"უამრავი ბავშვი საჭიროებს ცურვას ჯანმრთელობისთვის, მაგრამ აუზებზე ცხვირის შეყოფაც არ შეუძლიათ“
"ბათუმში ვცხოვრობ, მყავს 3 შვილი, რომელთაგან უფროსს, 11 წლისას, ჯანმრთელობისათვის სჭირდება ცურვაზე გამუდმებით სიარული, ყოველ შემთხვევაში, განსაზღვრული პერიოდის მანძილზე; რადგანაც ასევე ჯანმრთელობის დამაზიანებელი ქრონიკული პრობლემა აქვს. საუბედუროდ, ვერსად ვიპოვე აუზი, რომელიც ამ საქმეში 350 ლარზე ნაკლებს მომთხოვდა. რა ხდება, გამაგებინეთ ამ ქალაქში? ბავშვს აქვს ჯანმრთელობის პრობლემა და მშობელმა ვერ უნდა ნახოს აუზი, რომელსაც გასწვდება, თუნდაც 100-150 ლარს გადაიხდის და შვილს დაეხმარება? იქნებ ვინმეს მაინც აქვს წვდომა ისეთ აუზზე, ვისაც შეღავათიანი ფასები აქვს. გთხოვთ, დაგვეხმარეთ და მოგვაძებნინეთ".
ნინო"
ამ სიტუაციის წამოდგენისას მყისვე იმაზე დავფქირდი, რომ მსგავსი პრობლემა ბევრ მშობელს ექნება. ამიტომ თავადაც გადავწყვიტე ბათუმის აუზების ჩამონათვალიდან თითოეულ მათგანს დავკავშირებოდი.
ჩემდა სამწუხაროდ, მათ შორის, ყველაზე "მცირეფასიანის" პასუხი ასეთი იყო: "არასრულწლოვანს მწვრთნელის გარეშე წყალში არც ერთი აუზი არ ჩაუშვებს! ასე რომ, მშობელმა არა მხოლოდ აუზის მომსახურებისათვის უნდა გადაიხადოს, არამედ მწვრთნელისთვისაც. სწორედ ამიტომ ღირს აუზზე თვის განმავლობაში 12 ვიზიტი, სულ მცირე, 350 ლარი. ამას ემატება აუზის სხვა კოლოსალური ხარჯები და გასაკვირი ეს ფასი რატომ უნდა იყოს".
ქალაქის ყველაზე კომფორტული ე.წ. ფეშენაუზის ხელმძღვანელობისგან ისეთი პასუხი მივიღე, აუზის მსურველი მშობელი რომ ვყოფილიყავი, ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი:
- ჩვენს აუზზე 16 წლამდე მოზარდის ერთჯერადი შემოსვლა 16,60 ლარი დაგიჯდებათ, თვეში 12-ჯერ მომსახურებისათვის კი 400 ლარს გადაიხდით. შეგვიძლია შეღავათი გავუწიოთ ბავშვის მშობლებს, რომელთა აუზზე შემოსვლა ბავშვთან ერთად მხოლოდ 220 ლარი ეღირება. საერთო ჯამში თვეში 12 ვიზიტისთვის 620 ლარს გადაიხდით".
დამაინტერესა დედაქალაქის აუზების ფასებმაც, სადაც ეს მომსახურება რამდენიმე ათეული ლარით დაბალი აღმოჩნდა - საშუალოდ, 220-დან 350 ლარამდე მერყეობს. დაახლოებით იგივე ფასებია რუსთავშიც, ოდნავ უფრო მცირე კი ქუთაისსა და სხვა ქალაქებში. ერთადერთი საშეღავათო სერვისი დედაქალაქში სოციალურად დაუცველი ბავშვების მომსახურებაა, რასაც ნაწილობრივ ქალაქის მერია აფინანსებს და რასაც დედაქალაქის კონკრეტული აუზი ემსახურება. თუმცა სოციალურად დაუცველებისათვის მსგავსი შეღავათებიც ძვირადღირებულია და უმეტესობა ამ მომსახურებით ვერ სარგებლობს. იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი სოციალურად დაუცველი არ არის, მსგავსი შეღავათები არ არსებობს. ეს იმ დროს, როდესაც მოსახლეობის უმრავლესობის შემოსავალი საარსებო მინიმუმზე დაბალია და ხშირად სოციალურად დაუცველებზე მეტად დანარჩენებს უჭირთ თავის გატანა. თუმცა ჩვენ მაინც ბათუმელ მშობელს დავუკავშირდით, სადაც საცურაო აუზების ბავშვებისთვის მომსახურების ფასები ყველაზე მაღალია.
ნანა აბუთიძე: - როდესაც ბავშვებს გარდატეხის ასაკი ეწყებათ და ხერხემალი სწრაფად ეზრდებათ, ამ დროს ხშირია სკოლიოზის შემთხვევები. ბავშვს იმდენად სწრაფად ჩამოუყალიბდა III ხარისხის სკოლიოზი, პროცესის შეჩერება ვერ ხერხდება მასაჟებისა და საცურაო აუზის გარეშე. ექიმები ცურვაზე ყოველდღე სიარულს გვირჩევენ. ზაფხულში ბათუმელებს ეს პრობლემა არა გვაქვს, ბავშვი ზღვაზე დამყავს, მაგრამ როდესაც შემოდგომისათვის მოვემზადეთ და აუზებს დავუკავშირდით, თავზარი დამეცა, მომსახურება, სულ მცირე, 350 ლარი ღირს, რის გადახდასაც, მით უმეტეს, მასაჟთან ერთად, ვერ შევძლებ. თითო მასაჟის ღირებულება 150 ლარია და წარმოიდგინეთ, რა დღეში ვართ. ოჯახში მხოლოდ ჩემი მეუღლე მუშაობს, ხელფასი 1500 ლარი აქვს. ხუთმა სულმა 1500 ლარით აუზისთვის ამხელა ფულის გაღება და თან თავის რჩენა როგორ უნდა შევძლოთ?
- არ შეგიძლიათ ქალაქის მერიაში მიიტანოთ ექიმის მიმართვა ბავშვის ჯანმრთელობის საჭიროებაზე და მერიამ დაგაფინანსოთ? ან მრავალშვილიანი დედის სტატუსით ხომ არ სარგებლობთ, რომელთაც შეღავათები აქვთ მსგავს მომსახურებაში?
- სამი შვილის დედა მრავალშვილიანად ითვლება. რაც შეეხება მერიისაგან დახმარებასა და ცურვის დაფინანსებას, ვერ ვიტყვი, რომ ამას ერთჯერადად არ მივიღებ, მაგრამ ეს ჩემისთანა მშობლისთვის მწარედ სასაცილოა, ჩემს შვილს განუწყვეტლივ სჭირდება ცურვაზე სიარული, რომ დაავადებამ უკან დაიხიოს, რისთვისაც სახელმწიფოს პროგრამა არა აქვს. სანატრელი გახდა ამ ქვეყანაში სოციალური დაუცველობა, რომელიც აქამდე მეუხერხულებოდა, მაგრამ ახლა ვნატრობ.…აღარ ვიცი, რა გავაკეთო, რომ შვილს დავეხმარო. განა მარტო მე ვარ ამ მდგომარეობაში. უამრავი ბავშვი საჭიროებს ცურვას ჯანმრთელობისათვის, მაგრამ აუზებზე ცხვირის შეყოფაც არ შეუძლიათ. სადაც ამაზე დავიჩივლე, მითხრეს, თითქმის ყველა აუზი კერძო საკუთრებაა და მესაკუთრეები ფასს თავად ადებენო. ბათუმი ამ მხრივ ჯოჯოხეთი აღმოჩნდა, ქალაქში უამრავი უცხოელია, რომლებსაც უფრო მეტის გადახდა შეუძლიათ, რის გამოც მომსახურების ფასს აუზები არასოდეს დასწევენ. მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია გვიშველოს, - მითხრა ქალბატონმა ნანამ და უფრო დამაფიქრა - ამ პრობლემის მოგვარება მართლაც შეუძლებელია სახელმწიფოს კეთილი ნების გარეშე. სახელმწიფოს კი არ სურს ბავშვების ჯანმრთელობაზე და იმაზე იფიქროს, რომ მათ არა მხოლოდ ცურვა, არამედ სპორტის არაერთი სახეობა უნდა ჰქონდეთ ხელმისაწვდომად. თუნდაც იმიტომ, რომ ქვეყანას ჯანმრთელი ახალი თაობა ჰყავდეს.