აფხაზების დასჯის რუსული ოპერაცია - რა ელით მარიონეტებს და შეძლებს თუ არა პუტინი აფხაზეთში 100 000 რუსის ჩასახლებას?!
მოსკოვის მოთმინება ამოიწურა, რუსებს აფხაზები ყელში ამოუვიდათ - დაფინანსება უკვე შეჩერდა, ახლა კრემლი ითხოვს ურჩი ოპოზიციონერების სიას, რათა მათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. მოსკოვს აფხაზების პატარ-პატარა ანტირუსული "ამბოხებები" ყელში ამოუვიდა და რამდენიმე მკაცრი გაფრთხილების შემდეგ აფხაზებმა კრემლიდან პირველი სანქციებიც მიიღეს - 1-ლი სექტემბრიდან რუსეთიდან დაფინანსება შეუჩერდათ საბიუჯეტო სექტორებს, მათ შორის მასწავლებლებს, ექიმებსა და ძალოვან სტრუქტურებს. ასევე შემოდგომიდან აფხაზები ელექტროენერგიაში მთლიანად კომერციულ ფასს გადაიხდიან. ეს ორი ამბავი ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ დაადასტურა და თქვა, რომ "მოსკოვიდან სანქციები გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო დაიწყო". თუმცა ეს არ არის რუსული სადამსჯელო ოპერაციის სრული სურათი, კრემლში ითხოვენ, რომ სექტემბრის ბოლომდე ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ურჩი აფხაზი ე.წ. დეპუტატებისა და ოპოზიციის ლიდერების სია წარადგინოს, რათა მათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან. კრემლი გაბრაზებულია, რადგან აფხაზებმა არ შეასრულეს სამი დავალება, მათ შორისაა ე.წ. აპარტამენტების კანონი, რომელიც პირველ ჯერზე აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილში რუსებისთვის 10 000 ბინის მშენებლობას გულისხმობდა და რომლის დე ფაქტო პარლამენტში განხილვას ივლისის ბოლოს დიდი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა. სწორედ ეს აღმოჩნდა რუსეთის მოთმინების ამოწურვის ბოლო წვეთიც. რუსეთი იმუქრება, რომ აფხაზების დასჯას გააგრძელებს, სანამ ვალდებულებები არ შესრულდება.
"თუ სანქციები წლის ბოლომდე შენარჩუნდება, ბევრი დაზარალდება, მოვიფიქრებთ, როგორ გამოვიდეთ ამ ვითარებიდან".
სკანდალური პროტოკოლი
26 აგვისტოს ორმა აფხაზურმა ტელეგრამ-არხმა გამოაქვეყნა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლი. დოკუმენტის თანახმად, შეხვედრა 19 აგვისტოს გაიმართა, ოქმი კი 26 აგვისტოთია დათარიღებული. როგორც აფხაზები წერენ, 26 აგვისტოს ბჟანია უკვე აფხაზეთში იყო და დიდი ალბათობით, მან პროტოკოლის შედგენის შესახებ არაფერი იცოდა.
დოკუმენტი იწყება იმით, რომ 1-ლი სექტემბრიდან რუსეთი აჩერებს აფხაზეთის ფინანსურ დახმარებას, სანამ აფხაზური მხარე არ შეასრულებს შემდეგ ვალდებულებებს: ეკონომიკურ საქმეებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების აღიარებისა და აღსრულების შესახებ შეთანხმების რატიფიცირება; რუსეთის იურიდიული პირების მიერ აფხაზეთის ტერიტორიაზე საინვესტიციო პროექტების განხორციელების შესახებ შეთანხმების ძალაში შესვლის უზრუნველყოფა; და მესამე - რუსი ინვესტორებისთვის მოიხსნას შეზღუდვები კომერციული უძრავი ქონების ბაზარზე (ე.წ. აპარტამენტების კანონის მიღება).
მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ შემოდგომიდან აფხაზები ელექტროენერგიაზე კომერციულ ფასს გადაიხდიან. ყველაზე სკანდალურია მესამე პუნქტი, სადაც ნათქვამია: "გათვალისწინებულ იქნეს აფხაზური მხარის (ა. გ. ბჟანია) ვალდებულება, 2024 წლის 20 სექტემბრამდე მიაწოდოს ინფორმაცია აფხაზეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებისა და რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოპოზიციის აფხაზი ლიდერების შესახებ, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ინტერესებისა და რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობების განვითარების საზიანოდ მოქმედებენ, მათთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხის შემდგომი განხილვის მიზნით".
ამ ოქმის გავრცელებას სოხუმში დიდი სკანდალი მოჰყვა. ოპოზიცია დღეების განმავლობაში ითხოვდა ან ოქმის სიყალბის აღიარებას, ან ახსნა-განმარტებას ბჟანიასგან. დაიწყო საუბრები, რომ "შავი სიის" კრემლში გაგზავნა ქვეყნის ღალატია, რის გამოც ბჟანია აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად უნდა გამოცხადდეს და მას აფხაზეთის მოქალაქეობაც ჩამოერთვას. ოპოზიციამ მოილაპარაკა, რომ მოიწვიოს სახალხო კრება სოფელ ლიხნის ისტორიულ ადგილას, სადაც აფხაზები ტრადიციულად უმნიშვნელოვანეს საკითხებს წყვეტენ და დე ფაქტო პრეზიდენტ ბჟანიას ვადამდელი გადადგომა მოითხოვონ.
მთელ ამ ისტერიკას ბჟანიას ე.წ. ადმინისტრაციამ მხოლოდ 31 აგვისტოს უპასუხა მოკლე განცხადებით, სადაც ნათქვამია, რომ "პრეზიდენტს" ურჩი "დეპუტატებისა" და ოპოზიციის ლიდერების შესახებ რაიმე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ აუღია საკუთარ თავზე. უკვე 3 სექტემბერს კი ბრიფინგი გამართა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ, რომელმაც დაადასტურა, რომ 1-ლი სექტემბრიდან მოსკოვმა საბიუჯეტო დაფინანსება შეაჩერა "აფხაზეთისგან გარკვეული ვალდებულებების შესრულებამდე" და ამასთან, ელექტროენერგიის საფასურის გადახდაც შესაძლებელია კომერციულ ფასში მოხდეს.
შამბას თქმით, 26 აგვისტოს სოხუმში უნდა გამართულიყო "რუსეთ-აფხაზეთის სამთავრობათაშორისო კომისიის" მორიგი სხდომა, რუსეთის მთავრობის ბევრი წარმომადგენელი უნდა ჩამოსულიყო, მაგრამ სხდომა გადაიდო, რადგან რუსებს არ სურდათ "აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების დღეს" გაეხმაურებინათ დაფინანსების შეწყვეტის ამბავი.
როცა კოზაკი-ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლის ნამდვილობის შესახებ კომენტარი სთხოვეს, შამბამ თქვა, რომ ასლან ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს 19 აგვისტოს შეხვდა, პროტოკოლი კი 26 აგვისტოს შედგა, რასაც ბჟანია არ ესწრებოდა და ამიტომ ისიც ვერ დაამოწმებს დოკუმენტის ნამდვილობას. მან ასევე კომენტარი გააკეთა ე.წ. პარლამენტის ზოგიერთი "დეპუტატისა და ოპოზიციონერისთვის" რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესაძლებლობაზე და აღნიშნა, რომ "დღეს მსოფლიოში მოქალაქეობის ჩამორთმევა საკმაოდ გამოყენებადი სანქციაა". თურმე რუსეთს, როგორც მოკავშირეს, "უკმაყოფილობები დაუგროვდა და ეს უნდა გამოასწორონ".
"რუსეთთან ურთიერთობა ფუჭდება. ჩვენ უკვე ვხედავთ პირველ ნაბიჯებს, სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა იმასთან შედარებით, რაც იყო და შეიძლება უფრო გაუარესდეს. ამიტომ შეიძლებოდა ხალხისთვის გვეკითხა, მზად არიან თუ არა ქამრების შემოჭერისთვის და ისე ცხოვრებისთვის, როგორც მაშინ, როცა აფხაზეთი ბლოკადაში იყო?!.. ყველა ვეცადეთ, რომ ურთიერთობა გაფუჭებულიყო, მოდი, ყველა შევეცადოთ, გამოვასწოროთ ვითარება", - თქვა შამბამ.
"ბჟანიამ რომ რუსეთისთვის გააკეთა, იმდენი არ გაუკეთებია არავის აფხაზეთში"
ჯემალ გამახარია, აფხაზეთის ა/რ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე: - აფხაზები დღემდე იტყუებენ თავს, რომ დამოუკიდებლები არიან და რუსეთი კი მხოლოდ იმისთვის იღვწის, იმისთვის ჰყავს იქ ჯარი ჩაყენებული და ხარჯავს ფულს, რომ აფხაზების ე.წ. დამოუკიდებელი სახელმწიფო შედგეს. რუსეთის მიზანი აფხაზეთის სრული ანექსიაა, აფხაზებს კი ამის აღიარება არ სურთ.
გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, კრემლი ამჟამად სამ მოთხოვნას აყენებს, თუმცა ისე ბევრად მეტ რამეს ითხოვს. პირველი მოთხოვნაა "აპარტამენტების კანონის" მიღება, რასაც ემატება კიდევ ორი დადგენილების პროექტი. აფხაზეთში არსებული დე ფაქტო კანონით, ე.წ. მთავრობამ "საერთაშორისო ხელშეკრულებას" ხელი რომ მოაწეროს, დე ფაქტო პარლამენტისგან თანხმობა სჭირდება, მაგრამ ის უარზეა. საუბარია ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო და საარბიტრაჟო გადაწყვეტილებების ურთიერთაღიარებისა და შესრულების შესახებ და ასევე რუსული იურიდიული პირების მიერ აფხაზეთში ინვესტიციების განხორციელების პირობების შესახებ შეთანხმებებზე. აპარტამენტების აშენებას დიდი ინვესტიციები სჭირდება, ამიტომ უნდათ ცალკე მიიღონ ორმხრივი შეთანხმება აფხაზებისთვის კაბალური პირობებით. ვალდებულებები აკისრია მხოლოდ აფხაზურ მხარეს, რუსულ ბიზნესს კი უპრეცედენტო შეღავათები აქვს, მათ შორისაა 8 წლის განმავლობაში ყველანაირი გადასახადისგან გათავისუფლება. ამიტომაც აფხაზები ამ შეთანხმების მიღებას კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან. აფხაზებისთვის ასევე მიუღებელია რუსეთის სასამართლოში ეკონომიკური დავების განხილვა, რადგან ეს ნიშნავს, რომ ყველა დავას რუსი მოიგებს. თუმცა აფხაზურ სასამართლოსაც ბევრჯერ "გადაუგდია" რუსები - უამრავი ფაქტია, როდესაც რუსმა ინვესტიციები განახორციელა, მერე კი აფხაზმა ბიზნესი წაართვა. აფხაზური სასამართლო მსგავსი დავებისას ყოველთვის აფხაზის მხარეს იჭერს. მსგავსი რამ რომ არ მოხდეს აპარტამენტების მშენებლობის დროსაც, რუსები დადგენილების მიღებას ითხოვენ.
სამივე ეს მოთხოვნა აფხაზებისთვის დამღუპველია. თუმცა ყველაზე უარესი ისაა, რომ აფხაზებს აღებული აქვთ ვალდებულება, რომ რუსეთთან ამ შეთანხმებებს მოაწერენ ხელს. არსებობს "2022-2025 წლებში აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ხელშეწყობის შესახებ" შეთანხმება და თუკი აფხაზები რუსეთის ვალდებულებებს არ შეასრულებენ, იქვე გაწერილია, რომ მათ სანქციები დაეკისრებათ.
კრემლს აფხაზები გამოჭერილი ჰყავს - ეკონომიკურად, პოლიტიკურად თუ სამხედრო თვალსაზრისით აფხაზეთი რუსეთზეა დამოკიდებული. ამიტომ ახლა მიმართავს სანქციებს, რომ აფხაზები აიძულოს წავიდეს ისეთ დათმობებზე, რომელიც თანდათან ამ ტერიტორიის საბოლოო ანექსიას გამოიწვევს.
- რა იქნება მომავალში, მოუწევთ აფხაზებს დათმობაზე წასვლა?
- ჩემი პროგნოზით, აფხაზები დათმობაზე არ წავლენ. გამოსავალი ერთადერთია - აფხაზების დიდი ნაწილი დარწმუნდება, რომ მართლა ოკუპირებული არიან და შეიქმნება უფრო ნაყოფიერი ნიადაგი, რომ საქართველოსთან დაიწყოს დიალოგი ჩვენს საერთო მომავალზე. რა თქმა უნდა, ამას გარკვეული ეტაპები სჭირდება. დარწმუნებული ვარ, როცა რუსეთი ელექტროენერგიის გარეშე დატოვებს აფხაზებს და სხვა პრობლემებს შეუქმნის, ქართული მხარე დიდსულოვნებას გამოიჩენს და ყოველგვარი წინა პირობების გარეშე მათ დაეხმარება.
- მიუხედავად იმისა, რომ წნეხი რუსეთიდან მოდის, აფხაზეთში ძირითადად დე ფაქტო ხელისუფლებაზე ბრაზობენ, რომ ასლან ბჟანიაა ყველაფერში დამნაშავე, მის დროს მოხდა სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის ასე უკიდურესად გაფუჭება. ამას რითი ხსნით?
- არ მოსწონთ რუსეთის მოთხოვნები, მაგრამ ვერ ბედავენ საჯაროდ ამის თქმას და ამიტომ აკრიტიკებენ ბჟანიას. მაგალითად, აპარტამენტების კანონის წინააღმდეგ რატომ გამოდიან? 30 000 აპარტამენტის მშენებლობა სურს რუსეთს, რაც დაახლოებით 100 000 რუსის ჩამოსახლებას ნიშნავს, რომლებიც ხვალ-ზეგ აფხაზეთის მოქალაქეები გახდებიან და დემოგრაფიულ სურათს შეცვლიან. ამაზე აფხაზეთში სულ ლაპარაკობენ, მაგრამ ახლა, როდესაც სანქციები დაწესდა, ბჟანიას კრიტიკაზე გადაერთვნენ, რომ მან გააფუჭა რუსეთთან ურთიერთობა. ბჟანიამ რომ რუსეთისთვის გააკეთა, იმდენი არავის გაუკეთებია აფხაზეთში, მაგრამ რუსეთი უფრო და უფრო მეტს ითხოვს. ერთი სიტყვით, ჩვენ მოვლენების ძალიან მძაფრ განვითარებას ველოდებით. რუსეთმა შეიძლება სანქციები გაამკაცროს და თუ იქ ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნება, ქართული მხარე მათ ჰუმანიტარულ დახმარებას აუცილებლად გაუწევს.
- რუსეთი ითხოვს "ურჩი" ოპოზიციონერების სიას, რათა მათ რუსეთის მოქალაქეობა შეუჩერდეთ. მსგავსი პრეცედენტი ამ ზამთარს ე.წ. სამხრეთ ოსეთში იყო, როდესაც დანარჩენ საქართველოსთან დე ფაქტო საზღვრის დემარკაციის თემის წინ წამოწევის გამო სამი ოსი პოლიტიკოსი რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევით დასაჯა მოსკოვმა. აფხაზეთში სია დიდი იქნება და შესაძლებელია მათი დასანქცირებაც?
- სავსებით შესაძლებელია ეს მუქარა რეალობად იქცეს. თუკი ეს მოხდება, კიდევ უფრო დაიძაბება აფხაზებისა და რუსების ურთიერთობა და იმასაც არ გამოვრიცხავ, ბჟანიას წინააღმდეგ აქციებიც დაიწყოს. აფხაზი ოპოზიცია ამით ორი კურდღლის დაჭერას შეეცდება - რუსული დოკუმენტები არ იქნეს მიღებული და სანქციების თემით დაარტყან ბჟანიას, რომელსაც გაზაფხულზე დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები აქვს.
ეკატერინე ბასილაია