თუ ქალაქის ტელეფონზე დაგირეკეს და შველა გთხოვეს - კვირის პალიტრა

თუ ქალაქის ტელეფონზე დაგირეკეს და შველა გთხოვეს

რამდენიმე კვირაა მთელ ქვეყანაში ქალაქის ტელეფონებზე თაღლითური ზარები ხორციელდება. ფულის გამოძალვის მიზნით მოსახლეობას ურეკავენ და ოჯახის წევრების კატასტროფის შესახებ გამოგონილ ამბებს უყვებიან. ზარების ავტორები უმეტესად რუსულ ენაზე საუბრობენ და მათი სამიზნეები უმეტესად მოხუცები არიან. სოციალურ ქსელში დაზარალებულების განცხადებებიდან ირკვევა, რომ ფული არც ერთ მათგანს არ გადაურიცხავს, რადგან ახლობლებთან დაკავშირება დროულად მოახერხეს.

ნიშანდობლივია, რომ დაზარალებულთა უმეტესობის ოჯახის წევრები საზღვარგარეთ იმყოფებიან.

ამ თაღლითური სქემის გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროში სისხლის სამართლის 180-ე მუხლით მიმდინარეობს. სამინისტრო საქმის სხვა დეტალებს არ ახმაურებს. ქალაქის ტელეფონებზე თაღლითური ზარების შესახებ განცხადება გაავრცელა კომპანია "სილქნეტმაც" და მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდა.

თუ რა სქემით მოქმედებენ თაღლითები ან როგორ დავიცვათ თავი მსგავსი შემთხვევებისგან, კიბერუსაფრთხოების საგანმანათლებლო კვლევითი ცენტრის დამფუძნებელს ანდრო გოცირიძეს ვესაუბრეთ.

- ეს არის ე.წ ვიშინგი, როდესაც თაღლითები არა მეილის ან სმს-შეტყობინების საშუალებით სძალავენ ფულს ხალხს, არამედ სატელეფონო ზარით უკავშირდებიან მსხვერპლს. ხშირ შემთხვევაში ისინი გვეუბნებიან, რომ ჩვენი ოჯახის წევრი მოხვდა ავარიაში. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ ძირითადად უკავშირდებიან ხანდაზმულებს, რომლებსაც ნაკლები ცოდნა აქვთ ამ ახალი დანაშაულის შესახებ, ან ახალგაზრდებს, რომლებიც სენსიტიურები/ემოციურები არიან და ნაკლებად ფრთხილობენ. როგორც მასშტაბიდან ჩანს, ეს არის ორგანიზებული დამნაშავეთა ჯგუფი.

საქართველოში უმეტესად რუსულენოვანი მოქალაქეები რეკავენ. რუსეთი ხომ კიბერკრიმინალის დიდი ბნელი ხვრელია.

- როგორც ვიცი, ასეთივე თაღლითური სქემა რუსეთშიც მოქმედებდა...

- სწორედ ამიტომ ვფიქრობ, რომ ზარები იმ პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან შემოდის, სადაც ჯერ კიდევ ქალაქის ტელეფონებია შემორჩენილი. თაღლითები რეკავენ საქალაქო ქსელის ტელეფონზე, რომლითაც სარგებლობს უფრო ის კონტინგენტი, რომელიც თაღლითების სამიზნეა - ხანდაზმულები, რომლებსაც აშინებენ შვილების, შვილიშვილებისა და ოჯახის სხვა წევრების ტრაგიკული შემთხვევებით და სთხოვენ ფულის გადარიცხვას. ქოლცენტრებითაც დაახლოებით იგივე ხდება, მოხუცებს უკავშირდებიან, ოღონდ მდიდარ ხანდაზმულებს და დანაზოგს სთხოვენ. უფრო ნაკლებად მდიდარ ქვეყნებში დანაზოგის გამოძალვა რთულია, მით უმეტეს, ჩვენ ცუდი გამოცდილება გვაქვს ამგვარი პირამიდული სქემების, ამიტომ საქართველოში ცდილობენ ემოციებზე იმუშაონ და მოსახლეობას ფული გამოსძალონ შემაშინებელი ზარებით. როდესაც გირეკავენ და გეუბნებიან, რომ ტრაგედია მოხდა, მსხვერპლს არა აქვს ამის უცბად გადამოწმების საშუალება. თუ ოჯახის წევრს დროულად ვერ დაუკავშირდი, შეიძლება იოლად მოტყუვდე, თანაც, როდესაც გირეკავენ და გესმის ყმუილი, ტირილი, წიოკი, შოკირებული ხარ, შეიძლება გადადგა დაუფიქრებელი ნაბიჯი.

მსოფლიოში სატელეფონო თაღლითობები ხშირია, თუმცა ამგვარი იშვიათად, იქ უფრო დანაზოგის გამოძალვას ცდილობენ. სოციალური ინჟინერიისთვის ერთ-ერთი ცნობილი გზაა, ან უნდა შეჰპირდე რაღაც დაუჯერებლად კარგს, ან უნდა შეაშინო რამე მძიმე ისტორიით, ზოგ შემთხვევაში, ეს არის ჯარიმა ან სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემით დაშინება.

მე ვესაუბრე რამდენიმე დაზარალებულს. გიკავშირდებათ საპირისპირო სქესის პირი და აბამს თქვენთან ურთიერთობას. შესაძლოა მსხვერპლთან გააბას მიმოწერა, რომელიც შესაძლოა ერთი ან ორი თვეც გაგრძელდეს. იქიდან გამომდინარე, რომ არ მოსთხოვონ სურათი ან ვიდეოზარი, თაღლითი იგონებს ისეთ პროფესიას, რომელიც გარკვეულ დაბრკოლებებთან არის დაკავშირებული, მაგალითად, მეზღვაურია, გემზეა და ინტერნეტი კარგად არ იჭერს, ან რომელიმე ქვეყნის ნავთობსადენზე მუშაობს ან არმიაშია. ზოგ შემთხვევაში ისტორიის გასამძაფრებლად და თავის შეცოდების მიზნით გიყვებიან აბსურდულ ამბებს, თითქოს ცოლ-შვილი ავტოავარიის გამო დაკარგა და წლების შემდეგ საპირისპირო სქესის წარმომადგენელთან ურთიერთობის წამოწყებას ცდილობს. გადის დრო და მყარდება ადამიანური ურთიერთობა. მერე მსხვერპლს არწმუნებენ, რომ დროის გამოჩენისთანავე შეხვდებიან, თუმცა მანამდე სურთ ძვირფასი საჩუქრის გამოგზავნა. თავიდან შეიძლება იუაროს ადამიანმა, მაგრამ შემდეგ თანხმდებიან, ვინ ამბობს საჩუქარზე უარს? - და ვითომ საჩუქრის ყიდვიდან რამდენიმე დღეში უკავშირდებიან და ეუბნებიან, ეს რა სირცხვილი მომივიდა, საჩუქარი კი ვიყიდე, მაგრამ შეფუთვისთვის ან გამოგზავნისთვის კიდევ მჭირდება 200 ან 100 დოლარი, იქნებ როგორმე გადმომირიცხო და რამდენიმე დღეში უკანვე გადმოვრიცხავო. არის მეორე სქემაც - თავად ის კი არ რეკავს, არამედ სხვა, ვითომ რომელიმე ქვეყნის საბაჟო სამსახურის თანამშრომელი და აცნობებს მსხვერპლს, რომ მათ სახელზე რაღაც კონტრაბანდაა გამოგზავნილი, რომელიც დაკავებულია საბაჟოზე და ემუქრებიან, რომ მისივე ქვეყანაში მისცემენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან უნდა გადაიხადოს განსაზღვრული ოდენობის თანხა ჯარიმად, რომელიც შეიძლება იყოს 250 ან 1000 დოლარიც კი. ზოგს ისე ეშინია, რომ იხდის. ეს სოციალური ინჟინერიის ფორმაა, მომხმარებელს გრძნობებზე თამაშით სძალავენ ფულს. ასე ესაუბრებიან ათობით ადამიანს იმ იმედით, რომ თუნდაც ერთთან მაინც გაუმართლებთ.

- შემთხვევების ნაწილი იმ პირებს უკავშირდება, ვისაც უცხოეთში ჰყავთ შვილები, მშობლები... შესაძლებელია თაღლითებს ასეთი პირების მონაცემთა ბაზა ჰქონდეთ? იცოდნენ, ვისი ნათესავი ან ოჯახის წევრია საზღვარგარეთ, ვისაც ოჯახის წევრი მარტივად ვერ დაუკავშირდება...

- შესაძლებელია. ხშირად უთქვამთ, მე კიბერშეტევით მოსაპარი არაფერი მაქვს და რა მოხდა, გატეხონო. სინამდვილეში, მოპარულ ჩვენს მონაცემებს "დარკნეტში" ყიდიან. ვთქვათ საპასპორტო ბაზა გატეხეს და მოიპარეს. ვითომ არაფერი, მაგრამ იქ დაფიქსირებულია, თუ რამდენჯერ გახვედით ქვეყნიდან ან იქნებ უკან აღარ დაბრუნდით. შესაძლოა იყოს საარჩევნო ბაზა, სადაც წერია, ვისთან ერთად ცხოვრობთ. ეს პერსონალური ინფორმაციაა, რომელიც შეიძლება საბაზისო მონაცემი გახდეს სხვა დანაშაულისთვის.

"დარკნეტი" ინტერნეტის უკონტროლო ფენაა, ფორუმების ერთობლიობა, პლატფორმები, სადაც დანაშაულებრივი გარიგებები ხდება. "დარკნეტში" არა მარტო პერსონალური მონაცემებით ვაჭრობენ, არამედ ვირუსებით, ნარკოტიკითა და იარაღითაც, დებენ არალეგალურ გარიგებებს. "დარკნეტზე" წვდომის საშუალება მომხმარებელს მსოფლიოს ნებისმიერი კუთხიდან აქვს, თუმცა ეს კანონით არ ისჯება, ამიტომ VPN-ებით შედიან და დახურულ კავშირს ამყარებენ. ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქემ შეიძლება "დარკნეტში" იყიდოს, ვთქვათ, საქართველოს მობილური ტელეფონების ან ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბაზა და გამოიყენოს თაღლითური საქმიანობისთვის.

- როგორ უნდა დაიცვან შესაბამისმა უწყებებმა ან თუნდაც სატელეფონო კავშირგაბმულობამ ამისგან მოსახლეობა?

- აუცილებელია დროული რეაგირება და შეტყობინება შესაბამისი სამსახურებისთვის. ყველა უწყებამ უნდა გააგებინოს მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ.

მოსახლეობამ არც ერთ შემთხვევაში არ უნდა გადარიცხოს თანხა გარემოების გადამოწმების გარეშე.

მოქალაქეთა პერსონალურ მონაცემებს სახელმწიფო უნდა იცავდეს, გატეხვის შემთხვევაში, აუცილებელია დროული შეტყობინება როგორც შესაბამისი სამსახურებისთვის, ასევე მოსახლეობისთვის.

სამწუხაროდ, ზარებს ვერ დაბლოკავ, თუმცა საქართველოს აქვს კიბერდანაშაულის გამოძიების შესახებ საერთაშორისო ხელშეკრულებები, ამიტომ ამგვარი საქმეების გამოძიება სავსებით რეალურია. ასევე გავრცელებულია სატელეფონო ნომრის გაყალბება, ანუ რა ნომერსაც ჩვენ ვხედავთ, სინამდვილეში ის ნომერი არ რეკავს. ნომერს იპარავენ და ამას სპუფინგი ჰქვია, უხეშად რომ ვთქვათ, სხვის ნომერს "იკრავენ". ამ დროს შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნის კოდები - აზერბაიჯანის, ყაზახეთის და ა.შ. ეს აპრობირებული მეთოდია. მაგალითად, ქოლცენტრების პროგრამები და სხვა მსგავსი თაღლითური სქემები ამის საშუალებით მუშაობენ. თუ გახსოვთ, გაზაფხულზე მასობრივად ურეკავდნენ მოსახლეობას გასალანძღად, ეს ერთი და იგივე პროგრამაა. ამიტომ გამოძიება ცოტა გაჭირდება, თუმცა სავსებით შესაძლებელია როგორც ტექნიკურად, ისე იურიდიულად.

„უმეტესწილად რეკავენ ხანში შესულ ადამიანებთან“

■ "ხალხო, ფრთხილად იყავით, რუსულ და ქართულ ენაზე მოსაუბრე თაღლითები რეკავენ ქალაქის ნომრებზე და ტყუილებით და მანიპულაციებით ფულის გამოძალვას ცდილობენ!!! დედაჩემს დაურეკეს სახლის ტელეფონზე და მოატყუეს, რომ ვითომ ავარიაში მოვყევი, ნეკნები ჩამემტვრა და თავზე ნაკერები დამადეს! ისიც დაამატეს, რომ ვითომ მე სხვასთან ერთად რაღაც დავაშავე და ახლა იმ პიროვნებას სჭირდებოდა ოპერაცია 30.000 ლარის ოდენობის, რომ ჩემს წინააღმდეგ საქმე იყო აღძრული. დედაჩემი საკმაოდ ემოციური ქალია და დაიჯერა! ვიღაც გოგო ელაპარაკა ტირილით!!! გაგიჟებული ვართ... კიდევ კარგი, დროზე მივედი სახლში და მიხვდა, რომ არაფერი მომხდარა, თორემ კინაღამ გადაჰყვა ამ ამბავს, ისედაც ავადმყოფი ქალი! ფრთხილად იყავით!!!! არავის დაუჯეროთ, ვინც ამას გეტყვით ტელეფონში! ეს პირველი შემთხვევა არ იყო, ჩემი თანამშრომლის დედასთანაც დარეკეს!!!", - წერს სოციალურ ქსელში ნინი ვარდოსანიძე.

■ "4 დღის წინ ჩემთან დარეკა ვიღაც გოგომ ბღავილით, ისტერიკით, რომ ვითომ მოყვა ავარიაში და სასწრაფოდ მთხოვდა მისვლას. რომ ვუხსნიდი, რომ სხვაგან მოხვდა, ისევ ისტერიკული ბღავილით რამდენჯერმე გამიმეორა: "დედა, ვერ მიცანი? მე შენი შვილი ვარ". მერე ვუთხარი, რომ მე შვილი არ მყავს და გათიშა ტელეფონი, მე კი ცუდად გავხდი, დიდხანს ვერ დავწყნარდი", - წერს ერთ-ერთი მოქალაქე.

■ "რამდენიმე დღეა, ქალაქის ტელეფონზე რეკავენ ვიღაცები, ლაპარაკობენ რუსულად თითქმის ერთი და იმავე ტექსტით, რომ ვიღაც მოხვდა ავარიაში, წევს რეანიმაციაში და ფულადი დახმარება სჭირდებათ. ასეთი უკვე მეექვსე შემთხვევაა ჩემ გარშემო. უმეტესწილად ხანში შესულ ადამიანებთან რეკავენ. მაგალითად, ერთთან დარეკეს და შვილის სახელი და საცხოვრებელი ადგილიც კი უთხრეს (სხვა ქვეყანაში ცხოვრობს... ავარიაში მოყვა და რეანიმაციაშიაო). მაინტერესებს, ვინმეს თუ ჰქონია მსგავსი შემთხვევა და რა შეიძლება მოვიმოქმედოთ?" - წერს სოციალურ ქსელში კიდევ ერთი მომხმარებელი.

სოფო კაჭარავა