საბერწიას შემორჩენილი მარტოკაცი - კვირის პალიტრა

საბერწიას შემორჩენილი მარტოკაცი

"2021 წელს ვიყავი ამ საოცარ მთაზე, რომელსაც ადგილობრივები საბერწიას უწოდებენ. შუახევის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მეტრზე მდებარეობს. ეს მთა ძალიან ჰგავს რიზეში მეტად პოპულარულ მთა პოკუტს... თავდაპირველად აქ 100 მემთეური ოჯახი ცხოვრობდა, სამი წლის წინ 18 ოჯახი იყო, შარშან და წელს კი მხოლოდ ერთი ხანდაზმული ადამიანი ადის. "გზის პრობლემა რომ მოგვარდეს, ტურიზმის განვითარება არის შესაძლებელი. არაერთი ტურისტული კომპანია დამიკავშირდა და გზის შესახებ რომ გაიგეს, შემდგომ თავი შეიკავეს ვიზიტისგან," - წერს სოციალურ ქსელში ცნობილი ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა, რომლის გადაღებულ საბერწიის მთის ულამაზეს ფოტოებს დიდი აღფრთოვანება მოჰყვა... სულიკო ფუტკარაძეს 4 შვილი, 13 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი ჰყავს და ერთადერთია, ვინც წელს საბერწიაზე ავიდა.

- წელს საბერწიაზე აღარც ერთი ოჯახი აღარ ამოვიდა. ოცდამეერთე საუკუნეში შუქი არა გვაქვს, ხელისუფლებამ ყურადღება არ მოგვაქცია, აბუჩად აგვიგდო... გამგებელმა მითხრა, ბატონო სულიკო, მთაში აბრძანდით და შუქს მოვაგვარებთო, მაგრამ არაფერიც არ გაუკეთებიათ. შემდეგ შემპირდნენ, გენერატორის სამუშაოდ ბენზინს გამოგიგზავნითო, მაგრამ მხოლოდ 20 ლიტრი ბენზინი მომცეს... 80-იან წლებში შუახევის სატყეო მეურნეობაში ვმუშაობდი და იმხანად შუქი ანზორ გოგიტიძის თაოსნობით გაიყვანეს. ვაჟკაცი კაცი იყო. მაშინ გაკეთებულმა ბოძებმა დიდხანს გაძლო, მაგრამ ნელ-ნელა მოტყდა... ბატონი ზვიად ჯავახიშვილის ჭირიმე, მისი მეორე ნახევრის, ნათია კახიძის, რომელთაც მთაში ენერგობატარეები ამომიტანეს და სული მაგით გვიდგას. გასულ წელს შუახევის გამგებლის პირველმა მოადგილემ მირიან აბაშიძემ გენერატორი ქუთაისში ჩაიტანა, შეაკეთეს და ამოიტანა... ხელისუფლებას, აჭარის მთავარ კაცს, თორნიკე რიჟვაძეს მივმართავ, საკრებულოს ზოგიერთი წარმომადგენელი საერთოდ რამეს აკეთებს\\?.. ეს ჩემი ხელისუფლებაა, ხმას ისევ მაგათ ვაძლევ, მაგრამ ხალხი უყურადღებოდ არ უნდა დაგვტოვონ. საბერწიაზე წელს აღარავინ არ ამოვიდა და ერთადერთი შევრჩი, ვინც აქ ვცხოვრობ ოჯახით. ხუთი ძროხა მყავს და ვწველით, ჩემი შვილიშვილი გვეხმარება. ცოლი ძალიან ვაჟკაცური ქალია, მისი გამზრდელი მშობლების ჭირიმე! დღეში 50 ლიტრამდე რძე ჩემს ოჯახსაც ჰყოფნის, სტუმრებსაც და რძის პროდუქტებს ვყიდი კიდეც.

შუახევის მუნიციპალიტეტიდან საბერწიის მთამდე 9 კილომეტრი მოხრეშილი გზაა. ორხიდიანი მანქანები ჩვეულებრივ დადიან, სხვა მანქანა ვერ გაივლის. ღმერთს მადლობა, წელს ტურისტები ამოვიდნენ. გაიხაროს ყველამ, ვინც ჩემთან, მიტოვებულ კაცთან ამობრძანდა. უპატივცემულოდ არც მე გამიშვია ვინმე, ყველას მოვეფერე.

- შუქის გარდა, მწვავედ კიდევ რა პრობლემა დგას?

- დასალევი წყალიც არ გვაქვს... უშუქობა მაინც ყველაზე დიდი პრობლემაა. ცოლი ავად გამიხდა, აქედან თურქეთის საზღვრამდე ხუთი კილომეტრია, სადაც ჩვენი მესაზღვრეები არიან, და იქიდან დავურეკე ჩემს შვილს, რადგან აქ არც ტელეფონი, არც შუქი იყო, გენერატორიც დამწვარი მქონდა...

ხალხი ტირის, მანდ შუქი რომ გვქონდეს, ჩვენც ამოვიდოდითო. ახალი თაობა ტელეფონის, ინტერნეტის გარეშე ვერ გაძლებს. ოცდამეერთე საუკუნეში ვინმე აქ შუქის გარეშე გაგიჩერდება?!

ადრე აქ 70 ოჯახი იყო, გასულ წელს 12 ვიყავით, წელს კი მარტო მე ვარ... გასულ წლებში გაიძახოდნენ, ბაბუ, შუქი ჩაგვირთეო, ჩავრთე, ერთი საათი ინტერნეტში შევიდნენ და გენერატორიც დაჯდა. ამფერი გაწამაწია გვქონდა... 50 ლიტრ რძეს გადამუშავება ხომ უნდა, ნაღების მომზადებას იმდენად დიდი ძალა სჭირდება, მოვკვდი კაცი, ფერდები აღარ მივარგა.

50 ძირი ჯარა ფუტკარი მყავს. ალბანეთიდან, ბელგიიდან იყვნენ ტურისტები და ძალიან გაუკვირდათ, როდესაც ხეში ფუტკარი ნახეს... გასულ წელს ფუტკარს ტკიპა დაერია და ცოტა არ იყოს, მომისპეს, მაგრამ წამლობით ვუშველე... თაფლის არაყს აკეთებს ბაღანა.

ზამთარში აქ სამ მეტრზე მეტი თოვლია. 1982 წელს ამოვედი და ისეთი ამბავი დამხვდა, არც ერთი სახლი აღარ ჩანდა. ნამქერი გადააქვს და ოთხი-ხუთი მეტრიც კი არის თოვლის საფარი.

351355935-6254193934669006-5962474890677992732-n-1725813947.jpg

- ამჯერად ტურისტებსაც მასპინძლობთ, გაქვთ სათანადო პირობები?

- სახლში ხუთი საძინებელი მაქვს... ეს სახლი ჩემი ხელით ავაშენე. ჩვენი სახლი მამაჩემმა 1967 წელს ააშენა და ისეთ მდგომარეობაში იყო, სტუმარს ვეღარ ვიღებდით. ახლა რომ შეხედავ, გესიამოვნება...

- პირობები რომ გაუმჯობესდეს, საბერწიის მთაზე ბევრი ამოვიდოდა?

- აქ მესაქონლეობისთვის ბევრი საძოვარია... ტყე, კარგი ჰაერი, სამკურნალო ბალახეული, მოცვის ჩაი, მაყვალი... რა გინდათ, აქ რომ არ იყოს! კარგი კიტრი, ლობიო, კარტოფილი, კომბოსტო მოდის... შუქი, კარგი გზა და მემთაბარე მოსახლეობის მიმართ ყურადღება რომ იყოს, საუკეთესო კურორტი იქნებოდა!

- ზამთარში საქონელს სად აბინავებთ?

- ბარში ჩამყავს... საქონელსაც ვყიდი, პროდუქტსაც და ასე მიდის ცხოვრება... ქალაქში ბინაც მაქვს, ხელვაჩაურში, მაგრამ მამაპაპისეულ ადგილს არ მივატოვებ, სანამ პირში სული მიდგას! ბათუმში მალე შვილთაშვილის ქორწილი მაქვს, მივდივარ და ისევ დავბრუნდები... ჭირში ან ლხინში თუ მივალ, ბათუმში ბინაში მაქვს ჩემი "კასტუმი", გაკრახმალებული "პლატოკი", "ადიკალონი", პირს გავიპარსავ, დავისხამ და ისე გავდივარ. ასეთი ცხოვრება მაქვს მოწყობილი...

- საქონლის მთაში აყვანა-ჩამოყვანა რთული არ არის?

- არა... დრო რომ მოდის, საქონელს გზას გააყოლებ და ისე არიან მიჩვეული, თავისით მიდიან.

ფრინველი არ მყავს... თხები მყავდა, მაგრამ ძნელი მოსავლელია, მწყემსობა უნდათ... კომუნისტების დროს სამი კამეჩი მყავდა, ყველაფერს ჭამს, რაც კი უხეშია. ხეს რომ ტოტს ჩამოამტვრევ (ჩვენ ფიჩხს ვეძახით), იმასაც კი ჭამდნენ. თქვენ წარმოიდგინეთ, ნაძვის, სოჭის ტოტებსაც.

აქ ოც მეტრში იმდენად ცივი წყალი გამოდის, ხუთი წუთი ხელი რომ ჩაყო, მოგყინავს... ბაღანამ ხილი, დიდი საზამთრო ამოიტანა და ღამით იქ გვქონდა დატიებული. ღამით დათვი მივიდა, საზამთროს გული გამოუღო და ხილიც კულტურულად მიირთვა. სამი შეკვრა სოსისიც იქ იყო, მაგრამ იმას პირი არ მოდვა... ღამით გარეული ცხოველი აქ შეიძლება ახლოს მოვიდეს, მაგრამ ჩვენ გარეთ გასვლა არ გვიწევს, სახლში კომფორტულად გვაქვს ყველაფერი აწყობილი.

- საბერწიის სილამაზის შესახებ საქართველოში თუ იციან?

- ჩემთან სტუმრად ფოტოგრაფი გიორგი ნიკოლავა იყო. ფოტოები გადაიღო და ჩვენი კუთხე ქვეყანას გააცნო, ჭირიმე მისი!

ეთერ ფუტკარაძე: - ადრე აქ ოჯახები ამოდიოდნენ, იყო მხიარულობა, ჟრიამული, "კოფეზე" ვეძახდით ერთმანეთს, ხან სხვა დაგვპატიჟებდა, ხან ჩვენ დავპატიჟებდით. იმედია, შუქი გვექნება და ხალხიც დაბრუნდება. აქ შვილიშვილი მახლავს, ორნი ვართ. ჩემი მეუღლე საქონელს მწყემსავს, საღამოს მოვა და ვართ ასე ლამაზად. ძალიან კარგი ადგილია და გასაუქმებლად ბრალია აქაურობა. ასეთი კარგი ჰაერი, ასეთი სილამაზე არ ვიცი, თუ სადმე იქნება.

ნინი ფუტკარაძე: - ჩემთვის, 18 წლის გოგოსთვის, ზაფხულობით გაუსაძლისია იალაღებზე ყოფნა. თანატოლი არავინაა, არც ბიჭი და არც გოგო, მხოლოდ მე, ბაბუ და ბებო ვართ... 4 ან 5 წლის წინ აქ ბევრი ბავშვი ვიყავით, მიხაროდა მთაში ყოფნა, ახლა კი ორი პრობლემა ერთად იყრის თავს - მარტოობა და უშუქობა... ჰოდა აქეთ გამოხედვა აღარავის უნდა.

გიორგი ნიკოლავას დღიურებიდან

"მზე თითქმის ჩასული იყო, როდესაც გაღმა მთის კალთაზე სახლები შევნიშნე, იქვე მომახსენეს, ეს საბერწიის დასახლებაა, დაიცალა სოფელი, ამჟამად მხოლოდ ერთი ოჯახი არის მთაშიო... ორი წლის წინ ვიყავი ამ საოცარ ადგილას, სადაც სიცოცხლე ჩქეფდა. გულდაწყვეტილი ვკითხე მეგზურს, სულიკო თუ არის საბერწიაზე-მეთქი, როდესაც შევიტყვე, იქ იყო, შევეცადე ხმა მიმეწვდინა, მაგრამ სამმა მცდელობამ უშედეგოდ ჩაიარა. ვიფიქრე, მანძილი დიდია და ხმა ვერ გაიგონა-მეთქი, შემდგომ მეოთხეჯერაც შევძახე მისი სახელი. რამდენიმე წამის შემდგომ ომახიანი ხმით პასუხი გამცა, აქა ვარ, აქოო..."