოდ პასუხს ვერავინ სცემს კითხვაზე: თუ კრემლმა ბირთვული იარაღი ორი წლის განმავლობაში არ გამოიყენა, ახლა გამოიყენებს? მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მიიჩნევს, რომ მოსკოვთან მიმართებაში წითელი ხაზი არ არსებობს. თუმცა, მაგალითად, აშშ და გერმანია კვლავ "ხედავენ" წითელ ხაზებს. ისინი კვლავ არ აძლევენ უკრაინას უფლებას, რომ ამერიკული და გერმანული იარაღით რუსეთის სიღრმე დაბომბოს.
თუ დავუჯერებთ უცხოურ მედიას, დასავლეთი ყველაზე მეტად 2022 წლის ბოლოს შეშფოთდა. მაშინ რუსეთი დამარცხების საშიშროების წინაშე აღმოჩნდა და როგორც ამერიკული მედია დაზვერვის ჩინოსნებზე დაყრდნობით ამტკიცებს, თითქოსდა პუტინი რადიკალურ ნაბიჯებზე იყო წამსვლელი. თუმცა კრემლმა მობილიზაციის, სამხედრო წარმოების გაზრდისა და ფრონტის ხაზის შემცირების ხარჯზე მარცხი თავიდან აიცილა და ვითომდა პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენება გადაიფიქრა.
დასავლეთში სხვა ვერსიაც არსებობს. კერძოდ, აშშ-მ დაარწმუნა ჩინეთი, რომ ზეწოლა მოეხდინა კრემლზე - არ გამოეყენებინა ბირთვული იარაღი არანაირი ფორმით (შესაძლოა პუტინს ბირთვული ქობინი უკაცრიელ ტერიტორიაზეც აეფეთქებინა, რათა დასავლეთში ეფიქრათ, რომ არ ხუმრობს). გარდა ამისა, როგორც დასავლეთში მიიჩნევენ, კრემლს ნატოს რეაქციისაც შეეშინდა. რას აპირებდა რეალურად ნატო, თუ პუტინი გაგიჟდებოდა, უცნობია. არაოფიციალური ვერსიით, ალიანსი განიხილავდა გამანადგურებელი დარტყმის მიყენებას უკრაინაში მყოფი რუსული ჯარებისთვის.
"პუტინის ფორმულა"
პუტინი თავის გამოსვლებში იმეორებს ასეთ "ფორმულას" - რუსეთი არ აპირებს და არც სურს ბირთვული იარაღის გამოყენება, თუმცა მისი გამოყენება შესაძლებელია. ბირთვული იარაღის გამოყენების პირობები გაწერილია დოქტრინაში "რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკის საფუძვლები ბირთვული შეკავების სფეროში". მის მიხედვით, რუსეთი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს, თუ: 1. საპასუხო დარტყმის მიყენებისთვის (მაგალითად, თუ დასავლეთიდან სტარტი აიღო რუსეთზე დამიზნებულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა ან ისეთი საფრთხე შეიქმნა, რომელიც რუსეთის ბირთვულ ძალებს მწყობრიდან გამოიყვანს); 2. ჩვეულებრივი შეიარაღების გამოყენებით რუსეთზე ისეთი შეტევისას, რომელიც საფრთხეს შეუქმნის რუსეთის სახელმწიფოს არსებობას (თუმცა არ არის დაკონკრეტებული, როდის შეიძლება შეიქმნას მსგავსი საშიშროება. როგორც ჩანს, პუტინს კურსკში უკრაინელების შეჭრა ასეთ საფრთხედ არ მიაჩნია).
დღეს უკრაინა საკმაოდ მძიმე სიტუაციაშია და სამხედრო ექსპერტების შეფასებით, ომში გარდატეხის შეტანის გზა დასავლეთის პოლიტიკურ ნებაზე გადის. კერძოდ, უფლება უნდა მისცენ კიევს, რომ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეს დარტყმები მიაყენოს. განსაკუთრებით აეროდრომებს, რადგან რუსეთს უპირატესობა სწორედ ავიაციის ხარჯზე აქვს. თუ უკრაინას მისცემენ იმის უფლებას, რომ დასავლური იარაღით აეროდრომები დაბომბოს, კრემლს მოუწევს თვითმფრინავების ფრონტის ხაზიდან რაც შეიძლება შორს გადაბაზირება, რითაც ეს ავიაცია ეფექტურობას დაკარგავს.
თუმცა რისკიც დიდია. სხვა "წითელი ხაზებისგან" განსხვავებით, რომელიც დასავლეთმა საკუთარ თავს თვითონ გაუვლო და შემდეგ "წარმატებით" დაძლია, უკრაინისთვის რუსეთის სიღრმეში მდებარე აეროდრომებზე დარტყმების უფლების მიცემამ შესაძლოა ესკალაცია გამოიწვიოს. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ არ აძლევს აშშ უკრაინას ამის ნებართვას. თუმცა
კრემლში შიშობენ, რომ ამერიკამ შეიძლება კიდევ ერთხელ გადალახოს "წითელი ხაზი", მით უმეტეს, გასულ ზაფხულს ამაზე საუბრები ინტენსიურად მიმდინარეობდა და ზელენსკი ყველაფერს აკეთებს, რომ ეს უფლება დასავლეთიდან მიიღოს. ალბათ, სწორედ ამიტომ განაცხადა პუტინმა: "ევროპელები უნდა დაფიქრდნენ, გადავა თუ არა აშშ (თუ უკრაინამ დასავლური იარაღით რუსეთის ტერიტორიის სიღრმეები დაბომბა და საპასუხოდ, რუსეთმა ევროკავშირის ქვეყნების წინააღმდეგ ტაქტიკური ბირთვული იარაღი გამოიყენა) სტრატეგიული ბირთვული დარტყმების "გაცვლაზე"? ამაში ეჭვი მეპარება".
რა მოხდება, თუ ვაშინგტონმა კიევს მწვანე აუნთო?!
კიდევ ერთხელ ავხსნით, (ამას ამბობენ დასავლელი სამხედრო ექსპერტები), თუ რა იქნება რუსეთისთვის მტკივნეული. რა თქმა უნდა, უკრაინული არმია დრონებით, "ჰაიმარსებითა" თუ რაკეტებით ურტყამს რუსეთის ტერიტორიას კურსკში, ბრიანსკში თუ ბელგოროდში. რუსეთისთვის მტკივნეულია სამხედრო საწყობების აფეთქება, მით უმეტეს, უკრაინელებმა რამდენიმე დიდი საწყობი აუფეთქეს. თუმცა შემდეგ რუსებმა წვრილ-წვრილი საწყობების "ქსელი" გააკეთეს, დანაკარგი კი ჩრდილოეთ კორეიდან შეივსეს და ეს პრობლემა, ასე თუ ისე, მოაგვარეს.
რუსული ავიაცია გადამწყვეტ როლს ასრულებს იმაში, რომ რუსები თუნდაც დონეცკის ფრონტზე წინ მიიწევენ. როგორ და რანაირად მოქმედებს რუსული ავიაცია, ეს "კვირის პალიტრის" ჟურნალისტმა ირაკლი ალადაშვილმა არაერთხელ ახსნა ჩვენი გაზეთის ფურცლებზე, შესაბამისად, დეტალურად საუბრისგან თავს არ შეგაწყენთ. რა თქმა უნდა, უკრაინელები დრონებით ესხმიან თავს აეროდრომებს, ზოგჯერ სერიოზული წარმატებაც აქვთ, თუმცა ეს მაინც ზღვაში წვეთია. სხვა საქმეა მასობრივი სარაკეტო დარტყმები, რომელიც რუსეთს უფრო მეტ თვითმფრინავს გაუნადგურებს და როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კრემლს მათი უფრო სიღრმეებში გადაყვანა მოუწევს. ეს შეიძლება იყოს უკრაინელებისთვის გარკვეული გარდატეხის დასაწყისი.
ზემოთ ვწერდით, რომ რუსეთის ბირთვული დოქტრინა ბუნდოვანია და ინტერპრეტაციის საშუალებებს იძლევა. დასავლურმა მედიამ არცთუ დიდი ხნის წინ მოიპოვა დამატებითი დოკუმენტები, რომლებსაც რუსები სასწავლო სცენარების დროს იყენებდნენ ხოლმე. მათში აღნიშნულია, რომ ბირთვული იარაღის საჭიროება შეიძლება დადგეს მაშინ, თუ რუსეთს სამ ავიაბაზას გაუნადგურებენ. თუმცა არ არის დაზუსტებული, მხოლოდ იმ ავიაბაზებზეა საუბარი, სადაც სტრატეგიული ბომბდამშენებია განლაგებული, თუ ტაქტიკური ავიაციის აეროდრომებსაც ეხება.
თუმცა რეალურად, ალბათ, არავინ დაიწყებს ავიაბაზებისა და აეროდრომების დათვლას, ისევე როგორც დღეს არავინ ითვლის კრემლში, რამდენი რუსი იქცა ლტოლვილად კურსკის ოლქიდან (უფრო ზუსტად, სტატისტიკური მონაცემები კი აქვთ, მაგრამ თანამოქალაქეების ბედი ფეხებზე ჰკიდიათ). მთავარია, დაემუქრება თუ არა პუტინს ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე.
ეს კი პირდაპირ არის დამოკიდებული იმაზე, მიაღწევს თუ არა უკრაინა სამხედრო წარმატებას, უკრაინის წარმატების გასაღები კი ვაშინგტონში და მის კეთილ ნებაზეა - მისცენ უფლება, რომ დაარტყას. რა მოხდება თუ ვაშინტონმა ზელენსკის მწვანე შუქი აუნთო და უკრაინელებმა შეძლეს გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება? რა თქმა უნდა, მოსკოვის აღებას არ ვგულისხმობ - გამარჯვება იქნება, თუ უკრაინელები რუსებს გარეკავენ საკუთარი ტერიტორიიდან, ყირიმის ჩათვლით.
პუტინს საფრთხე რამდენიმე მიმართულებით დაემუქრება. პირველ რიგში, საკუთარი გარემოცვისგან. თითოეული მათგანი არაოფიციალური მილიარდერია და აუცილებლად დაიწყებენ იმაზე ფიქრს, რომ პუტინს საფლავში არ ჩაჰყვნენ, ამის ყველაზე მოკლე გზა კი დასავლეთთან გარიგებაა. ეს კი პუტინის გარეშე რომ უნდა მოხდეს, გასაგებია. სხვათა შორის, რუსეთს მეფეებისა და იმპერატორების ღამეული მკვლელობების დიდი ტრადიციები აქვთ. სიკვდილამდე ორი-სამი დღით ადრე ის გვირგვინოსნებიც ფიქრობდნენ, რომ ხელშეუხებლები იყვნენ და ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა, მაგრამ...
გარდა ამისა, რუსეთში აფუთფუთდებიან პრიგოჟინები - ის რადიკალ-პატრიოტები, რომლებიც მარცხში პუტინს დაადანაშაულებენ აქედან გამომდინარე ყველა შედეგით. ბევრ მათგანს ფულიც აქვს და საკუთარი არმიაც ჰყავს ე.წ. კერძო სამხედრო კომპანიების სახით. ასევე, რუსეთის მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის დაიმსხვრევა პუტინის იმიჯი, როგორც დიდი სტრატეგის, რუსული მიწების შემკრებისა თუ ეროვნული ლიდერის. ის ასიათასობით კუბო, რომლებიც უკრაინიდან რუსეთში წავიდა და მომავალშიც წავა, შედეგს აუცილებლად მოიტანს.
ერთ-ერთი მთავარი საფრთხე პუტინს თავის მეზობლებისგანაც ემუქრება - მაგალითად, ჩინეთისგან. დამარცხებულ და დამცირებულ პუტინს სი ძინპინი რა პირობებს წაუყენებს, ეს მხოლოდ ჩინეთის ლიდერმა იცის. თუმცა დიდი გამოცნობა არ სჭირდება იმას, რომ ეს პირობები კრემლისთვის კატასტროფული და კაბალური იქნება.
ეკონომიკური სანქციებიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომელიც ნელა, მაგრამ ნაყოფს აუცილებლად გამოიღებს და რუსეთის სამხედრო მარცხი ამ პროცესს დააჩქარებს.
ეს ყველაფერი პუტინის თავშიც იხარშება. ისმის კითხვა - ყოველივე ამის გათვალისწინებით, იტყვის პუტინი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე უარს?! ამაში ეჭვი გვეპარება.
გიორგი კვიტაშვილი