ნაპრალა - ალპინისტი ძაღლი გერგეტიდან - კვირის პალიტრა

ნაპრალა - ალპინისტი ძაღლი გერგეტიდან

მრავლად არის ცნობილი ამბები ცხოველების უჩვეულო ქცევების შესახებ, რომელიც გულგრილს ვერავის ტოვებს და უამრავ კითხვას აჩენს.

იაპონურ მედიაში იწერებოდა ძაღლის, სახელად კენჯის შესახებ. შიბა ინუს ჯიშის ძაღლი ყოველდღე მარტო მგზავრობდა მატარებლით, სხვა უბანში მცხოვრები მეგობარი ლაბრადორი სახელად მონ ჩანი რომ მოენახულებინა. კენჯის შესახებ კარგად იცოდნენ მემანქანეებმა, რომლებიც ძაღლზე ზრუნავდნენ.

საყოველთაოდ ცნობილია ჰაჩიკოს, იაპონური აკიტას ამბავი, 9 წლის განმავლობაში რომ ელოდებოდა გარდაცვლილ პატრონს შიბუიას სადგურთან, ტოკიოში. ამიტომაც ჰაჩიკო ერთგულების სიმბოლოდ იქცა.

აფრიკულმა ნაცრისფერმა თუთიყუშმა, სახელად ალექსმა, შეძლო დაახლოებით 100 სიტყვის სწავლა და მათი აზრიანად გამოყენება. გაგიკვირდებათ და, მარტივი მათემატიკური ოპერაციების შესრულებაც კი შეეძლო.

გორილა კოკომ ამერიკული ჟესტების ენა ისწავლა და შეეძლო ადამიანებთან კომუნიკაცია. მისი ლექსიკონი დაახლოებით 1000 ნიშნისგან შედგებოდა და ახალი სიტყვების შექმნაც კი შეეძლო.

ახალ ზელანდიაში დელფინმა ვინიმ საოცრება ჩაიდინა, ნაპირზე გარიყული ორი ვეშაპი გადაარჩინა. ვინი სპეციფიკური ხმებით ეძახდა და მოახერხა მათი ღრმა წყლებში დაბრუნება.

ბორდერ კოლი ჩასერი გენიოსი იყო, რადგან შეძლო 1022 სხვადასხვა სათამაშოს სახელის დამახსოვრება და მათი ერთმანეთისგან გარჩევა.

ტაილანდის ეროვნულ პარკში სპილო კელიმ ხორთუმით ხატვა ისწავლა. მისი ნახატები გამოფენილი იყო სხვადასხვა გალერეაში.

მკვლევრები მიიჩნევენ, რომ ბევრი ცხოველი, განსაკუთრებით ძუძუმწოვრები და ფრინველები, მაღალ კოგნიტიურ უნარებს ფლობენ. შეუძლიათ პრობლემების გადაჭრა, დასწავლა და ადაპტაცია. აქვთ ემოციური ინტელექტი და შეუძლიათ ემპათიის გამოვლენა. დელფინების მიერ სხვა სახეობების გადარჩენის შემთხვევები შეიძლება აიხსნას მათი მაღალი ემოციური ინტელექტით.

ბევრი ცხოველი სწავლობს დაკვირვებით და იმიტაციით. ამიტომაც ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობაში მყოფებს შეუძლიათ ადამიანური ქცევების ათვისება. ზოგიერთი ქცევა შეიძლება იყოს ევოლუციური ადაპტაციის შედეგი, რომელიც ეხმარება გადარჩენაში ან გამრავლებაში.

ცხოველების ტვინს შეუძლია შეიცვალოს და ადაპტირდეს გარემოებების შესაბამისად, რაც ხსნის მათ უნარს, ისწავლონ რთული დავალებები. ზოგიერთი ქცევა შეიძლება აიხსნას ღრმად ფესვგადგმული ინსტინქტებით, როგორიცაა ერთგულება ძაღლებში. ისევე როგორც ადამიანებში, ცხოველებშიც არსებობს ინდივიდუალური განსხვავებები ინტელექტსა და პიროვნულ თვისებებში. გარემო, აღზრდა და გამოცდილება დიდ როლს თამაშობს ცხოველის ქცევის ჩამოყალიბებაში. ხშირად ცხოველების უჩვეულო ქცევა ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობის შედეგია.

ბევრი რამ ჯერ კიდევ შეუსწავლელია ცხოველთა ქცევის შესახებ და კვლევები ამ მიმართულებით გრძელდება. ამასობაში მადლიერი კაცობრიობა უამრავ ცხოველს, განსაკუთრებით ძაღლებს, ძეგლებს უდგამს სიყვარულის და პატივისცემის ნიშნად. რომ შემეძლოს, საქართველოში უამრავ ძაღლს დავუდგამდი ძეგლს და მათ შორის იქნებოდა ნაპრალა, რომელმაც ხანმოკლე ცხოვრების განმავლობაში დიდი კვალი დატოვა ადამიანების გულებში. ვიღაცისთვის უჯიშოდ წოდებული, არადა, შერეული ჯიშის, ე.წ. მეტისი ცუგა იყო, რომელიც არაერთხელ ასულა მყინვარწვერზე. ნაპრალას ამბავი სოციალურ ქსელში გავრცელდა, რევაზ ცქვიტინიძის მონათხრობის მიხედვით, “ნაპრალა” ალპინისტებმა შეარქვეს.

"მე განმაცვიფრა უკვე ბებერი ნაპრალას მთისადმი სიყვარულმა"

რევაზ ცქვიტინიძე: "ნაპრალა სოფელ გერგეტში ცხოვრობდა. ყველა იცნობდა, ვინც კი ოდესმე ყაზბეგში ჩასულა. ცდილობდა ყველა ალპინისტს გაჰყოლოდა მთაში. ადგილობრივები თუ უცხოელები ყველა სიამოვნებით მეგობრობდა ძაღლთან. ერთი ლაშქრობის დროს, სანამ თოკში ჩაიბამდნენ ბიჭები, მოულოდნელად გაქრა. დიდხანს ელოდნენ, მაგრამ ნაპრალა თითქოს მიწამ ჩაყლაპა. კი გაკვირვებიათ, მაგრამ უფიქრიათ, ალბათ სახლში დაბრუნდაო და გზა გაუგრძელებიათ. მეორე დღეს, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ყინულოვანი ნაპრალებიდან ძაღლის წკმუტუნი შემოესმათ. სმენად გადაიქცნენ, ერთმა წამოიყვირა, ბიჭებო, ძაღლი აქ არისო და სასწრაფოდ თოკის გაშლა დაიწყო. 7-8 მეტრი სიღრმის ნაპრალში ჩავარდნილიყო. რომ არ გაყინულიყო, მთელი ღამე უწვალია, სასწრაფოდ ჩაუშვეს ერთი ალპინისტი და ნაპრალა ნახევრად გაყინული ამოიყვანეს. ამის შემდეგ შეერქვა ნაპრალა. სოფელ გერგეტში ყველა ნაპრალაზე ლაპარაკობდა, თუ როგორ უყვარდა მთაში ხეტიალი და სპეციალურ ტანსაცმელში გამოწყობილი ალპინისტები. როცა ჩვენი ჯგუფი მთისკენ მივდიოდით, შორიდან შევნიშნეთ ნაპრალა, რომელიც ჩვენსკენ გამოიქცა. ჩავეხუტეთ, ერთად დავისვენეთ, ფოტოები გადავუღე ნაპრალას და მის ჯგუფს და დიდი სიყვარულით გამოვემშვიდობეთ.

გადის 15 წელი და გაზეთში ვხედავ უკვე ბებერი ნაპრალას სურათს, ადრე მე რომ გადავუღე, იქიდან 200 თუ 300 მეტრში გადაუღიათ, ძლიერ განვიცადე, დავიყვირე, ნაპრალა-მეთქი და გაზეთი ჩავიხუტე, შეიძლებოდა უკვე აღარც კი ყოფილიყო ცოცხალი, რადგან ჩვენი შეხვედრიდან 18 წელი გასულიყო. მე განმაცვიფრა უკვე ბებერი ნაპრალას მთისადმი სიყვარულმა. დარწმუნებულივარ, დღეს თუ ვინმე იკითხავს ნაპრალას, სოფელ გერგეტში აუცილებლად მოუყვებიან მის შესახებ".

აღმოჩნდა, რომ ნაპრალას მთების მოყვარული ჩემი მეგობრებიც იცნობდნენ, ერთ-ერთს, ნიკა შაიშმელაშვილს სურათიც გადაუღია. მანაც გაიხსენა, 2007 და 2008 წელს ამოგვაცილა მეტეოზე. ორივეჯერ ბოლომდე ამოგვყვა. როგორც ვიცი, პატრონი არ ჰყავდა, სოფელი და ტურისტები პატრონობდნენ, ძალიან ცნობილი ცუგა იყო, ჯანმრთელი. როგორც მოგვიანებით მითხრეს, სიბერით მოკვდაო. საოცრად ზრდილი იყო. მახსოვს, ბალახზე გაშლილი სუფრიდან ვჭამდით. სანამ ჩვენ არ მივეცით საჭმელი, ახლოს არ მოეკარა. ძაღლი კი არა, ადამიანივით იყო, სიყვარულის და ერთგულების მასწავლებელი. თითქოს მასპინძელი იყო იმ არემარეში, თავს ვალდებულად თვლიდა, რომ ყველა ალპინისტისთვის ეპატრონა.

be68e10a-86e8-446d-846e-efea2ee2577e-1725815634.jpg

"ისე იქცეოდა, ცხოველიაო, ვერ კადრებდი"

ირაკლი ჯულაყიძე: "ძალიან ჭკვიანი ძაღლი იყო, მეც გამაცილა მეტეომდე. ისე იქცეოდა, ცხოველიაო, ვერ კადრებდი. მისი ცხოვრება ერთი საოცარი ამბავი იყო. იმდენი სიყვარული, რაც მან გასცა და მიიღო კიდეც, ალბათ ბევრ ადამიანს არ ღირსებია. ყველას უყვარდა. აჭმევდნენ, უვლიდნენ, ეფერებოდნენ, ზრუნავდნენ. ყველა ჯგუფის წევრი იყო. ადამიანი ვერ დაგამახსოვრებს თავს ისე, როგორც იმ საოცარმა ძაღლმა შეძლო. სხვა ძაღლებიც მიყვებიან ხოლმე ალპინისტებს, მაგრამ უკან აბრუნებენ, ან ვერ უძლებენ და თვითონ ბრუნდებიან. აი, ნაპრალა რამდენჯერმე იყო მყინვარწვერზე".

"შეშინებული დავეტაკე, ხომ ცოცხალი ხარ, ნაპრალ-მეთქი"

ბიძინა გუჯაბიძე: "ერთხელ ძალიან ცუდი ამინდი იყო, ამიტომაც მწვერვალზე ბოლომდე ვეღარ ამოგვყვა და უნაგირაზე დარჩა. უკანა გზაზე ამინდი გაუარესდა. დავინახე საცოდავად მოკუნტული ნაპრალა, ბეწვებზე ლოლოები ეკიდა. შეშინებული დავეტაკე, ხომ ცოცხალი ხარ, ნაპრალ-მეთქი და შევანჯღრიე. დაფეთებული წამოხტა და შიშისგან მიკბინა".

თურმე ხშირად რჩებოდა მეტეოსადგურზე, ზღვის დონიდან თითქმის 4 ათას მეტრ სიმაღლეზე. ბუნაგი შენობის ქვეშ ჰქონია. თუ ამინდი არ მოსწონდა, შინისკენ არ გაჰყვებოდა ალპინისტებს. გამოიდარებდა და თავისით ბრუნდებოდა სოფელში.

* * *

რა რჯიდა ნაპრალას, რას დაეხეტებოდა მწვერვალსა და გერგეტს შორის? როგორც ამბობენ, ალბათ სიყვარული, რომელსაც გასცემდა და ალპინისტებისგან იღებდა. თუმცა, რეინკარნაციის თემით გატაცებულები იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა, გერმანული ნაგაზის მეტისში ოდესღაც გარდაცვლილი ალპინისტის სული სახლობდა, ან სულაც წინა ცხოვრებაშიც ალპინისტის ძაღლი იყო და ნაპრალად ყოფნისას ძველ პატრონს მთებში ეძებდა?!

"მისი სიყვარული მთებისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ კვლავ დაბრუნდა"

ცხოველთმოყვარული ინდოელი, ლამა დორჯე, რომელთანაც სოციალურ ქსელში ვმეგობრობ, როგორც ტიბეტური ბუდიზმის მიმდევარი და რეინკარნაციის მკვლევარი, ფიქრობს: "ჩემი გამოცდილებით, სულები ხშირად უბრუნდებიან ადგილებს და საქმიანობებს, რომლებიც მათთვის მნიშვნელოვანი იყო წინა ცხოვრებაში. ნაპრალას შემთხვევაში, შესაძლოა საქმე გვაქვს კლასიკურ მაგალითთან, თუ როგორ შეიძლება სული დაბრუნდეს თავის საყვარელ გარემოში, მაგრამ სხვა ფორმით. სავარაუდოდ, ის იყო მთამსვლელის სული, რომელმაც ცხოვრება მიუძღვნა მწვერვალების დაპყრობას. მისი სიყვარული მთებისადმი იმდენად ძლიერი იყო, რომ სიკვდილის შემდეგ კვლავ დაბრუნდა. ძაღლი რომ ნაპრალში ჩავარდა და გადაარჩინეს მთამსვლელებმა, შეიძლება მივიჩნიოთ, როგორც კარმული კავშირის დამყარება. ეს იყო მომენტი, როდესაც სულმა კვლავ იპოვა თავისი დანიშნულება. ნაპრალას უჩვეულო უნარი - ასვლა მყინვარწვერზე - ასევე მიუთითებს, რომ მასში იყო ცოდნა და გამოცდილება, რომელიც სცილდება ჩვეულებრივი ძაღლის შესაძლებლობებს. ძაღლის მიჯაჭვულობა მთამსვლელებთან არის სულის მცდელობა, დაუბრუნდეს თავის ნამდვილ “ოჯახს” - იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც ადრე მოგზაურობდა მთებში. ჩემთვის ეს არის ამბავი იმაზე, რომ სული პოულობს გზას, გააგრძელოს მოგზაურობა, მიუხედავად იმისა, რა ფორმით დაბრუნდება ამ სამყაროში.

რაც არ უნდა იყოს, ფაქტია, ნაპრალა ერთგულების, სიყვარულის და ალპინისტების სიმბოლოდ იქცა.