„საფრთხე, რომელსაც არ ველოდი“
"არავის ვუსურვებ გამოცადოს. თუმცა, რადგან ამის გარანტია არ არის, მინდა ყველას ვუამბო, რა საფრთხე შეიძლება დაემუქროთ რეგიონებში მომრავლებული ჯანმრთელობისთვის საშიში მწერების გამო. ამიტომ ის მაინც უნდა გააკეთონ, რომ იქონიონ შხამიანი მწერების საწინააღმდეგო სამედიცინო საშუალებები".
ერთ დღეს საჩხერის რაიონის ერთ-ერთ სოფელში, სადაც სტუმრად ვიყავი, კინაღამ შხამიანი კრაზანების მსხვერპლი გავხდი და რომ არა შხამის საწინააღმდეგო ინიექცია, ვინ იცის, რა დამემართებოდა. მოკლედ, ერთ დღეს ჩემი მასპინძლის სახლის ერთ-ერთი ოთახი რომ შევაღე, თავს რამდენიმე კრაზანა დამესხა. როგორც ჩემმა მასპინძელმა მითხრა, მოუცლელობის გამო ამ ოთახში იშვიათად შედის და ვერც შეამჩნია კრაზანებმა იქ ბუდე როგორ გაიკეთეს. მოკლედ, მწერების თავდასხმა იმდენად მოულოდნელი იყო, გამოქცევაც ვერ მოვისაზრე, სანამ კრაზანამ თვალთან არ მიკბინა. გულგახეთქილმა კარის დახურვა კი მოვასწარი, მაგრამ წამშივე ისეთი ტკივილი დამეწყო, გამწარებულს ღრიალი აღმომხდა, მეგონა, სახეზე ვიღაც უხილავი დანით მსერავდა. კიდევ კარგი, ჩემს ღრიალზე მასპინძელი მოვარდა, რომელმაც წამსვე მოიტანა ამ შემთხვევისათვის გადანახული "დექსამეტაზონის" ამპულა და ინიექცია გამიკეთა. რამდენიმე წუთში ისეთი შვება ვიგრძენი, თითქოს მეორედ დავიბადე და გარუმბულმა ცხვირ-პირმაც დაცხრომა დამიწყო. მასპინძელმა მითხრა, წლების წინ აქ კრაზანები არ იყო, მაგრამ ახლა მათ ბუდეებს სად აღარ წააწყდები. როდესაც რამდენიმე კაცი დაკბინეს, რომელთაგან ერთი სიკვდილს ძლივს გამოსტაცეს ხელიდან, მას შემდეგ ყველამ "დექსამეტაზონის" ამპულები მოვიმარაგეთ. მართალია, თვითმკურნალობა კარგი არ არის, მაგრამ კრაზანით გამოწვეულ ანაფილაქსიურ შოკს მაინც სჯობსო.
მოკლედ, დავიწყეთ საჩხერეში მწერების საწინააღმდეგო საშუალებების მოძიება, თუმცა ამაოდ, იქ შესაბამისი სამსახური არ აღმოჩნდა. ისიც დავადგინეთ, რომ არც სხვა რაიონებში, და ასე დავრჩით ორი ადამიანი კრაზანების ბუდის პირისპირ. რომ არა მეორე დღეს დაბრუნებული ოჯახის უფროსი, რომელმაც კრაზანას რომ არ დაეკბინა, ზამთრის ტანსაცმელი ჩაიცვა, სახეზე ნიღაბი გაიკეთა, კრაზანების ბუდეს საწვავი შეასხა და დახოცა. გთხოვთ გააშუქოთ ეს თემა. სახელმწიფომ ყველა რაიონში უნდა შემოიღოს მსგავსი სამსახური, რომელიც მწერების ან ქვეწარმავლების საწინააღმდეგო საშუალებებს გამოიყენებს და მოსახლეობას საფრთხისგან დაიცავს.
პატივისცემით, ლელო კიღურაძე"
ამ წერილის წაკითხვის შემდეგ ჩვენ არა მხოლოდ საჩხერის შეასაბამის წამომადგენლობებს დავუკავშირდით, არამედ საქართველოს არაერთი რაიონისას, სადაც ასევე არ აღმოჩნდა მსგავსი სამსახური. როგორც საჩხერის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ზურაბ მეცხვარიშვილმა გვითხრა, აღნიშნული სამსახური ყველგან კერძო ობიექტია. ამიტომაც მოსახლეობა თავად ცდილობს პრობლემის მოგვარებას მწერების საწინააღმდეგო საშუალებებით ან თბილისიდან შესაბამისი სამსახურის გამოძახებით.
იმის გასაგებად, თუ რა ღირს მსგავსი სამსახურის გამოძახება რაიონებში, დავუკავშირდით თბილისის სადეზინფექციო სამსახურის ცენტრს, რომლის მენეჯერის თქმით, რაიონებში არაერთი გამოძახება აქვთ, მომსახურება კი დაახლოებით 450-დან 600 ლარამდე ჯდება. ფასი დამოკიდებულია მანძილსა და ობიექტის სირთულეზე, ასევე მწერებთან საბრძოლველი მედიკამენტებისა და უნიფორმის ღირებულებაზე.
კითხვაზე, თუ რა შეიძლება მოიმოქმედოს მოსახლეობამ, როდესაც ამ სამსახურის გამოსაძახებლად სათანადო თანხა არ გააჩნია, გვიპასუხეს, რომ დამოუკიდებლად მოქმედება ამ დროს საშიშია, ვინაიდან კრაზანები შესაძლოა მსხვერპლს დაესიონ და დაკბინონ. მოსახლეობა იყენებს აგრომარკეტებში შეძენილ მავნებლებთან ბრძოლის საშუალებებს, მაგრამ ხშირად არასწორ დროს და არასწორი ხერხებით.
- ხალხი მწერებთან ბრძოლის საშულებებს წყალში ხსნის და ვაზის შესაწამლი ტექნიკის საშუალებით ასხურებს მავნებლებს, თანაც დღის განმავლობაში და ხშირად ნიღბის გარეშე, რაც სიცოცხლისათვის სარისკოა, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მწერების ნაკბენზე ალერგია აქვთ. ამ დროს შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური შოკი, რაც იმდენად სწრაფია, რომ სამედიცინო პერსონალმა შესაძლოა სამწუხაროდ, დასახმარებლად მისვლაც ვერ მოასწროს.
დღისით კრაზანებთან ბრძოლა არ შეიძლება, ეს ღონისძიება ღამით უნდა ჩატარდეს, როდესაც კრაზანები ბუდეში არიან.
რაიონებში სადეზინფექციო სამსახურების არსებობა მხოლოდ ზაფხულში როდია აუცილებელი, დღესდღეობით უამრავი ტკიპაა გავრცელებული. ისინი ზამთრობითაც იბუდებენ სამოსსა თუ საწოლებში. ასე რომ, ამ პრობლემის იგნორირება დანაშაულის ტოლფასია.