„ნავო, ნავო, მამაჩემი დააბრუნე, თუ არ დააბრუნებ, მე წამიყვანე ზღვაში“
გვსმენია თუ არა რაიმე ლაზური ნავის შესახებ? ალბათ, ცოტას, რადგან ლაზური ნავის, იმავე ფელუკას, ქართული გამძლეობის სიმბოლოს გაქრობა ორმა უდიდესმა იმპერიამ მოინდომა - ერთი მხრივ, თურქეთმა, რადგან თავად ლაზებს წაართვა იდენტობა, მეორე მხრივ კი რუსეთმა, რომელმაც ლაზებს ლაზური ნავის აგების შესაძლებლობა ჩამოართვა. არადა, სწორედ ის ინახავს ლაზების, ამჟამად უმთავრესად თურქეთში გაბნეული უძველესი ქართველების მემკვიდრეობის კოდს. შავიზღვისპირეთის მთაგორიანში მცხოვრები ლაზები დიდი მშენებლები იყვნენ. მათ ამ საქმით არა მხოლოდ საქართველოში, არამედ აზიისა და ევროპის ნაწილშიც იცნობდნენ. სწორედ მათი შექმნილია ქართული ჩუქურთმიანი ოდების არქიტექტურა. ლაზური ნავიც ათასწლეულების წინ დაცურავდა შავი ზღვის აკვატორიაში და მის შესახებ ძველი ბერძენი და რომაელი ისტორიკოსები წერდნენ. ამჟამად საქართველოში ლაზურ ნავს მხოლოდ თითზე ჩამოსათვლელი ლაზი თუ აშენებს, განსხვავებით თურქეთისაგან, სადაც ლაზური ნავის მშენებლები დიდი შეღავათებით სარგებლობენ. რატომ ხდება ეს, იცურებს თუ არა კვლავ ლაზური ნავი ქართული ზღვის აკვატორიაში, ამის შესახებ ლაზ მენავეს მირიან ნუმანიშვილს ვესაუბრეთ.
- არ მსურს უკანასკნელი ლაზი მენავე ვიყო, გულით მინდა ყველამ გაიაზროს, რა არის ლაზური ნავი და რაში გვჭირდება. ლაზებს რომ დიდი სამშენებლო ნიჭი ჰქონდათ, ამის შესახებ ისტორიამაც იცის და დღევანდელობამაც. ისტორია ამბობს, რომ აშენებდნენ არა მარტო მთელ საქართველოში, არამედ მოსაზღვრე ქვეყნებშიც. მართალია, ზღვის მთაგორიან ნაწილში მცხოვრები ლაზები მეფუტკრეობასაც მისდევდნენ და მესაქონლეობასაც, მაგრამ ცნობილი უმთავრესად მშენებლობითა და მეთევზეობით იყვნენ. ზღვა სანაპიროზე მცხოვრები ლაზების მარჩენალი იყო. დღესაც ამბობენ, ზღვა არის ჩვენი პური და სამკალიო. სხვათა შორის, თურქეთის ფლოტის დიდ ნაწილსაც სწორედ ლაზები შეადგენდნენ.
- თურქეთის იმპერია ქართველების ნიჭს მუდამ იყენებდა, მათ შორის, ნავების მშენებლობასაც. ცნობილია, რომ სათევზაოსთან ერთად არსებობდა სავაჭრო ლაზური ნავებიც.
- ხელმარჯვე კაცი იყო დედაჩემის მამა, რასაც ხელს მოჰკიდებდა, ყველაფერი გამოსდიოდა. რა თქმა უნდა, ლაზური ნავის აგებაც იცოდა, მამის მხრიდან ბაბუა კი, ალექსანდრე ნუმანიშვილი, იგივე ალი რეიზ ნუმანოღლი, მეთევზე იყო. სხვათა შორის, მას 1924 წელს არნოლდ ჩიქობავა შეხვდა სარფში. Aამ დროს ბაბუაჩემი ჯერ კიდევ იმ სახელს ატარებდა, რაც თურქეთის მპყრობელობაში ჰქონდა მინიჭებული. ჩიქობავა წერდა, სარფში შევხვდი მეთევზე ალი რეიზს, რეიზი აქ სახელგანთქმული მეთევზის ტიტულია და დიდ მეთევზეს ნიშნავსო. ასეც იყო, თანაც ასეთ ტიტულს ლაზებს სახელმწიფო კი არ ანიჭებდა, არამედ ხალხი. ბაბუაჩემი მუჰაჯირი იყო, კომუნისტების შემოსვლის შემდეგ ოჯახითა და ნავებით გადავიდა თურქეთში, სადაც ქალაქ ნუმიეში ხელშეკრულებით მუშაობდა ზღვაზე და დიდი შემოსავალიც ჰქონდა, მაგრამ იქ ვერ გაჩერდა და დაბრუნდა სამშობლოში. მამაჩემის ნაამბობი მახსოვს, ეს იყო ჩვენს ზღვაზე დიდი მეკობრეობის პერიოდი და უმთავრესი მეკობრეები ლაზები იყვნენ. მამა ამბობდა, ზღვაზე შიშით გადმოვდიოდით, რადგან მეკობრეებით იყო მოფენილიო. მათ კარგად იცოდნენ, რომ თურქეთიდან სამშობლოში გაბრუნებულ მუჰაჯირებს უკან ქონება მოჰქონდათ, ამიტომ თავდასხმა იშვიათი არ იყო. თუმცა ის კი \ვიცოდით, რომ ლაზი მეკობრეები ქალებს არავითარ შემთხვევაში არ ახლებდნენ ხელს და ეს გვაიმედებდაო. ამის იმედით, თურქეთიდან მომავალ ბებიაჩემს რაც ოქრო გააჩნდა, უბეში დაუმალავს და სწორედ ამას გადაურჩენია ქონება, რომლითაც შემდეგ სარფში თავიდან დაიწყეს ცხოვრება.
მე მახსოვს ბაბუა, რომელმაც დიდხანს იცოცხლა და რომლის სახელს, როგორც განთქმული მეთევზისას, თურქეთიდან ოჩამჩირემდე ყველა ზღვაოსანი იცნობდა. ლაზურ ნავებს მეორე ბაბუა აგებდა და უშვებდა ზღვაში. ამ ნავებთან იყო შესისხლხორცებული ლაზური ცნობიერება. ლაზურ სიმღერებშიც არის შემორჩენილი მისი სახელი. ზოგიერთის ტექსტი მახსოვს, ერთგან ბავშვი უმღერის ნავს: "ნავო, ნავო, მამაჩემი დააბრუნე, თუ არ დააბრუნებ, მე წამიყვანე ზღვაში". მიუხედავად იმისა, რომ ლაზური ნავი საიმედო იყო, ზღვა ყოველთვის არ არის საიმედო და ლაზებსაც ჰქონდათ ხიფათი. თუმცა ნავებით მხოლოდ მეთევზეები როდი გადიოდნენ ზღვაში, არამედ ქალები და ბავშვებიც დაცურავდნენ. თევზაობა ლაზებში თითქმის ყველამ იცოდა. თავადაც კარგად მახსოვს დრო, როდესაც სეზონზე თევზი გამოჩნდებოდა და ქალბავშვიანად ანკესით გაეფინებოდნენ სათევზაოდ.
- რა ზომამდე შეიძლება გაეზარდათ ლაზებს თავიანთი ნავები, რომლებზეც ძველი ბერძნებიც წერდნენ, თურქებიც, არაბებიც, რომაელებიც... I საუკუნეში რომაელი ისტორიკოსი ტაციტუსი წერს, კოლხები სავაჭრო ლაზური ნავის გვერდებს უმაღლებენ, რომ მეტი ტვირთი გადაიტანონო.
- ლაზური ნავის სიგრძე-სიმაღლე იმაზეა დამოკიდებული, რა რაოდენობის ტვირთის გადატანა სურს პატრონს. ლაზური ნავები გამძლე წაბლის მასალით შენდებოდა და შენდება დღესაც. წაბლი აუცილებლად შემოდგომაზე, უკვე ფოთოლდაცვენილი უნდა მოიჭრას. სხვანაირად წყალგამძლე არ გამოვა.
- რატომ?
- იმიტომ, რომ წელიწადის ამ დროს კაკლის ფორებიდან წყალი უკვე გასულია. ამის შემდეგ სანავე მასალა კიდევ დიდხანს შრება სრული წყალგაუმტარობისთვის. დღეს ლაზურ ნავებს წყალგამძლე საღებავითაც ღებავენ, მაგრამ ასეთი საღებავი ყოველთვის ხომ არ იყო. ლაზური ნავი ფორმით თოლიას ჰგავს, მასაც კუდი და ბოლო აქვს წყლიდან ამოწეული.
თოლიას ლაზები მთელი სიცოცხლე აკვირდებოდნენ. როდესაც შემოდგომის დასაწყისში შავ ზღვაში თევზი პელამიდა გამოჩნდება, სეზონიც მაშინ იწყება. პელამიდას თოლია ლამის კილომეტრებიდან ხედავს და მის დასაჭერად გამოექანება, თან თოლიათა გუნდიც მოსდევს. აი, ასეთ ხალხს, ზღვის შვილებს, ბოლშევიკებმა ლაზური ნავების მშენებლობის უფლება წაართვეს და არა მხოლოდ უფლება, თავად ნავებიც. როგორც მაშინ ამბობდნენ, გააკულაკეს, მათ შორის ბაბუაჩემიც. მისი ნავები "წითელ მენავეობაში" ჩააბარეს და ბაბუაჩემს უთხრეს, თუ გინდა, ამ ნავზე შენც იმუშავე, თევზის უმეტესობა კი ჩვენ უნდა მოგვცეო.
როდესაც დაინგრა კომუნისტების აშენებული სახელმწიფო, სარფში ისევ იყვნენ მოხუცები, რომელთაც ახსოვდათ ლაზური ნავის მშენებლობა. მე ლაზური ნავი ლეგენდად მქონდა, გულმა მითხრა, მოდი, შენ ისწავლე მისი აგებაო, და ვისწავლე, გაყიდვისთვის კი არა, ჩემივე სიამოვნებისათვის. ისე, არ გეგონოთ, ლაზურ ნავს ამ დროსაც არ მტრობდნენ. როდესაც აჭარაში ასლან აბაშიძე იყო ხელისუფალი, გამოცვივდებოდნენ სანაპიროზე მისი ხელქვეითები და ყვიროდნენ, გაიტანეთ ნავები ნაპირიდანო. სად უნდა გამეტანა ამხელა ნავი, მაგრამ ამ შოკურმა სიტუაციამ გონებაც გამინათა და მომაფიქრებინა - ნავი სანაპიროსთან აგებულ ორსართულიან ნაგებობაში მეორე სართულზე ავიტანე. ამისთვის სპეციალური კონსტრუქცია მოვაწყვე, რომ ნავი ფიცრებზე ამესრიალებინა, საჭიროებისას კი ადვილადვე ჩამომეღო. როდესაც ჩემზე ბი-ბი-სის ტელევიზია ფილმს იღებდა, ეს ამბავი მოვუყევი და სიცილით დაიხოცნენ ჟურნალისტები. მითხრეს, მოდი, გავიმეოროთ, როგორ აგქონდათ ნავი მეორე სართულზეო, და გავიმეორეთ.
ლაზური ნავის მშენებლობა ქართული კულტურის არამატერიალური ძეგლების სიაშიც მოხვდა. ამ ფილმის გადაღების შემდეგ პოლონეთიდან დამირეკა ჩემმა დისშვილმა, რომ ვნახე, შენზე იყო გადაღებული ფილმი, იმხელა სიხარულის ღრიალი ავტეხე, გარშემო ბინების ფანჯრები ჩატყდაო. მერე რა? ლაზური ნავის შენების საქმე მაინც უკან წავიდა, ვეღარ ვაშენებ. აღარ აინტერესებთ, შვილებიც კი მეუბნებიან, რად გინდა, რატომ იღლებიო.
- რატომ არ გვინდაო?
- ლაზური ნავი სახელმწიფოს არ აინტერესებს. ვინ მოჰკიდებს საქმეს ხელს, რომელიც ურთულესია, ათეულობით დეტალი საკუთარი ხელით გაქვს გასარანდი და ზომა ზომასთან მისატანი. მე რომ ნავს ვაკეთებ, არ მძინავს იმაზე დარდით, სადმე არ შემეშალოს და წყალმა არ გაჟონოს-მეთქი. სახელმწიფოს არ აინტერესებს, ლაზური ნავი წყალში მასობრივად გავიდეს, განვითარდეს წვრილი მეთევზეობა, რომელიც თითოეულ ოჯახს მოუტანდა შემოსავალს. ჩვენში დღეს ყველაფერი, მათ შორის, მეთევზეობაც, მონოპოლიზებულია და ლაზური ნავიც ამის მსხვერპლია.
არაერთი ქვეყანა წავიდა წინ საშუალო ბიზნესის განვითარებით. თურქეთში მენავეებს საწვავზე სააქციზო გადასახადსაც არ ახდევინებენ, რათა იმუშაონ და ქვეყანა და ოჯახი გააძლიერონ. თქვენ წარმოიდგინეთ, ნავის მასალაც კი არ გაძვირებულა ათეული წლების განმავლობაში: ოცი წლის წინ რომ 1 კუბმეტრი წაბლი 400 დოლარი ღირდა, დღესაც ასე ღირს, როდესაც ჩვენთან 1000 დოლარზე ავიდა. ჰოდა, რაღა დარჩენია ლაზურ ნავს იმის გარდა, რომ დავიწყებას მიეცეს.
არადა, დაუშვებელია ამ მემკვიდრეობის გადაშენება. ლაზებსაც უკვირთ, ეს როგორო. ისინი სულ მუშაობენ, რადგან სახელმწიფოს მხარდაჭერა აქვთ. მათთან ხანდახან ვსაუბრობ ხოლმე.
- იციან, რომ ძირძველი ქართველები არიან წარმოშობით?
- სამწუხაროდ, ბევრს არ ახსოვს. იქ ხომ ლაზებს გვარებიც შეუცვალეს. თუმცა, ახლახან ვუყურე ფილმს დნმ-ანალიზზე და თურქი ლაზების სიხარულზე, როდესაც იგებენ, რომ კავკასიელები, ქართველები არიან.
ზოგიერთმა მენავემაც იცის თურქეთში, რომ ლაზია. ერთხელ დავიჩივლე, 20 ლაზური ნავი მაქვს აგებული, აქედან ერთი არ გამოგვივიდა, თავადაც რომ არ მომწონს და განვიცდი-მეთქი. მითხრეს, რატომ ნერვიულობ, მასეთი ყველას გვაქვს, ვინც არაფერს აკეთებს, იმას შეცდომაც არ მოსდისო. ვუყურებ ამ ხალხს და მინდა ასე იზრუნოს ჩემმა სახელმწიფომაც ლაზური ნავის შენარჩუნებაზე, მაგრამ ჩვენთან სხვა საქმეებია "აქტუალური". მაგალითად, რუსეთის ლანძღვა-გინება და ევროპის ქება-დიდება. გეგონება, ჩვენი ხალხი იმდენად გამოშტერებული იყოს, ვერ ხვდებოდეს, რუსეთი ჯობს თუ ევროპა. სულ ვამბობ ხოლმე, ამის გარჩევას რა უნდა, რუსეთი რომ ყოფილიყო, დღესაც "ჟიგულებში" ვიქნებოდით ამოგუდული-მეთქი. მე, რიგით ქართველ კაცს, რუსეთი რა არის, ვერავინ მასწავლის, მით უმეტეს, აჭარაში, სადაც მათ სხვებზე მეტად ვხედავ.
მშურს იაპონელების, კოსმოსური ტექნოლოგიები აქვთ და შეინარჩუნეს, მაგალითად, დანისა და მაკრატლის ლესვის ძველი ტექნოლოგია. მართალია, არაფერში სჭირდებათ, მაგრამ ის იციან, რომ ამ ისტორიის გარეშე გამორჩეული ვერ იქნებიან. კოსმოსის ტექნოლოგიებს დღეს იაპონიასთან ერთად ლამის მთელი მსოფლიო ეუფლება, მაგრამ მათ დაკარგეს დანისა და მაკრატლის გალესვის ტექნოლოგიები და ამიტომ ისეთი საინტერესონი ვერასოდეს იქნებიან, როგორიც დღეს იაპონიაა.
"როდესაც აჭარაში ასლან აბაშიძე იყო ხელისუფალი, გამოცვივდებოდნენ სანაპიროზე მისი ხელქვეითები და ყვიროდნენ, გაიტანეთ ნავები ნაპირიდანო. სად უნდა გამეტანა, მაგრამ ამ შოკურმა სიტუაციამ გონებაც გამინათა - ნავი სანაპიროსთან აგებულ ორსართულიან ნაგებობაში მეორე სართულზე ავიტანე. ამისთვის სპეციალური კონსტრუქცია მოვაწყვე, რომ ნავი ფიცრებზე ამესრიალებინა, საჭიროებისას კი ადვილადვე ჩამომეღო. როდესაც ჩემზე ბი-ბი-სის ტელევიზია ფილმს იღებდა, ეს ამბავი მოვუყევი და სიცილით დაიხოცნენ ჟურნალისტები".
"ბაბუა, ალექსანდრე ნუმანიშვილი, იგივე ალი რეიზ ნუმანოღლი, მეთევზე იყო. სხვათა შორის, მას 1924 წელს არნოლდ ჩიქობავა შეხვდა სარფში. ამ დროს ბაბუაჩემი ჯერ კიდევ იმ სახელს ატარებდა, რაც თურქეთის მპყრობელობაში ჰქონდა მინიჭებული. ჩიქობავა წერდა, სარფში შევხვდი მეთევზე ალი რეიზს, რეიზი აქ სახელგანთქმული მეთევზის ტიტულია და დიდ მეთევზეს ნიშნავსო. ასეც იყო, თანაც ასეთ ტიტულს ლაზებს სახელმწიფო კი არ ანიჭებდა, არამედ ხალხი".