"სულ მინდა ისეთი რამ დავწერო, რომ ხალხი გავაერთიანო“ - კვირის პალიტრა

"სულ მინდა ისეთი რამ დავწერო, რომ ხალხი გავაერთიანო“

ყოველთვის ენატრებოდა თავისი ქვეყანა. პირველად, 1994 წელს, როდესაც ამერიკის ვიზა მიიღო, თბილისში სულ ფეხით დადიოდა, ეშინოდა, რომ ვერ დაბრუნდებოდა, მაგრამ 18 წლის შემდეგ დაბრუნდა ახალი კომპოზიციებითა და იდეებით. მას შემდეგ ცდილობს ქვეყანას თავისი შემოქმედებით ახალი სიხარული მოუტანოს და კარგად გამოსდის კიდეც. ჩვენი სტუმარი კომპოზიტორი ზაზა მარჯანიშვილია.

- პირველ რიგში გკითხავთ, როგორ ხართ?

- ვმუშაობ და ვარ შედეგიანი, ე.ი. კარგ საქმეს ვაკეთებ და თუ კარგ საქმეს ვაკეთებ, ე.ი. კარგად ვარ.

წარუმატებლობის სხვაზე გადაბრალება, წუწუნი არ არის ის ფორმულა, რომლითაც ადამიანი­ უნდა ცხოვრობდეს. უნდა აკეთო შენი საქმე და ბოლოს და ბოლოს უნდა მიხვდე, რომ წუთია წუთისოფელი და რაც შეიძლება მეტი მოასწრო, დატოვო რაღაც, სანამ წახვალ.

- სულ მუშაობთ... სულ რაღაც ახალს წერთ.

- დიახ, ახლა დავამთავრე ელდარ შენგელაიას ახალი ფილმის მუსიკალური ნაწილი. არც ისე დიდი ხნის წინ დიდი კონცერტი მქონდა რუსთაველის თეატრში, რომელსაც ერქვა "ორშაბათი ღამის სიზმარი".

c2f34c83-b8f4-4afe-a908-6ba081a549fa-1725806518.jpg

- საინტერესო ცხოვრება გაიარეთ ამერიკაში. რაიმეს ხომ არ გაიხსენებთ?

- ერთ-ერთ პრესტიჟულ ადგილას ვუკრავდი, უცნაურად მოწყობილ კლუბში - დარბაზის შუაგულში როიალი იდგა და მის გარშემო კი ხალხი სხდებოდა. ერთ საღამოს, შუა კონცერტის დროს, ვიღაც ხანდაზმული აფროამერიკელი მამაკაცები შემოვიდნენ და ზუსტად ჩემ უკან დასხდნენ. დაიწყეს ლაპარაკი გაუჩერებლად. არ მესიამოვნა. მსგავსი რამ არასოდეს ხდებოდა ხოლმე. მერე, პატარა პაუზების დროს გავიგონე, რომ ჩემზე საუბრობდნენ - ნახე ახლა რა ქნაო, შეხედე როგორი აკორდი აიღოო და ასე შემდეგ. ამის გაგონებაზე მომეცა დიდი ენერგია, ძალიან მოვინდომე და რაც ჩაფიქრებული მქონდა იმ წუთებში, ყველაფერი გამომივიდა. კონცერტის მერე მთხოვეს, თუ შეიძლება, მობრძანდით ჩვენთანო. მივედი. ერთმა მორცხვად ასწია თავი და მითხრა, - არ ვიცი, გვიცნობთ თუ არა, ჩვენ ვართ ჯგუფი Earth, Wind and Fire - და ისევ ჩაღუნა თავი. მოულოდნელობისგან კინაღამ გული წამივიდა, გიცნობთ კი არა, მთელი თბილისი თქვენს მუსიკაზე იზრდებოდა და დღესაც თქვენი კომპოზიციები ისმის ჩვენს ქვეყანაში-მეთქი და იქვე დავუკარი ამონარიდები მათი კომპოზიციებიდან. უცებ დავმეგობრდით. ხომ არ წერთ მუსიკასო? დიახ-მეთქი. შემდეგ ტელეფონი გამომართვეს და დამემშვიდობნენ. რამდენიმე დღეში ლოს-ანჯელესიდან დამირეკეს და ჩემი კომპოზიციების გაგზავნა მთხოვეს. მაშინ ახალი გამოშვებული მქონდა ალბომი "ზაზანოვა". მალევე დამირეკეს, მივიღეთ შენი ალბომი და მეორე კომპოზიციას ხომ ვერ მოგვცემთო? მეორე კომპოზიციას კი არა, თუ გნებავთ, მთლიან ალბომს გაჩუქებთ-მეთქი. ჩვენ ხვალ გერმანიაში მივდივართ სამთვიანი ტურით და როცა დავბრუნდებით, დავილაპარაკოთო. მალე გერმანიიდანაც დამირეკეს. ისე მოხდა, რომ უცებ გადავწყვიტე თბილისში წამოსვლა და ურთიერთობა ვეღარ გაგრძელდა, თუმცა ცოტა ხნის წინ კვლავ დავუკავშირდით ერთმანეთს და მას შემდეგ ვკონტაქტობთ.

- 18 წელი გაატარეთ ამერიკაში, რამ გადაგაწყვეტინათ წამოსვლა, იქ ხომ კარგად იცნობენ თქვენს მუსიკას?

- 18 წლის განმავლობაში ერთი ინგლისური სიზმარი არ დამსიზმრებია, სულ ქართულ სიზმრებს ვხედავდი... ამერიკაში კერძო ფონდებია, სახელმწიფოს კავშირი არა აქვს მუსიკოსთან. საქართველოში კი ხელოვანები სახელმწიფოზე ვართ მიბმული... მესმის, რომ საქართველოში რთული ვითარებაა, გეოპოლიტიკური პრობლემებია. ალბათ, ყველაფერი დალაგდება, მათ შორის, სახელოვნებო სფეროშიც.

- დღეს ქართველი საზოგადოება გახლეჩილია... ისე მოხდა, რომ კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთს გადაება...

- პოლიტიკა სერიოზული მეცნიერებაა.

საზღვარგარეთ პოლიტიკოსები­ 15-წლიანი სწავლის შემდეგ ხდებიან. ათასი გზა უნდა გაიარონ, რომ მორალური უფლება ჰქონდეთ საკუთარ თავს პოლიტიკოსები უწოდონ. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს და ამის მერე დალაგდება ქვეყანა. კარგი პოლიტიკოსი არის ის, ვისთანაც კომფორტულად ვგრძნობ თავს, ანუ უჩემოდ რომ აგვარებს პრობლემებს...

ქართველებმა, სამწუხაროდ, ჭირიც და ლხინიც სამდღიანი ვიცით. მოხდება რაიმე ტრაგედია, ატყდება განგაში, სამი დღე იყვირებენ და მერე აღარავის ახსოვს. ამიტომ არ მჯერა რაღაცების...…

- პანდემიამ ძალიან იმოქმედა ხელოვანებზე. თქვენს შემთხვევაში როგორ იყო?

- მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის შემოქმედებითად დიდი სხვაობა არ ყოფილა - მიყვარს ჩემთვის, სახლში ყოფნა და წყნარად მუშაობა, მთავარია ყავა და სიგარეტი მქონდეს, პანდემია საშინელება იყო! ძალიან ბევრ ხელოვანს გაუჭირდა... იმ პერიოდში ბევრი ვიბრძოლეთ მუსიკოსების გადასარჩენად.

- სალონ-რესტორანი "ზაზანოვა" თბილისელებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია...

- საქართველოში ერთობის დიდი დეფიციტია. ეს ადგილი სწორედ ერთობის დაბრუნებისთვის გავაკეთეთ. ნაწილობრივ გამოვიდა და მადლობა ღმერთს.

- ერთობა ახსენეთ და, ერთობა სულ ცოტა ხნის წინ დავინახეთ ჩვენს ხალხში... ფეხბურთს ვგულისხმობ...

- დიდი მადლობა ჩვენს ფეხბურთელებს, რომ ძალიან კარგად ითამაშეს. თუმცა მაყურებელი ისევ სამდღიანია... ერთობას ისევ პოლიტიკური სიმპათიების მიხედვით ლანძღვა მოჰყვა. ეს იმის ბრალია, რომ ხალხს საქმე არა აქვს... ერთობა გოლზე და პენალტის აღებაზე არ უნდა იყოს დამოკიდებული. მთავარია მშობელმა შვილს ასწავლოს, რომ არასოდეს დახედოს ადამიანს ზევიდან, რომ კონფლიქტი, ომი, ჩხუბი მიუღებელი, მდაბიო ფორმებია.

მინდა ჩემი ქვეყანა წარმატებული იყოს. ამისთვის კი მოქალაქე უნდა იყოს წარმატებული. წარმატება იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანს მილიონი ჰქონდეს ჯიბეში, არა! საქმე უნდა აკეთოს. გამცემი უნდა იყოს. რელიგია რა არის? გაცემასა და სინანულზეა აგებული. ეს ორი რამ თუ გაქვს, იქმნება სიყვარული და მიდიხარ ღმერთთან. ქცევაში უნდა გეტყობოდეს ეს და არა სტატუსებში...

ხუმრობით ვამბობ ხოლმე, "ფეისბუკზე" შესაშვები ხალხი არა ვართ-მეთქი. ქართველებმა ცინიზმში ვუდი ალენსაც კი ვაჯობეთ.

სულ მინდა ისეთი რამ დავწერო, რომ ხალხი გავაერთიანო. მცირერიცხოვანი ერებისთვის ჟანგბადია ერთობა. ეს თუ გვექნება, ყველაფერი მოვა.

- წარსული ცხოვრებიდან რას დააბრუნებდით?

- არაფერს, უბრალოდ, სანამ წავალ, ბევრი მინდა მოვასწრო.

- ყველაზე დიდ მადლობას ვის ეტყოდით?

- თვალს რომ გაახელ, ყველაფერზე მადლობა უნდა თქვა...

- რას ნანობთ?

- ბევრ რამეს, ძალიან ბევრს, რის გამჟღავნებასაც არ ვაპირებ არავისთან.

- რა გადაგვარჩენს?

- სიყვარული.

რუსუდან შაიშმელაშვილი