კავკასიონის მყინვარების სიგრძე ნელ-ნელა მცირდება
კავკასიონის მყინვარები ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 110-150 მეტრითაა სიგრძეში შემცირებული, რაც ასეთ მოკლე დროში უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია. 2025 წელი გაერომ ოფიციალურად გამოაცხადა მყინვარების დაცვის საერთაშორისო წლად. მყინვარების დაცვის პირველი მსოფლიო დღე აღინიშნება 2025 წლის 21 მარტს (ყოველი მომდევნო წლის 21 მარტი სიმბოლურად იქნება მყინვარების დაცვის დღე).ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი, მეცნიერი ლევან ტიელიძე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი მეცნიერია, რომელიც ანტარქტიდაზე გაემგზავრა და აღმოსავლეთ ანტარქტიდის უდიდესი მყინვარის - დენმენის კვლევებში მიიღო მონაწილეობა.
- მყინვარების დაცვის საერთაშორისო წლის და მყინვარების მსოფლიო დღის დაწესება მიზნად ისახავს გლობალური მასშტაბით ცნობიერების ამაღლებას მყინვარების და თოვლყინულოვანი საფრის მნიშვნელოვანი როლის შესახებ დედამიწის კლიმატის სისტემასა და ჰიდროლოგიურ ციკლში, ასევე, მყინვარების მოსალოდნელი ცვლილებების და გავლენის მნიშვნელობაზე ეკონომიკურ, სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე. ამიტომაც მნიშვნელოვანია შემუშავდეს მყინვარების შენარჩუნებისა და კლიმატის ცვლილებასთან ადაპტაციის საუკეთესო პრაქტიკა გლობალური და რეგიონული მასშტაბით.
ამასთან დაკავშირებით, მსოფლიო მყინვარების მონიტორინგის ცენტრის, ისლანდიის უნივერსიტეტის, იუნესკოს, რაისის უნივერსიტეტის, ისლანდიის გლაციოლოგიური საზოგადოებისა და ცალკეული მეცნიერების თანამშრომლობით შეიქმნა ახალი საერთაშორისო პროექტი The Global Glacier Casualty List. სიაში კავკასიის რეგიონიდან ჯერ მხოლოდ გერგეტის მყინვარია, რომელიც შეირჩა როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად დნობადი მყინვარი. მოგვიანებით, ალბათ, დავამატებთ სვანეთის ჭალაადს და კიდევ რამდენიმე მყინვარს.
ჩვენმა ჯგუფმა კავკასიონის მყინვარების მდგომარეობის შესახებ უკვე არაერთი სამეცნიერო კვლევა გამოაქვეყნა, თუმცა ეს არ კმარა და ვცდილობთ გლაციოლოგიური შინაარსის კვლევები უწყვეტად მიმდინარეობდეს. კიდევ ერთი კვლევა, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ეფუძნება რეგიონული მასშტაბით გეოდეზიური მასის ბალანსის მონაცემებს და ფარავს კავკასიონის ყველა მყინვარულ ხეობას. კვლევა აანალიზებს ორიათასამდე ინდივიდუალური მყინვარის მდგომარეობას 1953-2023 წლებში. წინასწარი მონაცემებით გეტყვით, რომ 1953-2023 წლებში კავკასიონის მყინვარები დაახლოებით 21 კუბური კილომეტრით შემცირდა. განსაკუთრებით შემაშფოთებელია ბოლო 13 წელი (2010-2023), როდესაც მყინვარების მოცულობამ 11 კუბური კილომეტრით დაიკლო, რაც დაახლოებით 9 გეგატონა წყლის ეკვივალენტია.
მასის ბალანსის პარალელურად, ვაკვირდებით მყინვარების სიგრძეში შემცირების ტენდენციას. ამჟამად 2024 წლის სატელიტურ სურათებზე დაყრდნობით ვაკეთებთ შედარებას კავკასიონის მყინვარების ბოლო ინვენტარიზაციასთან, რომელიც 2020 წლის კოსმოსური სურათების საფუძველზეა შედგენილი. შედეგები აჩვენებს, რომ დნობის ტენდენცია ბოლო წლებში განსაკუთრებითაა მომატებული. მაგალითად, ისეთი მყინვარები, როგორიცაა გერგეტი (ყაზბეგში), ბოყო, კირტიშო, ედენა (რაჭაში), ხალდე, ასმაში, ჭალაადი (სვანეთში), ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 110-150 მეტრითაა სიგრძეში შემცირებული, რაც ასეთ მოკლე დროში უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელია კავკასიონის მყინვარებისთვის.
ბოლო ინვენტარიზაციის მიხედვით, რომელიც გასულ წელს გამოვაქვეყნეთ, კავკასიონზე 2200-მდე მყინვარი იყო საერთო ფართობით 1060 კვადრატული კილომეტრი. დღეის მონაცემებით, ეს ფართობი უფრო შემცირებულია.
უახლესი კვლევა, რომელიც საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალ შუსტაინაბილიტყ MDPI-ში გასულ კვირას გამოვაქვეყნეთ, არის კიდევ ერთი კომპლექსური ნაშრომი ქართველი და საერთაშორისო მეცნიერების ჩართულობით. პუბლიკაციაში კიდევ ერთხელ ვუსვამთ ხაზს მყინვარების მრავალმხრივ მნიშვნელობას კავკასიის და საქართველოს მთიანი რეგიონებისთვის.
- რა პროცესები შეიძლება ახლდეს მყინვარების დნობას და რა არის მნიშვნელოვანი სტიქიის პრევენციისთვის?
- მყინვარების დნობის შედეგად მცირდება მტკნარი წყლის მარაგი, შესაბამისად, იკლებს მდინარეული ჩამონადენიც.
კავკასიონის მყინვარების ფართობი და მასა უკვე იმდენად შემცირდა, მომდევნო წლების განმავლობაში უნდა ველოდოთ, რომ მყინვარულ აუზებში მოიკლებს მდინარეული ჩამონადენი.
ამისთვის შესაბამისი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. სახელმწიფომ ამაში არანაირი რესურსი არ უნდა დაზოგოს - არც მატერიალური, არც ადამიანური და არც ფინანსური. პრევენციის საშუალებების ამოსავალი წერტილია ის, რომ არანაირი ჰიდროტექნიკური თუ არქიტექტურული პროექტი არ უნდა განხორციელდეს ისეთ საშიშ ზონებში, სადაც მომავალში შეიძლება მსგავსი სტიქიური პროცესები დაფიქსირდეს. ამის ყველაზე ნათელი მაგალითია ყაზბეგის რაიონში მყინვარ დევდორაკის ძირში აშენებული ჰესი. ჯერ კიდევ მე-19-20 საუკუნეებში დევდორაკის მყინვარს ახასიათებდა გლაციალური ღვარცოფები, რომლებიც თერგის ხეობას და საქართველოს სამხედრო გზას მთლიანად კეტავდა. ახალი ჰესის მშენებლობით ეს სამეცნიერო ცოდნა უგულებელყვეს, რაც ნორმალურ ქვეყანაში სრულიად წარმოუდგენელია.
იგივე შეიძლება ითქვას სვანეთში მესტიაჭალაზე მშენებარე ჰესზეც, რომელიც უადგილო ადგილას შენდება და დიდი რისკის ქვეშაა. გარდა ამისა, როდესაც პრევენციაზე ვსაუბრობთ, აუცილებელია ვახსენოთ მონიტორინგის და წინასწარი შეტყობინების სისტემები. ასეთი სისტემა ჯერ მხოლოდ დევდორაკზე ფუნქციონირებს. ასევე მნიშვნელოვანია კეთდებოდეს მოდელირება, სხვადასხვა სცენარის გათვლა, თუ რა რაოდენობის წყალი შეიძლება დაგროვდეს ამა თუ იმ მყინვარულ ტბაში და გარღვევის შემთხვევაში რა ფართობი შეიძლება დაფაროს ღვარცოფმა, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ღვარცოფულ მასას ხეობაში გასავლელად, რომელი დასახლებული პუნქტი შეიძლება მოხდეს სტიქიის ზონაში და სხვა.
პრევენციისთვის კიდევ უფრო მნიშვნელოვანია მოსახლეობის ინფორმირებულობა, რომ სტიქიის დროს შეეძლოთ დროული ევაკუაცია.
- გეგმავთ საქართველოში ჩამოსვლას საველე კვლევებისთვის?
- უახლოეს კვირებში ქართულ-ავსტრალიურ-ფრანგული ჯგუფი ავსტრალიის მონაშის უნივერსიტეტის გლაციოლოგებთან ერთად ჩაატარებს ექსპედიციას კავკასიონის რამდენიმე მყინვარულ ხეობაში. შევისწავლით როგორც მყინვარების ამჟამინდელ მდგომარეობას, ასევე ვიმუშავებთ ძველი გამყინვარების გეოქრონოლოგიურად დასათარიღებლად.